საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 03.06.2024
საქმის ნომერი
2კ-1305აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.06.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №1305აპ-23 თბილისი

მ. ა., 1305აპ-23 3 ივნისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის, ასევე, მსჯავრდებულ ა. მ-სა და მისი ადვოკატის – ვ. ჩ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ა. მ-ს ბრალად დაედო:

· ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტები);

· ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილი).

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

o 2019 წლის თებერვლის დასაწყისში, ა-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ში მცხოვრებმა ა. მ-მ შეაღწია იმავე სოფელში მდებარე, თავისი მეზობლის, ე. ღ-ის დაკეტილ საცხოვრებელ სახლში, რომლიდანაც, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა: დაახლოებით, 40 კილოგრამამდე კაკალს, ფაიფურის ჭურჭელს, მელქიორის დანებსა და ჩანგლებს, პირსახოცებს, საწოლის გადასაფარებელს, ბროლის ჭიქებს, მინის ვაზებს, პატარა ზომის ბროლის საყვავილეებს, საფერფლეებს, ქალისა და მამაკაცის პატარა ზომის ქანდაკებას, ბეჭდების შესანახ ზარდახშასა და სხვადასხვა საოჯახო ნივთებს. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად . ღ-ეს მიადგა 700 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

o 2019 წლის თებერვალში, თ-ში, ვ. --ის, მე-- მკ/რ-ის, --ე კორპუსის №--ში მდებარე თავის ბინაში ა. მ-მ განათავსა მის მიერ ქოთნებში დათესილი ნარკოტიკული საშუალება მცენარე „კანაფი“ და მოყვანის მიზნით ახდენდა მის კულტივირებას. 2019 წლის 23 თებერვალს, აღნიშნულ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს მცირე ოდენობით – 24,12 გრამი ნარკოტიკული საშუალება – მცენარე „კანაფი“.

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 მაისის განაჩენით:

· ა. მ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაზე შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე;

· ა. მ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

· ა. მ-, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 7000 ლარი, რაც, ამავე კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მისი პატიმრობის დროის (2019 წლის 24 თებერვლიდან იმავე წლის 4 აპრილის ჩათვლით) გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი.

4. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ა. მ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს შექმნიდა.

5. განაჩენის მიხედვით, ა. მ-ს მსჯავრად დაედო წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა და ფლობა, რაც გამოიხატა შემდეგით: 2019 წლის თებერვლის დასაწყისში, ა. მ-მ შეიძინა და ფლობდა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ, ე. ღ-ის საცხოვრებელი სახლიდან ფარულად დაუფლებულ ორ ბროლის საყვავილეს, ქალისა და მამაკაცისგამოსახულებიან ორ ქანდაკებასა და მინის ორ ვაზას.

6. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:

Ш ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – გელა მაღრაძემ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება; ა. მ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და კანონიერი, მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;

Ш მსჯავრდებულმა ა. მ-მა და მისმა ადვოკატმა – ვ. ჩ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება ა. მ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებასთან მიმართებით და გამართლება მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს:

Ш ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – გელა მაღრაძემ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას; ა. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და კანონიერი, მკაცრი სასჯელის განსაზღვრას;

Ш მსჯავრდებულმა ა. მ-მა და მისმა ადვოკატმა – ვ. ჩ-მა, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის სრულად გამართლებას მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო. კასატორები ალტერნატივის სახით ითხოვენ ა. მ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებასთან მიმართებით.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი; წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება. ამავე დროს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

11. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორთა მოსაზრებებს და ეთანხმება სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ა. მ-ს ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ამავე დროს, სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც, ა. მ- დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან, სასჯელთან მიმართებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის, როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და ა. მ-ს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი. ამასთან, სააპელაციო პალატამ ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, მათ შორის – ა. მ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების შესახებ.

12. რაც შეეხება დაცვის მხარის ალტერნატიულ მოთხოვნას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის ა. მ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებასთან მიმართებით გავრცელების შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს:

12.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, „ამნისტიის შესახებ“ კანონი უნდა გავრცელდეს და სასჯელისაგან გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (გარდა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებისა და გასაღების მიზნის არსებობისა) ჩამდენი პირი, ხოლო „ამნისტიის შესახებ“ ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, ამ კანონის მოქმედება ჯარიმის სახით შეფარდებულ სასჯელზე არ ვრცელდება, გარდა სასამართლოს მიერ 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე მიღებული გადაწყვეტილებით დაკისრებული ჯარიმისა, რომელიც აღსრულებული არ არის.

12.2. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ა. მ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა, ამასთან, 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ, მის მიმართ, სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებასთან მიმართებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ გავრცელდება.

13. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის, მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის მოსაზრებებს და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ხოლო მასში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

14. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის, ასევე, მსჯავრდებულ ა. მ-სა და მისი ადვოკატის – ვ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

მ. ვასაძე