დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 28.03.2023
საქმის ნომერი
2კ-20-I-23
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
28.03.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802223006979608

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№20I-23 ქ. თბილისი

გ. ე–ნ, 20I-23 28 მარტი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ე. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. გ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე. გ–სის მიმართ თ-ს რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

2014 წლის 22 სექტემბერს თურქეთის რესპუბლიკის ბალიქესირის მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის მე-2 სასამართლოს განაჩენით, ე. გ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 220-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით (დანაშაულის ჩადენის მიზნით შეიარაღებული დაჯგუფების შექმნა და ხელმძღვანელობა), 235-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (საჯარო დაწესებულებების მიერ გამოცხადებულ ტენდერზე უკანონო ზემოქმედების განხორციელება) და 149-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტით (ჩამოყალიბებული დაჯგუფების საშიში ძალების გამოყენებით ძარცვა(2 ეპიზოდი)) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულის თითოეული შემთხვევისათვის განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 2 წლითა და 1 თვით; 10 თვით; 8 წლით და 4 თვით; 4 წლით და 2 თვით. ჯამში - 14 წლითა და 17 თვით.

2017 წლის 11 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მე-6 პალატის გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული განაჩენი საბოლოო გახდა.

2016 წლის 14 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის ბალიქესირის მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის მე-2 სასამართლოს განაჩენით ე. გ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 220-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით (დანაშაულის ჩადენის მიზნით შეიარაღებული დაჯგუფების შექმნა და ხელმძღვანელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 1 თვით.

2019 წლის 7 მაისს თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პირველი პალატის გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული განაჩენი საბოლოო გახდა.

2020 წლის 23 ივლისს თურქეთის რესპუბლიკის ბალიქესირის რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ ზემოაღნიშნულ განაჩენებთან დაკავშირებით გამოსცა ე. გ–ის დაკავების შესახებ ბრძანება.

2021 წლის 11 თებერვალს ე. გ–ის მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. ე. გ–სის მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2022 წლის 10 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე. გ–ი.

2022 წლის 12 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ე. გ–სის აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

2022 წლის 12 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ე. გ–ის ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.

2022 წლის 8 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ე. გ–ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2023 წლის 10 თებერვლამდე.

2023 წლის 8 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ე. გ–ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2023 წლის 10 მაისამდე.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. 2014 წლის 22 სექტემბრის განაჩენით დადგენილია, რომ:

- 2005 წლამდე და მის შემდგომ პერიოდში ე. გ–სმა თურქეთის რესპუბლიკაში დააარსა და ხელმძღვანელობდა შეიარაღებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებას, რომელიც მისი მითითებების შესაბამისად ახორციელებდა დანაშაულებრივ ქმედებებს. დროის სხვადასხვა მონაკვეთში ე. გ–სის დაჯგუფებაში გაწევრიანდნენ ო. ს–ი, ქ. გ–ი ი–ი, ს. გ. და უ. ი–ი, რომელთა მეშვეობითაც ე. გ–ი ორგანიზაციის სხვა წევრებზე გასცემდა მითითებებს. შემოსავლის სისტემატურად მიღების მიზნით ე. გ–ის დაჯგუფება უსაფრთხოების შეთავაზების სანაცვოდ ეწეოდა ბარებისა და კაფეების მეპატრონეების მიმართ თავდასხმებსა და სხვა უკანონო ქმედებებს. ამასთან, ე. გ–ი აწარმოებდა დაჯგუფების საქმიანობის საერთო კოორდინაციას.

- 2010 წელს ა. ფ–მა თ–ს რესპუბლიკის ქ. ბ–ში მდებარე მისი მიწის ნაკვეთი მიაქირავა ო. ს–ს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მოქირავნე დაცლიდა დაქირავებულ ტერიტორიას. შემდგომში, ნაკვეთის მესაკუთრე შეუთანხმდა სამშენებლო კომპანიას და მოქირავნეს მოსთხოვა ტერიტორიის გათავისუფლება, თუმცა ო. ს–მი ე. გ–სთან შეთანხმებით და მისივე თანხმობით, დაჯგუფების სახელით დაემუქრა მესაკუთრეს და ტერიტორიის გათავისუფლების სანაცვლოდ მოსთხოვა 65 000 თურქული ლირის გადახდა, რის შემდეგაც ა. ფ–მა გადაიხადა მოთხოვნილი თანხა. ამასთან, ო. ს–მიმ მიღებული თანხის ნაწილი გადასცა ე. გ–სს.

- 2013 წლის 30 აპრილს თ–ს რესპუბლიკაში ე. გ–ის დაჯგუფების წევრები - გ.პ–ი და ს. ე–ი მივიდნენ დაზარალებულ ჯ. დ–ს კუთვნილ კაფეში და ე. გ–სის შეიარაღებული დაჯგუფების სახელით დაზარალებულს უსაფრთხოების უზრუნველყოფის სანაცვლოდ მოსთხოვეს თანხის გადახდა.

გარდა ამისა, თ–ს რესპუბლიკის ბ–ს ეროვნული საგანმანათლებლო დირექტორატის მიერ, 2010 წლის 16 აგვისტოს გასამართ ტენდერში გამარჯვების მიზნით, ე. გ–სის დაჯგუფების წევრმა ა. ქ–მა და მისმა სხვა თანამონაწილეებმა, ტენდერის გამართვამდე და მიმდინარე პერიოდში, ე. გ–სთან შეთანხმებით, ხელი შეუშალეს და აგრეთვე, აიძულეს სხვა კომპანიები უარი ეთქვათ ტენდერში მონაწილეობაზე.

3.2. 2016 წლის 14 იანვრის განაჩენით დადგენილია, რომ:

ე. გ–სმა თ-ს რესპუბლიკაში დააარსა და ხელმძღვანელობდა შეიარაღებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებას, რომელიც მისი მითითებების შესაბამისად ახორციელებდა სხვადასხვა დანაშაულებრივ ქმედებებს. კერძოდ, ე. გ–სის დანაშაულებრივ დაჯგუფებასა და ი.შ–ს დანაშაულებრივ დაჯგუფებას შორის 2012 წლამდე სხვადასხვა თარიღებში გამართული დაპირისპირების პერიოდში, ე. გ–სის დაჯგუფების წევრებმა განახორციელეს მუქარის, მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების და ჯანმრთელობის დაზიანების დანაშაულები, რომელთა საერთო კოორდინაციასაც ე. გ–სი აწარმოებდა.

4. 2023 წლის 10 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და მოითხოვა, რომ დასაშვებად იქნეს ცნობილი ე. გ–ის თ–ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით:

ა) თურქეთის რესპუბლიკის ბალიქესირის მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის მე-2

სასამართლოს 2014 წლის 22 სექტემბრის განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 220-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით (დანაშაულის ჩადენის მიზნით შეიარაღებული დაჯგუფების შექმნა და ხელმძღვანელობა), 235-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (საჯარო დაწესებულებების მიერ გამოცხადებულ ტენდერზე უკანონო ზემოქმედების განხორციელება) და 149-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტით (ჩამოყალიბებული დაჯგუფების საშიში ძალების გამოყენებით ძარცვა, 2 ეპიზოდი).

ბ) თურქეთის რესპუბლიკის ბალიქესირის მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის მე-2 სასამართლოს 2016 წლის 14 იანვრის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 220-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით (დანაშაულის ჩადენის მიზნით შეიარაღებული დაჯგუფების შექმნა და ხელმძღვანელობა).

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ დემეტრე ჯინჯოლიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი ე. გ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით.

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ე. გ–ს ადვოკატი ა. გ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის განჩინების გაუქმებასა და ე. გ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

6.1. დაცვის მხარის შეფასებით, ე. გ–ი თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლოა წამების, არაადამიანური მოპყრობისა და დასჯის მსხვერპლი გახდეს. კასატორი უთითებს თურქეთის სახელმწიფოში დამკვიდრებულ ადამიანის უფლებების უხეშ, აღმაშფოთებელ და მასობრივი დარღვევის მუდმივ პრაქტიკაზე.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა ე. გ–ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის განჩინების უცვლელად დატოვება.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

2. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

3. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

4. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე. გ–სი 2022 წლის 10 აგვისტოს დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

5. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, კერძოდ:

5.1. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დასჯადია:

- თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 220-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით (დანაშაულის ჩადენის მიზნით შეიარაღებული დაჯგუფების შექმნა და ხელმძღვანელობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, სასჯელის ერთი მეორედით გაზრდის შესაძლებლობით. ამასთან, აღნიშნული დანაშაულისათვის ე. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 1 თვით;

- თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტით (ჩამოყალიბებული დაჯგუფების საშიში ძალების გამოყენებით ძარცვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. აღნიშნული დანაშაულებისათვის ე. გ–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის და 4 თვის და 4 წლითა და 2 თვით;

- თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 235-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (საჯარო დაწესებულებების მიერ გამოცხადებულ ტენდერზე უკანონო ზემოქმედების განხორციელება), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. აღნიშნული დანაშაულისათვის ე. გ–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 თვით;

- თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 220-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით (დანაშაულის ჩადენის მიზნით შეიარაღებული დაჯგუფების შექმნა და ხელმძღვანელობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას, სასჯელის ერთი მეორედით გაზრდის შესაძლებლობით. აღნიშნული დანაშაულისათვის ე. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 1 თვით.

5.2. მითითებული ქმედებები, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლის პირველი ნაწილით (მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) შექმნა და ხელმძღვანელობა პირზე ან ორგანიზაციაზე

თავდასხმის მიზნით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ალტერნატიულად 2241-ე მუხლით (რეკეტულ დაჯგუფებაში მონაწილეობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

საქართველოს სსკ-ის 2241-ე მუხლის დისპოზიციის თანახმად, რეკეტულ დაჯგუფებაში მონაწილეობად ითვლება დამოუკიდებლად ან სხვა პირთან (პირებთან) რეკეტული დაჯგუფების საქმიანობის წარმართვა ან სხვაგვარი მონაწილეობა რეკეტული დაჯგუფების საქმიანობაში, აგრეთვე დავების უკანონოდ გადაწყვეტა ან მონაწილეობა დავების უკანონოდ გადაწყვეტაში რეკეტულ დაჯგუფებათა ან რეკეტულ დაჯგუფებასა და სხვა პირს შორის. ამასთან, ამავე კოდექსის 171-ე მუხლში განმარტებულია რეკეტისა და რეკეტული დაჯგუფების ცნება. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, რეკეტი არის შემოსავლის ან სხვაგვარი ქონებრივი (ფინანსური) სარგებლის სისტემატურად მიღების მიზნით წარმოებული არაერთჯერადი და ორგანიზებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია განზრახი დანაშაულის ჩადენასთან (თუ ნასამართლობა არ არის გაქარწყლებული ან მოხსნილი), თუ იგი განხორციელდა ორჯერ მაინც ხუთი კალენდარული წლის განმავლობაში, რომელშიც არ შედის რეკეტირის დაპატიმრებისა და სასჯელის მოხდის ვადა, ხოლო რეკეტულ დაჯგუფებად ითვლება თავისი საქმიანობით რეკეტთან დაკავშირებული იურიდიული პირი, აგრეთვე ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა ნებისმიერი გაერთიანება.

დანაშაულებრივი დაჯგუფებები, რომელთა საქმიანობასაც წარმართავდა ე. გ–სი, შექმნილი იყო მრავალჯერადი განზრახი დანაშაულის ჩასადენად და აღნიშნული დაჯგუფებების მიზანს ქონებრივი სარგებლის სისტემატური მიღება წარმოადგენდა. ამასთან, წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების მიხედვით, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ე. გ–სი დანაშაულებრივ საქმიანობას აწარმოებდა რეგულარულად, 2005 წლამდე და მის შემდგომ პერიოდში 2012 წლამდე და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ე. გ–ის მიერ თ–ს რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების ძირითადი ელემენტები დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2241-ე მუხლით.

სხვა ქმედებების საქართველოს იურისდიქციაში ჩადენის შემთხვევაში კვალიფიკაცია მოხდებოდა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, საქართველოს სსკ-ის 2241-ე მუხლით (რეკეტულ დაჯგუფებაში მონაწილეობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

6. ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. მოცემულ შემთხვევაში:

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენაც ბრალად ედება ე. გ–ს, განეკუთვნება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, პირი თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 10 წელში მძიმე დანაშაულისათვის და 15 წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. ხანდაზმულობის ვადაში ჩაითვლება სასჯელის მოხდისაგან თავის არიდებამდე გასული დრო. ე. გ–ის მიმართ განაჩენი მიღებულ იქნა 2014 წლის 22 სექტემბერსა და 2016 წლის 14 იანვარს, შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული.

6.2. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ე. გ–ის მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან დაკავშირებით განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად(20 წელი).

7. დანაშაულებრივი ქმედება, რომლისთვისაც მოითხოვება ე. გ–ის ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. ე. გ–ის მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპები.

8. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს საკუთარი მოქალაქის ექსტრადიციაზე.

8.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ე. გ–სი არ არის საქართველოს მოქალაქე და არ ითვლება არც საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად. ე. გ–სი არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.

8.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ე. გ–სს 2022 წლის 22 სექტემბერს უარი ეთქვა როგორც ლტოლვილის, ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. მოცემული გადაწყვეტილება ე. გ–ის მიერ გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და ამჟამად მისი საქმის განხილვა დასრულებული არ არის.

8.2.1. სასამართლო ითვალისწინებს ერთი მხრივ იმ გარემოებას, რომ საჩივრის განხილვის მომენტში ე. გ–სი არ სარგებლობს ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსით საქართველოში - შესაბამისად, არ არსებობს არც ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (ვინაიდან ე. გ–ის არ აქვს მიცემული თავშესაფარი და იგი არ არის საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირი) და მეორე მხრივ იმ გარემოებას, რომ ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ აფერხებს ექსტრადიციის დასაშვებობის განხილვას.

9. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ე. გ–სის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას ე. გ–სის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში წამების, არაადამიანური მოპყრობისა და დასჯის საფრთხიდან გამომდინარე.

10. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, ვინაიდან კასატორი თავისი მოთხოვნის დასაბუთებისთვის უთითებს მხოლოდ საერთაშორისო ხელშეკრულებების და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებებზე, მაგრამ არ უთითებს არც ერთ კონკრეტულ არგუმენტს ან/და რელევანტურ მტკიცებულებას, რაც დაადასტურებდა თურქეთის რესპუბლიკაში ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის პრაქტიკის არსებობას და ე. გ–ის მიმართ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის ან დასჯის გამოყენების საფრთხის რეალურობას. აღნიშნულთან მიმართებით ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები ვერც გენერალურმა პროკურატურამ მოიძია.

11. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99,par.72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, par.58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, par. 52, ECtHR, 12/04/2005).

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საფრთხის შეფასება ფოკუსირებული უნდა იყოს მიმღებ სახელმწიფოსთვის მომჩივნის გადაცემის მოსალოდნელ შედეგებზე, მიმღებ ქვეყანაში არსებული ზოგადი სიტუაციის და მომჩივნის პირად მდგომარეობაზე (იხ: Salah Sheekh v. the Netherlands, no. 1948/04, ECtHR, par.136, 11/01/2007; Vilvarajah and Others v. the United Kingdom, ECtHR, par. 107-08, Series A no. 215; 30/10/1991). საქმეში არსებული ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით, უნდა შეფასდეს საკმარისი საფუძველის არსებობა იმაში დასარწმუნებლად, რამდენად წარმოიშვება რეალური საფრთხე იმისა, რომ მოცემული პირი მიმღებ სახელმწიფოში დაბრუნების შემთხვევაში, დაექვემდებარება კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალულ მოპყრობას (F.G. v. Sweden [GC], no. 43611/11, ECtHR, par. 116, 23/03/2016; Khasanov and Rakhmanov v. Russia, nos. 28492/15 and 49975/15, ECtHR, par. 95, 29/04/2022).

13. სასამართლო ითვალისწინებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევების პრევენციის კუთხით. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი.

14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ გარანტიას, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ე. გ–ის უფლებები და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება და კვლავაც აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის - წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას (Zarmayev v Belgium, no. 35/10, §113, ECtHR, 27/02/2014; Gasayev v Spain, no. 48514/06, ECtHR, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v Slovakia, nos. 21022/08, 51946/08, ECtHR, 14/09/2010) .

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მართალია პირველ რიგში უნდა შეფასდეს მიმღებ სახელმწიფოში არსებული ზოგადი სიტუაცია და შესაბამისად, ყურადღება გამახვილდეს მიმღებ სახელმწიფოში ზოგადი ძალადობრივი გარემოს არსებობაზე (იხ: Sufi and Elmi v. the United Kingdom, nos. 8319/07 და 11449/07, ECtHR, par.216, 28/06/2011), თუმცა ზოგადი ძალადობრივი გარემოს არსებობა იმთავითვე არ იწვევს მე-3 მუხლის დარღვევას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს განმარტებით, მომთხოვნი სახელმწიფოსთვის პირის გადაცემა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას იწვევს მხოლოდ „იმ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე მხოლოდ იმ პირთან მიმართებით არსებობს, რომელიც მიმღებ სახელმწიფოში დაბრუნების შემთხვევაში დაექვემდებარება ამგვარ ძალადობას (NA. v. the United Kingdom, no. 25904/07, ECtHR, par. 115, 17/07/ 2008; Khasanov and Rakhmanov v. Russia, nos. 28492/15 and 49975/15, ECtHR, par. 29/04/2022).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ე. გ–ი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას.

17. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no.140/10, par.11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).

18. მიუხედავად იმისა, რომ კასატორი ექსტრადიციის დასაშვებობაზე უარის თქმის მიზეზად არ უთითებს თურქეთის რესპუბლიკაში ე. გ–ის მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევის საფრთხეზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ასევე შეისწავლა და თბილისის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას შეამოწმა ე. გ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევის საფრთხის არსებობა (საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება რაც დაადასტურებდა/მიუთითებდა ექსტრადიციის შემთხვევაში ე. გ–ის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში სისხლის სამართალწარმოებაში სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის საფრთხეზე).

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ე. გ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით (ა) თურქეთის რესპუბლიკის ბალიქესირის მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის მე-2 სასამართლოს 2014 წლის 22 სექტემბრის განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 220-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით (დანაშაულის ჩადენის მიზნით შეიარაღებული დაჯგუფების შექმნა და ხელმძღვანელობა), 235-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (საჯარო დაწესებულებების მიერ გამოცხადებულ ტენდერზე უკანონო ზემოქმედების განხორციელება) და 149-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტით (ჩამოყალიბებული დაჯგუფების საშიში ძალების გამოყენებით ძარცვა, 2 ეპიზოდი); ბ) თურქეთის რესპუბლიკის ბალიქესირის მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის მე-2 სასამართლოს 2016 წლის 14 იანვრის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 220-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით (დანაშაულის ჩადენის მიზნით შეიარაღებული დაჯგუფების შექმნა და ხელმძღვანელობა)) კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ე. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. გ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი