საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1365აპ-23 თბილისი
მ-ი მ., 1365აპ-23 11 მარტი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. მ-ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისთვის, სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირებისთვის, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· მ. მ-ი 14 წელია, დაქორწინებულია თ. ბ-ეზე და მათ ჰყავთ ოთხი შვილი. იგი წლების განმავლობაში სისტემატურად, კვირაში ორჯერ მაინც, სვამს ალკოჰოლს და, მთვრალი, უმიზეზოდ, სისტემატურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებს მეუღლეს – თ. ბ-ეს, რაც იწვევს ქალის ტანჯვას.
· 2020 წლის 9 სექტემბერს, დაახლოებით, 18:00 საათზე, თ-ში, ნ-ის ქუჩის №-ში, მ. მ-მა არასრუწლოვანი შვილების: 2007 წლის 23 იანვარს დაბადებული ც. მ-ისა და 2008 წლის 9 დეკემბერს დაბადებული ქ. მ-ის თანდასწრებით იძალადა თ. ბ-ეზე, კერძოდ: მ. მ-მა თ. ბ-ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაამცირა, ეუბნებოდა, რომ ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, შემდეგ კი რეზინის ჩუსტი 5-6-ჯერ დაარტყა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. თ. ტიროდა და სთხოვდა, დაენებებინა მისთვის თავი. მ. მ-ის ძალადობით თ. ბ-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ივნისის განაჩენით მ. მ-ი,– ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი მარინე ლომიძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მ. მ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას თავისუფლების აღკვეთის სახით, რომელსაც ის მოიხდის პენიტენციურ დაწესებულებაში.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №643აპ-18, №969აპ-20, №1175აპ-22, №741აპ-22, №179აპ-23, №358აპ-23).
8. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო პალატა არ ეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უკანონოა და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც მ. მ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
9. პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა თ. ბ-ემ (ბრალდებულის მეუღლემ) და არასრულწლოვანმა მოწმეებმა: ქ., ც. და ნ. მ0მა (ბრალდებულის შვილებმა) ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი. ამასთან, საქმის მასალებიდან არ იკვეთება ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულსა და მოწმეებზე რაიმე სახის გავლენის ნიშნები, რაც მათ აიძულებდა, ესარგებლათ ამ პროცესუალური უფლებით. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ფარგლებში, დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმეების ჩვენებების არარსებობის პირობებში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მ. მ-ის ქმედებებით დაზარალებულისათვის ტანჯვისა და ფიზიკური ტკივილის საფუძვლიანობა.
10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კონკრეტულ შემთხვევას, საქმის მასალების მიხედვით, გარდა არასრულწლოვანი მოწმეებისა (რომლებმაც ჩვენება არ მისცეს), თვითმხილველი არ ჰყოლია. პოლიციის თანამშრომლები: რ. ბ. და დ. ქ., ასევე – გამომძიებელი ლ. ყ. – ძალადობას არ შესწრებიან და გადმოსცემენ თ. ბ-ის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, რომელმაც ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. შესაბამისად, ამ მოწმეთა ჩვენებები ირიბია. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა – მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). ამდენად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
11. 2020 წლის 9 სექტემბერს გამოიცა შემაკავებელი ორდერი და მ. მ-ს აეკრძალა მსხვერპლის საცხოვრებელ სახლთან და სამუშაო ადგილთან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია 30 დღის ვადით. ორდერის ოქმში მითითებულია, რომ მ. მ-მა თ. ბ-ეს მიაყენა ფიზიკური, სიტყვიერი და ფსიქოლოგიური შეურაცხყოფა სამი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერი დაცვის მხარის მიერ არ არის უდავოდ ცნობილი, შესაბამისად, დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შემთხვევაში დაუშვებელია, გამოყენებულ იქნეს გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებისათვის, რადგან არსებითი განხილვის დროს დაცვის მხარეს არ მიეცა საქართველოს სსსკ-ით და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით ინფორმაციის პირველწყაროს (მაგ., შემაკავებელი ორდერის შემთხვევაში – დაზარალებულის) დაკითხვისა და შესაბამისად, მტკიცებულებაში ასახული ინფორმაციის სარწმუნოობისა და ინფორმაციის მიმწოდებლის სანდოობის, გამოკვლევის შესაძლებლობა.
12. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია 2021 წლის 1 ნოემბრის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №- დასკვნა, რომლის თანახმად, „თ. ბ-ე მ. მ-ის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ქმედებების გამო არ განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას“.
13. კიდევ ერთი მტკიცებულება, რომელზეც ბრალდების მხარე ამახვილებს ყურადღებას, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2020 წლის 11 სექტემბრის №- დასკვნაა, რომლის თანახმად, თ. ბ-ეს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს – 2020 წლის 9 სექტემბერს. სასამართლო მიუთითებს, რომ, მიუხედავად დასკვნაში აღწერილი დაზიანებებისა, სამედიცინო ექსპერტიზით ობიექტურად შეუძლებელია დაზიანებების მიმყენებელი პირის დადგენა, მით უფრო, რომ სამედიცინო ექსპერტიზით აღმოჩენილი დაზიანებების ლოკალიზაცია არ შეესაბამება დაზარალებულის მიერ პატრულ-ინსპექტორებისათვის მიწოდებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ სხეულის რომელ ადგილებში აყენებდა მეუღლე ფიზიკურ შეურაცხყოფას.
14. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მ. მ-ის დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „In dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და მ. მ-ი გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
16. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივარი არ დაიშვას განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე