დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330802224009430753
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№24I-24 24 ივნისი, 2024 წელი
შ–ი/ს–ი ფ., 24I-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ფ. (P.) შ–ი/ს–ის (S–r) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. შ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 13 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ფ. შ–ი/ს–ის (P. s-r) მიმართ შვეიცარიის კონფედერაციაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები და ფაქტობრივი გარემოებები:
1.1. შვეიცარიის კონფედერაციის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები არის შემდეგი: ფ. შ–მ/ს–მა, როგორც შპს „L.... Club“-ის მესაკუთრემ 2017 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 31 მაისამდე პერიოდში, შესაბამისი ნებართვის გარეშე განახორციელა, ფულადი თანხისა და ბიტკოინების სახით, დაახლოებით 350 მოქალაქისგან ასეულობით დეპოზიტის უკანონოდ მიღება, ჯამში 1000000 შვეიცარული ფრანკის ოდენობით. ამასთან, ფ. შ–ი/ს–ი მოქალაქეებს ჰპირდებოდა დეპოზიტის გახსნის შემდგომ 1,5%-იან დღიურ მოგებას და აწვდიდა მათ არასწორ ინფორმაციას შპს „L.....Club“-ის საქმიანობის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, ფ. შ–მ/ს–მმა მიღებული დეპოზიტებიდან დაახლოებით 100000 შვეიცარული ფრანკი მიითვისა მართლსაწინააღმდეგოდ და გახარჯა პირადი მიზნობრიობით.
1.2. 2022 წლის 14 თებერვალს შვეიცარიის კონფედერაციის ციურიხის კანტონის პროკურატურის მაგისტრატის მიერ გამოცემული იქნა ფ. შ–ი/ს–ის (P. s-r) დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია შვეიცარიის კონფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის (1) (2) ნაწილებით (მითვისება) და საბანკო აქტის 46 (1)(a) მუხლით (მოქალაქეებისგან დეპოზიტების უკანონოდ მიღება).
1.3. 2022 წლის 17 თებერვლიდან ფ. იშ–ი/ს–ი (P. s-r) შვეიცარიის კონფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის არხებით.
2. ფ. შ–ი/ს–ის (P. s-r) მიმართ საქართველოში განხორციელებული პროცედურები:
2.1. 2023 წლის 20 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს შვეიცარიის კონფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ფ. იშ–ი/ს–ი (P. s-r).
2.2. 2023 წლის 22 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ფ. შ–ი/ს–ის (P. s-r) მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო 10000 ლარის ოდენობით.
2.3. 2023 წლის 11 დეკემბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა ფ. შ–ი/ს–ის (P. s-r) ექსტრადიციის თაობაზე შვეიცარიის კონფედერაციის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.
2.4. 2024 წლის 10 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა ფ. შ–ი/ს–ის (P. s-r) შვეიცარიის კონფედერაციაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა.
2.5. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა თემურ ცინდელიანმა მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
2.6. სასამართლო სხდომაზე ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი ფ. იშ–ი/ს–ი (P. s-r) და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ი. შ–სე არ დაეთანხმნენ პროკურორის შუამდგომლობას და ითხოვეს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 13 ივნისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი ფ. შ–ი/ს–ის (P. s-r) შვეიცარიის კონფედერაციაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის რომლებიც აღწერილია შვეიცარიის კონფედერაციის ციურიხის კანტონის პროკურატურის მაგისტრატის მიერ 2022 წლის 14 თებერვალს გამოცემულ ფ. შ–ს დაკავების ბრძანებაში და დასჯადია შვეიცარიის კონფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის (1) (2) ნაწილებით (მითვისება) და საბანკო აქტის 46 (1)(a) მუხლით (მოქალაქეებისგან დეპოზიტების უკანონოდ მიღება).
2.8. 2024 წლის 17 ივნისს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. შ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 13 ივნისის განჩინების გაუქმება.
3. კასატორის პოზიცია:
3.1. კასატორის პოზიციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 13 ივნისის განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია, რის გამოც, უნდა გაუქმდეს. ფ. შ–რს/ს–სს (P. s-r) ს–ში ჰყავს მეუღლე, იგი დასაქმებულია და მჭიდრო კავშირი აქვს ს–სთან. საქმეში არ მოიპოვება არცერთი დოკუმენტი, რაც სასამართლოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საშუალებას მისცემდა. ბრალდების მხარემ სულ ორი დოკუმენტი წარმოადგინა, რომელიც წინააღმდეგობრივია. წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ არის სათანადოდ დამოწმებული, ასევე არ არის წარმოდგენილი სათანადოდ დამოწმებული თარგმანი, ხოლო ერთ-ერთი ქმედება, რომლისთვისაც ითხოვენ ფ. შ–ი/ს–ის (P. s-r) ექსტრადიციას არის სამოქალაქოსამართლებრივი ხასიათის. ასევე წარმოების მასალებში არ არის წარმოდგენილი სამართლიანი სასამართლოს თაობაზე რაიმე გარანტია, რითაც დარღვეულია სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი და რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 13 ივნისის განჩინება.
4. პოზიცია საკასაციო საჩივარზე:
4.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა პოზიცია და მოითხოვა ფ. შ–ი/ს–ის (P. s-r) მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 13 ივნისის განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. შვეიცარიის კონფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ფ. იშ–ი/ს–ი (P. s-r) 2023 წლის 20 ნოემბერს ს–ს ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ დაკავებისას ფ. შ–ი/ს–ის (P. s-r) მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო შეაფასებს, არსებობს თუ არა ფ. შ–ი/ს–ის (P. s-r) შვეიცარიის კონფედერაციაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების შეცვლის რომელიმე საფუძველი.
5. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული დაექვემდებაროს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული ქმედება როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით უნდა იყოს დასჯადი; 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. მსჯავრდებულის შემთხვევაში კი ასევე აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.
6. ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა შემდეგნაირად:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამეწარმეო საქმიანობა ნებართვის გარეშე, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას და ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მითვისება, ჩადენილი დიდი ოდენობით), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია. ამდენად, ფ. შ–ი/ს–ის (P. s-r) მიერ შესაძლო ჩადენილი ზემოხსენებული ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე შვეიცარიის კონფედერაციის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა.
7. მოცემულ საქმეში ფ. შ–ი/ს–ის (P. s-r) შვეიცარიის კონფედერაციაში ექსტრადიცია მოითხოვება ისეთი ქმედებებისთვის, რომელიც დასჯადია როგორც საქართველოს, ისე შვეიცარიის კონფედერაციის სისხლის სამართლის კანონმდებლობით და ამავდროულად, მოცემული დანაშაულების დამტკიცების შემთხვევაში სასჯელის სახით, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, დაცულია „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-3-მე-4 მუხლებითა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, კერძოდ, მოცემულ საქმეში პოლიტიკური დანაშაულის/პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებული დანაშაულის ან სამხედრო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის და აღნიშნულზე არც თავად დაცვის მხარე აპელირებს.
8. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ შესაძლო ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. გარდა ზემოაღნიშნულისა, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.
9. დანაშაულებრივ ქმედებას, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება ფ. შ–ი/ს–ის (P. s-r) ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რაც ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია. ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულია.
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დადგენილია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ხანდაზმულობის ვადები. პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა ოცდაათი წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან და ექვსი წელი ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. როგორც წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, ფ. შ–მ/ს–მმა (P. s-r) შესაძლო დანაშაულები ჩაიდინა 2017 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 31 მაისამდე, 2022 წლის 14 თებერვალს შვეიცარიის კონფედერაციის ციურიხის კანტონის პროკურატურის მაგისტრატის მიერ გამოცემულია ფ. შ–ი/ს–ის (P. s-r) დაკავების ბრძანება, ხოლო 2022 წლის 17 თებერვლიდან ფ. იშ–ი/ს–ი (P. s-r) შვეიცარიის კონფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის არხებით. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები გასული არ არის. ასევე, შვეიცარიის კონფედერაციიდან მიღებული ინფორმაციით, არც შვეიცარიის კონფედერაციის კანონმდებლობით არის გასული ხანდაზმულობის ვადები. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნი, ისე – მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.
11. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ თხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულია საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილება შესაბამისი პირის მიმართ იმ დანაშაულის ან დანაშაულების ჩადენისათვის, რომლებისთვისაც მოითხოვება ექსტრადიცია. ექსტრადიციაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ გადამცემი მხარის კომპეტენტური ორგანოები გადაწყვეტენ არ დაიწყონ ან შეწყვიტონ სამართალწარმოება იმავე დანაშაულის ან დანაშაულების წინააღმდეგ.“ ასევე, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
12. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაში მითითებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით საქართველოში არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სამართალწარმოება, გარდა საექსტრადიციო პროცედურებისა. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა „Non Bis In Idem“-ის პრინციპი.
13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს, რომლის თანახმადაც, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (Mamatkulov and Askarov Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtH 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
14. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.“
15. ფ. იშ–ი/ს–ი (P. s-r) არ სარგებლობს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით. გარდა ამისა, იგი არის ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს მოქალაქე.
16. რაც შეეხება გარანტიას, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი ფ. შ–ი/ს–ის (P. s-r) უფლებები სრულად იქნება დაცული. საგულისხმოა, რომ შვეიცარიის კონფედერაციის მიმართ არ გამოთქმულა რაიმე მნიშვნელოვანი კრიტიკა ადამიანის უფლებების სისტემური ან მასშტაბური დარღვევის კუთხით. ასევე, მხედველობაშია მისაღები შვეიცარიის კონფედერაციის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში შვეიცარიის კონფედერაციის მონაწილეობის შესახებ, რომელთა შორისაა: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. სწორედ ზემოაღნიშნული მექანიზმები ერთობლიობაში მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნიან შვეიცარიის კონფედერაციაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციასთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.
17. საექსტრადიციო მასალებში არ იკვეთება, რომ საქმის განხილვისას პროცედურები აშკარად და უხეშად დაირღვა, რაც წარმოშობდა საფუძველს ვარაუდისა, რომ შვეიცარიის კონფედერაციაში შესაძლოა ფ. შ–რს/ს–სს (P. s-r) შეეზღუდოს სამართლიანი სასამართლოს უფლება, ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ამ უფლების დარღვევის საფრთხე.
18. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ შვეიცარიის კონფედერაციაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ფ. შ–ი/ს–ის (P. s-r) შვეიცარიის კონფედერაციაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
19. საკასაციო სასამართლოს ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია, დაცვის მხარის მითითება იმის თაობაზე, რომ საექსტრადიციო მასალებში არსებობს გარკვეული წინააღმდეგობა და აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მასალების თანახმად, ფ. იშ–ი/ს–ი ინტერპოლის არხებით იძებნება იმავე დანაშაულთათვის, რისთვისაც გამოცემულია დაკავების ბრძანება. დაცვის მხარის განმარტებით, შვეიცარიის კონფედერაციის საბანკო აქტის 46 (1)(a) მუხლით გათვალისწინებული ქმედება (მოქალაქეებისგან დეპოზიტების უკანონოდ მიღება) მიეკუთვნება სამოქალაქოსამართლებრივ სფეროს და არ ექვემდებარება ექსტრადიციას, რაც გათვალისწინებული ვერ იქნება, ვინაიდან მისი დაკავების ბრძანება გამოცემულია ეკონომიკური დანაშაულებისთვის, კერძოდ: შვეიცარიის კონფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსით გათალისწინებული მრავალჯერადი მითვისებისთვის (მუხლი 138 (1)(2)) და საზოგადოებრივი საბანკო აქტით დეპოზიტების უკანონო მიღებისთვის (მუხლი 46 (1)(a)). ამასთან, საზოგადოებრივი საბანკო აქტით დეპოზიტების უკანონო მიღებისთვის (მუხლი 46 (1)(a)) სასჯელის სახით გათვალისწინებულია 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმა.
20. საკასაციო სასამართლო, ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს დაცვის მხარის განმარტებას არაკომპეტენტურ თარგმანთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი ყველა ეტაპზე უზრუნველყოფილი იყო თარჯიმნის მომსახურებით, რაც დადასტურებულია თავად მის მიერ დოკუმენტებზე შესრულებული ხელმოწერებითაც, კერძოდ, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი მას მისთვის გასაგებ ინგლისურ ენაზე ეთარგმნა, რომლის შინაარსიც მისთვის გასაგები იყო და ხელი მოაწერა. აგრეთვე, წარმოებაში არსებული ინფორმაციის თანახმად, მას ჯერ სახაზინო ადვოკატი იცავდა, ხოლო შემდგომ მოწვეული ადვოკატი, რომელთაც ჩაბარდათ წარმოების დოკუმენტები, თუმცა თარგმანთან დაკავშირებული პრეტენზია არ გამოუთქვამთ. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოწვეული ადვოკატი მონაწილეობდა სხვადასხვა პროცედურაში, მათ შორის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის მოთხოვნის უფლების განმარტების პროცესში და რაიმე სახის შენიშვნა არც ამ კონკრეტულ დოკუმენტზე გამოუთქვამს. ასევე, საექსტრადიციო მასალები ნათარგმნია კანონით დადგენილი წესით, თარგმანი დამოწმებულია შესაბამისი ბიუროს ბეჭდითა და თარჯიმნის ხელმოწერით, ამდენად, გაუგებარია დაცვის მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ თარგმანი სათანადო წესით არ არის დამოწმებული.
21. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი განსაზღვრავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი და მათზე არც დაცვის მხარე მიუთითებს.
22. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის საფრთხეს, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიცია შეუსაბამოა კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no.9742/07, §29, ECtHR, 26/01/2010). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no.27279/95, ECtHR, 8/12/1997). ამდენად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში გახდეს.
23. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ფ. შ–ი/ს–ის (P. s-r) მიმართ შვეიცარიის კონფედერაციაში მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის ისეთი შესაძლო დანაშაულის ჩადენის გამო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიას. მართალია ფ. შ–რს/ს–სს (P. s-r) საქართველოში ჰყავს ოჯახი და აქვს სამეწარმეო საქმიანობა, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, ეს გარემოებები ვერ გადაწონის ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ შვეიცარიასთან მოქმედებს უვიზო რეჟიმი. შესაბამისად, საქართველოში მყოფ ფ. შ–ი/ს–ის (P. s-r) ოჯახის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა დაბრკოლებების გარეშე გადალახონ საზღვარი და მოინახულონ ოჯახის წევრი. ამდენად, ფ. შ–ი/ს–ის (P. s-r) შვეიცარიის კონფედერაციაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლში ჩარევა არ მოხდება.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ფ. შ–ი/ს–ის (P. s-r) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. შ–სის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 13 ივნისის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ფ. შ–ი/ს–ის (P. s-r) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. შ–სის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 13 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე