საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 12.03.2024
საქმის ნომერი
2კ-1132აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.03.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №1132აპ-23 თბილისი

ქ-ი მ., 1132აპ-23 12 მარტი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. ქ-ს ბრალად დაედო ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის (ორი ეპიზოდი).

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

o 2022 წლის 20 აპრილს, დაახლოებით, 23:00 საათზე, თ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ თ-ის საჯარო სკოლის ეზოდან ბ. კ. და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის განაჩენით ქურდობისათვის ნასამართლევი მ. ქ., წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ 440 ლარად ღირებულ გათბობის 6 რადიატორს, რის შედეგადაც აღნიშნულ სკოლას მიადგა 440 ლარის ქონებრივი ზიანი;

o 2022 წლის 23 აპრილს, ღამის საათებში, თ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ თ-ის საჯარო სკოლის ეზოდან ბ. კ. და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის განაჩენით ქურდობისათვის ნასამართლევი მ. ქ., წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ 320 ლარად ღირებულ გათბობის 4 რადიატორს, რის შედეგადაც აღნიშნულ სკოლას მიადგა 320 ლარის ქონებრივი ზიანი.

3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 იანვრის განაჩენით:

§ მ. ქ-ის ქმედებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებიდან (ორი ეპიზოდი – 2022 წლის 20 და 23 აპრილის ეპიზოდები) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;

§ მ. ქ., - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი – 2022 წლის 20 და 23 აპრილის ეპიზოდებისათვის) და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულისათვის განესაზღვრა 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეფარდებული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის განაჩენით მისთვის შეფარდებული პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. ქ-ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 27 აპრილიდან.

4. განაჩენის მიხედვით, მ. ქ-ს მსჯავრად დაედო წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღება, ჩადენილი არაერთგზის (ორი ეპიზოდი).

5. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

o 2022 წლის 20 აპრილს, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის განაჩენით ქურდობისათვის ნასამართლევმა მ. ქ-მა და გამოძიებით დადგენილმა პირმა, მისმა ნაცნობმა, თ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ თ-ის თ-ის საჯარო სკოლასთან ახლოს, გზასთან, ტყის ნაპირზე დალაგებული, წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული გათბობის 6 რადიატორი (5 დიდი და 1 პატარა) მ. ქ-ის ავტომანქანით წაიღეს და ჩააბარეს ზ-ში, ზ-ას ქუჩის №---ში მდებარე ჯართის მიმღებ პუნქტში;

o 2022 წლის 23 აპრილს, ღამის საათებში, ზ-ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის განაჩენით ქურდობისათვის ნასამართლევმა მ. ქ-მა და გამოძიებით დადგენილმა პირმა, მისმა ნაცნობმა, თ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ თ-ის თ-ის საჯარო სკოლასთან ახლოს, გზასთან, ტყის ნაპირიდან წაღებული, წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული დანარჩენი გათბობის 4 დიდი რადიატორი მ. ქ-ის ავტომანქანით წაიღეს და ჩააბარეს ქ-ში, ლ-ს ქ-ს №--ში მდებარე ჯართის მიმღებ პუნქტში.

6. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ზვიად ჩხიკვაძემ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; მ. ქ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი – 2022 წლის 20 და 23 აპრილის ეპიზოდები) და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

7. მსჯავრდებულ მ. ქ-ის ადვოკატმა, ხ. ნ-მა, სააპელაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვა პროკურორის საჩივრის დაუშვებლად ცნობა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განაჩენით პროკურორის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. ქ-მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და სასჯელის შემსუბუქებას.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი; წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება. ამავე დროს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

12. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც, მ. ქ-ი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი – 2022 წლის 20 და 23 აპრილის ეპიზოდებისათვის) და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, როგორც კვალიფიკაციის, ასევე, სასჯელთან მიმართებით, რომელსაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

13. ამავე დროს, სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ მ. ქ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.

14. გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

15. ამავე დროს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე