დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 18.06.2024
საქმის ნომერი
9აგ.-2024
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
18.06.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020142223701239685

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №9აგ-24 ქ. თბილისი

პ. ა. 9აგ-24 18 ივნისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. პ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 ივლისის განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გასაჩივრებული განაჩენის თანახმად, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენით:

1.1 ა. პ–ე – დაბადებული 19.. წელს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 214-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით – 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

1.2. საქართველოს სსკ-ის 41-ე მუხლის მე-21-ე ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ ა. პ–ს დამატებით სასჯელებად განესაზღვრა ჯარიმა და ქონების ჩამორთმევა;

1.2.1. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი;

1.2.2. საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა ა/მანქანა „ვოლვო“, სახ. ნომრით …...

2. 2023 წლის 11 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ა. პ–მ და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენის გადასინჯვა იმ საფუძვლით, რომ ბრალდების მხარემ სისხლის სამართლის საქმეზე 2010 წლის 8 ოქტომბერს ჩაატარა სასაქონლო ექსპერტიზა, რომლითაც მის მართლზომიერ მფლობელობაში მყოფი „volvo-fm12” მარკის სატვირთო ავტომობილის ღირებულებად მიუთითა 27 498,75 ლარი. განაჩენი დაეყრდნო სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას, შედეგად ა. პ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ. აღნიშნული ავტომანქანა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენით უსასყიდლოდ ჩამოერთვა სახელმწიფოს სასარგებლოდ. „volvo-fm12” მარკის სატვირთო ავტომანქანა ორი კვირის შემდეგ სსიპ “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ” N....... შეფასების აქტით შეაფასა 15 000 ლარად. შუამდგომლობის ავტორის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 23 ივლისის წერილი წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენის გადასინჯვის საფუძველს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო. ა. პ–ე ითხოვს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენის გაუქმებას და მის უდანაშაულოდ ცნობას, თანმდევი შედეგების მითითებით.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 ივლისის განჩინებით ა. პ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 ივლისის განჩინება გაასაჩივრა ა. პ–მ. კასატორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსათვის მითითებას, რომ დაუშვას ა. პ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, ა. პ–ს მსჯავრდების ნაწილში.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ი ამომწურავად განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლებს და ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის/საფუძვლების არსებობას კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვისათვის.

3. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო. ამდენად, საქართველო სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი მკაფიოდ ადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის კუმულაციურ წინაპირობას: ახალი გარემოება არა მხოლოდ ობიექტურად უცნობი უნდა ყოფილიყო კასატორისთვის განაჩენის დადგენის დროს, არამედ ეს გარემოება გავლენას უნდა ახდენდეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის საკითხზე”(იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 12 აგვისტოს განჩინება საქმეზე N46აგ-19).

4. კასატორის მტკიცებით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ N...... შეფასების აქტით დგინდება, რომ ა/მანქანა „ვოლვო“, სახ. ნომრით ..... შეფასებულია 15 000 ლარად, ნაცვლად საქმის განხილვის დროს წარმოდგენილი სასაქონლო ექსპერტიზაში მითითებული 27498,75 ლარისა, რაც გამორიცხავს მისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით.

5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის 2010 წლის 8 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ ავტომანქანის ღირებულების საკითხს და ექსპერტიზის დასკვნის სარწმუნოობას, რომელიც საფუძვლად დაედო მის მსჯავრდებას.

5.1. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს, რომ მოქმედი საქართველოს სსსკ-ი (რომელიც გამოიყენებოდა განსახილველი საქმის განხილვისას) ა. პ–ს ანიჭებდა ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობას, თუ მსჯავრდებული არ იზიარებდა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას და დასკვნაში მითითებული ავტომანქანის ღირებულებას (არ დასტურდება, რომ რაიმე საფუძვლით შეეზღუდა აღნიშნული უფლება).

5.2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ა. პ–ს მიერ წარმოდგენილია მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 23 ივლისის წერილი და არ არის წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს N........ შეფასების აქტი, რომელზეც აღნიშნულ წერილშია მითითებული. ამასთან, სასამართლოსთვის უცნობია თუ როდის მოხდა შეფასების აქტის შედგენა და შესაბამისად, ვერ დგინდება, რამ გამოიწვია ავტომანქანის ფასთა შორის სხვაობა N......... შეფასების აქტსა და სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ 2010 წლის 8 ოქტომბრის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას შორის.

5.3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია ერთიდაიგივე ობიექტის ღირებულების დამდგენი ორი სხვადასხვა სუბიექტის მიერ გაცემული ორი დოკუმენტი – სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა და შეფასების აქტი. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სადავოა მტკიცებულების – 2010 წლის 8 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნის – სარწმუნოობა, და კასატორი მიუთითებს აღნიშნულ დასკვნაში მითითებული ინფორმაციის სიყალბეზე, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენის ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვისთვის, წარმოდგენილი უნდა იქნეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც დადგენილი იქნება სადავო ექსპერტიზის დასკვნის სიყალბე.

5.4. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორი სადავოდ ხდის ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენს, რომლითაც დამტკიცდა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროს პროკურორ მ. წერეთელსა და ბრალდებულ ა. პ–ს შორის 2011 წლის 9 მარტს დადებული საპროცესო შეთანხმება და ა. პ–ს საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე მუხლის მე-21 ნაწილის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა და ქონების ჩამორთმევა; საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით – ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა ავტომანქანა „ვოლვო“ სახ. ნომრით ......

6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ იმ პირობებში, თუ კასატორის მიერ წარმოდგენილი იქნება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომელიც დაადგენს შესაბამისი სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის სიყალბეს, კასატორს ექნება შესაძლებლობა მიმართოს სასამართლოს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით.

7. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს ასევე კასატორის მტკიცებას სააპელაციო სასამართლოს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის N2/2/1428 გადაწყვეტილების უგულებელყოფის შესახებ, ვინაიდან, მოცემული გადაწყვეტილების ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც: 1. უშვებს მსჯავრდებულის/მისი ადვოკატის შუამდგომლობის ზეპირი მოსმენის გარეშე დაუშვებლად ცნობას იმ შემთხვევაში, როდესაც შუამდგომლობის შემოწმება საჭიროებს სასამართლოს მხრიდან ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას და დადგენას; 2. გამორიცხავს სასამართლოს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, შეამოწმოს შუამდგომლობის დასაშვებობა და დასაბუთებულობა ზეპირი მოსმენით; 3. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს სასამართლოს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, განიხილოს საკასაციო საჩივარი ზეპირი მოსმენით. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლოს მიენიჭა უფლებამოსილება (და არა ვალდებულება) საჭიროების შემთხვევაში საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით.

8. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და 2023 წლის 25 ივლისის განჩინებით მართებულად ცნო დაუშვებლად ა. პ–ს შუამდგომლობა, ვინაიდან საკასაციო საჩივრით არ დასტურდება საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე საფუძვლის არსებობა.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორი არ უთითებს ისეთ ახალ გარემოებაზე, რაც დააკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნას, სასამართლო მოკლებულია საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ა. პ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. პ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 ივლისის განჩინება, ა. პ–ს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ, დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე