საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 15.07.2024
საქმის ნომერი
2კ-172აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.07.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100122006014240

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №172აპ-24 ქ. თბილისი

ფ. ბ. 172აპ-24 15 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ფ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

ბ. ფ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. ფ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 30 მაისს, 12:40 საათიდან 13:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ. ქ–ში, .......ის გამზირზე N ..-ში მდებარე ბინის მიმდებარე ტერიტორიიდან, ქურდობისთვის ნასამართლევი ბ. ფ–ე ფარულად დაეუფლა ა. ხ–ს ელექტროხელსაწყოს. დაზარალებულს მიადგა 170 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 მარტის განაჩენით:

3.1. ბ. ფ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობით მსჯავრი;

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ. ფ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.4. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბ. ფ–ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადა აეთვალა - 2022 წლის 15 ივნისიდან.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ბ. ფ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ნ–მ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ბ. ფ–ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება;

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 დეკემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება:

5.1. ბ. ფ–ე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

5.2. ბ. ფ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

5.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბ. ფ–ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად 4 წლის გამოსაცდელი ვადით;

5.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა წინა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ. ფ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

5.5. მსჯავრდებულ ბ. ფ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2022 წლის 15 ივნისიდან.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ. ფ–მ, რომელიც საჩივრით ითხოვს მის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ. ფ–სემ, რომელიც ითხოვს მის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.

9. უსაფუძვლობის გამო, სასამართლო ვერ გაიზიარებს სასამართლო კასატორის პოზიციას მისი უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულ ა. ხ–ს, მოწმეთა: უ. ს–ს, გ. კ–ს, თ. ძ–ს, ლ. გ–ს, ა. ვ–ს, ნ. ჭ–ს, ა. თ–ს, ნ. ბ–ს, დ. თ–ს ჩვენებებით, 2022 წლის 30 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2022 წლის 3 ივნისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, 2022 წლის 9 ივნისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, 2023 წლის 10 თებერვლის ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის N......... დასკვნითა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ბ. ფ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის – ქურდობის არაერთგზის ჩადენა.

10.1. დაზარალებულმა მიუთითა, რომ 2020 წლის 30 მაისს ..... პარკთან ასრულებდა გარკვეულ სამუშაოებს. შესვენებაზე გასულმა სამუშაო ხელსაწყო „ბარგალკა“ დატოვა კუთხეში, კორპუსის ძირში, ბორდიურის გვერდზე. როდესაც შესვენებიდან დაბრუნდა დაახლოებით 30-40 წუთში ბარგალკა ადგილზე არ დახვდა.

10.2. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი „....... ექსპრესიდან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის, 2020 წლის 3 ივნისისა და 2022 წლის 9 ივნისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმების თანახმად, ჩანაწერის დათვალიერებისას ჩანს ქ. ქ–ი, .......ის გამზირი №... საცხოვრებელი ბინის წინამდებარე ტერიტორია, ფეხით მოსიარულეთა ტროტუარი, სადაც მიმდინარეობს ტროტუარის სარემონტო სამუშაოები და განთავსებულია სხვადასხვა სახის სამუშაო ხელსაწყოები. 12:47 საათზე კადრში ჩნდება სამი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაგან ერთს აცვია მოლურჯო მოკლემკლავიანი მაისური, მონაცრისფრო შორტი ფოთლებისმაგვარი ორნამენტებით, შავი ფეხსაცმელი თეთრი ძირით და თავზე ახურავს ჭრელი თეთრი-მონაცრისფრო კუბოკრული კეპიანი ქუდი, მეორე მამაკაცს აცვია თეთრი მოკლემკვალიანი მაისური, მუქი ფერის შორტი, სპორტული ფეხსაცმელი, თავზე ახურავს შავ-თეთრი კეპიანი ქუდი და სახეზე უკეთია მზის სათვალე, ხოლო მესამე მამაკაცს აცვია ყვითელი ფერის მოკლემკლავიანი პერანგი, მოცისფრო ჯინსის შორტი, თეთრი სპორტული ფეხსაცმელი და თავზე ახურავს შავი ფერის კეპიანი ქუდი, აქვს მოგრძო ტეხილი თმა. ისინი გადაადგილდებიან .........ის გამზ.-ზე №..-ის მიმართულებით, საიდანაც ბრუნდებიან უკან და გადაადგილდებიან .....ს გამზ.-ზე №..-ის მიმართულებით. როდესაც ჩაუვლიან სამუშაო ხელსაწყოებს, ანელებენ სვლას და ათვალიერებენ ტერიტორიას, რის შემდგომაც, 12:49 საათზე, მითითებული ახალგაზრდა მამაკაცები უახლოვდებიან სამუშაო იარაღებს, რა დროსაც ყვითელპერანგიანი მამაკაცი იღებს ე.წ. „ბარგალკას“, ახვევს მის სადენს, იდებს შარვლის საქამრეში მუცლის მხრიდან, აფარებს ზემოდან პერანგს და მალავს, რის შემდგომაც სამივე მამაკაცი ტოვებს მითითებულ ტერიტორიას. ისინი გადაადგილდებიან .....ს გამზირზე №..-ის მიმართულებით და სცდებიან კამერის ხედვის არეალს.

10.2.1. 2022 წლის 9 ივნისის დათვალიერებაში მონაწილე ნ. ჭ–მა და ა. თ–მა განმარტეს, რომ ყვითელპერანგიანი მამაკაცი, რომელიც იღებს და იპარავს ე.წ. „ბარგალკას“, ორ დაუდგენელ პირთან ერთად, არის ბ. თ–ს ძე ფ–ე, დაბ: ..... წელს, მცხოვრები ქ. ქ–ში, თ–ს ქ. №..-ში, რომელსაც იცნობენ, რამდენჯერმე ჰყავთ ნანახი ქუჩაში და ასევე იციან, რომ იგი ნასამართლევია ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისა და ქურდობის ფაქტებზე.

10.3. 2023 წლის 10 თებერვლის ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის N...... დასკვნის თანახმად, 1. სს N.......... საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დისკზე არსებულ ვიდეოგრამებს არ აღენიშნებათ რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები. 2. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დისკზე არსებული ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე N.... დაფიქსირებული გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნების იერსახის გამოსახულება იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. 3. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დისკზე არსებული ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხულ .... წელს დაბადებულ ბ. თ–ს მე ფ–ს (პ/წ ..........) სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე მოთავსებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პირის იერსახის გამოსახულება.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებითა და ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის N....... დასკვნით დასტურდება ბ. ფ–ს შემთხვევის ადგილზე ყოფნისა და მის მიერ ა. ხ–სის კუთვნილი სამუშაო ხელსაწყოს ე.წ. „ბარგალკის“ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების ფაქტი.

12. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ერთი მხრივ, ითვალისწინებს, რომ კასატორმა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მკაფიოდ ფორმულირებასთან ერთად უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა. ანალოგიურად, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილიც საკასაციო საჩივრის დასაშვეობას უკავშირებს ამავე ნაწილში მითითებული საფუძვლების დასაბუთებას, რაც გულისხმობს, რომ მკაფიოდ უნდა იყოს იდენტიფიცირებული საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული, რომელი საფუძვლით ასაჩივრებს და კონკრეტულად რითი ასაბუთებს კასატორი საკუთარ პოზიციას. ამდენად, კასატორმა უნდა განსაზღვროს არა მხოლოდ განაჩენის გასაჩივრების კონკრეტული საფუძველი, არამედ მკაფიოდ მიუთითოს ის არგუმენტებიც, რომლებიც ადასტურებენ კასატორის პოზიციას და შესაბამისად - გასაჩივრებული განაჩენის უკანონობას.

12.1. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარში კასატორი თავისი პოზიციის დასაბუთებისათვის არ უთითებს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების უკანონობის არცერთ არგუმენტს. საკასაციო საჩივარში მართალია კასატორი უთითებს, რომ ამოცნობა ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა არაკვალიფიციურია და კანონის უხეში დარღვევითაა გაცემული, საქმეში პოლიციელთა დაინტერესებიდან გამომდინარე მოხდა მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია, თუმცა მითითებული გარემოებების დასადასტურებლად კასატორს რაიმე კონკრეტული მტკიცებულება ან არგუმენტი არ წარმოუდგენია. შესაბამისად, ამ ნაწილში მოთხოვნა დაუსაბუთებელია.

12.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორის პოზიციაზე, სამუშაო ხელსაწყოს ე.წ. „ბარგალკის“ ღირებულებასთან დაკავშირებით, იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ და ვინაიდან, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, რომ ბ. ფ–ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ნივთის ღირებულება აღემატებოდა 150 ლარს ამოურიცხა ბ. ფ–ს დამამძიმებელი გარემოება – ქურდობა რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია – ჩადენა (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

13. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას ბ. ფ–ს უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ბ. ფ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

13.1. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №230აპ–13 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.1.2.; 2022 წლის 12 სექტემბრის №781აპ-22 განჩინება; 2022 წლის 7 სექტემბრის №748აპ-22 განჩინება).

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საკასაციო საჩივრების დასაშვებობის მოთხოვნების შემოღება და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07,par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009). ამასთან, ვინაიდან მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

15. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

16. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

17. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ბ. ფ–ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 დეკემბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი