საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100122005363190
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №636აპ-23 ქ. თბილისი
უ-ი ბ, 636აპ-23 18 სექტემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. უ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ბ. უ-ს, - დაბადებულს ... წლის ... ოქტომბერს, - ბრალად ედება პოლიციელის სამსახურებრივ სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით; პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2021 წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, 112-დან შესული შეტყობინების საფუძველზე თ-ში, რ-ს ქუჩის N..-ში გამოცხადდნენ შსს ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს თანამშრომლები - დ. ბ-ი, ლ. ს-ი და გ. ა-ნი. იმავე მისამართზე მივიდა ბ. უ-იც, რომელიც პოლიციის თანამშრომლების მიმართ იყო აგრესიული და მათ დაუწყო გინება. პოლიციის თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნას, დაწყნარებულიყო, იგი არ დაემორჩილა და გახდა უფრო აგრესიული, რის გამოც საქართველოს ასკ-ს 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს ადმინისტრაციული წესით და პოლიციის „შკოდა რაპიდის“ ფირმის ავტომანქანით, სახ.№... გადაჰყავდათ პოლიციის განყოფილებაში. დაახლოებით 23:15 საათზე ჩ-ის ქუჩის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბ. უ-ი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხა პოლიციის თანამშრომელ გ. ა-ს - კბილები ჩაავლო მარჯვენა ხელზე მტევანსა და იდაყვს შორის და არ უშვებდა დაახლოებით ორი-სამი წუთის განმავლობაში. აღნიშნულით ხელყოფილ იქნა გ. ა-ის ჯანმრთელობა - მან მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. იმავდროულად ბ. უ-მა ფეხით ჩაამტვრია უკანა მარცხენა კარის შუშა პოლიციის კუთვნილი „შკოდა რაპიდის“ ფირმის ავტომანქანაში, სახ.№..., რომლითაც პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ივლისის განაჩენით:
2.1. ბ. უ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება დაკვალიფიცირდა სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
2.2. ბ. უ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ბ. უ-ს შეეფარდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა ბ. უ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 ნოემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი. ბოლო განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 ნოემბრის განაჩენით ბ. უ-ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. უ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 15 ნოემბრიდან.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. უ-მა ჩაიდინა პოლიციელის სამსახურებრივ სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით; პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. 2021 წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, 112-დან შესული შეტყობინების საფუძველზე თ-ში, რ-ს ქუჩის N..-ში გამოცხადდნენ შსს ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს თანამშრომლები - დ. ბ-ი, ლ. ს-ი და გ. ა-ი. იმავე მისამართზე მივიდა ბ. უ-იც, რომელიც პოლიციის თანამშრომლების მიმართ იყო აგრესიული და მათ დაუწყო გინება. პოლიციის თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნას, დაწყნარებულიყო, იგი არ დაემორჩილა და გახდა უფრო აგრესიული, რის გამოც საქართველოს ასკ-ს 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დაკავებულ იქნა ადმინისტრაციული წესით და პოლიციის „შკოდა რაპიდის“ ფირმის ავტომანქანით, სახ.№... გადაჰყავდათ პოლიციის განყოფილებაში. დაახლოებით 23:15 საათზე, ჩ-ის ქუჩის N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბ. უ-მა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციის თანამშრომელს გ. ა-ს კბილები ჩაავლო მარჯვენა ხელზე მტევნისა და იდაყვს შორის და არ უშვებდა დაახლოებით ორი-სამი წუთის განმავლობაში. აღნიშნული ქმედებით გ. ა-ს, როგორც პოლიციის მუშაკს გაუწია წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით და შეეცადა, შეეწყვიტა მისი საქმიანობა. იმავდროულად ბ. უ-მა ფეხით ჩაამტვრია უკანა მარცხენა კარის შუშა პოლიციის კუთვნილი „შკოდა რაპიდის“ ფირმის ავტომანქანაში, სახ.№..., რომლითაც პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის განაჩენით:
4.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორმა - მსჯავრდებულ ბ. უ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ჩ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის განაჩენის გაუქმება და ბ. უ-ის გამართლება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. საკასაციო სასამართლო კასატორის - მსჯავრდებულ ბ. უ-ის ადვოკატის - ნ. ჩ-ას მოთხოვნას მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობისა და მისი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და საკმარისი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტითაა დადასტურებული ბ. უ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა; ესენია: მოწმეების - ჯ. კ-ის, მ. ჟ-ას, ვ. გ-ის, გ. ა-ის, დ. ბ-ის, ლ. ს-ის, რ. ო-ის, დ. გ-ისა და სხვათა ჩვენებები, შეტყობინებები, ავტომანქანის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, მოწმების - მ. კ-ისა და თ. ჯ-ს გამოკითხვის ოქმები და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, კერძოდ:
9. მოწმეების - ჯ. კ-ის, მ. ჟ-ს, ვ. გ-ის ჩვენებებით, მ. კ-სა და თ. ჯ-ს გამოკითხვის ოქმებით დადასტურდა ის ფაქტი, რომ 2021 წლის 15 ნოემბერს მთვრალი ბ. უ-ი მივიდა თ-ში, რ-ის ქუჩის N..-ში მცხოვრებ კ-ის ოჯახში, იყო აგრესიული და უმიზეზოდ აგინა მათ, რაც გახდა მ. კ-ის მიერ 112-ში დარეკვისა და პოლიციის გამოძახების მიზეზი.
10. დაზარალებულ გ. ა-ის, ასევე მოწმეების - დ. ბ-სა და ლ. ს-ის ჩვენებებით სხვა გარემოებებთან ერთად დგინდება, რომ ბ. უ-მა ხელზე უკბინა გ. ა-ს და ამის გამო იძულებული გახდნენ, შეეჩერებინათ ავტომანქანა. მას შემდეგ, რაც გ. ა-ი დაწყნარდა, ჩასხდნენ მანქანაში და განაგრძეს სვლა. ამ დროს კი ბ. უ-მა ფეხის დარტყმით ჩაამტვრია სამსახურებრივი ავტომანქანის უკანა მარცხენა კარის მოძრავი მინა.
11. დაზარალებულ გ. ა-ის მიყენებული დაზიანების ლოკალიზაცია, ხარისხი და ხასიათი სრულად არის დადასტურებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N.... დასკვნით, რომლის მიხედვით გარეგნულად გ. ა-ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი და ნაჭდევი მარჯვენა წინამხრის მიდამოში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად. დაზიანებები მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე.
12. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ორ პოლიციელს შორის მჯდომი ბ. უ-ი ვერ შეძლებდა კარის მინის ჩამსხვრევას და მისი ბრალეულობა დასტურდება მხოლოდ მოწმე პოლიცილების ჩვენებებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმე პოლიციელთა ჩვენებები თანხვდენილია საქმეში არსებულ სხვა ობიექტურ მტკიცებულებებთან - ავტომანქანა „SKODA“ სახ.№... დათვალიერების ოქმთან, საიდანაც ირკვევა, რომ მითითებული ავტომანქანის უკანა მარცხენა მინა არის მთლიანად ჩამსხვრეული, ხოლო ავტომანქანის შიდა სალონში, უკანა სავარძელსა და იატაკზე ყრია ნამსხვრევები; საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №... დასკვნასთან, რომლის თანახმად, ავტომანქანა „SKODA-ზე“ (სახ.№...) არსებული დაზიანება შესაძლოა განვითარებულიყო მასზე როგორც რაიმე მკვრივი, ასევე რბილი საფარის მქონე სხეულთან (როგორიც შეიძლება იყოს ადამიანის სხეულიც) ურთიერთქმედების შედეგად; საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სასაქონლო ექსპერტიზის №... დასკვნასთან, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა/მანქანის „SKODA RAPID“ სახ.№... უკანა მარცხენა კარის მოძრავი მინის საბაზრო ღირებულება შეადგენს 200 ლარს, აღდგენითი სამუშაოების საბაზრო ღირებულება (მინის მონტაჟის) - 30 ლარს, ხოლო ზემოხსენებული მინის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა აღდგენითი სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით - 230 ლარს; ასევე დ. ბ-ის, ლ. ს-სა და გ. ა-ის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებთან. მოწმის სახით დაკითხულ პოლიციელთა ჩვენებების დამაჯერებლობაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ მათი ჩვენებები რ-ის ქუჩა №..-თან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სრულად შეესაბამება საქმეზე დაკითხულ ნეიტრალურ მოწმეთა ჩვენებებს, რომელთა შინაარსითაც დასტურდება ბ. უ-ის აგრესიული განწყობა და ქცევა როგორც კ-ის ოჯახის წევრების, ასევე პოლიციელების მიმართ. აქვე მხედველობაშია მისაღები ის გარემოებასაც, რომ თავად ბ. უ-ს არ უარყვია პოლიციელისთვის ხელზე კბენის ფაქტი. ავტომანქანის კარის მინის ჩამსხვრევასთან დაკავშირებით კი მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ვერ იხსენებს რა და როგორ მოხდა. საკასაციო სასამართლოს ასევე არადამაჯერებლად მიაჩნია მსჯავრდებულის განმარტება, რომ პოლიციელთა მხრიდან ძალადობის შედეგად გონება დაებინდა და როდესაც გონს მოვიდა, უთხრეს, რომ მინა მის მიერ იყო ჩამსხვრეული.
13. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას პოლიციელთა ჩვენებების შეფასებასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ ზოგადად არაარსებით დეტალებთან დაკავშირებით ყოველთვის შეიძლება არსებობდეს გარკვეული განსხვავებანი ჩვენებებს შორის, რადგან მოწმეთა ჩვენებების შინაარსის ე.წ. „მათემატიკური სიზუსტით“ ურთიერთდამთხვევა შეუძლებელია. კონკრეტულ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლებმა მტკიცების მთავარ საგანთან მიმართებით სასამართლოს მისცეს თანმიმდევრული, ურთიერთშესაბამისი და ამომწურავი ჩვენებები. ამასთან, მხოლოდ ის გარემოება, რომ პოლიციის თანამშრომელთა მიმართ დაწყებულია გამოძიება ბ. უ-ის სავარაუდოდ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტთან დაკავშირებით, ვერ გახდება მოწმე პოლიციელთა ჩვენებების სანდოობაში ეჭვის შეტანისა და მათ გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი.
14. თვითმხილველი მოწმე პოლიციელების ჩვენებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს: მიუხედავად იმისა, რომ „პოლიციელთა ჩვენებები, ზოგადად, სანდო მტკიცებულებებია და არ არსებობს რაიმე a priori საფუძველი, რომ ამ უკანასკნელთა ჩვენებებს იმაზე ნაკლები მნიშვნელობა მიენიჭოს, ვიდრე, მაგალითად, სხვა პირებისას. თუმცა, კიდევ ერთხელ, ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული არ გულისხმობს, რომ პოლიციელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია ადეკვატური შემოწმების გარეშე იმთავითვე სარწმუნოდ უნდა ჩაითვალოს. მტკიცებულების სანდოობის შეფასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გარემოებების სრული და ყოველმხრივი შესწავლის შედეგად, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ფუნქციაა (საქართველოს საკონსტიტუცი სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-102). შესაბამისად, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას განსაკუთრებული სიფრთხილით შეაფასოს ინციდენტში მონაწილე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენება, როდესაც მათი ჩვენებები, შესაძლოა, იყოს სუბიექტური.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის არგუმენტები არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მოგონილია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზნით, რის გამოც მათ საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს.
16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებაზე, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ბ. უ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი