საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 09.07.2024
საქმის ნომერი
2კ-357აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.07.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 060100123007139482

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №357აპ-24 9 ივლისი, 2024 წელი

ა-ი . №357აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. თ. ა–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი)) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2023 წლის 9 მარტს, დაახლოებით 03:00 საათზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა თ. ა–მა, ვ–ს რაიონის სოფელ ყ–ში მდებარე თავისსავე საცხოვრებელ სახლში, მეუღლეს – მ. ქ–ს, ურთიერთშელაპარაკებისას, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, იმ მიზეზით, რომ მან არ აალაგა სუფრა, იარაღის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. მ. ქ–ს ქმედების შედეგად გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში.

1.3. 2022 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა თ. ა–მა, ვ–ს რაიონის სოფელ ყ–ში მდებარე თავისსავე საცხოვრებელ სახლში, მეუღლეს – მ. ქ–ს, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, იმ მიზეზით, რომ მას სურდა სტუმრების დროებით დატოვება და მშობლებთან წასვლა, მოჰქაჩა თმები, ფეხი დაარტყა ფეხის არეში. ქმედების შედეგად მ. ქ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.4. 2023 წლის 9 მარტს, დაახლოებით 03:00 საათზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა თ. ა–მა, ვს რაიონის სოფელ ყ–ში მდებარე თავისსავე საცხოვრებელ სახლში, მეუღლეს – მ. ქ–ს, ურთიერთშელაპარაკებისას, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, იმ მიზეზით, რომ მან არ აალაგა სუფრა, მოჰქაჩა თმები, ხელი დაარტყა სახის არეში და ესროლა ბავშვის სათამაშო. ქმედების შედეგად მ. ქ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა თ. ა–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

2.2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 ივნისის განაჩენით, თ. ა–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2022 წლის 28 ნოემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 9 მარტის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებით.

2.3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 ივნისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილემ დარიკო ვადაჭკორიამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, თ. ა–ს წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. 2023 წლის 17 ნოემბერს, სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილემ – დარიკო ვადაჭკორიამ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, თ. ა–ს წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3.3. 2024 წლის 8 იანვარს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის შესაგებელი წარმოადგინა დაცვის მხარემ, რომლითაც ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, ვინაიდან, დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა თ. ა–ს ბრალეულობა. საქმეში წარმოდგენილი შეტყობინებით ირკვევა, რომ გამოძიება დაიწყო დაზარალებულის მამიდის – მ. ქ–ს შეტყობინების საფუძველზე. გამოძიების ეტაპზე დაზარალებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, მან ასევე მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, მ. ქ–ს მიერ მიწოდებული ინფორმაციით შედგა შემაკავებელი ორდერი. მოწმე მ. ქ–მ დაადასტურა, რომ მას წერილობითი და ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა დაზარალებულმა, სადაც მამიდას მოუყვა ძალადობის შესახებ და სთხოვა შველა. ამოღებული აუდიოჩანაწერით კი დასტურდება ბრალდებულისა და დაზარალებულის საუბარი. კასატორი, ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას. ამდენად, კასატორის მითითებით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სტანდარტით, დასტურდება თ. ა–ს მიერ მეუღლის – მ. ქ–ს მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობა (ორი ეპიზოდი), ასევე სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება თ. ა–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.

5.3. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ თ. ა–ს ბრალი ედებოდა ოჯახში ძალადობისთვის, კერძოდ, მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ორი ეპიზოდისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარისათვის, რამაც მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში გააჩინა, თუმცა აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა მ. ქ–მ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. სხვა მტკიცებულება კი, რომელიც დაადასტურებდა თ. ა–ს მიერ მ. ქ–ზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებს, წარმოდგენილი არ არის.

5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, კასატორის მიერ მითითებული მოწმეების – მ. ქ–ს და ბ. ზ–ს ჩვენებებზე და განმარტავს, რომ აღნიშნული მოწმეები, თ. ა–ს მიერ შესაძლო ოჯახური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით, ინფორმაციას ფლობენ თავად დაზარალებულ მ. ქ–სგან. ისინი არ არიან ბრალადწარდგენილი ფაქტების უშუალო თვითმხილველნი, შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბი შინაარსისაა, რაც ვერ დაედება საფუძვლად პირის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.

5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.7. კასატორის არგუმენტაციით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი წარმოადგენს დამოუკიდებელ მტკიცებულებას, რომელიც შესაძლოა, საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებით დასტურდება თ. ა–ს მიერ მეუღლის, მ. ქ–ს მიმართ შესაძლო განხორციელებული ოჯახური ძალადობისა (ორი ეპიზოდი) და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტები, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი. ამდენად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება ორ შემთხვევაში: 1. ინფორმაციის (ჩვენების) შესამოწმებლად და 2. საგამოძიებო ვერსიის შესამოწმებლად. საქართელოს სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტი მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული იმ ვითარებასთან, რომელშიც ხდებოდა აღსადგენი შემთხვევა.

5.9. აღსანიშნავია, რომ მ. ქ–სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის თანახმად, მოწმემ მიუთითა თავის საცხოვრებელ სახლზე, რომელშიც მისი განმარტებით, თ. ა–მა იძალადა მასზე. გასათვალისწინებელია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას არ გამოვლენილა ახალი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ: არ ამოღებულა დანაშაულის საგანი ან/და რაიმე სხვა ნივთი, რომელსაც შესაძლოა არსებითი გავლენა ჰქონოდა და მტკიცებულებითი მნიშვნელობა შეეძინა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელიც თავისი შინაარსით ჩატარებულია ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულების პირველწყაროს წარმოადგენს, სწორედ ის პირი (დაზარალებული), რომელმაც სასამართლოში მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, რაც სასამართლოს ართმევს შესაძლებლობას ამ მტკიცებულების სისწორე შეამოწმოს ინფორმაციის მიმწოდებელ პირთან, ამ შემთხვევაში დაზარალებულთან.

5.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურა.

5.11. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ცალკე აღებული, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმსა და შემაკავებელ ორდერში მითითებული მწირი ინფორმაცია, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელ ნიშნებს (ფიზიკური ტკივილის განცდა, საფუძვლიანი შიში), სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დანაშაულების ჩადენის ფაქტების დასადასტურებლად. მით უფრო, როდესაც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით არ დასტურდება მ. ქ–ს სხეულზე რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები. ამდენად, კასატორის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.

5.12. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება თ. ა–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტები, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა გამართლებულის სასარგებლოდ. ამასთან, კასატორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა. სააპელაციო სასამართლომ, კი თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა თ. ა–ს წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი.

5.13. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველი საქმის მოცემულობიდან.

5.14. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.15. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე