შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100121005066151
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №658აპ -23 16 ნოემბერი, 2023 წელი
ძ.ზ., №658აპ -23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ძ–ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჩ–ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ზ. ძ–ე (პირადი ნომერი: ..............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ი) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით) და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შექმნა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის მარტში, ზ. ძ–მ განიზრახა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა ქ. თ-ში მდებარე ამხანაგობის წევრების – მესაკუთრეებისა და ე.წ. „ატსტუპნიკების“ სარგებლობაში მყოფ უძრავ ქონებას – 100,32 კვ.მ ფართს. განზრახვის აღსრულების მიზნით, ზ. ძ–ემ შექმნა ყალბი დოკუმენტი – კრების ოქმი, რომლის თანახმად, ამხანაგობა „ფ-“-ის ყველა წევრმა ერთად მიიღო გადაწყვეტილება 100,32 კვ.მ სარდაფის ზ. ძ–სთვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. აღნიშნულ კრებას, თითქოსდა, თავმჯდომარეობდა თავად ზ. ძ–ე. ზემოთხსენებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი ქ. თ-ში მდებარე – 100,32 კვ.მ ფართის სარდაფის ზ. ძ–სთვის კერძო საკუთრებად დარეგისტრირების თაობაზე, ამხანაგობის წევრების 100%-იანი თანხმობით, დამოწმებული იყო ნოტარიუსის მიერ. აღნიშნულის შემდგომ, 2021 წლის 30 მარტს, ზ. ძ–მ ........... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ამხანაგობა “ფ–ს“ საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის/ფართის, თავის საკუთრებად დარეგისტრირების მოთხოვნით. კერძოდ, განაცხადს თან ახლდა ზემოხსენებული, ზ. ძ–ეს მიერ შექმნილი ყალბი დოკუმენტი – კრების ოქმი და ი/მ “გ.........“ მიერ შესრულებული შიდა აზომვითი ნახაზი. ვინაიდან კრების თავმჯდომარისათვის იმავე კრების გადაწყვეტილებით უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა წარმოშობდა ინტერესთა კონფლიქტს და ამასთან, შიდა აზომვით ნახაზში არ იყო განსაზღვრული სართულებრივი გეგმა, სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინება შეჩერდა, არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით.
2021 წლის 5 აპრილს, წარმოების შეჩერების მიზეზის აღმოფხვრის მიზნით, ზ. ძ–ემ ზემოთმითითებულ უძრავი ქონების სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო თავის მიერვე შექმნილი ყალბი დოკუმენტი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ფ–ს“ 2021 წლის 5 აპრილით დათარიღებული კრების ოქმი, ამჯერად, ყოფილი მეუღლის – მ. ნ–სთვის საკუთრების უფლების მინიჭემის შესახებ, კრების მონაწილეთა 100%-იანი თანხმობით, აგრეთვე, 2018 წელს მ. ნ–ისაგან ფარულად დაუფლებული პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
მითითებული დოკუმენტის თანახმად, ამხანაგობის კრების თავმჯდომარე – ზ. ძ–ე (პირადი N.........), თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ადასტურებდა, რომ ამხანაგობა “ფ–ს“ წევრები თანხმობას აცხადებდნენ, რომ იგივე ფართი – 100,32 კვ.მ, საკადასტრო კოდით – .............., საკუთრების უფლებით დასარეგისტრირებლად გადასცემოდა მოქალაქე მ. ნ–ს (პირადი N..........). კრების ოქმზე არსებული ხელმოწერა დამოწმებული იყო ნოტარიუსის მიერ. ამჯერად, კრების ოქმს თან ახლდა ტექინვენტარიზაციის ბიუროში დაცული, უძრავი ქონების ნახაზის სკანირებული ვარიანტი, სადაც განსაზღვრული იყო სართულებრივი გეგმა. აღნიშნულ გეგმაზე, მონიშნული იყო 100,32 კვ.მ ფართი, რომლის მ. ნ–ს სახელზე დარეგისტრირებასაც ითხოვდა ზ. ძ–ე. 2021 წლის 20 აპრილს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, ზემოხსენებულ უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა მ. ნ–ს საკუთრების უფლება. ზ. ძ–ეს დანაშაულებრივი განზრახვისა და მისი ქმედების შესახებ მ. ნ–სთვის არაფერი იყო ცნობილი.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ფ–ს“ წევრებმა მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ მათი კუთვნილი სარდაფები, რომელთა საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით უკვე მიმდინარეობდა საქმისწარმოება ადმინისტრაციულ სასამართლოსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, დარეგისტრირებული იყო ამხანაგობის არაწევრ პირის – მ. ნ–ს სახელზე, ხოლო მას ფლობდა და მისით სარგებლობდა ზ. ძ–ე.
ამდენად, ზ. ძ–ე, ყალბი დოკუმენტის შექმნითა და გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაეუფლა ამხანაგობა “ფ–ს“ წევრების – მესაკუთრე მ. ა–სთვის და ,,ატსტუპნიკების“ ნ. და მ. მ-ის კუთვნილ უძრავ ქონებას – 100,32 კვ.მ სარდაფს საკადასტრო კოდით – .........., რითაც მ. ა–ს, ნ. და მ. მ-ეს მიადგათ დიდი ოდენობით – 67909 ლარის მატერიალური ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მაისის განაჩენით ზ. ძ–ე ცნობილ იქნა დამანაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ზ. ძ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის შესაბამისად, მას მოხდილ სასჯელად ჩაეთვალა პატიმრობის 75 დღე და მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით, 9 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 მაისის განაჩენით მისთვის შეფარდებული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით შემცირებული პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 მაისის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 მაისის განაჩენით დაკისრებული და მოუხდელი დამატებითი სასჯელი – ჯარიმა 4334,12 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. ძ–ეს განესაზღვრა 6 წლით, 9 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 4334,12 ლარი.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ პაპავამ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და ზ. ძ–სთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, ხოლო მსჯავრდებულმა ზ. ძ–მ მოითხოვა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება და დანიშნული სასჯელის შემცირება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ზ. ძ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – კ. ჩ-მ. კასატორებმა მოითხოვეს ზ. ძ–ეს მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში გამამართლებელი განაჩენის დადგენა და მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის შემცირება.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. დაცვის მხარის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან სადავო უძრავი ქონება წარმოადგენდა მსჯავრდებულის მამის საკუთრებას და წლების განმავლობაში იმყოფებოდა მის მფლობელობაში.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოთხოვნის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზ. ძ–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება ზ. ძ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხილი ქმედებების ჩადენა, კერძოდ:
5.3. სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით – მოწმეების: მ. ა-ს, ნ-ის, მ. მ-ის, მ. ტ-ის, გ. ნ-ის ჩვენებებით დასტურდება, რომ ცხოვრობენ ქ. თ-ში. ზ. ძ–ე არასდროს ყოფილა მათი მეზობელი და ამხანაგობის წევრი. იგი ამ მისამართზე ფართს არ ფლობდა. სადავო სარდაფის მფლობელები და მესაკუთრეები არიან მ. ა-ი, ნ-ე და მ. მ-ე, რომლებსაც ფართი გამიჯნული და დარეგისტრირებული არ ჰქონდათ, თუმცა თითოეულ მათგანს გააჩნდა ცალ-ცალკე შესასვლელი და იცოდნენ, თუ რა ნაწილი ეკუთვნოდათ. ისინი ცდილობდნენ, დაერეგისტრირებინათ მათ მფლობელობაში არსებული სარდაფები. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ 2021 წლის მარტში, ამხანაგობის ერთ-ერთი კრების დროს, ეზოში შევიდა მათთვის უცნობი მამაკაცი და განაცხადა, რომ სარდაფში ფლობდა ფართს, თუმცა, მისი განცხადება არასერიოზულად მიიჩნიეს. მას შემდეგ, რაც ამხანაგობის თავმჯდომარემ – მ. ტ-მ მიმართა საჯარო რეესტრს სარდაფების რეგისტრაციის თაობაზე, მათ შეიტყვეს, რომ სარდაფი რეგისტრირებული იყო მ. ნ–ს სახელზე, ხოლო შესაბამისი განცხადება და დოკუმენტაცია მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინა ზ. ძ–მ.
5.4. საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, რომ ზ. ძ–მ შექმნა და ნოტარიულად დაამოწმებინა 2021 წლის 30 მარტით დათარიღებული დოკუმენტი - კრების ოქმი, რომლის თანახმადაც, ამხანაგობა “ფ–ს“ ყველა წევრმა ერთხმად დაადასტურა 100,32 კვ.მ სარდაფის ზ. ძ–ს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტი და გამოხატა თანხმობა ზ. ძ–ს მიერ აღნიშნულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დარეგისტრირების შესახებ. კრებას, თითქოსდა, თავმჯდომარეობდა ზ. ძ–ე.
5.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ კრების ოქმში მითითებული გარემოება – კრების გადაწყვეტილებით, კრების თავმჯდომარისათვის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის საკითხი წარმოშობდა ინტერესთა კონფლიქტს, ასევე, შიდა აზომვით ნახაზში არ იყო განსაზღვრული სართულებრივი გეგმა.
5.6. აღნიშნულის შემდგომ ზ. ძ–მ კვლავ შექმნა და ნოტარიულად დაამოწმებინა 2021 წლის 5 აპრილით დათარიღებული დოკუმენტი - კრების ოქმი, რომლის თანახმადაც, ამხანაგობა “ფ–ს“ წევრებმა გამოხატეს თანხმობა 100,32 კვ.მ. სარდაფის, ამჯერად, მ. ნ–ს ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით დგინდება, რომ სააგენტოს ქ-ში მდებარე ფართზე უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით წარედგინა ზ. ძ–ს განცხადება. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ სწორედ ზ. ძ–ს მიერ წარდგენილი კრების ოქმის საფუძველზე, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა მ. ნ-ე. ამ უკანასკნელის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დასტურდება, რომ იგი ზ. ძ–სთან წარსულში იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2021 წლის 30 მარტისა და 5 აპრილის კრების ოქმების სიყალბე დადასტურებულია გრაფიკული ექსპერტიზის N.... დასკვნით, რომლითაც დგინდება, რომ ოქმებზე არსებული ხელნაწერები და ზ. ძ–ეს გვარით არსებული ხელმოწერები შესრულებულია ზ. ძ–ეს მიერ.
5.7. სასაქონლო ექსპერტიზის N..../ს დასკვნის თანახმად, წარდგენილი სარდაფის საკადასტრო კოდით: ............. საბაზრო ღირებულება დღეის (08.09.2021) მდგომარეობით შეადგენს 62429 ლარს, ხოლო 2021 წლის 30 მარტის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 67909 ლარს.
5.8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების პოზიციას სადავო უძრავი ქონების მსჯავრდებულის ოჯახის მფლობელობაში არსებობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები საპირისპიროს მეტყველებს. კერძოდ, ზ. ძ–ეს ყოფილი მეუღლის – მოწმე მ. ნ–ს გამოკითხვის ოქმის (უდავო მტკიცებულება) თანახმად, ის, არც ზ. ძ–სგან და არც მისი მამამთილისგან, არ ფლობს ინფორმაციას ფ-ს ქუჩაზე რაიმე ფართის ქონის შესახებ. ამავე მისამართზე ხანგრძლივად მცხოვრები მოწმეებიც არ ადასტურებენ, რომ იცნობდნენ ზ. ძ–ეს მამას და ამ უკანასკნელს სადავო სარდაფის ტერიტორიაზე ჰქონდა მაღაზია. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ქ. თ-ში მდებარე 100,32 კვ.მ ფართის სარდაფი წარმოადგენდა ამხანაგობა “ფ–ს“ წევრების – მ. ა-ის, ნ. და მ.- მ-ის კუთვნილ უძრავ ქონებას. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ ზ. ძ–ს რაიმე კავშირი გააჩნდა სადავო უძრავ ქონებასთან, რის გამოც, კასატორების არგუმენტი მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ მოკლებულია საფუძველს.
5.9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა. გასაჩივრებული განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხილი ქმედებების ჩადენას.
5.10. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისთვის საბოლოო სასჯელის განსაზღვრის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.11. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ ზ. ძ–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 28 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებით სასჯელად შეეფარდა ჯარიმა – 5000 ლარი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განჩინების საფუძველზე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის შესაბამისად, ზ. ძ–ს გაუნახევრდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელი დარჩა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
5.12. სააპელაციო სასამართლომ, გასაჩივრებულ განაჩენში, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოიყენა სასჯელთა შთანთქმის პრინციპი და ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 28 მაისის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელი – პირობითად ჩათვლილი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 მაისის განაჩენით დაკისრებული და მოუხდელი დამატებითი სასჯელი – ჯარიმა 4334,12 ლარი.
5.13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილი იძლევა განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების შესაძლებლობას, თუმცა, სააპელაციო სასამართლოს განაჩენიდან არ იკვეთება, რომ საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას მოსამართლემ სასჯელის ნაწილობრივი შეკრების პრინციპით იხელმძღვანელა. აშკარაა, რომ ძირითად სასჯელთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სასჯელთა შთანთქმის წესი, ხოლო დამატებით სასჯელთან მიმართებით – შეკრების.
5.14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით დადგენილი დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა დანიშვნის წესი მიემართება როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელებს (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბერი 642აპ-21 განაჩენი). შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ ხელმძღვანელობს სასჯელთა ნაწილობრივ ან სრულად შეკრების წესით და მიზანშეწონილად მიიჩნევს სასჯელთა შთქნთქმის პრინციპის გამოყენებას, ეს უკანასკნელი უნდა გაავრცელოს როგორც ძირითადი, ისე – დამატებითი სასჯელის მიმართ.
5.15. ამდენად, ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, ზ. ძ–სთვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის საბოლოოდ დანიშნულმა სასჯელმა – 6 წლით, 9 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთამ უნდა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 28 მაისის განაჩენით დამატებით სასჯელად შეფარდებული და მოუხდელი ჯარიმა – 4334,12 ლარი, აგრეთვე, ამავე განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით განსაზღვრული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ზ. ძ–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – კ. ჩ–ს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ზ. ძ–ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
4. ზ. ძ–ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ზ. ძ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე, ზ. ძ–ს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალოს პატიმრობის 75 დღე და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, 9 თვითა და 15 დღით;
6. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ზ. ძ–ეს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 28 მაისის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;
7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 28 მაისის განაჩენით დამატებით სასჯელად შეფარდებული და მოუხდელი ჯარიმა – 4334,12 ლარი, აგრეთვე, ამავე განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით განსაზღვრული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. ძ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, 9 თვითა და 15 დღით;
8. ზ. ძ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია. ზ. ძ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 12 აგვისტოდან;
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განაჩენი ნივთიერი მტკიცებულებების საკითხის გადაწყვეტის ნაწილში დარჩეს უცვლელად;
10. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე