დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802223007974066
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№47I-23 ქ. თბილისი
დ. ფ, 47I-23 17 ნოემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ფ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ფ. დ-ის მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:
2021 წლის 26 ნოემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ფ. დ-ის ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.
2023 წლის 8 მაისს ფ. დ-ი ექსტრადიციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს.
2023 წლის 10 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ფ. დ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
2023 წლის 25 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ფ. დ-ის მიმართ გაგრძელდა საექსტრადიციო პატიმრობის ვადა 6 თვემდე, 2023 წლის 8 ნოემბრამდე.
2. ფ. დ-ის მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები თ-ის რესპუბლიკაში:
2009 წლის 23 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის ქ. დენიზლის მე-4 სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ფ. დ-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სიცოცხლის მოსპობის, სექსუალური ხელშეუხებლობის დარღვევის ანდა დიდი ოდენობით ქონების დაზიანების მუქარა), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვითა და 7 დღით. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ საბოლოო სახე მიიღო 2014 წლის 8 მაისს, ხოლო 2014 წლის 1-ელ სექტემბერს გაიცა მისი დაკავების ბრძანება და გამოცხადდა ძებნა.
2013 წლის 5 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის ქ. დენიზლის მე-5 სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით, ფ. დ-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 თვითა და 10 დღით. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ საბოლოო სახე მიიღო 2014 წლის 21 ოქტომბერს, ხოლო 2014 წლის 16 დეკემბერს გაიცა მისი დაკავების ბრძანება და გამოცხადდა ძებნა.
2013 წლის 14 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის ქ. დენიზლის მე-4 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით, ფ. დ-ი:
ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 220-ე მუხლის პირველი, მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დანაშაულის ჩადენის მიზნით, შეიარაღებული ორგანიზაციის დაარსება ან ხელმძღვანელობა), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, 1 თვითა და 15 დღით.
ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი ძალადობის, ძალადობის მუქარის ან მოტყუების გამოყენებით, იარაღის გამოყენებით, ჯგუფურად), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.
ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ძარცვა, ჩადენილი არსებული ან არსებულად აღქმული დანაშაულებრივი ჯგუფის საშიში ძალის გამოყენებით, დანაშაულებრივი ჯგუფის სასარგებლოდ), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით.
ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტებით და 35-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ძარცვის მცდელობა, ჩადენილი არსებული ან არსებულად აღქმული დანაშაულებრივი ჯგუფის საშიში ძალის გამოყენებით, დანაშაულებრივი ჯგუფის სასარგებლოდ), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.
ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტებით და 35-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ძარცვის მცდელობა, ჩადენილი არსებული ან არსებულად აღქმული დანაშაულებრივი ჯგუფის საშიში ძალის გამოყენებით, დანაშაულებრივი ჯგუფის სასარგებლოდ), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 7 თვით.
ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“, „ვ“, „ზ“, ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ძარცვა, ჩადენილი იარაღის გამოყენებით, არსებული ან არსებულად აღქმული დანაშაულებრივი ჯგუფის საშიში ძალის გამოყენებით, დანაშაულებრივი ჯგუფის სასარგებლოდ), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით.
ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტებით და 35-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ძარცვის მცდელობა, ჩადენილი არსებული ან არსებულად აღქმული დანაშაულებრივი ჯგუფის საშიში ძალის გამოყენებით, დანაშაულებრივი ჯგუფის სასარგებლოდ), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.
ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ძარცვა, ჩადენილი არსებული ან არსებულად აღქმული დანაშაულებრივი ჯგუფის საშიში ძალის გამოყენებით, დანაშაულებრივი ჯგუფის სასარგებლოდ) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ საბოლოო სახე მიიღო 2015 წლის 16 დეკემბერს, ხოლო 2016 წლის 25 იანვარს გაიცა მისი დაკავების ბრძანება და გამოცხადდა ძებნა.
2021 წლის 24 მარტს თ-ის რესპუბლიკის ქ. დ-ის აღსრულების სასამართლოს გადაწყვეტილებით, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და 52 წლის, 17 თვითა და 32 დღით თავისუფლების აღკვეთიდან, თურქეთის რესპუბლიკის N5275 კოდექსის 107-ე მუხლის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, N7242 კოდექსისა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის 673 დღის გათვალისწინებით, ფ. დ-ს მოსახდელი დარჩა 27 წელი, 1 თვე და 27 დღე.
2021 წლის 5 ივლისს თ-ის რესპუბლიკის ქ. დ-ის მთავარმა პროკურატურამ ზემოაღნიშნულ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოსცა ფ. დ-ის დაკავების ბრძანება.
2022 წლის 17 მაისს ფ. დ-ის მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
3. თ-ის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის მე-4-13 პუნქტებში აღნიშნული ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულების ფაქტობრივი გარემოებები არის შემდეგი:
2007 წლის 6 ოქტომბერს ფ. დ-ნი დაუკავშირდა თავისი ნაცნობის, გ-ის ცოლის მამას, აჰეთს და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა მას.
2011 წლის 23 მაისს ფ. დ-მა ვალის დაბრუნებასთან დაკავშირებული კონფლიქტის დროს მეზობელს მუშტების დარტყმით, სცემა სხეულის სხვადასხვა არეში.
2007 წელს ფ. დ-მა შექმნა ს-ის რაიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქმედი შეიარაღებული დანაშაულებრივი ორგანიზაცია და ხელმძღვანელობდა მას. დაჯგუფების წევრები მუქარის, ზეწოლისა და დაშინების საშუალებით, დაზარალებულებს მათ კუთვნილ უძრავ ქონებას ართმევდნენ. სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული გამოძიებისა და 2007 წლის 12 დეკემბრიდან 2008 წლის 8 აპრილამდე პერიოდში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ შეიარაღებულ დანაშაულებრივ ორგანიზაციას სხვა ლიდერებთან ერთად ხელმძღვანელობდა ფ. დ-ნი. დანაშაულებრივ ორგანიზაციას ჰყავდა წევრები და დამხმარე პირები, რომლებიც მას მხარს უჭერდნენ ფინანსურად და ეხმარებოდნენ დანაშაულის ჩასადენად ხელსაყრელი ობიექტებისა და პირების შერჩევაში.
2007 წლის ოქტომბერში, ფ. დ-ის მიერ შექმნილი და მისი ხელმძღვანელობით მოქმედი შეიარაღებული დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრებმა, ს. ა-ს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, მოაქციეს ალყაში, ძალადობითა და ძალადობის მუქარით ჩასვეს ავტომობილში და ქალაქ დ-ან გაიტაცეს. მათ ს. ა-ი მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ხელი მოაწერა რამდენიმე თამასუქზე და გადაიხადა 900 აშშ დოლარი. ფ. დ-ი პირადად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და თვალ-ყურს ადევნებდა აღნიშნულ დანაშაულს.
2007 წლის ოქტომებრში, ამავე დღეს, ს. ა-ს ფ. დ-ის მიერ შექმნილი და მისი ხელმძღვანელობით მოქმედი შეიარაღებული დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრებმა სცემეს მუშტებითა და ჯოხის გამოყენებით. ისინი ძალადობითა და ცეცხლსასროლი, იარაღის დემონსტრირებით სთხოვდნენ ს. აჯარს 50000 თურქული ლირის გადახდას დანაშაულებრივი ორგანიზაციის მხარდამჭერი პირის სასარგებლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ს. ა-ს ემუქრებოდნენ, რომ მის საცოლეს ავნებდნენ, ხოლო მის მამას მოკლავდნენ. ს. ა-ს იარაღის მუქარით, ხელმოწერით დაადასტურებინეს რამდენიმე თამასუქი, რომელთაგან ორი თამასუქი გამოწერილი იყო 35000 თურქულ ლირაზე. მათ ს. ა-ს შარვალი დაუწვეს და ქვედა საცვლებით დატოვეს, დაემუქრნენ მოკვლით და წაართვეს 900 აშშ დოლარი. ფ. დ-ნი პირადად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და თვალ-ყურს ადევნებდა აღნიშნულ დანაშაულს.
2007 წელს ფ. დ-მა და ორგანიზაციის სხვა წევრებმა ს. ა-ან იძულებით გაფორმებული თამასუქის განაღდება სცადეს, კერძოდ, ს. ა-ის მიერ თამასუქებზე ხელის მოწერის შემდეგ, ფ. დ-ის მიერ შექმნილი და მისი ხელმძღვანელობით მოქმედი შეიარაღებული დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრები ს. ა-ის მამას, ა. ა-ს ხვდებოდნენ და ემუქრებოდნენ, რომ 35000 ლირას თუ არ გადაუხდიდა, მას არ მისცემდნენ ბიზნესსაქმიანობის გაგრძელების საშუალებას. ასევე ემუქრებოდნენ, რომ მოკლავდნენ და შვილისთვის დატოვებული სამკვიდრო წილიდან აიღებდნენ ამ თანხას.
ა. ქ-ს გ. აიგულისგან ნაყიდი ჰქონდა უძრავი ქონება, რისთვისაც გადაიხადა 280000 თურქული ლირა. 2007 წელს ფ. დ-ის მიერ დაარსებული და მისი ხელმძღვანელობით მოქმედი შეიარაღებული დანაშაულებრივი ორგანიზაციის მხარდამჭერი პირი ა. ქ-ს სთხოვდა, რომ მისთვის გადაეცა გ. ა-ნ შეძენილი ქონება, რადგან თვითონ იყო ქონების ნამდვილი მესაკუთრე. ა ქ-ის ქონების უკანონოდ წართმევის მიზნით, მას ასევე დაუკავშირდა ფ. დ-ნი და დაემუქრა, რომ ქონებას თუ არ დათმობდა, სიცოცხლეს გამოასალმებდა.
2007 წელს ფ. დ-ნი ჯგუფურად აიძულებდა დაზარალებულ გ. ა-ს, რომ მათთვის გადაეხადა წარსულში არსებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალი 108000 ევრო, რომელიც მას უკვე გასტუმრებული ჰქონდა. დაზარალებული ურთიერთობის გასარკვევად დაიბარეს ქალაქ დ-ში, სადაც მას შეხვდა ფ. დ-ნი და დანაშაულებრივი ორგანიზაციის მხრიდან მის მიმართ საშიში ძალის გამოყენების მუქარით წაართვა 750 თურქული ლირა.
2007 წელს შეიარაღებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი ფ. დ-ნი ი. ჩ-ს ემუქრებოდა, რომ თუ არ გადაიხდიდა გ. ა-ის სასარგებლოდ გაფორმებული თამასუქით გათვალისწინებულ 2400 თურქულ ლირას, სახლს დაუნგრევდნენ, გაიტაცებდნენ და მოკლავდნენ. მუქარის რეალურობაში დასარწმუნებლად იგი დაზარალებულს ეუბნებოდა, რომ ადამიანის მკვლელობისთვის ნასამართლევი იყო და იცოდა, როგორ მიეღო ფული. ფ. დ-ის დავალებით, ორგანიზაციის სხვა წევრები ი. ჩ-ს თანხის მიღების მიზნით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ 15 დღის განმავლობაში.
2007 წელს ფ. დ-ნი, მის მიერ შექმნილი და მისი ხელმძღვანელობით მოქმედი ორგანიზაციის სხვა წევრები ჯანმრთელობის დაზიანებისა და ქონების განადგურების მუქარით აიძულებდნენ დაზარალებულ ერქანს, რომ გადაეცა ორგანიზაციის წევრებისთვის სხვადასხვა ოდენობის თანხა, მათ შორის, 5000 თურქული ლირა და 10000 თურქული ლირა, მობილური ტელეფონები და მობილური კავშირის სადეპოზიტო თანხის შემცველი ბარათები. უშუალოდ ფ. დ-მა დაზარალებულს აიძულა 3500 თურქული ლირის გადაცემა.
4. 2023 წლის 9 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა, ქეთევან ვაშაკიძემ და მოითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი ფ. დ-ს თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინებით:
საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
დასაშვებად იქნა ცნობილი ფ. დ-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, რათა მოიხადოს თურქეთის რესპუბლიკის ქ. დენიზლის მე-4 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2013 წლის 14 ნოემბრის განაჩენით დადგენილი სასჯელები.
დაუშვებლად იქნა ცნობილი ფ. დ-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თურქეთის რესპუბლიკის ქ. დენიზლის მე-4 სისხლის სამართლის სასამართლოს 2009 წლის 23 დეკემბრის განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი.
დაუშვებლად იქნა ცნობილი ფ. დ-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თურქეთის რესპუბლიკის ქ. დ-ის მე-5 სისხლის სამართლის სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება) დანიშნული სასჯელი.
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ფ. დ-ის - ინტერესების დამცველმა ადვოკატმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინების გაუქმება.
6.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლომ ფ. დ-ის მიმართ დაარღვია ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი, რადგან ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს არ მისცა უფლება, თავის მშობლიურ, ზაზურ ენაზე მიეღო მონაწილეობა პროცესში. ფ. დ-ნი თ-ში დაექვემდებარება არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, ვინაიდან ის თავს დამნაშავედ არ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი რამდენიმე წელია საქართველოში თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მისი სურვილია, დარჩეს საქართველოში.
7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა, ქეთევან ვაშაკიძემ წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და მოითხოვა ფ. დ-ის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინების უცვლელად დატოვება.
7.1. პოზიციის ავტორი აღნიშნავს, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დაასაბუთებდა მისი თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლობის საფუძვლებს. გასათვალისწინებელია თ-ის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თ-ის რესპუბლიკის მონაწილეობის თაობაზე. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ხსენებული მექანიზმები ერთობლიობაში მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნიან თ-ის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.
7.2. საქართველოს გენერალური პროკურატურის პოზიციის თანახმად, ფ. დ-ს ხანგრძლივი პერიოდით არ უცხოვრია საქართველოში და მის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლება არ შეიზღუდება. მართალია, ფ. დ-ნი დავობს, რომ როგორც მისი ოჯახის წევრებს, ასევე თავად მას აქვს საქართველოში ცხოვრებისა და საქმიანობის უფლება, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მოცემულ საქმეზე არსებობს თანაზომიერების საფუძვლები, კერძოდ, მხედველობაშია მისაღები იმ დანაშაულების ხასიათი, რომლის ჩადენაშიც ფ. დ-ნი მსჯავრდებულია თ-ის რესპუბლიკაში. ფ. დ-მა რამდენჯერმე მიუთითა თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, როგორც ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებაზე. ბრალდების მხარემ ფ. დ-ის თანხმობით, ორჯერ მოიპოვა ინფორმაცია მისი მდგომარეობის შესახებ და რაიმე ისეთი სახის ჯანმრთელობის პრობლემა, რაც ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება გახდებოდა, არ გამოკვეთილა.
7.3. ამასთან, ფ. დ-ს ევროპული კონვენციის მე-5, მე-6 მუხლების, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით, დაკავებისთანავე, მისთვის გასაგებ ენაზე განემარტა უფლებები, მათ შორის, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლება. მის მიერ პროკურატურისა და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს წინაშე წარდგენილი განცხადებები და საჩივრები ითარგმნებოდა თურქულიდან ქართულ ენაზე და ეცნობებოდა პასუხი. ფ. დ-ნი სახელმწიფოს ხარჯზე თარჯიმნით სარგებლობდა თითოეული საპროცესო მოქმედების ჩატარებისას და საქმის სასამართლო განხილვისას. მას დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ, მისთვის გასაგებ ენაზე განემარტა ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაულის არსი, ხოლო თურქულ ენაზე არსებული ექსტრადიციის მასალა დამატებით ჩაბარდა ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ შუამდგომლობის სასამართლოში წარდგენამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. თ-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ფ. დ-ი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დააკავეს 2023 წლის 8 მაისს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 თავი დეტალურად განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს; საკასაციო სასამართლო თითოეულ მათგანს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს, არსებობს თუ არა ფ. დ-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე სახის საფუძველი.
5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაული:
5.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული ექვემდებარებოდეს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული დანაშაული როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით იყოს დასჯადი, 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით, ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი უკვე მსჯავრდებულია, აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.
5.2. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობით:
26-ე პუნქტში აღწერილი ქმედება დასჯადია თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის, სექსუალური ხელშეუხებლობის დარღვევის ანდა დიდი ოდენობით ქონების დაზიანების მუქარა) და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.
27-ე პუნქტში აღწერილი ქმედება დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება) და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე.
28-ე პუნქტში აღწერილი ქმედება დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 220-ე მუხლის პირველი, მე-3 ნაწილებით (დანაშაულის ჩადენის მიზნით შეიარაღებული ორგანიზაციის დაარსება ან ხელმძღვანელობა) და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8 წლამდე ვადით და დანიშნული სასჯელი იზრდება ¼-დან ½-მდე ვადით.
29-ე პუნქტში აღწერილი ქმედება დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი ძალადობის, ძალადობის მუქარის ან მოტყუების გამოყენებით, იარაღის გამოყენებით, ჯგუფურად) და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 წლამდე და დანიშნული სასჯელი გაორმაგდება.
შუამდგომლობის 30-ე პუნქტში აღწერილი ქმედება დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი არსებული ან არსებულად აღქმული დანაშაულებრივი ჯგუფის საშიში ძალის გამოყენებით, დანაშაულებრივი ჯგუფის სასარგებლოდ) და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 15 წლამდე.
შუამდგომლობის 31-ე პუნქტში აღწერილი ქმედება დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტებით და 35-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძარცვის მცდელობა, ჩადენილი არსებული ან არსებულად აღქმული დანაშაულებრივი ჯგუფის საშიში ძალის გამოყენებით, დანაშაულებრივი ჯგუფის სასარგებლოდ) და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 15 წლამდე.
შუამდგომლობის 32-ე პუნქტში აღწერილი ქმედება დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტებით და 35-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძარცვის მცდელობა, ჩადენილი არსებული ან არსებულად აღქმული დანაშაულებრივი ჯგუფის საშიში ძალის გამოყენებით, დანაშაულებრივი ჯგუფის სასარგებლოდ) და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 15 წლამდე.
შუამდგომლობის 33-ე პუნქტში აღწერილი ქმედება დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი იარაღის გამოყენებით, არსებული ან არსებულად აღქმული დანაშაულებრივი ჯგუფის საშიში ძალის გამოყენებით, დანაშაულებრივი ჯგუფის სასარგებლოდ) და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 15 წლამდე.
შუამდგომლობის 34-ე პუნქტში აღწერილი ქმედება დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტებით და 35-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძარცვის მცდელობა, ჩადენილი არსებული ან არსებულად აღქმული დანაშაულებრივი ჯგუფის საშიში ძალის გამოყენებით, დანაშაულებრივი ჯგუფის სასარგებლოდ) და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 15 წლამდე.
შუამდგომლობის 35-ე პუნქტში აღწერილი ქმედება დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი არსებული ან არსებულად აღქმული დანაშაულებრივი ჯგუფის საშიში ძალის გამოყენებით, დანაშაულებრივი ჯგუფის სასარგებლოდ) და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 15 წლამდე.
5.3. ფ. დ-ის მიერ საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის:
26-ე პუნქტში აღწერილი ქმედების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, მისი კვალიფიკაცია მოხდებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე.
27-ე პუნქტში აღწერილი ქმედების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, მისი კვალიფიკაცია მოხდებოდა სულ მცირე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა) და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე.
28-ე პუნქტში აღწერილი ქმედების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, მისი კვალიფიკაცია მოხდებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2241-ე მუხლით (რეკეტულ დაჯგუფებაში მონაწილეობა) რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 10 წლამდე.
29-ე პუნქტში აღწერილი ქმედების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, მისი კვალიფიკაცია მოხდებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ან ასეთი ძალადობის მუქარით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ) რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 12 წლამდე.
30-ე პუნქტში აღწერილი ქმედების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, მისი კვალიფიკაცია მოხდებოდა სულ მცირე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 15 წლამდე.
31-ე პუნქტში აღწერილი ქმედების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, მისი კვალიფიკაცია მოხდებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე.
32-ე პუნქტში აღწერილი ქმედების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, მისი კვალიფიკაცია მოხდებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე.
33-ე პუნქტში აღწერილი ქმედების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, მისი კვალიფიკაცია მოხდებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (გამოძალვა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე.
შუამდგომლობის 34-ე პუნქტში აღწერილი ქმედების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, მისი კვალიფიკაცია მოხდებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე.
შუამდგომლობის 35-ე პუნქტში აღწერილი ქმედების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, მისი კვალიფიკაცია მოხდებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე.
5.4. ამდენად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ფ. დ-ის მიერ ჩადენილი ზემოხსენებული ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია როგორც საქართველოს, ისე - თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში, სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია:
6.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, დაუშვებელია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ფ. დ-ნი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, იგი თ-ის რესპუბლიკის მოქალაქეა.
7. სამართლიანი სასამართლოს უფლება:
7.1. თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალის თანახმად, საქმის განხილვის ეტაპზე ფ. დ-ნი მონაწილეობდა უშუალოდ, ასევე მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მეშვეობით. მას მიეცა საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა.
8. ხანდაზმულობის ვადა:
8.1. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადას, მოცემულს შეეხება საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლი და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი.
8.2. ამ შემთხვევაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადისა, ,,ექსტრადიციის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამისად, აუცილებელია, შეფასდეს ექსტრადიციის თხოვნის გამომგზავნი ქვეყნის კანონმდებლობაც.
8.3. შუამდგომლობის 26-ე პუნქტში აღწერილ ქმედებას შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით, ხოლო 27-ე პუნქტში აღწერილ ქმედებას შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე.
8.4. შესაბამისად, სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის დადგენილი მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას; ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 2 წელში დანაშაულის ჩადენიდან.
8.5. ფ. დ-ის მიერ საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის 26-ე პუნქტში აღწერილი დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია 2007 წლის 6 ოქტომბერს. შესაბამისად, მოცემულ დანაშაულთან მიმართებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა გასულია. ფ. დ-ს მიერ შუამდგომლობის 27-ე პუნქტში აღწერილი დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია 2011 წლის 23 მაისს. შესაბამისად, მოცემულ განაჩენებთან მიმართებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა გასულია.
8.6. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის:
28-ე პუნქტში აღწერილ დანაშაულებრივ ქმედებას შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2241-ე მუხლი, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას; შუამდგომლობის 31-35-ე პუნქტებში აღწერილ დანაშაულებრივ ქმედებებს შეესაბამება, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, ამავე კოდექსის 2241-ე მუხლითა და სსკ-ის 181-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გათვალისწინებული დანაშაულები შეესაბამება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა ათ წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას.
შუამდგომლობის 30-ე პუნქტში აღწერილ ქმედებას შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 15 წლამდე. შუამდგომლობის 29-ე პუნქტში აღწერილ ქმედებას შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 12 წლამდე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, ამავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და 143-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები შეესაბამება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა თხუთმეტ წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას.
ფ. დ-ის მიმართ შუამდგომლობის 28-35-ე პუნქტებში აღწერილ დანაშაულებრივ ქმედებებზე თ-ის რესპუბლიკაში გამოტანილმა გამამტყუნებელმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო 2015 წლის 16 დეკემბერს, ხოლო 2016 წლის 25 იანვარს გაიცა მისი დაკავების ბრძანება და გამოცხადდა ძებნა. შესაბამისად, მოცემულ განაჩენთან მიმართებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის.
ამასთან, თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მოწოდებული ინფორმაციისა და თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შუამდგომლობის 26-29-ე, 31-32-ე და 34-ე პუნქტებში აღწერილი ქმედებებისთვის ფ. დ-ის მიმართ გამოტანილი განაჩენებით დადგენილ სასჯელთა აღსრულების ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება 10 წლით, რომელიც აითვლება გამამტყუნებელი განაჩენის საბოლოოდ დადგენის თარიღიდან და იგი გასული არ არის. ამავე შუამდგომლობის 30-ე, 33-ე და 35-ე პუნქტებში აღწერილი ქმედებებისთვის ფ. დ-ის მიმართ გამოტანილი განაჩენით დადგენილ სასჯელთა აღსრულების ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება 20 წლით, რომელიც აითვლება გამამტყუნებელი განაჩენის საბოლოოდ დადგენის თარიღიდან და იგი გასული არ არის.
9. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სტატუსი, ამნისტია, შეწყალება:
9.1. სტატუსი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად (23/05/2023), ფ. დ-ს უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვაზე და საქართველოს კანონის „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, იგი არ ითვლება თავშესაფრის მაძიებლად საქართველოში.
9.2. ამნისტია:
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია და საქართველოს აქვს იურისდიქცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით.“
ამასთან, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსი კუმულაციურად მოითხოვს ორი წინაპირობის (საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულის ამნისტირება და მასზე საქართველოს იურისდიქციის გავრცელება) არსებობას, რაც განსახილველ საქმეში არ არის დაცული, ვინაიდან საქართველოს არ გააჩნია იურისდიქცია ზემოხსენებულ, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ დანაშაულებთან დაკავშირებით.
9.3. შეწყალება:
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ პირის მიმართ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება მისი გადაცემა, გამოცემულია შეწყალების აქტი.“
წარმოდგენილ საქმის მასალებში არ იკვეთება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოცემულია შეწყალების აქტი იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც მისი გადაცემა მოითხოვება.
10. პრინციპი ,,Non bis in idem“:
10.1. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, პირის ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
10.2. ფ. დ-ის მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და ,,non bis in idem“ პრინციპი.
11. ექსტრადიციის გამომრიცხავი სხვა გარემოებები:
11.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი რამდენიმე პუნქტად მიმოიხილავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი. მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მათგან დამატებით გამოყოფს მე-3 პუნქტს, რომლის თანახმადაც, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსებისშემლახველ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობასთან.“
11.2. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, მომთხოვნ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ განცხადება არ არის საკმარისი. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
11.3. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K. v. Russia, ECtHR, no 69235/11, §66, 23/05/2011).
11.4. საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც შეიძლება, საფუძვლიანად მიუთითებდეს, რომ ფ. დ-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, იგი დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარება. დაცვის მხარე მოცემულ პოზიციას აყალიბებს ზოგადი ფორმით და მას აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე უტყუარი სახის მასალა სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
ამასთან, თ-ის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტიების შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულები არ არის პოლიტიკური ან სამხედრო ხასიათის; ექსტრადიციის შემთხვევაში, ფ. დ-ს ექნება თავდაცვის ყველა საშუალება; ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფო დაიცავს სპეციალობის წესს.
ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, მითითებული გარანტია გაცემულია კომპეტენტური ორგანოს, კერძოდ, თ-ის რესპუბლიკის პროკურორის მიერ; ამასთან, მისი შინაარსი არ არის ზოგადი და ბუნდოვანი (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „კლეინი რუსეთის წინააღმდეგ“ (Klein v. Russia), N24268/08, §55 და ,,ჩაჰალი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ,“ (Chahal v. The United Kingdom), N22414/93, §105). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს იგი.
საკასაციო საჩივარში ადვოკატი აღნიშნავს, რომ ფ. დ-ის მიმართ დაირღვია ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი, რადგან ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს არ მიეცა უფლება, თავის მშობლიურ, ზაზურ ენაზე მიეღო მონაწილეობა პროცესში. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ პოზიციას უპასუხა. როგორც წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, იმ რეგიონში სადაც ფ. დ-ნი ქვეყნის დატოვებამდე ცხოვრობდა, ოფიციალური ენა არის თურქული. ამასთან, საქმეში მოიპოვება ფ. დ-ის მიერ შედგენილი არაერთი დოკუმენტი, რომლებშიც საკუთარ მოსაზრებებს იგი ვრცელი ფორმით აყალიბებს. აღნიშნული დოკუმენტები კი შედგენილია თურქულ ენაზე. ისინი შეამოწმა თურქული ენის კომპეტენტურმა თარჯიმანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ტექსტი სრულად შეესაბამება სალიტერატურო თურქულ ენას, სტილისტურად გამართულია, ხოლო შინაარსობრივად, გასაგები. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს, იმ გარემოებას რომ ფ. დ-ნი პოზიციას გამოთქვამდა თურქულ ენაზე, ხოლო შემდეგ კი აღნიშნა, რომ მან თურქულ ენაზე იცის წერა და კითხვა, სრულყოფილად ვერ ფლობს თურქულ ენას და სჭირდება ზაზური ენის თარჯიმანი, თუმცა პროცესზე იგი თურქულ ენაზე წერდა და წერილობით სცემდა სასამართლოს პასუხს. ზემოაღნიშნულის პარალელურად, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ განსახილველი, საექსტრადიციო საქმისწარმოების მასალები, დაცვის მხარის პოზიციას არ შეესაბამება, რის გამოც მიაჩნია, რომ იგი დაუსაბუთებელი და უსაფუძლოა.
12. პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება:
12.1. ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ისარგებლოს ოჯახური ცხოვრების უფლებით და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან (King v. The United Kingdom, no. 9742/07, Decision, ECHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, Decision, ECHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95, Decision, ECHR).
12.2. მართალია, ფ. დ-ნი მიუთითებს, რომ როგორც მისი ოჯახის წევრებსა და თავად მას, საქართველოში ცხოვრებისა და საქმიანობის უფლება გააჩნიათ, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მოცემულ საქმეზე გამოკვეთილია თანაზომიერების საკითხი, კერძოდ, მხედველობაშია მისაღები იმ დანაშაულების ხასიათი, რომელთა ჩადენაშიც ფ. დ-ნი მსჯავრდებულია თ-ის რესპუბლიკაში. მათ შორისაა: შეიარაღებული დანაშაულებრივი ორგანიზაციის დაარსება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ასე შემდეგ. მან სასჯელის მოხდას თავი აარიდა და შესაბამისად, მის მიმართ არსებობს სასჯელის აღსრულების ლეგიტიმური ინტერესი, როგორც დანაშაულის პრევენციის, ისე პირის რესოციალიზაციის პერსპექტივიდან გამომდინარე.
12.3. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ადვოკატის არგუმენტები, დაკავშირებული ოჯახური ცხოვრების უფლებასთან, აგრეთვე ვერ გახდება პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინება კანონიერია, რის გამოც, მისი შეცვლის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ფ. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი