საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 05.07.2023
საქმის ნომერი
2კ-247აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.07.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 180100120003997292

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №247აპ-23 5 ივლისი, 2023 წელი

გ–ი ე., 247აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჩ–ს, ასევე, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნიკა მახარაძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ე. გ–ი (პირადი ნომერი: ...............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითა (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2020 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 17:58 საათზე, ყ–ს რაიონის სოფელ ს–ი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განზრახ მოკვლის მიზნით ე. გ–მა ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, არაერთხელ ესროლა კ. ღ–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა სახისა და მუცლის არეში მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები და მხოლოდ დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად მოხერხდა მისი სიცოცხლის შენარჩუნება.

1.3. ე. გ–მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ,,AKM“ მოდელის, 7,62 კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ცეცხლსასროლი იარაღი და ამავე იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა მის საცხოვრებელ სახლში, ყ–სს რაიონის სოფელ სნოში.

1.4. 2020 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 17:58 საათზე ყ–ს რაიონის სოფელ ს–ი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განზრახ მოკვლის მიზნით ე. გ–სმა ,,AKM“ მოდელის, კალაშნიკოვის კონსტრუქციის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, არაერთხელ ესროლა კ. ღ–ის, რა დროსაც ამ უკანასკნელმა თავისა და მუცლის არეში მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები და მხოლოდ დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად მოხერხდა მისი სიცოცხლის შენარჩუნება.

1.5. 2020 წლის 1 ივლისს აღნიშნული ,,AKM“ მოდელის, კალაშნიკოვის კონსტრუქციის ცეცხლსასროლი იარაღი და მისთვის განკუთვნილი 22 ვაზნა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოიღეს ნ. გ–მისგან.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის განაჩენით ე. გ–ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

ე. გ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ე. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 7000 ლარი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ე. გ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

2.2. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. გ–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. მანვე ჩაიდინა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 17:58 საათზე, ყ–ს რაიონის სოფელ ს–ში, ე. გ–სმა ,,AKM“ მოდელის, კალაშნიკოვის კონსტრუქციის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, რომელსაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა, კ. ღ–ის თავისა და მუცლის არეში მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

ე. გ–სმა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ,,AKM“ მოდელის, 7,62 კალიბრის, კალაშნიკოვის კონსტრუქციის ცეცხლსასროლი იარაღი და ამავე იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა მის საცხოვრებელ სახლში, ყ–ს რაიონის სოფელ სნოში.

2020 წლის 1 ივლისს აღნიშნული ,,AKM“ მოდელის, 7,62 კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ცეცხლსასროლი იარაღი და მისთვის განკუთვნილი 22 ვაზნა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოიღეს ნ. გ–სგან.

2.3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თეონა გოდერძიშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა, ე. გ–ს წარდგენილ ბრალდებაში სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

2.4. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. ჩ–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა, ე. გ–სის საქრთველოს სიხლი სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით პირობით ჩათვლა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 თებერვლის განაჩენით შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თეონა გოდერძიშვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

მსჯავრდებულ ე. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ა. ჩ–ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება.

ე. გ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ე. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 7000 ლარი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ე. გ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. 2023 წლის 7 თებერვალს მსჯავრდებულ ე. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ჩ–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ე. გ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში უდანაშაულოდ ცნობა, ან ალტერნატივის სახით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლზე ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენება, ხოლო საქართველოს სიხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მინიმალური სასჯელის განსაზღვრა და მისი ნაწილის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პირობით ჩათვლა.

3.3. 2023 წლის 21 თებერვალს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნიკა მახარაძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ე. გ–ს წარდგენლ ბრალდებებში სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3.4. 2023 წლის 27 თებერვალს მსჯავრდებულ ე. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ჩ–მა წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა ბრალდების მხარის საკასაჩიო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. კასატორების არგუმენტები:

4.1. კასატორის, მსჯავრდებულ ე. გ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჩ–ს პოზიციით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ე. გ–ს მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენის ფაქტი. ამასთან, მოწმეებმა განმარტეს, რომ შემთხვევის დღეს არ უნახავთ, რომ ე. გ–სა და დაზარალებულს მოსვლოდათ შელაპარაკება. მხოლოდ ერთადერთმა მოწმემ - ნ. გ–მა გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა ე. გ–ს კონფლიქტის გამო გამოეტენა სახლიდან იარაღი. მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ე. გ–ი და დაზარალებული იყვნენ კარგი მეგობრები, რაც ასევე დაადასტურეს დაზარალებულმა და მსჯავრდებულმა. იარაღიდან გასროლამდე მათ შორის რაიმე დაპირისპირება არ მომხდარა, შესაბამისად, ე. გ–ს მისთვის ზიანის მიყენების ან მოკვლის მოტივი არ ჰქონია. ამასთან, არც ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ მას ე. გ–მა დამიზნებით ესროლა იარაღიდან. ჩანაწერში ჩანს, რომ ე. გ–ი ჩარბის დაბლობზე, რა დროსაც სავარაუდოდ გადატენა იარაღი. მას უკან, 10-15 მეტრის მანძილში მიჰყვება დაზარალებული. ე. გ–მა ავტომატიდან მიწისა და გუბეების მიმართულებით გაისროლა, რასაც ადასტურებს მტვრის და წყალის ნაწილაკების დაბლიდან ზემოთ ატყორცნა. შემდეგ იგი ჩერდება ხიდზე, რა დროსაც მანქანიდან ჩამოდის ნ. გ–ი, რომელსაც მოგვიანებით ე. გ–მა გადასცა ავტომატი. 17:58:00-დან 17:58:38 საათამდე პერიოდში, 38 წამის განმავლობაში ე. გ–ს ჰქონდა საშუალება, რომ ავტომატიდან დამიზნებით ესროლა 10-15 მეტრის მანძილზე მის პირისპირ მდგომი დაზარალებულისთვის, თუმცა მას 30 წამის განმავლობაში გასროლა არ განუხორციელებია. აღსანიშნავია, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე ე. გ–ი და დაზარალებული იდგნენ ერთმანეთის პირისპირ და ე–ს დამიზნებით სროლაში ხელს არაფერი უშლიდა. ამასთან, მას ჰქონდა კიდევ 22 ტყვია და იარაღიც საბრძოლო მზადყოფნაში იყო. N... და N... ვიდეოჩანაწერებში ნათლად ჩანს, რომ ტყვიები ხვდება მათ შორის არსებულ ნიადაგს, დაზარალებულის სიახლოვეს, რამაც სავარაუდოდ გამოიწვია დაზარალებულის ტანსაცმელზე დენთის კვალის არსებობა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დასკვნებით არ დადგენილა დაზარალებულის ტანსაცმელს კონკრეტულად რა ადგილზე აღენიშნებოდა დენთის კვალი და ტყვიის შემავალ ადგილზე არის თუ არა დენთის კვალი. ამასთან, მაისურზე არსებული დაზიანების პარამეტრებით ირკვევა, რომ ტყვია მუცლის არეში პირდაპირ არ მოხვედრილა, რადგან ასეთ შემთხვევაში ტყვიას მაისურზე უნდა დაეტოვებინა 7,62 დიამეტრის წრიული კვალი. ორივე ჭურვი ამოიღეს დაზარალებულის რბილი ქსოვილიდან და მათ ძვალთან შეხება არ ჰქონიათ, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ჭურვების მექანიკური დაზიანება უნდა მომხდარიყო სხეულში მოხვედრამდე რაიმე მყარ საგანთან კონტაქტისას. ჩვენების მიცემისას გამომძიებლებმა და ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ 1 ვაზნა მოთავსებული იყო ლულაში და მზად იყო გასასროლად, ხოლო იარაღზე მორგებულ მჭიდში იყო 21 ვაზნა, თუმცა ამოღების მომენტში რა პოზიციაში იყო იარაღის დამცავი მექანიზმი ვერ გაიხსენეს. მოწმე ნ. გ–მა კი დაადასტურა, რომ როდესაც მან ე. გ–ს გამოართვა ცეცხლსასროლი იარაღი, ნახა რომ დამცავი მექანიზმი იყო მაქსიმალურად ზემოთ ამოწეული, გასროლისთვის კი საჭიროა დამცველი იყოს ქვემოთ დაწეული. აღნიშნული კი ადასტურებს, რომ ე. გ–მა იარაღი დამცველზე დააყენა მანამ სანამ მას ნ. გ–მს გადასცემდა. მკვლელობის განზრახვის არსებობის შემთხვევაში კი სროლის შეწყვეტის შემდეგ იარაღის დამცველზე აყვანა საჭირო არ იქნებოდა. მოწმეებმა - შ. ე–ემ, ნ. გ–მა, ზ. ე–მ, თ. ე–მ და ჯ. ე–მ დაადასტურეს, რომ დაზარალებული ამბობდა, რომ მას მოხვდა „რეკაშეტი“, რის გამოც იყო განაწყენებული და ე. გ–ს მიმართავდა პრეტენზიით. კასატორი ასევე უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი განცხადებით დასტურდება, რომ დაზარალებული თანხმობას აცხადებს, რომ ე. გ–ზე გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი. ასევე, უთითებს, რომ მან დაზიანება ე. გ–ის გაუფრთხილებელი ქმედებით მიიღო. კასატორი ასევე უთითებს, რომ ე. გ–მა აღიარა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა და განმარტა, რომ 2020 წლის, ივნისის შუა რიცხვებში, სახლში შემთხვევით იპოვა აკმ-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც მისი ვარაუდით უნდა ყოფილიყო 2012 წელს გარდაცვლილი მამის - ს. (ა.) გ–ს საკუთრება. იარაღთან ერთად იყო ორი მჭიდი, რომელთაგან ერთი იყო ტყვიებით სავსე. მას სურდა თ–ში მოხვედრის შემთხვევაში მომსახურების სააგენტოში გაერკვია იარაღი გაფორმებული იყო თუ არა და ემოქმედა კანონის შესაბამისად. 2020 წლის 30 ივნისს იყო მთვრალი, რა დროსაც გადაწყვიტა სახლიდან გამოეტანა ავტომატი, გაესროლა და ამით მეგობრებთან მოეწონებინა თავი. იგი ჩავიდა მდინარის ჭალისკენ, დაბლობში და მიწის მიმართულებით, ზევიდან ქვევით დაიწყო სროლა. ამ დროს იყურებოდა მიწისკენ და მისი მხედველობის არეში არავინ იყო. მან ორი წამის განმავლობაში მიყოლებით გაისროლა 7-8-ჯერ, რა დროსაც გაიგო ყვირილი „რას შვები რეკაშეტი მომხვდაო“. მან ყვირილზე შეწყვიტა სროლა, აიხედა ზემოთ და დაინახა ბავშვობის მეგობარი კ. ღ–ი, რომელსაც შუბლზე და სახეზე შეატყო სისხლის კვალი და მივხვდი, რომ ანასხლეტი ტყვიით ან კენჭით მიიღო დაზიანება. ასევე მიხვდა, რომ მისი გაუაზრებელი ქცევით ზიანი მიაყენა მეგობარს და იარაღი აიყვანა დამცველზე. მას რომ მკვლელობის განზრახვა ჰქონოდა მიწაზე სროლის ნაცვლად, შეეძლო დამიზნებით ესროლა დაზარალებულისთვის. მან სროლის შეწყვეტის დროს იცოდა, რომ დაახლოებით 20-22 ტყვია ჰქონდა კიდევ და შეეძლო ესროლა კ–ს, რომელიც მის წინ, დაახლოებით 10 მეტრში იდგა. 6 ივნისს იგი საკუთარი ნებით გამოცხადდა პოლიციაში და განაცხადა მომხდარის შესახებ. კასატორის განმარტებით, ე. გ–სის მხრიდან იარაღის ტარებას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან იგი კონკრეტული მიზნით გამოიტანა სახლიდან. დაზარალებულმა განმარტა, რომ მიღებული დაზიანებების შემდეგ იგი საკუთარი ფეხით მივიდა საავადმყოფოში, არ დაცემულა და გონება არ დაუკარგავს, მან მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები მიიღო. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 21-ე მუხლის თანახმად კი „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება აგრეთვე იმას, ვინც დანაშაულის შემადგენლობის შესაბამისი შედეგის განხორციელებისათვის ყველაფერი გააკეთა, რაც მასზე იყო დამოკიდებული, მაგრამ შემდეგ თავისი ნებაყოფლობითი ქმედებით თავიდან აიცილა ეს შედეგი“. ამასთან, ე. გ–ი საკუთარი ნებით, დანაშაულის აღიარებით გამოცხადდა პოლიციაში, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხასიათდება დადებითად, არის 44 წლის და წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა, შერიგებულია დაზარალებულთან, ციხეში ყოფნის პერიოდში ემორჩილება არსებულ წესებს, რისი გათვალისწინებითაც მას უნდა განესაზღვროს მინიმალური სასჯელი, რომლის 1/3 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად უნდა ჩაეთვალოს პირობით.

4.2. კასატორის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნიკა მახარაძის პოზიციით გასაჩივრებული განაჩენი ე. გ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების შესახებ არის უკანონო, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ ე. გ–ს მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენას. საქმის მასალებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 30 ივნისს კ. ღ–ი, ე. გ–ი, თ. ე–ე, გ. ფ–ი და დ. ფ–ი ყ–ს რაიონის სოფელ ს–ში, მოსაცდელის ტერიტორიაზე იღებდნენ ალკოჰოლურ სასმელს და იყვნენ საკმაოდ მთვრალები. დაახლოებით 18:56 საათზე ე. გ–სა და კ. ღ–ს შორის მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, რის გამოც, ე. გ–ი იძულებით გაიყვანეს მოსაცდელის ტერიტორიიდან, რათა განერიდებინათ კ. ღ–საგან. იმის გამო, რომ მთვრალი კ. ღ–ი მიდიოდა ე. გ–სის მიმართულებით, კონფლიქტის გამწვავების თავის არიდების მიზნით მას წინ ჩაუდგა გ. პ–ი. ამასთან, იცოდნენ რა ე. გ–ს ცუდი სიმთვრალისა და აგრესიულობის შესახებ, აკავებდნენ ე. გ–ს, რომ არ მიახლოებოდა კ. ღ–ის. გაბრაზებული ე. გ–სი დაუსხლტა მათ და გაიქცა სახლის მიმართულებით, რათა გამოეტანა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღი და შური ეძია კ. ღ–ზე, მოეკლა იგი. ამ დროს მას გზაზე შეხვდა ზ. ე–ე, რომელიც ცდილობდა მის შეჩერებას, თუმცა ვერ შეაჩერა. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ადასტურებს, რომ მოსაცდელის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტი მოხდა ე. გ–სა და კ. ღ–ს შორის. მოსაცდელის ტერიტორიიდან მისი წასვლის შემდეგ მხარეთა შორის რაიმე კონფლიქტი ან დაძაბულობა არ გაგრძელებულა. მას შემდეგ რაც ე. გ–მა გამოიტანა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ცეცხლსასროლი იარაღი, მასზე დამაგრებული 2 მჭიდითა და მასში მოთავსებული ვაზნებით, დაახლოებით 300 მეტრი გაიარა ხიდის მიმართულებით. ამ დროს ე. გ–ს წინ გადაუდგა გ. პ–ი, რომელმაც უკვე იცოდა ე. გ–სა და კ. ღ–ს შორის მომხდარი კონფლიქტის შესახებ და ცდილობდა მისთვის იარაღის წართმევას. მათ შორის ძიძგილაობა გაგრძელდა რამდენიმე წამს. ამ დროს ე. გ–ს იარაღი ეჭირა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და ცდილობდა მისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით მყოფი კ. ღ–სთვის დამიზნებას. ე. გ–ი დაუსხლტა გ. პ–ს და ჩავიდა დაბლობზე, სადაც გაჰყვა კ. ღ–ი. მათ სიახლოვეს იდგა გ. პ–ც. ამ დროს ე. გ–ი უკუსვლით და სწრაფად ჩადის დაბლობში. თავიდან არ ისროდა, რათა საფრთხე არ შეექმნა მის წინ მდგომი გ. პ–სთვის, თუმცა როცა იგი გასცილდა ტერიტორიას ე. გ–მა ისროლა დაზარალებულის მიმართულებით, თუმცა იმის გათვალიწინებით, რომ იგი უკუსვლით მიდიოდა, საწყის ეტაპზე გასროლილი ტყვიები ვერ ხვდებოდა კ. ღ–ს. ამის შემდეგ, იგი ჩავიდა დაბლობში, სადაც მისგან დაახლოებით 15 მეტრში იდგა კ. ღ–ი, რომელიც ხელს უქნევდა და უყვიროდა რას აკეთებო. ამ დროს კ. ღ–ი ე. გ–ს თავს არ ესხმოდა. ამასთან, ე. გ–სთვის კარგადაა ცნობილი აღნიშნული იარაღის კონსტრუქცია და შესაძლებლობები, ასევე, ის თუ რა საფრთხე შეუძლია მოუტანოს ადამიანს, თუმცა იგი შეჩერებას არ აპირებდა და კ. ღ–ს მიახლოებით უფრო ღიზიანდებოდა. მან რამდენჯერმე, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფი იარაღიდან, დამიზნებით გაისროლა კ. ღ–ს მიმართულებით. პირველი ტყვია მოხვდა კ. ღ–ის, რომელიც მოიხარა წელში, სახიდან მოსდიოდა სისხლი და კვლავ უყვიროდა ე. გ–ს შეეწყვიტა სროლა. ე. გ–სმა ნახა, რომ მის მიერ ნასროლი ტყვიები მოხვდა კ. ღ–ის და მოსდიოდა სისხლი, მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილი ჰქონდა მოკლის მიზნით კვლავ ესროლა კ. ღ–სთვის. ამ დროს კ. ღ–ი კვლავ უყვიროდა, რომ მოხვდა მისი ნასროლი ტყვია. სროლის შეწყვეტისაკენ მას მოუწოდებდნენ დაბლობთან მისული თ. ე–ე და დ. ფ–ც, რომლებიც ვერ ბედავდნენ კ. ღ–ითან მიახლოებას. ე. გ–მა კიდევ ერთხელ, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფი იარაღიდან ესროლა კ. ღ–ის, რამაც კიდევ ერთი დაზიანება მიაყენა დაზარალებულს. ამ დროს დაბლობზე ჩაირბინა ნ. გ–მმა, რომელმაც ე. გ–ს მოუწოდა შეეწყვიტა სროლა. ე. გ–მა იმ მოტივით, რომ არ დაეზიანებინა მეგობარი - ნ. გ–მი, შეწყვიტა სროლა. ე. გ–სმა კ. ღ–ის ჯამურად ესროლა 6-7-ჯერ, საიდანაც ერთი მოხვდა მუცლის არეში და ერთზე მეტი სახის არეში. ე. გ–მა დაინახა, რომ მის მიერ ნასროლი ტყვიები, თუნდაც ასხლეტილი, მოხვდა კ. ღ–ის და მოსდიოდა სისხლი. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ადასტურებს, რომ ე. გ–ს სურდა კ. ღ–ს მოკვლა. კ. ღ–ის გაუმართლა, რომ ტყვიები სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილას არ მოხვდა. ე. გ–ს მიერ ნასროლი ტყვიები არ შეხებია სიცოცხლისათვის სახიფათო ორგანოებს, რის გამოც კ. ღ–ი გადარჩა და ე. გ–მა სისრულეში ვერ მოიყვანა დანაშაულებრივი განზრახვა. ამაში დიდი როლი ითამაშა იმან, რომ ე. გ–ი იყო მთვრალი, იგი სროლას ახორციელებდა მოძრაობისას, კ. ღ–ი კი იდგა მაღლობზე და მუდმივად მოძრაობდა. კ. ღ–ს მიერ მიღებული დაზიანების ხარისხს არ ჰქონდა მნიშვნელობა, რადგან ე. გ–ს ჰქონდა კ. ღ–ს მოკვლის განზრახვა, რის გამოც დაზარალებულს ესროლა არაერთხელ.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ვერ ასაბუთებენ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრების მოთხოვნა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას მსჯავრდებულ ე. გ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლომ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედება სწორად დააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.

5.3. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის N309აპ-19 გადაწყვეტილებაზე, რომელშიც განმარტებულია: ,,საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მკვლელობის მცდელობისაგან განზრახვის მიმართულებით განსხვავდება, კერძოდ: თუ პირმა მოკვლის მიზნით დააზიანა სხვა პირის ჯანმრთელობა, მაგრამ სასიკვდილო შედეგი არ დადგა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ასეთ შემთხვევაში გამოკვეთილია მკვლელობის მცდელობა და არა - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. ანუ სწორედ განზრახვის ელემენტი განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ.“ ამასთან, აღსანიშნავია, რომ მკვლელობის განზრახვა შესაძლებელია წარმოიშვას დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული იმწუთიერი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, უშუალოდ კონფლიქტის დროს და დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელი არ არის განზრახვა დროის ხანგრძლივი ინტერვალით უსწრებდეს ქმედებას.

5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნიკა მახარაძის პოზიციას იმის შესახებ, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ე. გ–ს მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2020 წლის 30 ივნისს ე. გ–ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად კ. ღ–იმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. დაზარალებულ კ. ღ–ს ჩვენებით დადგენილია, რომ ე. გ–ი არის მისი ბავშვობის მეგობარი. 2020 წლის 30 ივნისს თანასოფლელებთან ერთად სოფელ სნოში, მიკროავტობუსების გაჩერების მიმდებარე ტერიტორიაზე მოსაცდელში სვამდნენ ლუდს და არაყს, მიიღეს ზედმეტი ალკოჰოლი, რის გამოც მოეკიდათ სასმელი და დეტალების გახსენება უჭირს. ასევე ვერ იხსენებს მასსა და ე. გ–ს შორის მოხდა თუ არა კონფლიქტი. ახსოვს, რომ აღმოჩნდა სოფლის ხიდის მახლობლად, დაბლობში, სადაც მისგან მოშორებით, დაახლოებით 15 მეტრში იდგა ე. გ–ი, რომელსაც ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი - ავტომატი. მან ჩათვალა, რომ ე–ი იყო რაღაცაზე განერვიულებული და გადაწყვიტა მასთან მისულიყო, დაემშვიდებინა და გამოერთმია იარაღი. ამ დროს ე. გ–მა გაისროლა მიწისკენ. რის გამოც შეჩერდა და აღარ მივიდა მასთან ახლოს. დაბლობში ყოფნისას მან მარცხენა ლოყის არეში იგრძნო სისველე, ხელი მოიკიდა სახეზე და მიხვდა, რომ მოსდიოდა სისხლი. მან ივარაუდა, რომ მოხვდა ე. გ–სის მიერ ნასროლი ტყვიის ანასხლეტი. მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ ანასხლეტი ასევე მოხვედრილი ჰქონდა მუცლის არეში, თუმცა ტკივილი არ უგრძვნია. ტყვიის ჭურვი რომ ასხლეტილი იყო, ივარაუდა იქედან გამომდინარე, რომ სროლის მომენტში მას სახეზე ეყრებოდა ქვიშა. სისხლის დანახვაზე მან ე–ს დაუძახა ,,თუ რას აკეთებდა“ და ე–მა შეწყვიტა სროლა. მომენტალურად ადგილზე მიცვივდნენ თ. ე და ნ. გ–მი, რომელმაც ე. გ–ს გამოართვა იარაღი. შეკითხვაზე, რაიმე სერიოზული ხომ არ სჭირდა, მან იქ მყოფებს უთხრა, რომ მოხვდა მიწიდან ასხლეტილი ტყვია. მას დანამდვილებით ახსოვს, რომ ე. მიწის მიმართულებით ისროდა. როდესაც მოხვდა ტყვია მან ე. გ–ს დაუყვირა ,,რას შვრებიო“ და მანაც შეწყვიტა სროლა. გასროლები ნაწარმოები იყო ერთჯერადად, 2-3 წამის განმავლობაში დაახლოებით 5-6 გასროლა მიწის მიმართულებით, მაღლიდან-დაბლა. სროლის დროს ე–ს მზერა მიმართული იყო სროლის ადგილისკენ - მიწისაკენ. სროლის დროს მიწას ასდიოდა მტვერი, წყალს - შხეფები და დაზარალებულს სახეში ეყრებოდა ქვიშა და მიწა. სროლა რომ დაასრულა, ე–ს ქვემოთ ჰქონდა იარაღი მიმართული, ხოლო ჩახმახი იყო დაკეტილი. იგი გამორიცხავს, რომ ე. გ–ს სურდა მისი მოკვლა. დაზარალებულის ჩვენება თანხვედრილია მოწმეების - ნ. გ–ს, თ. ე–ს, გ. პ–სა და შ. ე–ს ჩვენებებთან, ასევე ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმებთან, რომლებითაც დადგენილია, რომ სროლის შეწყვეტის დროს კ. ღ–ი იდგა ე. გ–სგან 10-15 მეტრის დაშორებით. შესაბამისად, ე. გ–ს ჰქონდა საკმარისი დრო და საშუალება განზრახვის არსებობის შემთხვევაში ცეცხლსასროლი იარაღიდან დაუბრკოლებლად, დამიზნებით განეხორციელებინა დამატებითი გასროლა დაზარალებულის მიმართ, რაც არ გაუკეთებია. მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ე. გ–ს ქმედება არ იყო მიმართული დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისკენ. მან თანნაქონი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა აწარმოა არა დაზარალებულის, არამედ მიწის ნიადაგისა და გუბის მიმართულებით, რასაც ადასტურებს ვიდეოჩანაწერში მტვრისა და წყლის ნაწილაკების დაბლიდან მაღლა მომენტალურად ატყორცნის კადრიც. მოკვლის განზრახვის არსებობის შემთხვევაში კი, ე. გ–ი მისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით მდგომი დაზარალებულის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან დამიზნებით განახორციელებდა გასროლას. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სანამ ცეცხლსასროლი იარაღი ე. გ–სგან ნ. გ–ს ხელში გადავიდოდა, დაახლოებით 30 წამის განმავლობაში, ე. გ–ს დამატებით გასროლა არ განუხორციელებია, მითუფრო, რომ მის ხელთ არსებულ ცეცხლსასროლ იარაღში კიდევ 22 ტყვია იყო მოთავსებული, კ. ღ–ი კი, კვლავ მის მახლობლად მოძრაობდა და მოკვლის განზრახვის არსებობის შემთხვევაში, თუ მის მოსაკლავად მიღებული ზომები არ იყო საკმარისი, დაზარალებულის პირისპირ მყოფ ე. გ–ს, რომელსაც არაფერი უშლიდა ხელს განზრახვის სუსრულეში მოყვანაში შეეძლო დამატებითი გასროლის განხორციელება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი იყო საბრძოლო მდგომარეობაში, კერძოდ, ლულაში გადატენილი იყო ვაზნა, მჭიდში კი მოთავსებული იყო 21 საბრძოლო ვაზნა, რაც ადასტურებს, რომ ე. გ–ს ჰქონდა შესაძლებლობა მოკვლის განზრახვის არსებობის შემთხვევაში დამიზნებით ეწარმოებინა გასროლები და განზრახვა მოეყვანა სისრულეში, რაც არ გაუკეთებია.

5.5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულის სხეულიდან ამოღებული ტყვიის ორივე ჭურვი დაზიანებული და დეფორმირებულია, ერთი არის 25,9 მმ სიგრძის, დაახლოებით 7,62 მმ დიამეტრის, აღენიშნება ,,კორპუსის ზედაპირზე საერთო დაზიანება, ტყვიის ქვედა ნაწილში გარსის ფრაგმენტალური ამოგლეჯვით“, ხოლო მეორე ჭურვის ფოლადის ნაწილი (სპილენძის გარსის გარეშე) 18,7 მმ სიგრძის და 5,7 მმ დიამეტრისაა, დაზარალებულის სხეულში სხვა უცხო საგანი ნანახი არ ყოფილა. პირველი ჭურვი ამოღებული იყო მუცლის არედან ისე, რომ მას არ ჰქონდა დაზიანებული მუცლის ღრუ და შეხებული არ იყო ძვალთან, მეორე საგანი კი - ლოყა-კისერის მიდამოს რბილი ქსოვილებიდან და არ იყო შეხებული ძვალთან. ორივე ჭურვი ამოღებულია სხეულის რბილი ქსოვილებიდან და მათ ძვალთან შეხება არ ჰქონდათ. შესაბამისად, ჭურვების მექანიკური დაზიანება სხეულში მოხვედრამდე მყარ საგანთან კონტაქტითაა მომხდარი. ამასთან, მოწმე ა. ა–ს განმარტებით, ჭურვის დაზიანება უნდა გამოეწვია მყარ საგანთან კონტაქტს, შესაძლოა ეს მიწაზე ან სხვა საგანზე ასხლეტის შედეგადაც მომხდარიყო. ყოველივე ზემოაღნიშნული კი გამორიცხავს რომ ე. გ–ი მოქმედებდა დაზარალებულის მოკვლის განზრახვით. ე. გ–მა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლები აწარმოა მასსა და კ. ღ–ის შორის მიწის ნიადაგისა და გუბის მიმართულებით, კ. ღ–ს სიახლოვეს, რაც ადასტურებს ე. გ–ის არაპირდაპირ განზრახვას. კერძოდ, იგი ითვალისწინებდა მიწა-ნიადაგზე ასხლეტილი ჭურვების, იქვე მდგომი კ. ღ–სათვის მოხვედრასა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 11 თებერვლის სამედიცინო ექსპერტიზის N........... დასკვნაზე, რომლითაც დგინდება, რომ შპს ...............ის ცენტრ ყ–ს კლინიკის სამედიცინო დოკუმენტების მიხედვით კ. ღ–ის აღენიშნებოდა სხეულის ცეცხლნასროლი პოლიტრავმა, მუცლის წინა კედლის არაგამჭოლი, არაშემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა. სახის მიდამოს გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა, შუბლის მიდამოს დაჟეჟილი ჭრილობა. ოპერაცია: მუცლის წინა კედლის ცეცხლნასროლი ჭრილობის რევიზია, სანაცია, უცხო სხეულის - ტყვიის ამოღება რბილი ქსოვილიდან - კუნთებიდან. დრენირება. გაკერვა შრეობრივად. სახის მიდამოს პირველადი ქირურგიული დამუშავება, შეხვევა. აკადემიკოს ............ის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის დოკუმენტების თანახმად: კ. ღ–ის აღენიშნებოდა მუცლის კედლის ღია ჭრილობა. სუნთქვის მწვავე უკმარისობა. მრავლობითი ტრავმები. სკალპის ღია ჭრილობა. კისრის მრავლობითი ღია ჭრილობები. დაზიანებები როგორც ერთობლიობაში, ასევე იზოლირებულად ცალ- ცალკე აღებული, მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს. ცეცხლნასროლი ჭრილობები განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვების მოქმედებით, ხოლო დაჟეჟილი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. მუცლის მიდამოში მდებარე ჭრილობის არხი მიემართება ლატერალურად უკანა აქსელარული ხაზისაკენ. ექსპერტის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემები: შპს რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის ყ–ს კლინიკის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N...... და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობიდან ირკვევა რომ მოქ. კ. ღ–ის 2020 წლის 30 ივნისს, 18:30 სთ-ზე მიუმართავს კლინიკისათვის. პაციენტი მოყვანილია თვითდინებით. შემოსვლისას კონტაქტურია. უჩივის ცეცხლნასროლ ჭრილობებს სახის არეში და მუცლის წინა კედლის არეში, სისხლდენას. ტკივილს ჭრილობების არეში. პაციენტი მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაციას არ გვაწვდის. პულსი - 98წთ. რითმული, საშ. ავსების და დაჭიმულობის. გულის ტონები - N. ა/წ - 150/90მმ. სუნთქვის სიხშირე -18 წთ. სატურაცია - 92%. ფილტვების აუსკულტაციით ვეზიკულური, მცირედ შესუსტებული სუნთქვა. ... ლუკალური სტატუსი: მუცლის წინა კედელზე ჭიპის მარცხნივ, მარცხნივ წინა აქსილარული ხაზის დონეზე აღინიშნება ცეცხლნასროლი არაგამჭოლი ჭრილობა, დაახლოებით 2X1,5 სმ. დამწვარი კიდეებით. ჭრილობის არხი მიემართება მარცხნივ უკანა აქსილარული ხაზისკენ, ჭრილობა მცირედ სისხლმდენია. სახის არეში, მარცხენა ლოყის მიდამოში ყვრიმალთან აღინიშნება ცეცხლნასროლი ჭრილობა დაახლოებით 1,5X1სმ. მომწვარი კიდეებით სისხლმდენი. ექსპერტის დასკვნის მე-3 გვერდზე აღნიშნულია, რომ მარცხენა მხარეს ,,დვრილისებრ მორჩთან მიმაგრების მიმდებარედ ისახება მეტალის სიმკვრივის უცხო სხეული“ .... ვიზუალიზირებულ იქნა ცეცხლნასროლი ჭრილობის არხი, ამოღებული იქნა უცხო სხეული - ტყვია. მარცხენა ლოყის მიდამოში არსებული ჭრილობის არხი პირდაპირ უკავშირდება ჭრილობას მარცხენა დვრილისებური მორჩის მიდამოში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ე. გ–ის ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რის გამოც მისი ქმედება სწორადაა გადაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილზე.

5.6. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის, მსჯავრდებულ ე. გ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჩ–ს პოზიციას ე. გ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ.

5.7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის ტარება გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირი ამას კანონით მინიჭებული უფლების გარეშე ახორციელებს. აღნიშნული ქმედება შესაძლებელია განხორციელდეს ტანსაცმლით, ჩანთით, მანქანით, რომლითაც პირი მოძრაობს და ა.შ. ე. გ–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ იგი 2020 წლის ივნისის შუა რიცხვებიდან, დროს ზუსტად ვერ იხსენებს, თავის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა გარდაცვლილი მამის კუთვნილ ,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ცეცხლსასროლ იარაღს, 30-მდე საბრძოლო ვაზნასთან და ორ მჭიდთან ერთად. 2020 წლის 30 ივნისს, საღამოს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა საცხოვრებელი სახლიდან გაიტანა და დაახლოებით 300 მეტრით დაშორებულ სოფლის ხიდამდე ატარა ავტომატური ცეცლსასროლი იარაღი, რომლითაც აწარმოა რამდენიმე გასროლა. ე. გ–ს ჩვენების გარდა, ვიდეოჩანაწერებით, მათი დათვალიერების ოქმებითა და მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად დასტურდება, რომ 2020 წლის 30 ივნისს, სოფელ ს–ში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელიდან ე. გ–ი სწრაფი ნაბიჯით, სირბილით მიემართება თავისი საცხოვრებელი სახლისკენ. დაახლოებით 4 წუთში უკან ბრუნდება სირბილით და ხელში უჭირავს ცეცხლსასროლი იარაღი. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2021 წლის 8 იანვრის ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის N......... დასკვნითა და ექსპერტ გ. გ–ს ჩვენებით დასტურდება, რომ ვიდეოგრამიდან ამოღებულ ფოტოსურათზე დაფიქსირებული გამოსახულება იდენტურია ე. გ–ს ფოტოსურათზე დაფიქსირებული პირის იერსახის გამოსახულებისა. ყოველივე ზემოაღნიშნული კი უტყუარად ადასტურებს, რომ ე. გ–სი უკანონოდ ატარებდა სათანადო ნებართვის გარეშე შენახულ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს, 30 საბრძოლო ვაზნასთან და 2 მჭიდთან ერთად.

5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკსაციო სასამართლო სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, ე. გ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ და ე. გ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე.

5.9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ ე. გ–ს განუსაზღვრა სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

5.11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები. ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ ე. გ–ს კანონიერი და სამართლიანი - ბრალად წარდგენილი მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელები განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში ე. გ–ს მიმართ განსაზღვრული სასჯელები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების სანქციის ფარგლებშია და საბოლოო სასჯელის განსაზღვრის წესი სრულად შეესაბამება როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, ისე - საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას). ამასთან, საქმის გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიიჩნია, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პირობითად ჩათვლა.

5.12. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას ე. გ–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო: ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და დაზარალებული თანახმაა მის მიმართ გავრცელდეს ამნისტია. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა. იმის გათვალისწინებით, რომ ე. გ–სს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს ჯარიმა, არ არსებობს მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების საფუძველი.

5.13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.15. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ე. გ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჩ–ის, ასევე, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნიკა მახარაძის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე