საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100120003446023
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1095აპ-22 ქ. თბილისი
შ. კ. 1095აპ-22 23 მარტი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 სექტემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით კ. შ–ს, - დაბადებული 19.. წელს, - ბრალად ედებოდა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით კ. შ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2017 წლის იანვრიდან ნ. გ–ე, თავის არასრულწლოვან შვილებთან 2007 წელს დაბადებულ გ. ა–თან და 2010 წელს დაბადებულ ა. ა–მთან ერთად, ცხოვრობდა ქირით ქ. თ–ში, .........ის რაიონში (ს–ა) კ. შ–სთან ერთად, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. ერთად ცხოვრების საწყისი პერიოდიდანვე, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით (იმის გამო, რომ არ დახვდა მაგიდა ალაგებული, არ დახვდა ჭურჭელი დარეცხილი და ა.შ.) კ. შ–მ დაიწყო ნ. გ–ს მიმართ ძალადობა, რაც გამოიხატებოდა სისტემატურ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში, დამცირებასა და მუქარაში, რის შედეგადაც ნ. გ–ე თავს გრძნობდა დამცირებულად, განიცდიდა ფიზიკურ ტკივილსა და ფსიქიკურ ტანჯვას. ყოველივე აღნიშნული ხდებოდა ნ. გ–ს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მათივე ოჯახის წევრის მიმართ.
2017 წლის იანვრის ბოლოს, თავიანთ დროებით საცხოვრებელ სახლში, კ. შ–მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ. გ–ს. კერძოდ, იმის გამო, რომ არ იყო დარეცხილი ჭურჭელი, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კ. შ–მ მთელი ძალით დაარტყა ფეხი მაგიდას, რომელთანაც იჯდა ნ. გ–ე. ამ უკანასკნელს მაგიდა მოხვდა ორივე მუხლზე და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის აგვისტოში, თ–ში, ........ის რაიონში (გ–ი) დროებით საცხოვრებელ სახლში, ნ. გ–ე ტელეფონით ესაუბრებოდა თავის ყოფილ მეუღლეს, რის გამოც გაბრაზებულმა კ. შ–სემ, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნ. გ–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ესროლა ფინჯანი, რომელიც ნ. გ–ს მოხვდა მარჯვენა ფეხის მუხლთან, გაუსკდა კანი და წამოუვიდა სისხლი, რითაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, სამსახურიდან ქ.თ–ში, ........ს ქუჩა N..-ში მდებარე თავიანთ დროებით საცხოვრებელ სახლში დაბრუნებულ ნ. გ–ეეს კ. შ–მ, მისი გაკონტროლების მიზნით, შეუმოწმა მობილური ტელეფონი და იმის გამო, რომ ტელეფონში ფიქსირდებოდა შვილთან - გ. ა–ათან ხანგრძლივი საუბარი, ეჭვიანობისა და გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კ. შ–მ ნ. გ–ს, ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილების - გ. და ა. ა–ების თანდასწრებით, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ერთხელ ძლიერად ჩაარტყა მუშტი მარჯვენა წარბში, რის შედეგადაც ნ. გ–ეემ მიიღო დაზიანება, წამოუვიდა სისხლი და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 1 იანვარს, გამთენიისას, ქ. თ–ში, ........ას ქუჩა N..-ში მდებარე თავიანთ დროებით საცხოვრებელ სახლში, კ. შ–მ, ეჭვიანობის ნიადაგზე, ყოფილ მეუღლესთან სატელეფონო საუბრის გამო, არასრულწლოვნების - არსენ და გ. ა–ების თანდასწრებით, მათივე ოჯახის წევრის - დედის, ნ. გ–ეის მიმართ იძალადა, კერძოდ, საწოლში მწოლიარე ნ. გ–ს მარჯვენა ფეხის მუხლი ძლიერად დააჭირა მარცხენა მკერდის არეში და ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა ყელში. ნ. გ–მ შეძლო თავის გათავისუფლება, რის შემდეგაც კ. შ–ე კვლავ მივარდა მას და კვლავ ძლიერად მოუჭირა ხელები ყელში. კ. შ–სის ნ. გ–სგან გარიდება შეძლო მეზობელმა მ. ბ–მ, რომელსაც დასახმარებლად გ. ა–ამა დაუძახა. კ. შ–ის ქმედებების შედეგად ნ. გ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 14 სექტემბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქ თ–ში, ი–ს ქუჩა N..-ში მდებარე თავიანთ დროებით საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის დროს, არასრულწლოვნების: გ. და ა. ა–ების თანდასწრებით, კ. შ–მ კვლავ იძალადა მეუღლის - ნ. გ–ს მიმართ, კერძოდ, კ. შ–მ ძლიერად მოკიდა ხელი მარჯვენა მკლავზე, ძლიერად დააჭირა ფეხი ფეხზე და თავის არეში დარტყა ხელი, რის შედეგადაც ნ. გ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2.2. 2017 წლის იანვრიდან ნ. გ–ე, თავის არასრულწლოვან შვილებთან 2007 წელს დაბადებულ გ. ა–ათან და 2010 წელს დაბადებულ ა. ა–თან ერთად, ცხოვრობდა ქირით ქ. თ–ში, გ–ის რაიონში (ს–ა) კ. შ–სთან ერთად, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. ერთად ცხოვრების საწყისი პერიოდიდანვე, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით (იმის გამო, რომ არ დახვდა მაგიდა ალაგებული, არ დახვდა ჭურჭელი დარეცხილი და ა.შ.) კ. შ–მ დაიწყო ნ. გ–ს მიმართ ძალადობა, რაც გამოიხატებოდა სისტემატურ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში, დამცირებასა და მუქარაში, რის შედეგადაც ნ. გ–ეე თავს გრძნობდა დამცირებულად, განიცდიდა ფიზიკურ ტკივილსა და ფსიქიკურ ტანჯვას. ყოველივე აღნიშნული ხდებოდა ნ. გ–ს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მათივე ოჯახის წევრის მიმართ.
2017 წლის იანვრის ბოლოს, თავიანთ დროებით საცხოვრებელ სახლში, კ. შ–მ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნ. გ–ს, კერძოდ, იმის გამო, რომ არ იყო დარეცხილი ჭურჭელი, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კ. შ–მ დაუწყო ყვირილი, მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით(რამდენჯერმე ყვირილით გაუმეორა, რომ იყო „ბოზი“), რაც ესმოდათ ნ. გ–ის არასრულწლოვან შვილებს.
2017 წლის თებერვლის დასაწყისში, სტუმრების გაცილების შემდეგ სახლში დაბრუნებულმა კ. შ–მ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, იმის გამო, რომ სტუმრების წასვლის შემდეგ მის დაბრუნებამდე ნ. გ–მ ვერ მოასწრო მაგიდის ალაგება, კ. შ–მ იძალადა ფსიქოლოგიურად, კერძოდ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ნ. გ–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. უყვიროდა, თუ რატომ არ ჰქონდა მაგიდა ალაგებული, მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით („ქუჩის ქალო") და აგინებდა დედის მისამართით.
2017 წლის აგვისტოში, ქ. თ–ში, გ–ის რაიონში (გ–ი) მდებარე თავიანთ დროებით საცხოვრებელ სახლში, ნ. გ–ეე ტელეფონით ესაუბრებოდა თავის ყოფილ მეუღლეს, რის გამოც გაბრაზებულმა კ. შ–სემ, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნ. გ–ეეს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, აგინებდა დედის მისამართით და ემუქრებოდა, რომ გაამწარებდა, რასაც ისმენდნენ არასრულწლოვნები გიორგი და ა. ა–მები.
2017 წლის თებერვლის ბოლოს, კ. შ–სის მიერ არასრულწლოვან ა. ა–მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო, კ. შ–სა და ნ. გ–ს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც კ. შ–სემ არასრულწლოვანი გიორგი და ა. ა–მების თანდასწრებით, ფსიქოლოგიურად იძალადა ნ. გ–ს მიმართ, კერძოდ, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და აგინებდა დედის მისამართით.
2017 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, სამსახურიდან ქ.თ–ში, გ–ს ქუჩა N.. მდებარე თავიანთ დროებით საცხოვრებელ სახლში დაბრუნებულ ნ. გ–ს კ. შ–მ, მისი გაკონტროლების მიზნით, შეუმოწმა მობილური ტელეფონი და იმის გამო, რომ ტელეფონში ფიქსირდებოდა შვილთან - გ. ა–ათან ხანგრძლივი საუბარი ეჭვიანობისა და გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვანი შვილების - გ. და ა. ა–ების თანდასწრებით, ნ. გ–ს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, მიმართავდა უშვერი სიტყვებით („შე ბოზო“, „ქუჩის ქალო“ და ა.შ.) და ლანძღავდა.
2018 წლის 1 იანვარს, გამთენიისას, ქ. თ–ში, .......ას ქუჩა N..-ში მდებარე თავიანთ დროებით საცხოვრებელ სახლში, კ. შ–მ, ეჭვიანობის ნიადაგზე, ყოფილ მეუღლესთან სატელეფონო საუბრის გამო, არასრულწლოვნების - არსენ და გ. ა–ების თანდასწრებით, მათივე ოჯახის წევრის - დედის, ნ. გ–ის მიმართ იძალადა ფსიქოლოგიურად. კერძოდ, სიტყვებით: „ქუჩის ქალო“, „ნათრევო ქალო“ და ა.შ. მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
2018 წლის 14 სექტემბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქ.თ–ში, ი–ს ქუჩა N..-ში მდებარე თავიანთ დროებით საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის დროს, არასრულწლოვნების: გ. და ა. ა–ების თანდასწრებით კ. შ– მ კვლავ განახორციელა ფსიქოლოგიური ძალადობა მეუღლის - ნ. გ–ს მიმართ, კერძოდ, ლანძღავდა და აგინებდა დედის მისამართით.
კ. შ–ს ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად ნ. გ–მ თავი დამცირებულად იგრძნო და განიცადა ტანჯვა.
2.3. 2017 წლის თებერვლის ბოლოს, თავიანთ დროებით საცხოვრებელ სახლში, კ. შ–მ, არასრულწლოვან გ. ა–ს თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან ა. ა–ს, კერძოდ, მეცადინეობის დროს ძლიერად აუწია მარცხენა ყური, რის შედეგადაც ა. ა–ს კანი გაუსკდა, შემდეგ კი თავი დაარტყმევინა მაგიდაზე. აღნიშნულის შედეგად არასრულწლოვანმა ა. ა–მა მიიღო დაზიანება და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2.4. 2018 წლის 15 სექტემბერს, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, განქორწინების გაფორმების შემდეგ, კ. შ–ე სიტყვებით: „გაგაქრობო“. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ყოფილ მეუღლეს, ნ. გ–ს, რომელსაც მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 დეკემბრის განაჩენით:
3.1. კ. შ–ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ნ. გ–ს მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.2. კ. შ–ე საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნ. გ–ს მიმართ მუქარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.3. საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით (ნ. გ–ს მიმართ სისტემატური ცემისა და სხვაგვარი ძალადობის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე (ნ. გ–ს მიმართ ძალადობის 2018 წლის 1 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით;
3.4. კ. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვან ა. ა–ზე ფიზიკური ძალადობის ეპიზოდისთვის) და სასჯელის სახედ განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და კ. შ–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი;
3.6. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, კ. შ–ს დაევალა, პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალა პრობაციის ეროვნულ სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
3.7. კ. შ–სეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 22 დეკემბრიდან 2019 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით;
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნანა ჯაყელმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და კ. შ–სის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, ხოლო დანიშნული სასჯელის -პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნანა ჯაყელმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და კ. შ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, ხოლო დანიშნული სასჯელის - პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრა.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, par. 31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კ. შ–სის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (ნ. გ–ს მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნ. გ–ს მიმართ მუქარის ეპიზოდი) უდანაშაულოდ ცნობისა და საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით (ნ. გ–ს მიმართ სისტემატური ცემისა და სხვაგვარი ძალადობის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე (ნ. გ–ს მიმართ ძალადობის 2018 წლის 1 იანვრის ეპიზოდი)გადაკვალიფიცირების შესახებ და აღნიშნავს, რომ არ არსებობს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
9. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, მითითებული კანონის მიზანია, მათ შორის - ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობის აღიარებით მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის, ოჯახური ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნა; ასევე, ქალთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური და ეკონომიკური ხელშეუხებლობის საკანონმდებლო გარანტიების შექმნა. ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ფიზიკური ძალადობა ეს არის - ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას. ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს, ხოლო ფსიქოლოგიური ძალადობა - შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სისტემატურ ძალადობას ახასიათებს: ძალადობის პერმანენტულობა - ერთხელ ან ორჯერ ჩადენილი ძალადობა შეუძლებელია იყოს სისტემატური, ე.ი. მომდევნო ქმედება, მინიმუმ, ორჯერ მაინც უნდა იქნეს ჩადენილი, რათა გამოიკვეთოს სისტემატურობის ელემენტი და ცხადი გახდეს, რომ ძალადობას გააჩნია არაერთგზისი რეციდივი; დროის მცირე ინტერვალები - ყოველი მომდევნო ძალადობის ინტერვალი არ უნდა იყოს იმდენად ხანგრძლივი, რომ განცდილი ტკივილი განელდეს და ვეღარ მიაღწიოს ტანჯვის ხარისხს; ინტენსივობა - ძალადობას უნდა ჰქონდეს ხშირი, მუდმივი, უწყვეტი, რეგულარული ხასიათი, რაც უნდა ქმნიდეს გარკვეულ სისტემას (მაგ.: იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 15 ოქტომბრის N488აპ-20 გადაწყვეტილება). ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი ადგენს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირებისათვის, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნების თანდასწრებით. შესაბამისად, პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალდების მხარე კ. შ–ს ედავება 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის 14 სექტემბრამდე მეუღლის - ნ. გ–ს მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების არასრულწლოვნების თანდასწრებით ჩადენას.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულმა - ნ. გ–მ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
13. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად კ. შ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ვინაიდან:
- 2017 წლის იანვრის და თებერვლის ბოლოს ეპიზოდებთან მიმართებით, სადაც კ. შ–მ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა ნ. გ–ს არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება;
- 2017 წლის თებერვლის დასაწყისის ეპიზოდს ადასტურებს მხოლოდ 2019 წლის 9 სექტემბრის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N........... დასკვნის კვლევითი ნაწილი(იხ.: ტ.2, ს.ფ. 80-88);
- 2018 წლის 1 იანვრის ეპიზოდში მოწმე მ. ბ–ს ჩვენებით დადასტურებულია მხოლოდ ფიზიკური ძალადობა, სიტყვიერი შეურაცხყოფით განცდილ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე კი ასევე მითითებულია მხოლოდ 2019 წლის 9 სექტემბრის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N..... დასკვნის კვლევით ნაწილში (იხ.: ტ.2, ს.ფ. 80-88);
- 2017 წლის დეკემბრის ეპიზოდთან მიმართებით ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ცნობასა(იხ.: ტ.1, ს.ფ. 241-247) და 2019 წლის 9 სექტემბრის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N......... დასკვნის კვლევით ნაწილში (იხ.: ტ.2, ს.ფ. 80-88) განსხვავებული თარიღებია მითითებული, ცნობაში მითითებულია ოქტომბერი, დასკვნაში კი დეკემბერი, დაზარალებულის ჩვენების არ არსებობის პირობებში მოცემული გარემოების დაზუსტება ვერ მოხდა;
- 2017 წლის აგვისტოს ეპიზოდთან დაკავშირებით წარმოდგენილია ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა(იხ.: ტ.2, ს.ფ. 80-88) და მოწმე ნ. შ–ს გამოკითხვის ოქმი(იხ.: ტ.2, ს.ფ. 215-217), რომელშიც გადმოცემულია დაზარალებულის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რაც წარმოადგენს ირიბ ჩვენებას. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია;
-2018 წლის 14 სექტემბერს კ. შ–ს მიერ ეჭვიანობის ნიადაგზე ნ. გ–სათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება დადასტურებულია არასრულწლოვნების: გ. და ა. ა–ბის გამოკითხვის ოქმებით, რაც შესაბამისობაშია ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან, შ. მ–ს გამოკითხვის ოქმთან(იხ.: ტ: 2, ს.ფ. 97-99), რომელიც იყო შემთხვევის თვითმხილველი. კ. შ–ს მიერ დაზარალებულზე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი დადასტურებულია ასევე შემაკავებელი ორდერის ოქმით(იხ.: ტ.1, ს.ფ.3-9). თუმცა, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სისტემატურ ძალადობას ახასიათებს: ძალადობის პერმანენტულობა - ერთხელ ან ორჯერ ჩადენილი ძალადობა შეუძლებელია იყოს სისტემატური (მაგ.: იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 15 ოქტომბრის N488აპ-20 განჩინება).
14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტი ადგენს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას სისტემატური ცემისა და სხვაგვარი ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე,118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნების თანდასწრებით. შესაბამისად, პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალდების მხარე კ. შ–ს ედავება 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის 14 სექტემბრამდე მეუღლის - ნ. გ–ის მიმართ სისტემატურ ცემასა და სხვაგვარ ძალადობას არასრულწლოვნების თანდასწრებით.
15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:
-2017 წლის იანვრის ნ. გ–სათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შესახებ მითითებულია მხოლოდ 2019 წლის 9 სექტემბრის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N...... დასკვნის კვლევით ნაწილში (იხ.: ტ.2, ს.ფ. 80-88);
-2017 წლის აგვისტოს ეპიზოდის დასადასტურებლად წარმოდგენილია მხოლოდ ნ. შ–ს გამოკითხვის ოქმი(იხ.: ტ.2, ს.ფ. 215-217), რომელიც თავისი შინაარსით ირიბ ჩვენებას წარმოადგენს.
-2017 წლის დეკემბრის შუა რიცხვების ფიზიკური ძალადობის ფაქტზე მითითებულია მხოლოდ ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ცნობასა(იხ.: ტ.1, ს.ფ. 241-247) და 2019 წლის 9 სექტემბრის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N......... დასკვნის კვლევით ნაწილში(იხ.: ტ.2, ს.ფ. 80-88), რომლებიც წინააღმდეგობრივია, მათში განსხვავებულადაა მითითებული ქმედების ჩადენის დრო.
- 2018 წლის 14 სექტემბრის ფიზიკური ძალადობის ფაქტი დასტურდება მოწმეთა: გ. და ა. ა–ების გამოკითხვის ოქმებით, მ. ჭ–ს გამოკითხვის ოქმით, თუმცა მოცემული მტკიცებულებები ეწინააღმდეგება შემაკავებელი ორდერის N........ ოქმს(იხ.: ტ. 1, ს.ფ. 3-9), რომელიც თარიღდება 2018 წლის 14 სექტემბრით, ხელმოწერილია დაზარალებულ ნ. გ–ეის მიერ და მითითებულია, რომ კ. შ–ს ფიზიკურად არ უძალადია. რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ;
- 2018 წლის 1 იანვრის ფაქტი თავად მსჯავრდებულ კ. შ–ს აღიარებითი ჩვენების გარდა დასტურდება მოწმეების: მ. ბ–ს, არასრულწლოვნების - გ. ა–სა და ა. ა–ს გამოკითხვის ოქმებით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით. შესაბამისად, კ. შ–სათვის საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება სწორად გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
16. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი კ. შ–სათვის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალად წარდგენილ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისათვის. კასატორი არ უთითებს მტკიცებულების შესახებ, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა კ. შ–ს მიერ მუქარის ჩადენას.
17. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობას და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v Russia, no.41261/17, pat. 82, ECtHR, 09/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, პირველ რიგში უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
18. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა კ. შ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ნ. გ–ეის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით (ნ. გ–ის მიმართ სისტემატური ცემისა და სხვაგვარი ძალადობის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნ. გ–ს მიმართ მუქარის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
19. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ოჯახში ძალადობის ინციდენტის საპასუხოდ მტკიცებულებების შეგროვებაში ხარვეზებმა შეიძლება გამოიწვიოს რეალურად განხორციელებული ძალადობის ხარისხის არასათანადოდ შეფასება“ (Tkhelidze v Georgia, no. 33056/17, par.54, ECtHR, 8/07/2021). “ყოველთვის, როდესაც საეჭვოა ოჯახში ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, საჭიროა დაუყოვნებლივი რეაგირება და შემდგომი განსაკუთრებული გულმოდგინება ხელისუფლების მხრიდან, რათა გაუმკლავდნენ ძალადობის სპეციფიკურ ხასიათს ეროვნული საქმის წარმოების პროცესში (Tkhelidze v Georgia, no. 33056/17, par. 48, ECtHR, 8/07/2021; იხ. ასევე Kurt v. Austria [GC], no. 62903/15, paras. 165-66, 1/06/2021; Volodina v. Russia, no. 41261/17, par. 92, 9/07/2019).
20. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, 14/04/2009). საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან განსხვავებით არ ახდენს საქმის სრული მოცულობით გადასინჯვას საქმეში არსებული ყველა ფაქტების და მტკიცებულებების შეფასებას რომელსაც ემყარებოდა განაჩენი. უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ფარგლები შეზღუდულია სამართლის კონკრეტული საკითხებით. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს დასაბუთებას, [ევროპული] სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვეობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვეობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის” (Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017).
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 სექტემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი