საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100123007698530
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №193აპ-24 12 ივნისი, 2024 წელი
თ–ი ზ., №193აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 დეკემბრის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვალერი გიორგაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ზ. თ–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2023 წლის 25 ივლისს, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ი–ში მე-.., ... შესახვევი N..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ზ. თ–ი დედას – ე. თ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ე. თ–ს გაუჩნდა მუქარის განხოციელების საფუძვლიანი შიში.
1.3. 2023 წლის 25 ივლისს, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ი–ში მე-.., ... შესახვევი N..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში. ზ. თ–მა დედას – ე. თ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ძლიერად მოუჭირა ხელი მარცხენა მხრის არეში. განხორციელებული ძალდობის შედეგად ე. თ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.4. 2023 წლის 22 ივნისს, 18:50 საათზე, შსს თ–ს რიონული სამმართველოს დეტექტივის მიერ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N............, რომლის მიხედვით ზ. თ–ს 30 დღის ვადით აეკრძალა დედასთან – ე. თ–სთან კონფლიქტში შესვლა და სიტყვიერ შეურაცხყოფის მიყენება. 2023 წლის ივნისის ბოლოს, შემაკავებელი ორდერის გამოცემის მიუხედავად, ზ. თ–მა თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ი–ში მე-.., ... შესახვევი N..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში დედას – ე. თ–ს მიაყენა სიტყიური შეურაცხყოფა და შევიდა მასთან კონფლიქტში, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თელავის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული, საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ზ. თ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
2.2. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით, ზ. თ–ი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებებით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.3. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვალერი გიორგაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ზ. თ–ს წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 დეკემბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2024 წლის 26 იანვარს, თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ვალერი გიორგაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ზ. თ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა ვინაიდან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მოწმე ო. კ–ს გამოკითხვის ოქმი და ე. თ–ს ვიზუალური დათვალიერების ოქმი (უდავო მტკიცებულებები) ადასტურებს ზ. თ–ს მიერ ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენას. კასატორის მითითებით, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარებულია ვითარების აღდგენის მიზნით. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას დაზარალებულმა ასევე მიუთითა მის საცხოვრებელ სახლში არსებულ სამზარეულო ოთახზე და განმარტა, რომ ზ. თ–ი სწორედ იქ აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და არღვევდა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ასევე განმარტა, რომ სწორედ იმ ოთახში, 2023 წლის 25 ივლისს საღამოს საათებში, ზ. თ–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ძლიერად წაავლო მარჯვენა მხრის არეში ხელი და ძლიერად მოუჭირა, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთან, ე. თ–ს შსს თელავის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში ჩაუტარდა ვიზუალური დათვალიერება და შედგა შესაბამისი ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ მარჯვენა მხრის ზედა ნაწილზე აღენიშნებოდა დალურჯება, რაზეც ე. თ–მა განმარტა, რომ აღნიშნული სილურჯე მან მიიღო 2023 წლის 25 ივლისს, მაშინ როდესაც მისმა შვილმა, ზ. თ–მა, ძლიერად მოუჭირა აღნიშნულ ადგილას ხელი. აღნიშნულს ადასტურებს ასევე გადაღებული ფოტოსურათები. ბრალდების მხარემ თავისი პოზიციის დასასაბუთებლად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 20 მარტის N738აპ-19 გადაწყვეტილება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ზ. თ–ს მიერ ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენა. გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულმა ე. თ–მა (დედამ) უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ზ. თ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.
5.3. კასატორის არგუმენტაციით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი წარმოადგენს დამოუკიდებელ მტკიცებულებას, რომელიც შესაძლოა საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულებების შინაარსზე, კერძოდ: ე. თ–ს მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმსა და ე. თ–სის ვიზუალური დათვალიერების ოქმზე.
5.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი. ამდენად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება ორ შემთხვევაში: 1) ინფორმაციის (ჩვენების) შესამოწმებლად და 2) საგამოძიებო ვერსიის შესამოწმებლად. საქართველოს სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტი მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული იმ ვითარებასთან, რომელშიც ხდებოდა აღსადგენი შემთხვევა.
5.5. აღსანიშნავია, რომ ე. თ–სთან საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) ადგილზე შემოწმების მიზნით, მოწმემ თავის საცხოვრებელ სახლში მიუთითა იმ ადგილზე, სადაც მისი განმარტებით, ზ. თ–მა იძალადა მასზე. მხედველობაშია მისაღები, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას არ მომხდარა ახალი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების გამოვლენა, კერძოდ: არ ამოღებულა დანაშაულის საგანი ან/და რაიმე სხვა ნივთი, რომელსაც შესაძლოა არსებითი გავლენა ჰქონოდა და მტკიცებულებით მნიშვნელობა შეეძინა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი (ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით) საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულების პირველწყაროს წარმოადგენს, სწორედ ის პირი (დაზარალებული), რომელმაც სასამართლოში შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, რაც სასამართლოს ართმევს შესაძლებლობას ამ მტკიცებულების სისწორე შეამოწმოს ინფორმაციის მიმწოდებელ პირთან, ამ შემთხვევაში დაზარალებულთან. რაც შეეხება ო. კ–ს გამოკითხვის ოქმს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებით, დადასტურებულია მის მიერ/მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სინამდვილე და კანონთან შესაბამისობა, მისი ჩვენებები ზ. თ–ს მიმართ ბრალადწარდგენილი ქმედებების დადასტურების თვალსაზრისით არაინფორმაციულია, რადგან იგი ფაქტის თვითმხილველი არ ყოფილა და ეყრდნობა ე. თ–ს მიერ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, რაც მისი შინაარსის გათვალისწინებით წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს.
5.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ზ. თ–ს მხრიდან დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობის, სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტებს, წარმოდგენილი არ არის, თავად დაზარალებულს კი, სასამართლოში ჩვენება არ მიუცია.
5.9. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ვიზუალური დათვალიერების ოქმშიც მითითებული ინფორმაცია ეყრდნობა ე. თ–ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. საქმეში არ მოიპოვება არცერთი ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც ე. თ–ს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გარეშე, დამოუკიდებლად, დაადასტურებდა ზ. თ–ს მონაწილეობას ბრალადწარდგენილ დანაშაულებში. ცალკე აღებულ, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმსა და ვიზუალური დათვალიერების ოქმში მითითებული მწირი ინფორმაცია, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დანაშაულების ჩადენის დასადასტურებლად.
5.10. მოცემულ შემთხვევაში, პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ზ. თ–ს მიმართ წარდგენილ ბრალდებებს წარმოდგენილი არ არის, კასატორის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს, თავად დაზარალებულს კი სასამართლოში ჩვენება არ მიუცია.
5.11. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ თავისი პოზიციის დასასაბუთებლად მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული გარემოებებისგან, შესაბამისად, აღნიშნული არგუმენტიც ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.
5.12. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ზ. თ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.13. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რომელსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.14. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვალერი გიორგაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე