შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 30.05.2024
საქმის ნომერი
2კ-1299აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.05.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100122006114629

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №1299აპ-23 ქ. თბილისი

ლ. ბ. 1299აპ-23 30 მაისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ლ–ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 ივნისის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. ლ–ს, – დაბადებულს 1... წელს, – ბრალად ედებოდა თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. ლ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 8 ივლისს, დაახლოებით 23:40 საათზე, თ-ს რაიონის სოფელ ნ-ში, ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარედ, ყოფილი ს..... შენობის ახლოს, ბ. ლ–მ სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, კერძოდ დანისებური საგნის დემონსტრირებით, ფიზიკური ძალის გამოყენებით ც. ბ–ს წაართვა მისი კუთვნილი მოთეთრო ფერის ხელჩანთა, რომელშიც ამ უკანასკნელს პირად ნივთებთან ერთად მოთავსებული ჰქონდა თანხა 1500 ლარის ოდენობით. დაეუფლა რა ც. ბ–ს კუთვნილ ხელჩანთას, ბ. ლ–მ სირბილით დატოვა შემთხვევის ადგილი, რის შემდგომ ხელჩანთიდან ამოიღო და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა თანხას 1500 ლარის ოდენობით, ხოლო ხელჩანთა, მასში მოთავსებულ ნივთებთან ერთად დააგდო თ-ს რაიონის სოფელ ნ–ში, სასმელი წყლის ჭის უკან მდებარე ი. ც-ის საკარმიდამო ნაკვეთში.

3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. ბ. ლ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. ბ. ლ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2022 წლის 9 ივლისიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ. ლ–მ, რომელმაც მიუთითა, რომ არ ეთანხმებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს, რომლითაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

4.1. მსჯავრდებულმა ბ. ლ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა შ. ს-მ დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვეს ბ. ლ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკვალიფიცირება, ხოლო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შემთხვევაში, სასჯელის შემსუბუქება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 ივნისის განაჩენით დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ. ლ–მ, რომელიც ითხოვს მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკვალიფიცირებას და მინიმალური სასჯელის შეფარდებას.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ბ. ლ–ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ბ. ლ–ს ითხოვს მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილიდან საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილზე გადაკვალიფიცირებას და მინიმალური სასჯელის განსაზღვრას.

3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ყაჩაღობა საქართველოს სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავშია მოქცეული, იგი ორობიექტიანი დანაშაულია და ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ასევე საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს/ჯანმრთელობას და მისი საშიშროება ხელყოფის ხასიათშიც ვლინდება. ყაჩაღობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა. ყაჩაღობის დროს პირის მიზანს წარმოადგენს დაზარალებულის მოძრავი ნივთის დაუფლება მისაკუთრების მიზნით. აღნიშნული მიზნის მისაღწევად პირი იყენებს თავდასხმას (რომელიც ხორციელდება სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ასეთივე ძალადობის გამოყენების მუქარით). შესაბამისად, აღნიშნული დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი განზრახვით. შესაბამისად, ქმედების საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს არამხოლოდ ამავე მუხლით გათვალისწინებული თავდასხმის ფაქტი, არამედ, პირველ რიგში მიზნის – სხვისი მოძრავი ნივთის მისაკუთრება – არსებობა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 12 მარტის N945აპ-23 განაჩენი) და აღნიშნული მიზნის მისაღწევად საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ინტენსივობის ძალადობის/ ძალადობის მუქარის გამოყენება.

4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

5. სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულ ც. ბ–ს ჩვენებას. დაზარალებულის განმარტებით, 2022 წლის 8 ივლისს იმყოფებოდა ახლობელთან სტუმრად, სოფელ ნ-ში. დაახლოებით 23:40 საათზე წავიდა მარკეტში ლუდის საყიდლად. როდესაც მარკეტიდან უკან ბრუნდებოდა, გზაში შენიშნა ახალგაზრდა მამაკაცი, თუმცა ყურადღება არ მიუქცევია. როდესაც მიდიოდა ე.წ. „ს-ს“ ტერიტორიაზე, შენიშნა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი მას აედევნა, მიუახლოვდა და სთხოვა ბუნებაში გასეირნება, რაზეც უარით უპასუხა. ახალგაზრდა მამაკაცი მას არ შეეშვა და სთხოვდა ბუნებაში გასეირნებას. ამ დროს შენიშნა, რომ მარჯვენა გვერდითა ჯიბიდან ამოიღო დანა, იქ განათება არ იყო, მაგრამ შუქის ანარეკლზე დაინახა. გაშალა, მისთვის არც მოუქნევია და არც მიუდია დანა, თუმცა ის მიხვდა უკვე მის თავს რაც ხდებოდა, ისევ გზისკენ აიღო გეზი, რა დროსაც დაემუქრა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და წაართვა ჩანთა, ხელი ჰკრა გულმკერდის არეში, წააქცია და გაიქცა. გაეკიდა, მაგრამ მიხვდა რომ ვერ დაეწეოდა და დაიწყო ყვირილი, რაც გაიგო მისმა ახლობელმა ლ. ხ–ემ და დარეკა პოლიციაში. დაზარალებულის განმარტებით, მას ხელჩანთაში მოთავსებული ჰქონდა სხვადასხვა ნივთები და თანხა, 1510 ლარის ოდენობით, ასლარიანი, ოცლარიანი და ათლარიანი კუპიურებით. თანხა მოთავსებული ჰქონდა საფულეში, რომელიც ჩანთაში ედო. დაინახა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მას ხელი ჰკრა, წააქცია, ჩანთა გასტაცა და გაიქცა, სირბილის დროს წაიქცა. მეორე დღეს, როდესაც ჩატარდა დათვალიერება, სწორედ იმ ადგილზე სადაც ის მამაკაცი წაიქცა, იპოვეს საფულე მასში მოთავსებული პირადობის მოწმობით. როდესაც პირადობას დახედა, იქვე იცნო თავდამსხმელი პირი - ბ. ლ–ს. მისივე განმარტებით, მან კარგად დაინახა თუ როგორ ამოიღო მარჯვენა ჯიბიდან ბ. ლ–მ ვერცხლისფერი დანა, დაემუქრა და მოსთხოვა ფული. დაზარალებულის განმარტებით ის ბ. ლ–სთან ერთად არანაირ დანგრეულ შენობაში არ შესულა და ბ. ლ–ს მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება არ უთხოვია, ის მას სთხოვდა ბუნებაში გასეირნებას და თუ რატომ, მისთვის უცნობია. ბ. ლ–ს ახლობლების მხრიდან მიყენებული ზიანი აუნაზღაურდა, გადაუხადეს 2500 ლარი და ხელის მოწერითაც დაადასტურა ზიანის ანაზღაურების ფაქტი. დაზარალებულის განმარტებით, ბ. ლ–ს მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და თანახმაა მის მიმართ გავრცელდეს შეღავათები.

6. ბ. ს–მ (თ-ს რაიონული სამმართველოს ნ-ის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლი) პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2022 წლის 8 ივლისიდან 2022 წლის 9 ივლისამდე იმყოფებოდა სამსახურში, ოპერატიულ მორიგედ. როდესაც მოძრაობდა სოფლის ტერიტორიაზე, მას დაუკავშირდა ტელეფონზე ლ. ხ–ე და აცნობა, რომ მის ნაცნობ ც. ბ–ს ყაჩაღურად გასტაცეს ხელჩანთა, რაშიც ედო თანხა. თავის მხრივ, აღნიშნულის შესახებ დარეკა სამმართველოს სამორიგეო ნაწილში და ხელმძღვანელობას აცნობა მომხდარის თაობაზე. მოწმის განმარტებით, როდესაც გამოცხადდა სოფელ ნ-ში, იქ ადგილზე დახვდა ლ. ხ–ე და ც. ბ–ე.

7. 2022 წლის 9 ივლისის N.... შეტყობინების რეგისტრაციის ბარათით დასტურდება, რომ 2022 წლის 9 ივლისს, თ-ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ. კ–ს დაუკავშირდა თ-ს რაიონული სამმართველოს ნ-ს პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი – ბ. ს–ე და შეატყობინა, რომ მას დაუკავშირდა ც. ბ–ე, რომელმაც შეატყობინა, რომ თ-ს რაიონის სოფელ ნ-ში ფეხით მოძრაობის დროს უცნობმა პირმა დანის მუქარით გასტაცა ხელჩანთა ფულით და ითხოვა დახმარება.

8. სასამართლო ითვალისწინებს 2022 წლის 9 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რომლითაც დასტურდება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში ც. ბ–მ გამომძიებელს სოფელ ნ-ში მიუთითა ადგილზე, სადაც 2022 წლის 9 ივლისს, დაახლოებით 23:40 საათზე შეხვდა ახალგაზრდა, მისთვის უცნობი ბიჭი, რომელმაც სთხოვა ბუნებაში გასეირნება. ც. ბ–მ მიუთითა ადგილზე, სადაც მას დანით დაემუქრა მისთვის უცნობი ახალგაზრდა ბიჭი და გასტაცა კუთვნილი ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული ჰქონდა საფულე, 1500 ლარით. აღნიშნულ ადგილზე აღმოაჩინეს ყავისფერი, ოთხკუთხა ფორმის, დასაკეცი საფულე. საფულეში მოთავსებული იყო ბ. ლ–ს პირადობის მოწმობა (დ.... წელს, პ/ნ ........). აღნიშნული პირადობის მოწმობის დანახვისას, მოწმე ც. ბ–მ განაცხადა, რომ პირადობის მოწმობის ფოტოსურათზე ამოიცნო ის პირი, ვინც მას 8 ივლისს დანის გამოყენებით გასტაცა ხელჩანთა ფულითა და ნივთებით (იხ.: ტ.1, ს.ფ.8-15).

9. 2022 წლის 9 ივლისის ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ბ. ლ–ს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ი. ც-ის საკარმიდამო ნაკვეთში იპოვეს თეთრი ფერის ხელჩანთა, მასში არსებული საფულითა და სხვადასხვა ნივთებით, მათ შორის თანხით - 40 ლარის ოდენობით და ც. ბ–ს სახელზე გაცემული პირადობის მოწმობით (იხ. ტ.1, ს.ფ. 46-52).

10. 2022 წლის 10 ივლისის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ წარდგენილი სამი პირიდან, ც. ბ–მ ამოიცნო მარჯვნიდან პირველ ადგილზე მდგარი პირი - ბ. ლ–ს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 105-109).

11. ბ. ლ–მ მოწმის სახით ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2022 წლის 8 ივლისს, როდესაც სახლში ბრუნდებოდა, დაინახა ქალბატონი, რომელიც გზაზე იდგა. მივიდა მასთან და გაიცნო. შესთავაზა ინტიმური კავშირის დამყარება, რაზეც ქალბატონი დასთანხმდა და თანხაზეც შეთანხმდნენ. წავიდნენ ე.წ. „ს-ს“ დანგრეული შენობებისკენ. შევიდნენ დანგრეულ შენობაში. როდესაც მიმოიხედა, ადგილი არ მოეწონა და გადაიფიქრა ც. ბ–სთან სქესობრივი კავშირის დამყარება. დანგრეულ შენობაში ყოფნის დროს, ც. ბ–მ ჩაიწია შარვალი, გადაიხარა და უთხრა „თუ რამე გინდა ჰა ქენიო“. ამ დროს, მან გაიტაცა ც. ბ–ს ჩანთა და გაიქცა. გაქცევის დროს წაიქცა და იტკინა ფეხი. ასევე, გზაში, როდესაც გარბოდა, მეორედაც წაიქცა და დაებნა ნივთები. რაც შეძლო აკრიფა ნივთები და გაიქცა. ბ. ლ–ს განმარტებით, მას ყაჩაღობის მიზანი არ ჰქონია და არც დანა ჰქონია. უბრალოდ მას შემდეგ რაც აღარ მოუნდა სქესობრივი კავშირის დამყარება, თანხა უკან მოსთხოვა ც. ბ–ს, რაც არ მისცა. აღნიშნულზე გაბრაზებულმა კი გასტაცა თანხა და გაიქცა.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის ბ. ლ–ს მიერ ც. ბ–სათვის ხელჩანთის (რომელშიც იყო თანხა 1500 ლარი და პირადი ნივთები) წართმევის ფაქტი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასების საგანია, ბ. ლ–ს თავს დაესხა თუ არა ც. ბ–ს სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ძალადობის გამოყენების მუქარით დანისმაგვარი საგნის გამოყენებით და ეს ქმედება ემსახურებოდა თუ არა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანს.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებული ერთგვაროვნად და თანმიმდევრულად აღწერს მის მიმართ ბ. ლ–ს მიერ ჩადენილ ქმედებებს მოწმის სახით დაკითხვისას, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას და ამოცნობისას.

13.1. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2022 წლის 9 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შინაარსი სრულად ეფუძნება დაზარალებულ ც. ბ–ს მიერ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის დროს მიწოდებულ ინფორმაციას. შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის ჩვენება ერთი წყაროდან მოპოვებული მტკიცებულებაა, რის გამოც, მსჯავრდების მიზნებისთვის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ უნდა იქნეს განხილული დამოუკიდებელ მტკიცებულებად (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის N158აპ-23 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 2 ოქტომბრის N496აპ-23 განჩინება).

14. N..... შეტყობინებასთან (რომლის თანახმადაც ინსპექტორ-გამომძიებელ გ. კ–ს დაუკავშირდა ბ. ს–მე და შეატყობინა, რომ მას დაუკავშირდა ც. ბ–სე, რომელმაც უთხრა, რომ თ-ს რაიონის სოფელ ნ-ში, ფეხით მოძრაობის დროს უცნობმა პირმა დანის მუქარით გასტაცა ხელჩანთა ფულით და ითხოვა დახმარება) მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს, რომ, შეტყობინების ავტორი არ არის თავად დაზარალებული. შეტყობინებაში მითითებული ინფორმაცია მისთვის ცნობილი გახდა სხვა პირისგან, ამასთან ინფორმაციის წყაროს ნაწილში შეტყობინებაში მითითებული გარემოებები ეწინააღმდეგება მოწმე ბ. ს–ს ჩვენებას. კერძოდ, მოწმის სახით დაკითხვისას ბ. ს–მ მიუთითა, რომ მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია მიიღო ლ. ხ–საგან, ხოლო შეტყობინებაში მითითებულია, რომ მას დაუკავშირდა დაზარალებული ც. ბ–ე.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმე ბ. ს–ც ყაჩაღობის ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უშუალოდ არ შესწრებია და მომხდარის შესახებ გადმოცემით იცის დაზარალებული ნაცნობისაგან – ლ. ხ–საგან. შესაბამისად, ბ. ს–ის ჩვენება ირიბი ჩვენებაა, რომლის გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-37, II-52). შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით საქართველოს სსსკ-ით დადგენილი მტკიცებითი სტანდარტით ვერ დასტურდება, ბ. ლ–ს მიერ დანის/დანისებრი საგნის გამოყენებით ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის 2022 წლის 9 ივლისის ოქმის თანახმად, ბ. ლ–ს დაკავება მოხდა თ-ს რაიონ სოფელ ნ-ს საავტომობილო გზაზე და ბ. ლ–ს პირადი ჩხრეკისას ამოიღეს მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხის ნაწილი - 965 ლარი, სხვა რაიმე ნივთის ამოღება პირადი ჩხრეკის დროს არ მომხდარა; დაზარალებულ ც. ბ–ს ჩვენებით დგინდება, რომ მას შემდეგ რაც ბ. ლ–მ გასტაცა ჩანთა და გაიქცა, გაქცევისას კი - წაიქცა; წაქცევის ფაქტს ადასტურებს მსჯავრდებულიც და განმარტავს, რომ წაქცევისას დაებნა სხვადასხვა ნივთები; იმავდროულად, 2022 წლის 9 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი იქნა მხოლოდ ოთხკუთხედი ფორმის დასაკეცი საფულე; დანა/დანისმაგვარი საგანი არ ამოუღიათ ასევე არც 2022 წლის 9 ივლისის ადილმდებარეობის დათვალიერებისას, როდესაც ბ. ლ–ს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა ი. ც-ის საკარმიდამო ნაკვეთის დათვალიერება, საიდანაც ამოიღეს ბ. ლ–სს მიერ დამალული ც. ბ–სის ჩანთა.

17. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ბ. ლ–ს არ უარყოფს ც. ბ–ს კუთვნილი ჩანთის დაუფლებას, მაგრამ მსჯავრდებული და დაზარალებული განსხვავებულად აღწერენ ჩანთის დაუფლების ხერხს და მოტივს.

18. ამდენად, ბ. ლ–ს მიერ სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, კერძოდ დანისებური საგნის დემონსტრირებით, ფიზიკური ძალის გამოყენებით ც. ბ–სისათვის მისი კუთვნილი მოთეთრო ფერის ხელჩანთის წართმევის ფაქტი დასტურდება მხოლოდ დაზარალებულის პირდაპირი მამხილებელი ჩვენებით. სხვა პირდაპირი ან/და გარემოებითი მტკიცებულება ბ. ლ–ს მიერ დანისმაგვარი საგნის გამოყენებით თავდასხმის ჩადენის მტკიცებისთვის, ბრალდების მხარეს არ წამოუდგენია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ბ. ლ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ერთადერთი და ძირითადი მტკიცებულებაა დაზარალებულ ც. ბ–ს ჩვენება, რაც არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბ. ლ–ს მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტის მტკიცების და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის.

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლი დასჯადად აცხადებს ძარცვას, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გულისხმობს სხვისი ქონების ანგარებით დაუფლებას თვალნათლივ იმ პირისათვის, ვის საკუთრებაში, მფლობელობასა ან სარგებლობაში იმყოფება ნივთი, ან სხვა ადამიანისათვის. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ნივთის აშკარა დაუფლება ხდება მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირთა თანდასწრებით და აუცილებელია მძარცველს შეგნებული ჰქონდეს მისი ქმედების აშკარა ხასიათი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე N 566აპ-18).

20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულის ჩვენების თანახმად ბ. ლ–სმ წაართვა ჩანთა, რომელშიც ჰქონდა თანხა 1500 ლარი და პირადი ნივთები. ჩანთის წართმევის ფაქტსა და მასში არსებული თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებას ადასტურებს თავად მსჯავრდებული ბ. ლ–ც. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის დაზარალებულის და მსჯავრდებულის ჩვენებებით, ადგილმდებარეობის დათვალიერების 2022 წლის 9 ივლისის ოქმით, 2022 წლის 9 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და სხვა მტკიცებულებებით), გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ ბ. ლ–ს მიერ დაზარალებულის კუთვნილი ხელჩანთის, მასში არსებული 1500 ლარით, დაუფლება განხორციელდა აშკარად, დაზარალებულის მკაფიოდ გამოხატული ნების საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ბ. ლ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - ძარცვა - ჩადენა.

21. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეების მიერ სადავო არ არის ბ. ლ–სს ქმედებით დაზარალებულისთვის 1500 ლარის ოდენობის ზიანის მიყენება.

22. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, საქართველოს სსკ-ის XXV თავში (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ) მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. ხოლო საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებისთვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

23. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ბ. ლ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

24. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ბრალდების გადაკვალიფიცირება ბრალდებულისთვის საკმარისად განჭვრეტადად არის მიჩნეული, თუ იგი ბრალდების თანდაყოლილ ელემენტს წარმოადგენს (De Salvador Torres v. Spain, no. 21525/93 § 33, ECtHR, 24/10/1996; Sadak and Others v. Turkey, 29900/96, 29901/96, 29902/96 and 29903/96, § 52 and §56, ECtHR, 17/07/2021; Juha Nuutinen v. Finland, no 45830/99, § 32, ECtHR, 24/07/2007).

25. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ქმედების კვალიფიკაციის შეცვლით არ იცვლება დანაშაულის კატეგორია. კერძოდ, მსჯავრდებულ ბ. ლ–ს ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც საქართველოს სსკ-ის მე-12 მუხლის თანახმად, წარმოადგენს მძიმე დანაშაულს. საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულიც მძიმე კატეგორიის დანაშაულია.

26. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე.

27. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

28. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის საფუძველზე პირს უნდა დაეკისროს „სასჯელის სწორედ ის სახე და სწორედ იმ ვადით, რაც.. საქმის გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას დანაშაულის ბუნების, მისი ჩადენის გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N 1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6 )

29. სასამართლო, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან ერთად, ასევე ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის ხერხს, ვითარებას, მოტივს, მიყენებული ზიანის ხასიათს, მსჯავრდებულის პიროვნებას, სამართალწარმოების მიმდინარეობისას მის ქცევას, მსჯავრდებულის პოზიციას მისთვის შერაცხულ დანაშაულთან მიმართებით (აღიარებდა ძარცვის ფაქტს), დაზარალებულის პოზიციას (დაზარალებულისათვის ზიანი ანაზღაურებულია და ბ. ლ–სს მიმართ პრეტენზია არ გააჩნია). ასევე, იმ გარემოებას, რომ ბ. ლ–ს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 მარტის განაჩენით ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის.

30. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენის დროს – 2022 წლის 8 ივლისს - ბ. ლ–ს იყო განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი (ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა), რაც, საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, წარმოადგენს დანაშაულის რეციდივს და განაპირობებს სასჯელის დანიშვნას რეციდივის წესით.

30.1. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

31. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს სასჯელის მხოლოდ ერთ სახეს – თავისუფლების აღკვეთას. იმავდროულად, სს საქმეზე არ არის წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება და არ არსებობს არც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების საფუძველი.

32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბ. ლ–ს საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 58-ე მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის უნდა განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ბ. ლ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ბ. ლ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე;

4. ბ. ლ–ს ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

5. ბ. ლ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავებიდან - 2022 წლის 9 ივლისიდან.

6. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი