საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100120003506518
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №746აპ-23 ქ. თბილისი
ც–ი ა., 746აპ-23 20 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ც–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების: ა. კ–სა და ბ. ჯ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ა. ც–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა: ა. კ–მ და ბ. ჯ–მ. კასატორები საკასაციო საჩივრით მოითხოვენ ა. ც–სის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას შემდეგი არგუმენტებით: განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია; საქმის მთავარმა მოწმეებმა სასამართლოს მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია; ნარკოტიკული საშუალება ა. ც–მა იპოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ხოლო ბრალდების მხარეს რაიმე ობიექტური მტკიცებულება, რომელიც აღნიშნულის საპირისპიროს დაამტკიცებდა, არ წარმოუდგენია.
2. თბილისის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით ა. ც–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, ა. ც–ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლით.
ა. ც–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2020 წლის 25 იანვრიდან.
გაუქმდა ა. ც–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა.
ა. ც–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა მითითებული კანონით გათვალისწინებული უფლებები.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ც–მა ჩაიდინა: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანა; განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანა.
ა. ც–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ა. ც–ი 2020 წლის 25 იანვარს, ღამის საათებში, თ–ში, ..........ის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში უკანონოდ ინახავდა 0,12 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს (ფუძე)“ და 4,052 გრამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“. ა. ც–მა, მის მიერ შენახული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი (ფუძე)“ და განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ბუპრენორფინი“ უკანონოდ შემოიტანა საქართველოს ტერიტორიაზე. კერძოდ, 2020 წლის 25 იანვარს, ღამის საათებში, თ–ში ............. სახელობის საერთაშორისო აეროპორტში თ–ს რესპუბლიკიდან კომპანია „....ის” N.. რეისით ჩამოფრინდა ა. ც–ი, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა 4,052 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ და 0,12 გრამი ნარკოტიკული საშუალება - „მეთადონი (ფუძე)“.
4. თბილისის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელმაც მოითხოვა ა. ც–ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ა. ც–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოტივებს (რომლებიც სააპელაციო საჩივარშიც იყო მითითებული) სააპელაციო სასამართლომ არგუმენტირებულად და ამომწურავად უპასუხა, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
9. განსახილველი საქმის მასალების დგინდება, რომ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებს შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებამდე გააჩნდათ ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ა. ც–ი თ–ს რესპუბლიკიდან თ–ს საერთაშორისო აეროპორტის საშუალებით მოემგზავრებოდა, რა დროსაც მას, ს–ში უკანონოდ უნდა შემოეტანა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ექნებოდა თან. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, დაგეგმეს კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები, რომლის ჩამტარებელი და მონაწილე პირები დაიკითხნენ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოწმის სახით. მოწმე პოლიციელებმა დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო ღონისძიებების ნამდვილობა და უტყუარობა. მათი ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევისა და არგაზიარების სამართლებრივი საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია, ვინაიდან მათი ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და სრულად თანხვდენილი როგორც ერთმანეთთან, ისე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, და, ამდენად, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.
10. მოწმეების: ბ. ვ–ს, ლ. ჭ–ს, გ. რ–სა და შ. მ–ს ჩვენებებით, ამოღებული ნივთმტკიცებითა და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ა. ც–ი საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში შეჩერებულ და გადაყვანილ იქნა თ–ს საერთაშორისო აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზის გასასვლელთან ხელმარცხნივ მდებარე ოთხში, რა დროსაც მას მიეცა წინადადება წარმოედგინა ნარკოტიკული საშუალება. მსჯავრდებულმა ნებაყოფლობით წარადგინა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც საცვალში ჰქონდა მოთავსებული. ა. ც–სგან ამოღებულ ნივთიერებაზე ჩატარდა ქიმიური ექსპერტიზა და დადასტურდა, რომ იგი წარმოადგენდა ნარკოტიკულ საშუალებას, ხოლო ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა ა. ც–ს გენეტიკური პროფილის არსებობა ამოღებულ ნივთმტკიცებაზე.
11. დაცვის მხარის მოსაზრება, რომ მსჯავრდებულმა ნარკოტიკული საშუალება ს–ში ჩამოფრენის შემდეგ შემთხვევით იპოვა, არადამაჯერებელი, დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან. წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სახელდობრ, საგამოძიებო ორგანოში 2020 წლის 24 იანვარს მიღებული ოპერატიული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2020 წლის 25 იანვარს თ–ს რესპუბლიკის ქ. ს–დან თ–ს ..........ის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში უნდა ჩამოფრენილიყო ა. ც–სი, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა, ანუ ს–ში უნდა შემოეტანა ნარკოტიკულ საშუალება. ამასთან, მოწმე გ. რ–ს ჩვენებით ირკვევა, რომ ა. ც–ი ჩამოფრენის შემდეგ მანამდე შეაჩერეს, სანამ გადაადგილდებოდა სხვა დარბაზში. ამასთან, ა. ც–ს რეგისტრაციის მომენტიდანვე თვალთახედვის არეში ჰყავდათ. ანალოგიური დაადასტურა მოწმე შ. მ–მაც. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ა. ც–ს მიერ მის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა.
12. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. ც–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების: ა. კ–სა და ბ. ჯ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი