დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 17.10.2023
საქმის ნომერი
2კ-670აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.10.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100120003822077

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №670აპ-23 ქ. თბილისი

ფ-ი ნ, 670აპ-23 17 ოქტომბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, თამარ ოქროპირიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის, მსჯავრდებულ მ. ე-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მარტის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განაჩენით:

1.1. თ. ქ-ე, - დაბადებული --- წლის .. იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 19 მაისიდან.

1.2. მ. მ-ე, - დაბადებული --- წლის .. დეკემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 19 მაისიდან.

1.3. ნ. ფ-ი, - დაბადებული --- წლის .. მარტს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 254-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის თანახმად, საბოლოოდ, ნ. ფ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 19 მაისიდან.

1.4. მ. ე, - დაბადებული --- წლის .. აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 19 მაისიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ე-მა და მ. მ-ემ ჩაიდინეს წამება, ესე იგი პირისათვის ისეთი პირობების შექმნა და ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობითა და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დასჯა მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმდებისათვის, ჩადენილი ჯგუფურად; ნ. ფ-მა ჩაიდინა თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ასევე პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა; ხოლო თ. ქ-ემ - დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის 15 მაისს, ღამის საათებში, ხ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ო-ში მდებარე ყოფილი ს-ო ფაბრიკის შენობაში ნ. გ--მ გადაწყვიტა მ. ჯ-ს წამება, რადგან მიაჩნდა, რომ მ. ჯ–ს სქესობრივი კავშირი ჰქონდა მის მეგობარ მამაკაცთან - ი. ძ-ნ. მას შემდეგ, რაც მ. ჯ-მა უარყო მითითებულ მამაკაცთან ინტიმური ურთიერთობა, ნ. გ-მ იგი გაიყვანა სხვა ოთახში, სადაც ასევე შევიდნენ მ-ი ე, მ. მ-ე, თ. ქ-ე და მ. დ-ი. ნ. გ-ს მითითების შესაბამისად, მ-ი ე-მა მას მიუტანა მაკრატელი და სავარცხელი, ხოლო შემდეგ ერთჯერადი საპარსი საშუალება. ნ. გ-მ დასჯის მიზნით, ფსიქიკური და მორალური ტანჯვისა და ძლიერი ფსიქიკური ტკივილის მისაყენებლად მ. ჯ–ს შეაჭრა და შემდეგ გადაპარსა თმა, ასევე გაპარსა წარბები. აღნიშნულის შემდეგ, ასევე დასჯის მიზნით, ძლიერი ფიზიკური ტკივილის, მორალური და ფსიქიკური ტანჯვის მისაყენებლად ნ. გ-მ დაუწყო უმოწყალოდ ცემა, კერძოდ, მრავლობითი დაზიანებები მიაყენა ხელითა და ფეხით სახის არეში, ხოლო შემდეგ დაზიანებებს აყენებდა ჯერ ოთახის, ხოლო შემდეგ - სპორტული ფეხსაცმლითა და ქამრით. მას შემდეგ, რაც ნ. გ. დაიღალა მ. ჯ-ს ცემით, იქ მყოფ პირებს მოუწოდა დაზარალებულისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისაკენ. მ. ე–მა და მ. მ-ემ, რომლებიც მანამდე ხალისობდნენ მომხდარის გამო და დასცინოდნენ მ. ჯ-ს, გადაწყვიტეს ჯგუფურად განეგრძოთ მისი წამება. მ. ე-მა სპორტული ფეხსაცმელი ორჯერ დაარტყა სახეში, ხოლო მ. მ-ემ ჯერ ხელი, ხოლო შემდეგ ლანგარი დაარტყა სახის არეში მ. ჯ–ს, რომელმაც ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვასთან ერთად კვლავ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შემდეგ, ნ. გ-მ მ. ჯ–ს წელს ზევით გაახდევინა ტანსაცმელი და შიშველ სხეულზე ქამრის მრავლობითი დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა; წამება განაგრძო ანთებული სიგარეტის ღერებით სხეულის განსაკუთრებით მგრძნობიარე ადგილებზე, კერძოდ, მკერდზე, ხელის გულსა და კისრის მიდამოში დადებითა და დაწვით, ხოლო მას შემდეგ, რაც სიგარეტი გაუთავდა - ასანთის ანთებული ღერებით. კიდევ უფრო მეტი მორალური და ფსიქიკური ტანჯვის მისაყენებლად ნ. გ-მ მ. ჯ–ს შიშველ სხეულზე დააწერა შეურაცხმყოფელი სიტყვები და დაახატა მამაკაცის სასქესო ორგანო, ასევე ლაქით დამამცირებლად მოუხატა სახე. ნ. გ-მ უნებართვოდ შეაღწია მ. ჯ-ს სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონში, გადაუღო მას ფოტოები და ვიდეო, რა დროსაც ვიდეოჩანაწერში ასახვის მიზნით, აიძულა მის მიერ ნაკარნახევი უცენზურო, დამამცირებელი სიტყვების გამეორება. აღნიშნულ ტელეფონში დამახსოვრებული იყო მ. ჯ-ს სოციალური ქსელის „ფეისბუკის“ პირადი გვერდი, რომელშიც, მისი ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შეაღწია ნ. გ-მ და ატვირთა ზემოაღნიშნული ფოტოები და ვიდეოები, ამასთან „ფეისბუკის“ აპლიკაცია „მესენჯერის“ მეშვეობით პირადი მიმოწერით გაუგზავნა ხ. ბ-ს. შემდგომ, ფაქტიურად, შიშველ მ. ჯ-ს ნ. გ-მ იატაკზე დაძინება აიძულა, ხოლო ნ. გ. და მ. ე. ღამით დარჩნენ იმავე ოთახში, რათა დაზარალებული არ გაქცეულიყო. ნ. გ-ს, მ. ე-სა და მ. მ-ის მიერ ჩადენილმა ქმედებებმა ცალ-ცალკე და ერთობლივად გამოიწვია მ. ჯ-ს ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ასევე - ფსიქიკური და მორალური ტანჯვა.

· 2020 წლის 16 მაისს, დილის საათებში, ხ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ო-ში მდებარე ყოფილი ს-ო ფაბრიკის შენობაში, ნ. ფ-მა შელაპარაკებისას, მ. ჯ-ს ხელი და ფეხი რამდენჯერმე დაარტყა სახეში, ასევე - ქამარი. ამ ქმედებით დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2020 წლის 16 მაისს, დილის საათებში, ნ. გ-მ და ნ. ფ-მა წინასწარი შეთანხმებით, მ. ჯ. მისი ნების საწინააღმდეგოდ შეიყვანეს იმავე შენობაში მდებარე სხვა იზოლირებულ ოთახში და კარი დაუკეტეს გარედან, რითაც მ. ჯ-ს, დაახლოებით ერთი საათით, აღუკვეთეს თავისუფლება.

· 2019 წლის დეკემბერში ნ. ფ-მა იქირავა ხ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ო-ში მდებარე ყოფილი ს-ო ფაბრიკის შენობა. ეს ადგილი პროსტიტუციისათვის გადასცა მ. მ-ეს, ნ. გ-სა და თ. ქ-ეს, სადაც ისინი მამაკაცებს უწევდნენ სექსუალური ხასიათის მომსახურებას, რის სანაცვლოდაც ნ. ფ-ს თანხას უხდიდნენ.

· 2020 წლის 15 მაისს, ღამის საათებში, ხ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ო-ში მდებარე ყოფილი ს-ო ფაბრიკის შენობაში ნ. გ-მ გადაწყვიტა მ. ჯ-ს წამება, რადგან მიაჩნდა, რომ მ. ჯ–ს სქესობრივი კავშირი ჰქონდა მის მეგობარ მამაკაცთან - ი. ძ-ნ. მას შემდეგ, რაც მ. ჯ-მა უარყო მითითებულ მამაკაცთან ინტიმური ურთიერთობა, ნ. გ-მ იგი გაიყვანა სხვა ოთახში, სადაც ასევე შევიდნენ მ. ე, მ. მ-ე, თ. ქ-ე და მ. დ-ი. ნ. გ-ს მითითების შესაბამისად, მ. ე-მა მას მიუტანა მაკრატელი და სავარცხელი, ხოლო შემდეგ ერთჯერადი საპარსი საშუალება. ნ. გ-მ დასჯის მიზნით, ფსიქიკური და მორალური ტანჯვისა და ძლიერი ფსიქიკური ტკივილის მისაყენებლად მ. ჯ-ს შეაჭრა და შემდეგ გადაპარსა თმა, ასევე გაპარსა წარბები. აღნიშნულის შემდეგ, ასევე დასჯის მიზნით, ძლიერი ფიზიკური ტკივილის, მორალური და ფსიქიკური ტანჯვის მისაყენებლად ნ. გ-მ დაუწყო უმოწყალოდ ცემა, კერძოდ, მრავლობითი დაზიანებები მიაყენა ხელითა და ფეხით სახის არეში, ხოლო შემდეგ დაზიანებებს აყენებდა ჯერ ოთახის, ხოლო შემდეგ - სპორტული ფეხსაცმლითა და ქამრით. მას შემდეგ, რაც ნ. გ. დაიღალა მ. ჯ-ს ცემით, იქ მყოფ პირებს მოუწოდა დაზარალებულისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისაკენ. მ. ე-მა და მ. მ-ემ, რომლებიც მანამდე ხალისობდნენ მომხდარის გამო და დასცინოდნენ მ. ჯ–ს, გადაწყვიტეს ჯგუფურად განეგრძოთ მისი წამება. მ. ე-მა სპორტული ფეხსაცმელი ორჯერ დაარტყა სახეში, ხოლო მ. მ-ემ ჯერ ხელი, ხოლო შემდეგ ლანგარი დაარტყა სახის არეში მ. ჯ-ს, რომელმაც ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვასთან ერთად კვლავ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შემდეგ, ნ. გ-მ მ. ჯ-ს წელს ზევით გაახდევინა ტანსაცმელი და შიშველ სხეულზე ქამრის მრავლობითი დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა; წამება განაგრძო ანთებული სიგარეტის ღერებით სხეულის განსაკუთრებით მგრძნობიარე ადგილებზე, კერძოდ, მკერდზე, ხელის გულსა და კისრის მიდამოში დადებითა და დაწვით, ხოლო მას შემდეგ, რაც სიგარეტი გაუთავდა - ასანთის ანთებული ღერებით. კიდევ უფრო მეტი მორალური და ფსიქიკური ტანჯვის მისაყენებლად ნ. გ-მ მ. ჯ–ს შიშველ სხეულზე დააწერა შეურაცხმყოფელი სიტყვები და დაახატა მამაკაცის სასქესო ორგანო, ასევე ლაქით დამამცირებლად მოუხატა სახე. ნ. გ-მ უნებართვოდ შეაღწია მ. ჯ-ს სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონში, გადაუღო მას ფოტოები და ვიდეო, რა დროსაც ვიდეოჩანაწერში ასახვის მიზნით, აიძულა მის მიერ ნაკარნახევი უცენზურო, დამამცირებელი სიტყვების გამეორება. აღნიშნულ ტელეფონში დამახსოვრებული იყო მ. ჯ-ს სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ პირადი გვერდი, რომელშიც, მისი ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შეაღწია ნ. გ-მ და ატვირთა ზემოაღნიშნული ფოტოები და ვიდეოები, ამასთან, „ფეისბუკის“ აპლიკაცია „მესენჯერის“ მეშვეობით პირადი მიმოწერით გაუგზავნა ხ. ბ-ს. შემდგომ, ფაქტიურად, შიშველ მ. ჯ–ს ნ. გ-მ იატაკზე დაძინება აიძულა, ხოლო ნ. გ. და მ. ე. ღამით დარჩნენ იმავე ოთახში, რათა დაზარალებული არ გაქცეულიყო. ყოველივე აღნიშნულს ესწრებოდა თ. ქ-ე და მიუხედავად იმისა, რომ ნადვილად იცოდა ნ. გ-ს, მ. ე-სა და მ. მ-ის მიერ მ. ჯ-ს წამების ფაქტის - საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, ამის თაობაზე არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოს.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულებისათვის შეფარდებული სასჯელების დამძიმების კუთხით, ხოლო დაცვის მხარე დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით - მსჯავრდებულების - ნ. ფ-ისა და მ. ე-ს მიმართ დანიშნული სასჯელების შემსუბუქებას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მარტის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

4.1. თ. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 19 მაისიდან.

4.2. მ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი და 3 თვე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 19 მაისიდან.

4.3. ნ. ფ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელის ნაწილი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2 წელი ჩაეთვალა პირობით, 254-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ნ. ფ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელის ნაწილი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2 წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 19 მაისიდან.

4.4. მ. ე. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 7 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი, 4 თვე და 15 დღე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 19 მაისიდან.

5. კასატორმა - შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ოთარ ხორგუაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მსჯავრდებულების - მ. მ-ის, მ. ე-ს, ნ. ფ-ისა და თ. ქ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელების შეფარდება; ამასთან, მსჯავრდებულების - მ. მ-ის, მ- ე-სა და ნ. ფ-ის მიმართ გამოყენებული, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გაუქმება.

5.1. კასატორმა - მსჯავრდებულ მ. ე-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ი-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მ. ე-სათვის დანიშნული სასჯელის შემცირება სანქციის მინიმუმამდე, შემცირებულ სასჯელზე საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნების გავრცელება და დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა.

6. მსჯავრდებულმა ნ. ფ-მა შესაგებლით მოითხოვა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მარტის განაჩენის ძალაში დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორების საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. ე-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულ მ. ე-სა და მ. მ--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, ნ.ფ--ის მიერ - სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 254-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო თ. ქ-ის მიერ - სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია თავად მსჯავრდებულების აღიარებით, დაზარალებულ მ. ჯ-ს ჩვენებით, მოწმეების - ბ. ვ-ს, თ. ბ-ს, მ. დ-ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №---- დასკვნით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №--- დასკვნით, შენობა-ნაგებობის ჩხრეკის ოქმით, ამოღების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, რასაც მხარეებიც არ ხდიან სადავოდ.

3. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას მსჯავრდებულების - თ. ქ-ისა და მ. მ-ისათვის სასჯელების განსაზღვრის ნაწილში და უსაფუძვლოდ მიაჩნია ბრალდების მხარის მოთხოვნა მათ მიმართ დანიშნული სასჯელების დამძიმების თაობაზე. სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულების - თ. ქ-ისა და მ. მ-ისათვის შეფარდებული სასჯელები შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი (დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება - თ. ქ-ესა და მ. მ-ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ, ხოლო თ. ქ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ დანაშაულის აღიარება და მონანიება; მან უდავოდ ცნო საქმეში არსებული მტკიცებულებები, ნასამართლობის არმქონეა; მიუხედავად დანაშაულის ადგილზე უშუალოდ ყოფნისა, მას დანაშაულში მონაწილეობა არ მიუღია; მ. მ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, თანამშრომლობა, ფსიქიკური მდგომარეობა შეზღუდული შერაცხადობის თაობაზე, კერძოდ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №---- დასკვნის თანახმად, მ. მ-ეს აღენიშნება მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა და ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის საკუთარი თავის დაცვაში; ჰყავს მცირეწლოვანი შვილი) და მათ განუსაზღვრა ისეთი სასჯელები, რომლებიც საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულ მ. მ-ეს სასჯელის ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა კი, თავისი თანმდევი შედეგების გათვალისწინებით, არ წარმოადგენს მსუბუქი სახის სასჯელს; პირობითი მსჯავრით მასზე დაკისრებული მოვალეობა და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელ სასჯელთან ერთად, საკასაციო სასამართლოს აზრით, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

4. რაც შეეხება მსჯავრდებულების - ნ. ფ-ისა და მ. ე-სათვის განსაზღვრულ სასჯელებს, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

5. სააპელაციო სასამართლომ, მსჯავრდებულების - მ. ე-სა და ნ. ფ-ის მიმართ სასჯელების შეფარდებისას გასაჩივრებულ განაჩენში საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების პირობად მიუთითა ის გარემოებები, რომ ორივე მსჯავრდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან: ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა კვლევის ნიმუშების აღებასა და ჩატარებულ ამოღებებში, მოწმის სახით გამოკითხვისას სრული ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას.

6. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს შემდეგს: ნ. ფ-მა გამოძიების ეტაპზე, ბრალდებულის გამოკითხვის 2020 წლის 20 მაისის ოქმის თანახმად, არ აღიარა ბრალი და გამოიყენა დუმილის უფლება (ტ.2; ს.ფ.77-79); ბრალდებულმა წინასასამართლო სხდომაზე ასევე დუმილის უფლებით ისარგებლა, ამასთან, დაცვის მხარემ იშუამდგომლა საქმის განხილვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ, რაც დაკმაყოფილდა და დაინიშნა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა (ტ.4.ს.ფ.44-64); გორის რაიონულ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა შეცვალა პოზიცია და მოითხოვა საქმის განხილვის გაგრძელება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე; ამასთან, დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ მიიჩნია; პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ნ. ფ-მა თავი ცნო დამნაშავედ მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 254-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში არ აღიარა ჩადენილი დანაშაული.

7. მ ე-მა გამოძიების ეტაპზე, ბრალდებულის გამოკითხვის 2020 წლის 20 მაისის ოქმის თანახმად, არ აღიარა ბრალი და გამოიყენა დუმილის უფლება (ტ.2; ს.ფ.74-76); ბრალდებულმა წინასასამართლო სხდომაზე ასევე დუმილის უფლებით ისარგებლა, ამასთან, დაცვის მხარემ იშუამდგომლა საქმის განხილვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ, რაც დაკმაყოფილდა და დაინიშნა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა (ტ.4.ს.ფ.44-64); გორის რაიონულ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა შეცვალა პოზიცია და მოითხოვა საქმის განხილვის გაგრძელება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე; ამასთან, დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ მიიჩნია; პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მ.ე–მა თავი არ ცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და შესაბამისად, არ აღიარა ჩადენილი დანაშაული.

8. საქმის მასალების თანახმად, მსჯავრდებულმა ნ. ფ-მა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მხოლოდ დასკვნით ეტაპზე სრულად აღიარა დანაშაულის ჩადენა; ასევე მ. ე-მა აღიარა ჩადენილი დანაშაული (სასამართლო სხდომის 2023 წლის 17 მარტის ოქმი; ტ.8, ს.ფ. 24-31);

9. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ კანონმდებელი საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების სავალდებულო წინაპირობად მიიჩნევს კუმულაციურად შემდეგი გარემოებების არსებობას (რაც მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება): ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მიერ დანაშაულის აღიარებას (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეების დასახელებასა და გამოძიებასთან თანამშრომლობას (მაგალითისთვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №305აპ-21; N669აპ-22; N888აპ-21;).

10. საკასაციო სასამართლო იზიარებს პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის საკასაციო საჩივრის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ნ. ფ-მა და მ. ე-მა, გამოძიებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ აღიარეს დანაშაული, ასევე არ მისცეს დანაშაულის ჩადენაში სხვა პირთა მამხილებელი ჩვენებები და მხოლოდ სააპელაციო ეტაპზე ფორმალურად აღიარეს დანაშაული, შეუძლებელია მათ მიმართ ზემოაღნიშნული ნორმით განსაზღვრული შეღავათის გამოყენება.

11. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარება მხოლოდ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაშინ, როცა საქმის მასალებით არ დასტურდება მსჯავრდებულის თანამშრომლობა გამოძიებასთან, არ იძლევა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივ შესაძლებლობას. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება მასში გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის დროსაც კი წარმოადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას და არა - ვალდებულებას (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №853აპ-19; 328აპ-20). შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით მსჯავრდებულების - ნ. ფ-ისა და მ. ე-სათვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლის საფუძველი.

12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განაჩენში განვითარებულ მსჯელობას დანაშაულში თანამონაწილის (ნ. გ-ს) მიმართ დანიშნული სასჯელის ზომაზე.

13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის სამართლიანობისა და ინდივიდუალიაციის სწორების ხაზი, მოცემულ შემთხვევაში, შეუძლებელია გავიდეს ნ.გ-სათვის დანიშნულ სასჯელზე. მას, ასაკიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, დაენიშნა განსხვავებული სასჯელი. ამდენად, ნ. გ-ს მიმართ სხვა სამართლებრივი მოცემულობა იყო ასაკის შესაბამისად.

14. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, მსჯავრდებულების - ნ. ფ-ისა და მ. ე-ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, მსჯავრდებულების პიროვნებას.

15. სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია), რომლის თანახმად, „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება მსჯავრდებულების - ნ. ფ-ისა და მ. ე-ს მიმართ დანიშნული სასჯელის სახეს (თავისუფლების აღკვეთა) და ზომას, მაგრამ, უსაფუძვლობის გამო, არ ეთანხმება საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას. შესაბამისად, ვინაიდან საქმის მასალებით ცალსახად დასტურდება, რომ არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების წინაპირობა (სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დასტურდება ნ. ფ-ისა და მ. ე-ს მიერ გამოძიებასთან თანამშრომლობა), ნ. ფ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის თანახმად, გასაჩივრებული განაჩენით საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა განისაზღვროს სრულად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; ასევე მ. ე--სათვის გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელი - 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა განისაზღვროს სრულად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

16. რაც შეეხება მსჯავრდებულ მ. ე-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი-ს მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მის მოთხოვნას; უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილია პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის საკასაციო საჩივარი, რომელიც მიმართული იყო მსჯავრდებულების მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმებისაკენ და საკასაციო სასამართლომ ზემოთ იმსჯელა იმ გარემოებებზე, რის გამოც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება მიიჩნია უკანონოდ და მსჯავრდებულ მ. ე--სათვის საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი - სამართლიანად.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ მ. ე-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი--ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, ხოლო პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება მსჯავრდებულების - ნ. ფ-ისა და მ. ე-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის ნაწილში უნდა შეიცვალოს, ხოლო მსჯავრდებულების - თ. ქ-ისა და მ. მ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. ე-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

3.1. ნ. ფ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 254-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

- საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ნ. ფ-ს სასჯელის ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2020 წლის 19 მაისიდან;

4. მ. ე. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2020 წლის 19 მაისიდან;

5. თ. ქ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2020 წლის 19 მაისიდან;

6. მ. მ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი და 3 (სამი) თვე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2020 წლის 19 მაისიდან;

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მარტის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

თ. ოქროპირიძე