საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100121004857989
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №402აპ-23 15 სექტემბერი, 2023 წელი
ს–ი დ., №402აპ-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ს–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. დ. ს–ი (პირადი ნომერი: ...............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 14:15 საათზე, ქ.თ–ში, გ–ს მე-.. მიკრორაიონი, ............ის ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. ს–ი უკანონოდ ინახავდა მის მიერ ასევე უკანონოდ შეძენილ პოლიეთილენის ნაჭრებში ორ ცალად დაფასოებულ 1,9185 გრამ მოყავისფრო ნივთიერებას, რომელიც შეიცავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1,0233 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 მარტის განაჩენით დ. ს–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ დ. ს–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ს–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. კ–მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2023 წლის 7 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ს–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. მ–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ დ. ს–ს ბრალეულობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს, შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად. მოცემულ შემთხვევაში დეტექტივ დ. თ–ს მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციით ირკვევა, რომ დ. ს–ი გადაადგილდებოდა გლდანში, პატარა ტბის მიმდებარედ, რა დროსაც თან უნდა ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერება. ამის შემდეგ, მოწმეები - ჯ. ნ.–ი, გ. ა–ე და ი. ბ–ი გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც ჩაატარეს დ. ს–იის პირადი ჩხრეკა, რომლის ჯიბიდანაც ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერება. აღსანიშნავია, რომ ამ დროს დ. ს–ი იმყოფებოდა მეგობარ ა. ბ–სთან ერთად, რომელიც სასამართლო სხდომაზე პროკურორმა მოხსნა დასაკითხ პირთა სიიდან, რაც პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ა. ბ–მა იცოდა, პირადი ჩხრეკის უკანონოდ ჩატარების შესახებ და ბრალდების მხარეს არ აწყობდა ნეიტრალური მოწმის სასამართლოში მოყვანა. მართალია მოწმე პოლიციელთა ჩვენებები ემთხვევა ერთმანეთს, თუმცა აღსანიშნავია, რომ მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა არის არასწორი. მოცემულ შემთხვევაში ნეიტრალური მოწმე იყო ადგილზე და ესწრებოდა ჩხრეკას, მაგრამ იმის გამო, რომ ამ მოწმეს ბრალდების მხარე ვერ მოამზადებდა ისე რომ ჩხრეკისას არსებული დაღვევები არ გამოაშკარავებულიყო მოწმე მოხსნეს დასაკითხ პირთა სიიდან. გარდა ამისა, ბრალდების მხარემ არ დანიშნა დაქტილოსკოპიური და ბიოლოგიური ექსპერტიზები, რომლითაც დადგინდებოდა ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებასთან დ. ს–იის შემხებლობა. კასატორი ასევე უთითებს, რომ მართალია დ. ს–ს დაკავება მოხდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე 15 დღით ადრე, მაგრამ გამოძიება დამთავრდა გვიან. შესაბამისად, ბრალდების მხარეს შეეძლო და ჰქონდა ვალდებულება გამოძიების ეტაპზე მოეპოვებინა ნეიტრალური მტკიცებულებები და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას სასამართლოსაც ჰქონდა სამართლებრივი ვალდებულება არ დაეშვა კანონის გვერდის ავლა და არ გამოეყენებინა ისეთი ნორმა, რომელიც არის ძალდაკარგული. კასატორი ასევე უთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, ბრალდებულს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს დუმილის უფლება, რაც არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ასევე, თუ ბრალდებული წინააღმდეგია დაუშვებელია მის მიერ საქმის არსებით განხილვამდე მიცემული ჩვენებისა და ნებისმიერი ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენება. მართალია ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე გადაგზავნილი ნივთიერება იყო ,,ჰეროინი“, თუმცა არ დასტურდება აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების დ. ს–სთვის კუთვნილება. საქმეში არ მოიპოვება პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ დ. ს–მა შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ,,ჰეროინი“. მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებები არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დ. ს–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.
5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას.
5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას დ. ს–ს უდანაშაულობის შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში, მოწმე დ. თ–ს ჩვენებით დგინდება, რომ 2021 წლის 15 ივნისს პირადი კონტაქტის მეშვეობით მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დ. ს–ი „ჰონდას“ ფირმის ავტომანქანით გადაადგილდებოდა ქ.თ–ში, გ–ში, „........ის“ მიმდებარედ, მ–ს ქუჩის მიმართულებით და მას თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება, რის შესახებაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას. მოწმეების - ჯ. ნ–სა და გ. ა–ს ჩვენებებით დგინდება, რომ ისინი 2021 წლის 15 ივნისს ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც სამმართველოში შესული ინფორმაციის საფუძველზე, გავიდნენ ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებულ ტერიტორიაზე, სადაც შეაჩერეს „ჰონდას“ ფირმის ავტომანქანა, რომლითაც გადაადგილდებოდა დ. ს–ი. მათ დ. ს–ის, რომელიც იჯდა მძღოლის გვერდით განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და წარუდგინეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ ჩატარდა დ. ს–ს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს ორი ცალი, პოლიეთილენის პარკში გახვეული, მუქი ფერის მასა, რაზეც დ. ს–მა განაცხადა, რომ აღნიშნული იყო ნარკოტიკული საშუალება - „სირეცი“. ამოღებული ნივთიერება დაილუქა ადგილზე და შედგა პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელსაც მასში მონაწილე პირებმა, მათ შორის დ. ს–იმა მოაწერეს ხელი. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე გ. ხ–მ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ მან ჩაატარა ა. ბ–ს პირადი და მისი ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ.
5.5. მოწმეთა ჩვენებები გამყარებულია პირადი ჩხრეკის ოქმით, რომლითაც დადგენილია, რომ 2021 წლის 15 ივნისს, 14:15 საათიდან 14:30 საათამდე დროის შუალედში, ქ.თ–ში, გ–ს მე-.. მიკრორაიონი, ............ის ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული პირადი ჩხრეკისას დ. ს–იის ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ორი ცალი პოლიეთილენის პარკში გახვეული მუქი ფერის მასა. პირადი ჩხრეკის ოქმზე დაფიქსირებულია დ. ს–ს განცხადება, რომ მისი პირადი ჩხრეკისას შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული მასა არის ნარკოტიკული საშუალება „სირეცი“, რომელიც ეკუთვნის მას და უნდოდა პირადი მოხმარებისთვის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ უდავო მტკიცებულებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2021 წლის 16 ივნისის ქიმიური ექსპერტიზის N........... დასკვნით კი დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ უფერო, გამჭვირვალე, თავმილღობილ პოლიეთილენის ნაჭრებში ორ ცალად დაფასოებულ მოყავისფრო 1,9185 გრამ ნივთიერებაში ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველობაა 1,0233 გრამი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2021 წლის 15 ივნისის ნარკოლოგიური გამოკვლევის N......... დასკვნით დ. ს–ის კლინიკური კვლევის შედეგად ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ფაქტი არ დაუდგინდა, ხოლო ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა „მეტადონის“ და „ოპიუმის ჯგუფის“ ნარკოტიკული საშუალებების მიღების ფაქტი, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დ. ს–ის ლაბორატორიულად დაუდასტურდა იმავე სახეობის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი, რაც მისი ჩხრეკისას იქნა ამოღებული. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს მოწმე პოლიციელთა ჩვენებების სისწორეში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები კი არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია და ვერ გახდება მოწმეთა ჩვენებების, ასევე წერილობითი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
5.6. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, ,,არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნტის შესაბამისად კი, „საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი“. ამავე კანონის 23-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ „ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება, აგრეთვე იმავე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურობის დადასტურება იწვევს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან“.
5.7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ,,ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით. ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას, რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს („კონფიდენტი“, „ინფორმანტი“) ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით. გ) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებისა და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩხრეკის შედეგს განიხილავს ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით“. ასევე, დაადგინა, რომ ,,ა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას, რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს („კონფიდენტი“, „ინფორმანტი“) ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. ბ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებისა და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩხრეკის შედეგს განიხილავს ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. გ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2021 წლის პირველი ივლისიდან.
5.8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში“.
5.9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს“.
5.10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილების გაანალიზების შემდეგ, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის ძალადაკარგულად ცნობა, რომელიც ითვალისწინებდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას, რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს (,,კონფიდენტი“, ,,ინფორმანტი“) ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებისა და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩხრეკის შედეგს განიხილავდა ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად უნდა გავრცელდეს იმ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასა და დაკანონებაზე, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ ჩატარდება, ხოლო ის საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც დაიწყო და დასრულდა, ასევე დაკანონდა აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე უნდა იქნეს მიჩნეული კანონიერად. ამგვარი დასკვნის საფუძველს იძლევა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ის დათქმა, რომლითაც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ,,ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობა, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად“, თუმცა აღსრულება გადაავადა 2021 წლის 01 ივლისამდე, რათა არ შექმნილიყო მნიშვნელოვანი სახელწიფო ინტერესების დაზიანების საფრთხე.
5.11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესი კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების სადავო ნორმატიული შინაარსის დაუყოვნებლივ, გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან ძალადაკარგულად ცნობა შექმნიდა მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესების დაზიანების საფრთხეს. იმისათვის, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ეფექტურად უზრუნველყონ ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულების სათანადო, ნეიტრალური მტკიცებულებებით გამყარება, საჭიროდ ჩათვალა მათთვის მკაფიო საკანონმდებლო ინსტრუქციების მიცემა. რიგ შემთხვევებში საჭირო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში სადავო ნორმის დაუყოვნებლივ გაუქმება შეაფერხებდა სამართალდამცავთა ლეგიტიმურ ქმედებებს, რომელთა მოქმედებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ კანონმდებელს და შესაბამის ორგანოებს გადაწყვეტილების იმპლემენტაციისათვის საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა ინსტიტუციური ცვლილებების განსახორციელებლად განუსაზღვრა ვადა 2021 წლის პირველ ივლისამდე, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, გაიზიაროს კასატორის არგუმენტები.
5.12. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად კი მხარეს უფლება აქვს, სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა. შესაბამისად, ის, რომ ბრალდების მხარემ არ დანიშნა ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზები, დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა მოწმე წარმოადგენს მის უფლებას, რის გამოც კასატორის პოზიცია მოკლებულია საფუძველს.
5.13. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება დ. ს–იის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
5.14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. ს–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე