საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 06.06.2024
საქმის ნომერი
2კ-87აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.06.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 030100123006946439

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №87აპ-24 ქ. თბილისი

რ.მ. 87აპ-24 6 ივნისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. რ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – ლ. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. რ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

2.1. 2023 წლის 3 თებერვალს დაახლოებით 20:30 საათზე, ალკოჰოლით მთვრალმა მ. რ–მ, ქ. ფ–ში, მ–ს დასახლება N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, ხელის დარტყმით შუბლის მიდამოში ღია ჭრილობების სახით, ოჯახის ორ წევრს: მეუღლეს - მ. ტ–ს და მეუღლის ძმას - რ. ტ–ს, რომელთანაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებები, რამაც მათი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია;

2.2. 2023 წლის 3 თებერვალს დაახლოებით 20:30 საათზე, ალკოჰოლით მთვრალი წინათ მეუღლის მიმართ ძალადობისა და მუქარისათვის ნასამართლევი მ. რ–ე, ქ. ფ–ი, მ–ს დასახლება N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, არაერთგზის, ყელის გამოჭრით და მოკვლით დაემუქრა მეუღლეს, მ. ტ–ს, რომელსაც მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა;

2.3. 2023 წლის 3 თებერვალს დაახლოებით 20:30 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი წინათ მეუღლის მიმართ ძალდობისა და მუქარისათვის ნასამართლევი მ. რ–ე, ქ. ფ–ში, მ-ს დასახლება N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, არაერთგზის, ყელის გამოჭრით და მოკვლით დაემუქრა ოჯახის წევრს, მეუღლის ძმას - რ. ტ–ს, რომელთანაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას და მას მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩინა.

3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 აპრილის განაჩენით მ. რ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მეორე ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი):

3.1. მ. რ–ს საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მეორე ნაწილით სასჯელად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელიდან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად;

3.2. მ. რ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (მ. ტ–სას ეპიზოდი) სასჯელად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად;

3.3. მ. რ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (რ. ტ–სის ეპიზოდი) სასჯელად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად.

3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ბრალდებულ მ. რ–ს საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მეორე ნაწილით სასჯელად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელიდან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

3.5. მსჯავრდებულ მ. რ–ს სასჯელი აეთვალა დაკავებიდან - 2023 წლის 3 თებერვლიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ემელიანე ბერაიამ სასჯელის დამძიმების კუთხით და მოითხოვა მ. რ–ს სასჯელი განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების გარეშე.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ივნისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ცვლილება შევიდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 აპრილის განაჩენში. კერძოდ,5.1. მ. რ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მეორე ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

5.1.1. საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მეორე ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

5.1.2. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (მ. ტ–ს ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

5.1.3. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (რ. ტ–ს ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

5.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მ. რ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე;

5.3. მსჯავრდებულ მ. რ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2023 წლის 3 თებერვლიდან.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. რ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. მ–მა, რომელიც ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ივნისის განაჩენის გაუქმებას. საკასაციო საჩივარს ერთვის მოწმე მ. ტ–სა და მსჯავრდებულ მ. რ–ს გამოკითხვის ოქმები, მოწმე მ. ტ–ს ხელწერილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე თანხმობის შესახებ, ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულების: მ. ტ–სა და რ. ტ–ს, მოწმეთა: გ. ლ–ს, ბ. მ–ს გამოკითხვის ოქმებით, 2023 წლის 4 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, N....... და N......... შემაკავებელი ორდერებით, სამედიცინო ისტორიითა და სამედიცინო ექსპერტიზის N......... და N........... დასკვნებით), გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მ. რ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

10. სასამართლო ითვალისწინებს, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის თანახმადაც, „მხარის ინიციატივით, სასამართლომ შეიძლება უარყოს პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს“.

10.1. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები თანხვდენილია, მათ შორის არ არის რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა, რაც სასამართლოს მისცემდა უდავოდ ცნობილი მტკიცებულების არგაზიარების საფუძველს; ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევა, რასაც შეეძლოა არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილს, რომელიც საპროცესო ნორმების დარღვევის გამო განაჩენის საკასაციო საჩივრის დასაშვებობას უკავშირებს საპროცესო კანონმდებლობის მხოლოდ ისეთ მნიშვნელოვან დარღვევას, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რაც მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება.

10.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულები – მ. ტ–სა და რ. ტ–სა და შემთხვევის (საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი)) თვითმხილველი მოწმე გ. ლ. ერთგვაროვნად და თანმიმდევრულად აღწერენ განვითარებულ მოვლენებს. ყველა მათგანი ცალსახად ადასტურებს მ. რ–ს მიერ დაზარალებულების მიმართ როგორც მუქარას, ასევე მათ სხეულზე არსებულ დაზიანებებს (შუბლის მიდამოში ღია ჭრილობები). მოწმეთა ჩვენებები თანხვდენილია როგორც ძალადობის ჩადენის და დაზიანების მიყენების, ასევე ძალადობის მიზეზების, მოვლენათა განვითარებისა და მუქარის ნაწილში.

10.3. 2023 წლის 20 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს წერილით მომართა მსჯავრდებულმა მ. რ–მ, რომელიც უთითებს, რომ აღიარებს მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას და ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას, რათა დაეხმაროს ოჯახს, რომელსაც მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის გამო აქვს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა.

10.4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს აღნიშნულ მოწმეთა გამოკითხვის ოქმების სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს მისცემდა.

11. სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას წინასასამართლო სხდომაზე დაცვის უფლების შეზღუდვის (დაცვის მხარის მონაწილეობის გარეშე ჩატარება) შესახებ. სასამართლო ერთი მხრივ ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 219-ე და 207-ე მუხლებს, და მეორე მხრივ - 2023წლის 16 მარტის წინასასამართლო სხდომის ოქმს ( ტ.1, ს.ფ. 259), რომლის თანახმად სხდომას ესწრებოდა ბრალდებული, სხდომაზე განმარტებული იყო საქართველოს სსსკ-ით გათვალისწინებული უფლებები და გამოკვლეული იყო საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხები (მათ შორის, აცილების და სხვა შუამდგომლობების დაყენების საკითხი), ბრალდებულის მიერ უდავოდ იქნა ცნობილი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

12. იმავდროულად, საკასაციო საჩივარზე დამატებით დართულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ი არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულებების დაშვებისა და გამოკვლევის სამართლებრივ საფუძველს; „საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, შეუძლებელია ახალი მტკიცებულების წარდგენა, მისი გამოკვლევა და სასამართლოს მიერ გამოყენება, აგრეთვე – მოწმეთა დაკითხვა“ (მაგ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს: 2021 წლის 18 ნოემბრის №484აპ-21, 2021 წლის 18 ოქტომბრის №326აპ-21, 2015 წლის 7 ივლისის №95აპ-15 განჩინებები). საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ა“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებს და იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსსკ-ის 311-ე მუხლის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია, გარდა ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შესაბამისად, დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა სათანადო გარემოებების არსებისას მიმართოს სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით.

13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Nersesyan, cited above, par.22; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, 14/04/2009). საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან განსხვავებით არ ახდენს საქმის სრული მოცულობით გადასინჯვას საქმეში არსებული ყველა ფაქტების და მტკიცებულებების შეფასებას, რომელსაც ემყარებოდა განაჩენი, უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ფარგლები შეზღუდულია სამართლის კონკრეტული საკითხებით. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს დასაბუთებას, [ევროპული] სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვეობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვეობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ ( Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017; Tchaghiashvili, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Marini v. Albania, no. 3738/02, par. 106, 18 /12/2007; Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, par.29, 18/07/2006).

14. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

16. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. რ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – ლ. მ–ს საკასაციო საჩივრი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე