დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802223006831268
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№6I-23 ქ. თბილისი
ო. თ. 6I-23 20 თებერვალი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - თ. ო–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ს. გ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის განჩინებაზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ. ო–ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2012 წლის 4 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლის საქალაქო მე-4 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით თ. ო–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ, თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული განაჩენით თ. ო–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით. 2018 წლის 10 დეკემბერს მითითებული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.
2019 წლის 17 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლის საქალაქო რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა თ. ო–ის დაკავების ბრძანება.
2020 წლის 6 იანვრიდან თ. ო–ი თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის არხებით.
2. თ. ო–სის მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2020 წლის 30 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო თ. ო–ის ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.
2022 წლის 23 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი თ. ო–ი.
2022 წლის 25 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით თ. ო–სს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
2022 წლის 17 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით თ. ო–ის მიმართ
შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2023 წლის 23 თებერვლამდე.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
2012 წლის 4 დეკემბერს თ–ს რესპუბლიკაში, ქ. ს–ს ავტოსადგურის ტერიტორიაზე, თ. ო–სის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს 498 ცალი ნარკოტიკული აბი, რომელიც შეიცავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ამფეტამინს.
4. 2023 წლის 3 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და ითხოვა თ. ო–სის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლის საქალაქო მე-4 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2012 წლის 4 დეკემბერს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი თ. ო–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლის საქალაქო მე-4 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2012 წლის 4 დეკემბერს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - თ. ო–სის ადვოკატი ს. გ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და თ. ო–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. დაცვის მხარის შეფასებით, თ. ო–სი თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლოა წამების, არაადამიანური მოპყრობისა და დასჯის მსხვერპლი გახდეს და არ მიეცეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და სასჯელის ღირსების შესაბამის პირობებში მოხდის შესაძლებლობა. იმ პირობებში, როდესაც ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები მიუთითებენ თურქეთში არასათანადო მოპყრობის, წამების ფაქტების (ცემის, გაშიშვლების, ხანგრძლივად სტრესულ მდგომარეობაში ჩაყენების, გაუპატიურების მუქარის) ზრდაზე, თ. ო–ის ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკაში წარმოადგენს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას.
7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა თ. ო–ის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის განჩინების უცვლელად დატოვება.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
2. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
3. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
4. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი თ. ო–ი 2022 წლის 23 აგვისტოს დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
5. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, კერძოდ:
5.1. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობა), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5.2. მითითებული ქმედებები, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, სულ მცირე, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია - უვადო თავისუფლების აღკვეთა.
6. ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. გარდა ზემოაღნიშნულისა, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. მოცემულ შემთხვევაში:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენაც ბრალად ედება თ. ო–ს, განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 15 წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. ხანდაზმულობის ვადაში ჩაითვლება სასჯელის მოხდისაგან თავის არიდებამდე გასული დრო. თ. ო–ის მიმართ განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 10 დეკემბერს, შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა არ ამოწურულა.
6.2. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, თ. ო–ის მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან დაკავშირებით განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად(10 წელი). თ. ო–ის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის ხანდაზმულობის ვადა გადის 10/12/2028 წელს.
7. დანაშაულებრივი ქმედება, რომლისთვისაც მოითხოვება თ. ო–ის ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. თ. ო–სის მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპები.
8. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს საკუთარი მოქალაქის ექსტრადიციაზე.
8.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ თ. ო–ი არ არის საქართველოს მოქალაქე და არ ითვლება არც საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად. თ. ო–სი არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.
8.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თ. ო–სს 2022 წლის 29 სექტემბერს უარი ეთქვა როგორც ლტოლვილის, ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე, ხოლო გადაწყვეტილება ხელზე ჩაჰბარდა 2022 წლის 6 ოქტომბერს. შესაბამისად, იგი არ სარგებლობს ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსით საქართველოში. შესაბამისად, არ არსებობს არც ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან თ. ო–ს არ აქვს მიცემული თავშესაფარი და იგი არ არის საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირი.
9. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და თ. ო–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხიდან გამომდინარე.
10. სასამართლო ითვალისწინებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევების პრევენციის კუთხით. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი.
11. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას და ვერ მიიღებს ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად ადვოკატის მტკიცებას, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში თ. ო–ის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და დასჯის მსხვერპლი გახდება, არ მიეცემა სამართლიანი სასამართლოს უფლება და სასჯელის ღირსების შესაბამის პირობებში მოხდის შესაძლებლობა, ვინაიდან აღნიშნულ ნაწილში კასატორი საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად არ უთითებს კონკრეტულ არგუმენტაციას ან/და რელევანტურ მტკიცებულებებს. მომთხოვნ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევაზე მითითება არ არის საკმარისი. ამასთან, აღნიშნულთან მიმართებით ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები ვერც გენერალურმა პროკურატურამ მოიძია.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99,par.72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, par.58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, par. 52, ECtHR, 12/04/2005).
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საფრთხის შეფასება ფოკუსირებული უნდა იყოს მიმღებ სახელმწიფოსთვის მომჩივნის გადაცემის მოსალოდნელ შედეგებზე, მიმღებ ქვეყანაში არსებული ზოგადი სიტუაციის და მომჩივნის პირად მდგომარეობაზე (იხ: Salah Sheekh v. the Netherlands, no. 1948/04, ECtHR, par.136, 11/01/2007; Vilvarajah and Others v. the United Kingdom, ECtHR, par. 107-08, Series A no. 215; 30/10/1991,). საქმეში არსებული ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით, უნდა შეფასდეს საკმარისი საფუძველის არსებობა იმაში დასარწმუნებლად, რამდენად წარმოიშვება რეალური საფრთხე იმისა, რომ მოცემული პირი მიმღებ სახელმწიფოში დაბრუნების შემთხვევაში, დაექვემდებარება კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალულ მოპყრობას (F.G. v. Sweden [GC], no. 43611/11, ECtHR, par. 116, 23/03/2016; Khasanov and Rakhmanov v. Russia, nos. 28492/15 and 49975/15, ECtHR, par. 95, 29/04/2022).
13. სასამართლო ასევე ითვალისწინებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ გარანტიას, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში თ. ო–ის უფლებები და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება და კვლავაც აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის - წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას (Zarmayev v Belgium, no. 35/10, §113, ECtHR,27/02/2014; Gasayev v Spain, no. 48514/06, ECtHR, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v Slovakia, no. 21022/08, 51946/08, ECtHR, 14/09/2010) . შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი გარანტიები.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მართალია პირველ რიგში უნდა შეფასდეს მიმღებ სახელმწიფოში არსებული ზოგადი სიტუაცია და შესაბამისად, ყურადღება გამახვილდეს მიმღებ სახელმწიფოში ზოგადი ძალადობრივი გარემოს არსებობაზე (იხ: Sufi and Elmi v. the United Kingdom, nos. 8319/07 და 11449/07, ECtHR, par.216, 28/06/2011), თუმცა ზოგადი ძალადობრივი გარემოს არსებობა იმთავითვე არ იწვევს მე-3 მუხლის დარღვევას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს განმარტებით, მომთხოვნი სახელმწიფოსთვის პირის გადაცემა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას იწვევს მხოლოდ „იმ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე მხოლოდ იმ პირთან მიმართებით არსებობს, რომელიც მიმღებ სახელმწიფოში დაბრუნების შემთხვევაში დაექვემდებარება ამგვარ ძალადობას (NA. v. the United Kingdom, no. 25904/07, ECtHR, par. 115, 17/07/ 2008; Khasanov and Rakhmanov v. Russia, nos. 28492/15 and 49975/15, ECtHR, par. 29/04/2022).
15. აღნიშნულიდან გამომდინარე, „არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში თ. ო–ი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას.
15. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no.140/10, par.11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
16. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ასევე შეისწავლა თ. ო–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევის რისკი.
17. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში არ უთითებს საფრთხის არსებობის ან/და რეალურობის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებაზე. კასატორს არ წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულება, რაც თ. ო–ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა ან იქნებოდა „არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურამ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ მოიპოვა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no. 9742/07, ECtHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, ECtHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95,ECtHR). მოცემულ შემთხვევაში, საექსტრადიციო მასალების თანახმად, საქართველო არ წარმოადგენს თ. ო–სის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. შესაბამისად, მისი თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
19. კასატორის მიერ მითითებულ თ. ო–ის პიროვნულ მახასიათებლებთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ექსტრადიციის დასაშვეობის საკითხის გადაწყვეტისათვის აღნიშნული, მოცემულ შემთხვევაში, ირელევანტურია.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი თ. ო–სის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლის საქალაქო მე-4 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2012 წლის 4 დეკემბერს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - თ. ო–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ს. გ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე