საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 18.03.2024
საქმის ნომერი
2კ-1186აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.03.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100123007049724

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1186აპ-23 ქ. თბილისი

გ. გ. 1186აპ-23 18 მარტი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. გ–ს, - დაბადებულს 19..წელს, - ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 108-ე მუხლით;

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. გ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, კ–ს რაიონის სოფელ ნ–ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. გ–მ საყოფაცხოვრებო კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, თანნაქონი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიაყენა ლ. ნ–ს, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 ივნისის განაჩენით:

3.1. გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან - 2022 წლის 23 დეკემბრიდან;

3.2. მსჯავრდებულ გ. გ–ს 5 წლით ჩამოერთვა იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. გ–მ და მოითხოვა გ. გ–სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება.

4.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილია შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის, პროკურორ ნიკოლოზ სანიკიძის შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 სექტემბრის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. გ–მ და მოითხოვა გ. გ–ს მიმართ განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება.

6.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, , no.36755/06, §31, ECtHR 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაცვის მხარემ გაასაჩივრა მხოლოდ სასჯელის ნაწილში. ამდენად, მხარეებს შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ გ. გ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

9. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას გ. გ–ს მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: კერძოდ: მოწმეების - თ. გ–ს, გ. მ–ს, ლ. ჩ–ს გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულთან ჩატარებული ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის, ბალისტიკური ექსპერტიზის, ტრასოლოგიური ექსპერტიზისა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით), რომელთა ნაწილი დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ. გ–მ ჩაიდინა მსჯავრად შერაცხული დანაშაული. სამართალწარმოების მიმდინარეობისას არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

10. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, სასჯელის შემსუბუქების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7). ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38), უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2017 წლის 11 ივლისი, II-10).

11. მოცემულ შემთხვევაში კასატორი დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 სექტემბრის განაჩენით გ. გ–სათვის განსაზღვრული სასჯელის მხოლოდ შემსუბუქებას, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას. მოთხოვნის დასაბუთებისთვის უთითებს გ. გ–სის აღიარებაზე, მტკიცებულებათა ნაწილის უდავოდ ცნობასა და მსჯავრდებულის ასაკზე(გ. გ–ე არის 83 წლის).

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას ათიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა, მათ შორის, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის, ხოლო მე-3 ნაწილით მათ შორის, აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენით, დანაშაულის იარაღის გამოყენებით ჩადენის გათვალისწინებით, გ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დანიშნული აქვს მინიმალური სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით.

13. სააპელაციო სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები - კერძოდ, ერთი მხრივ, ის გარემოება, რომ გ. გ–მ საყოფაცხოვრებო კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ხოლო, მეორე მხრივ, ის გარემოება, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, უდავო გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას; ასევე - ის გარემოება, რომ მსჯავრდებული არის 83 წლის, არ არის ნასამართლევი და შეუფარდა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელი მინიმალური ხანგრძლივობით (საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით).

14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი დამნაშავის შეგუებას, ამისათვის შესაბამისი პირობების შექმნის გზით, როგორც საპატიმრო დაწესებულებაში, ასევე, არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებისას, თავისუფლებაში ყოფნის პირობებში; ახალი დანაშულის თავიდან აცილება კი ხორციელდება სპეციალური და ზოგადი პრევენციის ფარგლებში, სადაც სპეციალური პრევენცია მიმართულია რეციდივის წინააღმდეგ... ზოგადი პრევენცია კი გულისხმობს დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველისათვის იმის დემონსტრირებას, თუ რა შეიძლება მათ ელოდეთ ანალოგიური ქმედების ჩადენის შემთხვევაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

14.1. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოკვეთილია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების წინაპირობები, საკასაციო სასამართლოს ჩადენილი დანაშაულის ხასიათის( განზრახი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით (იხ.: სასამართლო-ბალისტიკური ექსპერტიზის N120/ბ, ტ.2, ს.ფ. 232-246)), დანაშაულის ჩადენის გარემოებების (ხერხი, მოტივი) და პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება და დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა.

15. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ კასატორ დაცვის მხარეს უფლება აქვს საქართველოს სსკ-ის 74-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მოითხოვოს სასჯელისგან გათავისუფლება (სასამართლო უფლებამოსილია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს სასჯელის მოხდის პერიოდში ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირი (ქალი – 65 წლიდან, მამაკაცი – 70 წლიდან), თუ მას სასჯელის სახით დანიშნული არ აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა და მოხდილი აქვს სასჯელის არანაკლებ ნახევარი), ასევე ისარგებლოს საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით განსაზღვრული შეწყალების უფლებით.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

17. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

18. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

19. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. გ–ის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე