საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 28.02.2023
საქმის ნომერი
2კ-881აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.02.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100122005404993

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №881აპ-22 ქ. თბილისი

ა. დ. 881აპ-22 28 თებერვალი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ა–სას ინტერესების დამცველი ადვოკატის - ც. ტ–სას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. ა–სას, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალი ედებოდა ქურდობაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით დ. ა–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: დ. ა–მ და ორმა პირმა განიზრახეს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ დ. ა–ის კუთვნილ ვიდეობარათებს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2021 წლის 15 დეკემბერს, ღამის საათებში, დ. ა–სა, გამოძიებით დაუდგენელ ორ პირთან ერთად, მივიდა ქ. თ–ში, .......ში, .......ს ქუჩა, ..-ე კორპუსის მიმდებარედ განთავსებულ დ. ა–ს კუთვნილ ავტოფარეხთან, რა დროსაც დ. ა–მ შეაღწია ავტოფარეხში, საიდანაც ზემოაღნიშნულ ორ პირთან ერთად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა დ. ა–ს კუთვნილ 9 ცალ ,,MSI-ის” ფირმის „RTX ...’’ მოდელის ვიდეობარათს, 4 ცალ „EVGA-ის” ფირმის “RTX ...-ის” მოდელის ვიდეობარათსა და 8 ცალ „SAPPHIRE-ის” ფირმის „RX ...-ის” მოდელის ვიდეობარათს. აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია 109 000 ლარის ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 აპრილის განაჩენით დ. ა–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

3.1. დ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 21 დეკემბრიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ, რომელმაც მოითხოვა დ. ა–სას მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ა–ს ადვოკატმა ც. ტ–მ, რომელიც ითხოვს დ. ა–ს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით შერაცხული მსჯავრის ნაწილში.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ დ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის - დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ოდოროლოგიური და ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზების დასკვნებით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმითა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება დ. ა–სას მიერ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა.

9. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს დ. ა–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული ქმედების ჩადენა და დაცვის მხარე სადავოდ ხდის მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) მსჯავრდებას, იმ მოტივით, რომ საქმეში არ მოიპოვება სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც განისაზღვრებოდა მსჯავრდებულის მიერ დაუფლებული ნივთების ღირებულება. ასეთი მტკიცებულების არარსებობის პირობებში კი შეუძლებელია ქმედების სწორი კვალიფიკაცია და პირის მსჯავრდება.

10. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლის დანაწესს, რომ მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა და საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის თანახმად, მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა წარდგენაც სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვებისა და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). სასამართლო ითვალისწინებს, რომ შეჯიბრებითი მოდელის ფუნდამენტურ ნიშანს წარმოადგენს ,,სასამართლოში ჭეშმარიტების დამტკიცების ფუნქციის მხარეთა ინიციატივისთვის მინდობა. ... შეჯიბრებითი პროცესი დაფუძნებულია რწმენაზე, რომ სათანადოდ მომზადებული და დაინტერესებული მხარეები სასამართლოს წარუდგენენ საკმარის ინფორმაციასა და არგუმენტებს, ხოლო მოსამართლის ძირითად ამოცანას მხარეთათვის ასეთი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს....მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15).

11. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს, რომ დ. ა–ს ინტერესებს თბილისის საქალაქო სასამართლოში 2022 წლის 3 თებერვალს წინასასამართლო სხდომაზე, ასევე 2022 წლის 16 თებერვალს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, იცავდა

ადვოკატი ს. გ–ე და ორივე შემთხვევაში მსჯავრდებულმა ისარგებლა დუმილის უფლებით, მხოლოდ 2022 წლის 28 მარტს გამართულ არსებით სხდომაზე აღიარა დანაშული, იმავდროულად, ადვოკატმა ს. გ–მ განმარტა, რომ დ. ა–სა ,,თავს სრულად ცნობს დამნაშავედ, შესაბამისად, დაცვის მხარე მტკიცებულებებს ხდის უდავოდ, სრულად“ (11:09:57-11:10:35).

12. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დ. ა–სამ, რომელიც სამართალწარმოების ყველა ეტაპზე უზრუნველყოფილი იყო ადვოკატის მომსახურებით, აღიარა ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, იმავდროულად, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები, მათ შორის - დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი (ტ. N1; ს.ფ. 9-12), დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ (ტ. N1; ს.ფ. 156-157) და დადგენილება პირის ბრალდების შესახებ (ტ. N1; ს.ფ. N164-166), სადაც მითითებულია, რომ მისმა ქმედებამ გამოიწვია ზიანის კონკრეტული ოდენობა - 109 000 ლარი (შესაბამისად, დაცვის მხარე დაეთანხმა მიყენებული ზიანის ოდენოას), ასევე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის დანაწესისა (საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისათვის დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით) და იმის მხედველობაში მიღებით, რომ მოცემული შემთხვევისათვის, საქართველოს სსსკ-ის 25-ე და 144-ე მუხლების შესაბამისად, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც გააჩენდა გონივრულ ეჭვს, რომ დ. ა–ს მიერ მსჯავრად დადებული ნივთების - ,,MSI-ის” ფირმის „RTX ...’’ მოდელის 9 ვიდეობარათის, „EVGA-ის” ფირმის “RTX ...-ის” მოდელის 4 ვიდეობარათისა და „SAPPHIRE-ის” ფირმის „RX ...-ის” მოდელის 8 ვიდეობარათის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებამ (რაც მან სასამართლო სხდომაზე სრულად აღიარა) შეადგინა 10 000 ლარზე ნაკლები, სასამართლო მოკლებულია დ. ა–ას გამართლების შესაძლებლობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით შერაცხული მსჯავრის ნაწილში.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

14. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

16. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ც. ტ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე