საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 25.09.2024
საქმის ნომერი
2კ-646აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.09.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100122006548499

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№646აპ-24 ქ. თბილისი

ა–ი რ., 646აპ-24 25 სექტემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აპრილის განაჩენზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა მეტრეველისა და მსჯავრდებულ რ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს: თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა მეტრეველმა და მსჯავრდებულ რ. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. მ–მ.

2. ბრალდების მხარე თავისი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის შეცვლას, რ. ა–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალადშერაცხილი ქმედებების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რამეთუ მიიჩნევს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მისი ბრალეულობა. კასატორის მითითებით, სასამართლოში დაიკითხნენ მოწმეები, რომლებმაც უშუალოდ ნახეს დაზარალებულის სხეულზე გამოკვეთილი დაზიანებები, ასევე – დაზარალებულისა და მსჯავრდებულის მეზობლები, რომლებმაც დაადასტურეს რ. ა–ს მიერ დანაშაულის ჩადენა. მიუხედავად დაზარალებულების მიერ სასამართლოსათვის ჩვენების მიცემაზე უარის გაცხადებისა, თ. ა–ს მონაწილეობით, ვითარების აღდგენის მიზნით, ჩატარებულია საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის დროსაც, დაზარალებულმა დეტალურად აღწერა ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტები, რაც გადაღებულია ვიდეოკამერით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა, დასტურდება რ. ა–სათვის შერაცხილი ყველა ბრალდება.

3. დაცვის მხარე თავისი საკასაციო საჩივრით ითხოვს რ. ა–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან არ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობას. გადაწყვეტილება დაფუძნებულია შემაკავებელ ორდერში ასახულ ინფორმაციაზე, რომელიც არ არის პირდაპირი სამხილი, ასევე – მოწმეების ირიბ ჩვენებებზე, რომლებიც გადმოსცემენ დაზარალებულის მონათხრობს, რომელმაც უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და, შესაბამისად, ვერ გახდება გონივრულ ეჭვს მიღმა პირის მსჯავრდების უპირობო საფუძველი. რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებს, მიუხედავად იმისა, რომ თ. ა–ს სხეულზე ნამდვილად აღენიშნებოდა დაზიანებები, დადგენილია, რომ დაზარალებულზე დედამ და დამ იძალადეს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაცვის მხარის მტკიცებით, უტყუარად არ დასტურდება რ. ა–ს მიერ თ. ა–ზე ძალადობის ფაქტები და, ამდენად, წარდენილ ბრალდებებში იგი ცნობილ უნდა იქნეს სრულად უდანაშაულოდ და გამართლდეს.

4. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, რ. ა–ს, – დაბადებულს 19.. ...., – ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით, რაც გამოიხატა შემდეგით:

4.1. რ. ა–ი და თ. ა–ა ცამეტი წელი იყვნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და შვილებთან: 13 წლის ა. და 11 წლის მ. ა–ებთან ერთად ცხოვრობდნენ მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ც–ში. 2022 წლის ივლისიდან 2022 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით, რ. ა–ი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული განწყობებითა და აღქმებით, სისტემატურად ფიზიკურად ძალადობდა და სცემდა მეუღლეს – თ. ა–ს, ასევე – ამცირებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. სისტემატურ ცემას, სხვაგვარ ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობას ესწრებოდნენ მათი არასრულწლოვანი შვილები: .. წლის ა. და .. წლის მ. ა–ები. სისტემატური ცემის, სხვაგვარი ძალადობის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების გამო, თ. ა–სა განიცდიდა როგორც ფიზიკურ, ასევე – ფსიქიკურ ტანჯვას. ფსიქოლოგიურ ტანჯვას განიცდიდნენ ასევე სისტემატური ფიზიკური ძალადობის შემსწრე არასრულწლოვნები: მ. და ა. ა–ები.

4.2. 2022 წლის ივლისიდან 2022 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით, რ. ა–ი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით თ. ა–ს, რასაც დაზარალებული აღიქვამდა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4.3. 2022 წლის ივლისიდან 2022 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით, რ. ა–ი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურად ძალადობდა თ. ა–ზე, ამყოფებდა ფსიქოლოგიურ სტრესში, რაც შეურაცხყოფდა მსხვერპლი ქალის პატივსა და ღირსებას. 2022 წლის 16 ოქტომბერს, ღამის საათებში, სისტემატური ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით დამცირებულმა თ. ა–მ თვითმკვლელობა სცადა, თუმცა ეზოში ხეზე ჩამოკიდებულს მიუსწრეს და გადარჩა.

5. რ. ა–ს წარედგინა ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 ივნისის განაჩენით რ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და, საბოლოოდ მიესაჯა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. ა–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. მ–მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 ივნისის განაჩენი შეიცვალა: რ. ა–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის 12-ლი ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც რ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

11. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რამეთუ, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ერთი მხრივ, გონივრულ ეჭვს მიღმა, საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადგინდა რ. ა–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულების, ისევე, როგორც – სისტემატური ძალადობის მაკვალიფიცირებელ გარემოებაში, კერძოდ, არასრულწლოვნების თანდასწრებით, ჩადენა, ხოლო, მეორე მხრივ, უტყუარად დადასტურდა მეუღლეზე სისტემატური ძალადობის ფაქტი.

12. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულებმა – თ. ა–მ, ისევე, როგორც – ა. და მ. ა–ებმა სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები თავიანთი ახლო ნათესავის – რ. ა–ს წინააღმდეგ და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვებისას მიწოდებული ინფორმაცია, ისევე, როგორც – საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელიც, თავის მხრივ, არსებითად დაზარალებულის მიერ გამოკითხვისას მიცემული ჩვენებების შინაარსის შემცველია, დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს; რაც შეეხება მოწმეების – ა. ს–ს, მ. ნ–ს, მ. უ–ს – ჩვენებებსა და ი. დ–ს, ნ. ყ–სა და ე. ე–ს გამოკითხვის ოქმებს, ამ სამხილების ნაწილი, რ. ა–სისათვის შერაცხილ მუქარისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებებთან მიმართებით, ირიბია, ხოლო ნაწილი – არაფრისმთქმელი; შემაკავებელი ორდერით კი – რომლის მიხედვით, დაზარალებულმა თ. ა–მ გასაუბრებისას ზოგადად აღნიშნა, რომ მოძალადე წარსულში დამუქრებია ჯანმრთელობის დაზიანებით, მოკვლით ან/და ქონების განადგურებით, რამაც მასში მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გამოიწვია – შეუძლებელია ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული, 2022 წლის ივლისიდან 2022 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი სისტემატური მუქარის გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურება, რასაც ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ედავებოდა რ. ა–ს ბრალდების მხარე.

13. დაცვის მხარის მოთხოვნასთან მიმართებით, პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ სასამართლომ ინდივიდუალურად შეაფასა ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისგან გამიჯნა, რომელი ჩვენება ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და მართებულად მიიჩნია, რომ რ. ა–ს მიერ ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატური ძალადობა სარწმუნოდ დადასტურებულია მოწმეების: ა. ს–ს, მ. უ–სა და მ. ნ–ს ჩვენებებით, რომლებიც იყვნენ დაზარალებულის თანამშრომლები და ყოველდღიურად ხედავდნენ მის სხეულზე გამოვლენილ ფიზიკური ძალადობის კვალს, ამჩნევდნენ, რომ თ. ა–ა იყო მუდმივად განერვიულებული და ხშირად ტირილით ყვებოდა მეუღლის ძალადობრივი ქმედებების შესახებ, შესაბამისად, არიან პირდაპირი მოწმეები დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვისა, რომელიც რ. ა–სათვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის – სისტემატური ძალადობის – შემადგენლობის სავალდებულო ნიშანია; დაზარალებულისა და მსჯავრდებულის მეზობლების, მოწმეების სახით გამოკითხული ი. დ–ს, ნ. ყ–სა და ე. ე–ს მონათხრობის მიხედვით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ირკვევა, რომ ა–ების ოჯახიდან სისტემატურად ისმოდა ჩხუბისა და ყვირილის ხმა, ასევე – ხშირად უნახავთ ნაცემი თ. ა–სა, რომელიც მეუღლეს ამხელდა ძალადობაში; სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით კი უტყუარად დადგენილია, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებითა და თ. ა–ს ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ თ. ა–მ, რ. ა–ს ქმედებების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება რ. ა–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც იგი კანონიერად და სამართლიანად არის მსჯავრდებული.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა მეტრეველისა და მსჯავრდებულ რ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ–ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი