საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100123006672149
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №866აპ-23 ქ. თბილისი
კ–ე ლ., 866აპ-23 27 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ივნისის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, დავით გველესიანმა. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ლ. კ–ს დამნაშავედ ცნობას მის მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, შემდეგი მოტივებით: პროკურორს მიაჩნია, სასამართლოში მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის – დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და გამომძიებელ გ. ზ–ს გამოკითხვის ოქმით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ლ. კ–მ ჩაიდინა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები; ის ფაქტი, რომ დაზარალებულმა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება შვილის წინააღმდეგ, არ უნდა იქნეს იმგვარად გაგებული, რომ ლ. კ–სეს დანაშაული არ ჩაუდენია.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ. კ–ს ბრალად ედება: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
ლ. კ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდებები გამოიხატა შემდეგით:
· 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით, თელავის რაიონის სოფელ კ–შიში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, შ. კ–ს, შვილი – ლ. კ–ე სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც, შ. კ–სე, მასზე ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად, განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას;
· 2022 წლის 1 იანვარს, თ–ს რაიონის სოფელ კ–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, შ. კ–ს, შვილი – ლ. კ–ე – დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2022 წლის აპრილის შუა რიცხვებში, თელავის რაიონის სოფელ კ–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, შ. კ–ს, შვილმა – ლ. კ–მ – მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მარჯვენა ხელი სახეში დაარტყა, რის გამოც, შ. კ–ე წაიქცა, ხოლო წაქცეულს მუცელში ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა. აღნიშნულის შედეგად, დაზარალებულმა განიცდიდა ფიზიკური ტკივილი.
· 2022 წლის 29 ნოემბერს, თელავის რაიონის სოფელ კ–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში შ. კ–ს, შვილი – ლ. კ–ე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 მარტის განაჩენით ლ. კ–ე, –დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი), სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 1 იანვრის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2022 წლის აპრილის შუა რიცხვების ეპიზოდი) და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 29 ნოემბრის ეპიზოდში) წარდგენილ ბრალდებებში.
გაუქმდა ლ. კ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორმა მოითხოვა ლ. კ–ს დამნაშავედ ცნობა მის მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ივნისის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა ლ. კ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი), სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 1 იანვრის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2022 წლის აპრილის შუა რიცხვების ეპიზოდი) და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 29 ნოემბრის ეპიზოდში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
9. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზარალებულმა შ. კ–მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით – არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის, შვილის – ლ. კ–ს – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესის თანახმად, ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიცია კი განსაზღვრულია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის ჩამონათვალშიც სხვა პირებთან ერთად მითითებულია – შვილი. დაზარალებული შ. კ–ე არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, მაგრამ არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია ლ. კ–ს მიერ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენასთან მიმართებით. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულის მიერ ზემოაღნიშნული უფლების რეალიზება, იმთავითვე არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას, თუმცა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება სასამართლოსთვის არ წარმოადგენს მტკიცებულებას და მასში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები ვერ დაადასტურებს დანაშაულის ჩადენის ფაქტს, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“. შესაბამისად, დაზარალებულის მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებულ ინფორმაციას ვერ მიენიჭება წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა და სასამართლო მას ვერ გამოიყენებს მტკიცებულებად. ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოება, რის გამოც, სასამართლო დაზარალებულის მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს. ამდენად, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის პირობებში, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე.
10. პროკურორი საკასაციო საჩივარში აპელირებს დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმსა და გამომძიებელ გ. ზ–ს გამოკითხვის ოქმზე. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარებულია დაზარალებულ შ. კ–ს ჩვენების შესამოწმებლად, რა დროსაც მან აღიდგინა ვითარება. მართალია, დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი – რაოდენობრივად ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მიმწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი. მოცემულ შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის მიერ წინასწარი გამოძიებისას მიწოდებული ინფორმაციის შემოწმება, რომელიც ასახულია გამოკითხვის ოქმში. იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ როგორც უკვე აღინიშნა, დაზარალებულმა შ. კ–მ ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული პრივილეგიით და შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ვერ განიხილება როგორც დამოუკიდებელი პირდაპირი მტკიცებულება. ამასთან, საგამოძიებო მოქმედების დროს არ ამოღებულა რაიმე ნივთი, რაც მას შემავსებელი მტკიცებულების ხასიათს შესძენდა. რაც შეეხება გამომძიებელ გ. ზ–ს გამოკითხვის ოქმს, მითითებული ოქმით დგინდება, რომ იგი არ ყოფილა ლ. კ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი არცერთი ქმედების უშუალო თვითმხილველი. გამომძიებელი გადმოსცემს იმ ფაქტებს, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ შ. კ–საგან. ამდენად, გ. ზ–ს გამოკითხვის ოქმი წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებას, რის გამოც, ვერც ეს მტკიცებულება დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, ხოლო სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება.
11. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა ვერცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ლ. კ–სის ბრალეულობას მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დაადასტურებდა.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო, სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი