საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 09.09.2024
საქმის ნომერი
2კ-464აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.09.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100123007207272

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №464აპ-24 9 სექტემბერი, 2024 წელი

ს-ი ი., №464აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. თ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ი. ს–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თანდასწრებით), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ), საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით, ჩადენილი გენდერის ნიშნით) და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, სამი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2023 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით, 14:30 საათზე, ქ. თ–ში, ლ–ს დასახლება, ... მ/რ-ნი, კორპუსი №.., ბინა №..-ში მდებარე ს–ების ოჯახის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, ყოფით ნიადაგზე წამოჭრილი კონფლიქტის დროს, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ი. ს–მა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ხ. ტ–ს მარცხენა გაშლილი ხელი გაარტყა სახის არეში მათი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით. 2014 წელს დაბადებული თ. ს–ი შეეცადა დედის – ხ. ტ–ს დაცვას, რის გამოც, ი. ს–მა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს ლოყაში დაარტყა ხელი და ორჯერ ამოარტყა ფეხი. ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად, ხ. ტ–მ და თ. ს–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

1.3. 2023 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ. თ–ში, ლ–ს დასახლება, ... მ/რ-ნი, კორპუსი №.., ბინა №..-ში მდებარე ს–ების ოჯახის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ი. ს–ი, ყოფით ნიადაგზე წამოჭრილი კონფლიქტის დროს, ძალადობის შემდეგ, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ხ. ტ–ს, რა დროსაც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.4. 2023 წლის 26 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ......... მთავარი სამმართველოს მე-.. სამმართველოს გამომძიებელ ნ. ფ–ს მიერ, ი. ს–ს მიმართ, გამოიცა №........... შემაკავებელი ორდერი, 30 დღით, რომლის საფუძველზე, ი. ს–ს ოჯახის წევრის, კერძოდ, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ხ. ტ–ს მიმართ განესაზღვრა შემდეგი ვალდებულება: აეკრძალა მიახლოვება იმ სახლთან, რომელშიც მსხვერპლი ცხოვრობს; მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ ი. ს–ი გააფრთხილეს შემაკავებელი ორდერის შინაარსისა და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, მან მაინც დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები. კერძოდ, ი. ს–ი 2023 წლის 8 მარტს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. თ–ში, ლ–ს დასახლება, ... მ/რ-ნი, კორპუსი №.., ბინა №..-ში მდებარე ს–ების საცხოვრებელ სახლში, დაუკავშირდა შვილს თ. ს–ს მობილურ ტელეფონზე და მასთან საუბრის შემდეგ, სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ხ. ტ–სთან, რითაც ი. ს–მა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები.

1.5. ი. ს–ი 2023 წლის 9 მარტს, დაახლოებით 11:00 საათზე, თავისი სოციალური ქსელის ........... .......ის საშუალებით, ქ. თ–ში, ლ–ს დასახლება, ... მ/რ-ნი, კორპუსი №.., ბინა №..-ში მდებარე ს–ებისის საცხოვრებელ სახლში, შვილის – თ. ს–ს სოციალურ ქსელზე ვიდეო ზარით დაუკავშირდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ხ. ტ–ს, რითაც ი. ს–მა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები.

1.6. ი. ს–სი 2023 წლის 14 მარტს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. თ–ში, ლ–ს დასახლება, ... მ/რ-ნი, კორპუსი №.., ბინა №..-ში მდებარე ს–ებს საცხოვრებელ სახლში, თავისი სოციალური ქსელის ........... .......ის საშუალებით, შვილის – თ. ს–ს სოციალურ ქსელზე ვიდეო ზარით დაუკავშირდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ხ. ტ–ს, რითაც ი. ს–მა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები.

1.7. 2023 წლის 9 და 15 მარტს, ი. ს–სი 2023 წლის 26 თებერვალს გამოცემული №.......... შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის დროს, ქ. თ–ში, ლ–ს დასახლება, ... მ/რ-ნი, კორპუსი №.., ბინა №..-ში მდებარე ს–ების საცხოვრებელ სახლში, მობილური ტელეფონით და სოციალური ქსელის მეშვეობით დაუკავშირდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ხ. ტ–ს, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მამაკაცის ქალზე ბატონობისა და კონტროლის პრინციპით, არაერთჯერადად მსხვერპლისადმი მუქარით, სიტყვებით: „შენი საქციელის გამო თავს თუ არ მოიკლავ, მე მაინც მოგკლავ“ თვითმკვლელობის ცდამდე მიიყვანა ხ. ტ–სა. კერძოდ, 2023 წლის 9 მარტს, დაახლოებით 11:00 საათზე, ხ. ტ–მ ფანჯრიდან გადახტომა სცადა, რაც აღკვეთა მისმა არასრულწლოვანმა შვილმა თ. ს–მა, ხოლო 2023 წლის 15 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, თვითმკვლელობის მიზნით, მიიღო დიდი რაოდენობით წნევის დამწევი მედიკამენტები, რის გამოც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხდა მისი სიცოცხლის გადარჩენა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით, ი. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.

ი. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.

ი. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირველი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით.

ი. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (მეორე ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით.

ი. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (მესამე ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით.

ი. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ი. ს–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 3 წლითა და 6 თვით.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ს–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – თ. გ–მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. 2024 წლის 28 მარტს საქართველოს უზენას სასამართლოს მომართა მსჯავრდებულ ი. ს–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, დ. თ–მა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განაჩენის გაუქმება და, მის ნაცლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და გამოიტანა არასწორი სამართლებრივი დასკვნები. განაჩენი ემყარება იმ სახის მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც უტყუარობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებას. კერძოდ, არასრულწლოვანი მოწმის ჩვენებას, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას და საგამოძიებო ექსპერიმენტის ვიდეოს, რომელსაც საერთოდ არ უნდა მინიჭებოდა მტკიცებულებითი მნიშვნელობა. იმ პირობებში კი, როდესაც დაზარალებულმა ისარგებლა მისი უფლებით არ მიეცა ჩვენება მეუღლის წინააღმდეგ, სხვა პირდაპირი მტკიცებულება რაც დაადასტურებს ი. ს–ს მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენას საქმეში არ მოიპოვება. გარდა ამისა, გამოძიება არ ჩატარდა ობიექტურად, ვინაიდან არ მომხდარა ხ. ტ–ს მობილურ ტელეფონში არსებული ინფორმაციის გამოთხოვა, რათა დადგენილიყო თუ რა ინფორამციას ცვლიდა ხ. ტ–სა ახლობლებთან. ი. ს–ს მსჯავრი დაედო ექვსი დანაშაულის ჩადენისათვის, თუმცა არცერთი მათგანის მიმართ, არ არსებობს ორი პირდაპირი მტკიცებულება. განაჩენი ემყარება მტკიცებულებებს, რომლის პირველწყარო არის დაზარალებული და მათი სანდოობა ხ. ტ–სთან არ გადამოწმებულა, რაც პირდაპირ არღვევს შეჯიბრებითობის პრინციპს. საქმის განხილვის დროს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ იქნა დადგენილი დანაშაულების შემადგენლობის ყვეელა ნიშანი. შესაბამისად, სასამართლოს ეჭვი უნდა გადაეწყვიტა ი. ს–ს სასარგებლოდ და მის მიმართ დაედგინა გამამართლებელი განაჩენი.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მოპოვებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ი. ს–ს მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენას.

5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას ი. ს–ს უდანაშაულობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ ვინაიდან დაზარალებულმა ხ. ტ–მ უარი განაცხადა მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებათა ერთობლიობა და განაჩენი ემყარება ვარაუდებს. მართალია, დაზარალებულმა ხ. ტ–მ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მეუღლის წინააღმდეგ, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს ი. ს–ს ბრალეულობას.

5.4. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულის მიერ კანონით მინიჭებული ზემოხსენებული უფლებით სარგებლობის პირობებში სწორედ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, აღკვეთოს დანაშაული, დაიცვას მსხვერპლი და პასუხისმგებლობა დააკისროს მოძალადეს, მიუხედავად იმისა, გაიხმო თუ არა საჩივარი დაზარალებულმა ან შეურიგდა თუ არა მოძალადეს. აღნიშნული დასკვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას, კერძოდ, 2020 წლის 13 თებერვლის N766აპ-19 განჩინებაში სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულის მხრიდან უფლების რეალიზება არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე (მაგ. გამოკითხვის ოქმში) მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას და არ ადასტურებს დანაშაულებრივი ქმედების არარსებობას... ოჯახური დანაშაულის ხასიათის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე.

5.5. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ეთანხმება საააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით: თ. ს–ს, რ. ტ–ს, მ. ტ–ს, ჯ. ბ-ს, მ. ბ-ს ჩვენებებით, 2023 წლის 22 თებერვლის და 2023 წლის 16 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, 2023 წლის 26 თებერვლის შემაკავებელი ორდერით და მისი ოქმით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №........... დასკვნით, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით უტყუარად დასტურდება ი. ს–ს მიერ ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენა.

5.6. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ი. ს–სის მიერ ბრალად შერაცხული თითოეული დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰყავს უშუალო თვითმხილველი მოწმე, რომელიც ამავდროულად არის ი. ს–ს მიერ ჩადენილი ოჯახური დანაშაულის მსხვერპლი - თ. ს–ი, ამასათან, დანაშაულებრივი ქმედების თითოეული ეპიზოდი გამყარებულია სხვა მტკიცებულებებით.

5.7. ი. ს–ს მიერ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარასთან დაკავშირებით სასამართლოში წარმოდგენილია დაზარალებულ თ. ს–ს ჩვენება, რომელიც ადასტურებს, როგორც ი. ს–ს მიერ მის მიმართ ჩადენილ, ასევე ხ. ტ–ს მიმართ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებს. აღნიშნული ჩვენება გამყარებულია 2023 წლის 26 თებერვლის შემაკავებელი ორდერის ოქმით, სადაც დეტალურადაა გადმოცემული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ი. ს–მა ხ. ტ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ამასთან დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ როცა დაიძინებდა მოკლავდა, რაც მან აღიქვა რეალუად. 2023 წლის 22 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რომელიც ჩატარდა ვითარების აღდგენის მიზნით, დგინდება, რომ 2023 წლის 21 თებერვალს, ხ. ტ–ს მისაღებ ოთახში მისმა მეუღლემ გაშლილი მარცხენა ხელი ძლიერად გაარტყა სახეში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ხოლო მის შვილს სახეში გააწნა სილა და ამოარტყა წიხლი, რის გამოც თ. ს–მა დაიწყო ტირილი. აღნიშნულის შემდგომ კი, მეუღლე მას დაემუქრა მოკვლით და მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, ავტომატურად არ უკარგავს სამართლებრივ წონას დაზარალებულის მონაწილეობით შედგენილ დოკუმენტებს. თუმცა ცალკე შეფასების საგანია მტკიცებულებათა საკმარისობის საკითხი, რომელიც ყოველ კონკრეტულ საქმეზე სასამართლომ უნდა დაადგინოს ინდივიდუალურად. მოცემულ ეპიზოდებში კი, წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

5.8. რაც შეეხება, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს თ. ს–ს ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ მამა მისი ძმის ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდა დედას, რომელიც ეუბნებოდა, რომ მასთან საუბარი აკრძალული ჰქონდა, რის გამოც, არ სურდა საუბარი და დაენებებია თავი. თუმცა, ი. ს–ი კვლავ რეკავდა. აღნიშნულ ჩვენებას ამყარებს, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ 2023 წლის 16 მარტს, 18:45 საათიდან – 19:00 საათამდე დროის შუალედში, დათვალიერდა თ. ს–ს კუთვნილი „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი. ტელეფონის წიგნაკში, ტელეფონის ნომერი ............. ფიქსირდება, როგორც ,,მ–ბი“. თ. ს–ს განმარტებით, აღნიშნული ნომერი ეკუთვნის მამამისს – ი. ს–ს. შემავალ-გამავალი ზარების წიგნაკში 2023 წლის 8 მარტს, ........... ნომრიდან ფიქსირდება 23 შემავალი ზარი თ. ს–ს ტელეფონის ნომერზე – ........., ხოლო 10 მარტს, .......... ნომრიდან ფიქსირდება 9 შემავალი ზარი აღნიშნულ მობილურ ტელეფონზე, სოციალურ ქსელ ,,.........ში“ იძებნება ასოებით ,,...”. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე თ. ს–ს განმარტებით, აღნიშნული ....... .....ი ეკუთვნის მამამისს ი. ს–ს და 2023 წლის 8 მარტიდან – 14 მარტის ჩათვლით იძებნება ვიდეოზარები. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, რომ ბრალდების მხარის მიერ არ ამოღებულა დაზარალებულ ხ. ტ–ს მობილურ ტელეფონში არსებული ინფორმაცია და არ დადგენილა თუ რა შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა ახლობლებთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ი. ს–ს ბრალდების მხარე ედავება შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას, რაც გამოიხატა მისი შვილის – თ. ს–ს მობილური ტელეფონის საშუალებით დაზარალებულან კომუნიკაციით.

5.9. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.

5.10. შესაბამისად, დაცვის მხარეს ჰქონდა უფლება და შესაძლებლობა დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოეპოვებინა და სასამართლოში წარმოედგინა ის მტკიცებულება, რაც გარკვეული ფაქტების დასადატურებლად მიაჩნდა საჭიროდ.

5.11. ის ფაქტი, რომ ი. ს–ს არაერთჯერადმა, გენდერული დისკრიმინაციით მოტივირებულმა მუქარამ, ხ. ტ–სა თვითმკვლელობის ცდამდე მიიყვანა, დასტურდება თ. ს–ს ჩვენებით, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ 2023 წლის 9 მარტს, მისი ძმის მობილურ ტელეფონში არსებულ კუთვნილ სოციალურ ქსელ „..........ს“ ......ის საშუალებით ვიდეო თვალით დარეკა მამამ – ი. ს–სმა მისი კუთვნილი .......იდან, ესაუბრა მის ძმას, რომელმაც შემდეგ დედას მიუტანა მობილური ტელეფონი, ვიდეოთვალის მეშვეობით მამამ დედა დაინახა. დედამ მამას უთხრა, რომ მას არ ჰქონდა საუბრის უფლება, რაზეც მამა ძალიან გაბრაზდა და დედას უთხრა, რომ მისი მეუღლე იყო და რასაც ეტყოდა, ყველაფერი დაეჯერებინა მისთვის. მამამ დედას რამდენჯერმე შეაგინა დედის მისამართით, უყვიროდა, რომ იგი აუცილებლად დაბრუნდებოდა სახლში და სანამ მოკლავდა, თვითონ მოეკლა თავი. მიუხედავად დედის არაერთი თხოვნისა, რომ გაჩერებულიყო, მამა კვლავ განაგრძობდა ყვირილს და დედისთვის შეურაცხყოფის მიყენებას. შემდეგ თ. ს–სმა მამას გაუთიშა ტელეფონი. აღნიშნულის გამო ხ. ტ–სა იყო ძალიან განერვიულებული. მალევე გაიგონა მისი დის – თ–ს ყვირილი: „რას აკეთებ, დედა, ვინ უნდა გაახარო, ხომ ხედავ მამა სპეციალურად აკეთებს, რომ თავი მოიკლა“. იგი გავიდა ლოჯში და დაინახა, რომ დედა იდგა ფანჯარასთან და გადახტომას და თავის მოკვლას აპირებდა. ისინი ჩაეხუტნენ დედას და დააწყნარეს. 2023 წლის 14 მარტის საღამოს, კვლავ მისი ძმის კუთვნილ მობილურ ტელეფონზე არსებულ ........ს .......აპლიკაციის, ვიდეო თვალის მეშვეობით, ისევ დარეკა მამამ – ი. ს–სმა. მოიკითხა ისინი, შემდეგ ისევ დედა იკითხა და უთხრა, რომ მას არ აინტერესებდა შემაკავებელი ორდერი და რასაც თვითონ იტყოდა, ისე უნდა მომხდარიყო ყველაფერი, წინააღმდეგ შემთხვევაში მაინც არ აცოცხლებდა და თუ უნდოდა, თვითონვე აეღო დანა და მოეკლა თავი. დედა ძალიან განერვიულდა, დაიწყო ტირილი და მამას უყვიროდა, თუ მისი სიკვდილი უნდოდა, ვიდრე მამა მოკლავდა, თვითონ მოიკლავდა თავს და აუსრულებდა სურვილს. ისინი ძალიან განერვიულდნენ და დაიწყეს ტირილი, თ–მა მამას გაუთიშა ტელეფონი. 15 მარტს, საღამოს, ის, დედა და მისი და-ძმა იყვნენ სახლში, დედამ დალია ბევრი წამალი და გახდა ძალიან ცუდად. დედამ დაუძახა მათ და უთხრა, რომ თუ რამე მოუვიდოდა, ყველასათვის ეთქვათ, რომ თავი ი–ს გამო მოიკლა, რომელიც მუდმივად ემუქრებოდა და აყენებდა შეურაცხყოფას. მალე დედამ და დაკარგა გონება. მათ შეშინებულებმა დაიწყეს ტირილი. მისმა დამ – თ–მა დაურეკა დეიდას – რ. ტ–ს და უთხრა, რომ სწრაფად მისულიყო მათთან და მოუყვა მომხდარის შესახებ. დეიდამ დარეკა 112-ში და ითხოვა დახმარება. ექიმები მივიდნენ, დედას გაუკეთეს ნემსი, შემდეგ დედა გონზე მოვიდა და ექიმებმა იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში. მათთან სახლში დარჩა დეიდა. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან დაკავშირებით დაზარალებულის აღნიშნული განმარტებები თანხვედრილია, მოწმეების – რ. ტ–ს, ჯ. ბ–ს და მ. ტ–ს ჩვენებებთან. ამ უკანსაკნელმა კი, სასამართლოს მოახსენა, რომ 2023 წლის 15 მარტს, 23:00 საათის შემდეგ, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მიერ კლინიკაში შეყვანილ იქნა ხ. ტ–სა. პაციენტს ჰქონდა მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია. კლინიკაში შესვლისას პაციენტი ითვლებოდა სტაბილურად, თუმცა ძალიან გაბრუებული და მივარდნილი იყო. პაციენტის განმარტებით, მეუღლესთან კონფლიქტის გამო გადაწყვიტა თავი მოეკლა. ხ. ტ–ს პირველი დახმარება გაეწია, ჩაუტარდა გადასხმა სხვადასხვა მედიკამენტებით, ასევე ჩაუტარდა კუჭის ამორეცხვა. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №........... დასკვნით კი დგინდება, რომ ხ. ტ–მ, მეუღლის – ი. ს–ს მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა მორალური დამცირება და ფსიქოლოგიური ტანჯვა. მოცემულ ეპიზოდთან დაკავშირებით, მართალია, მოწმეების უმეტესობა არ არის ფაქტის თვითმხილველი, თუმცა რ. ტ–ას ჩვენება მედიკამენტების მიღების შედეგად დაზარალებულის მედიკამენტოზურ ინტოქსიკაციასთან მიმართებით – არის პირდაპირი ხასიათის, რაც, შესაძლოა, საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

5.12. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ იმ საკითხის შეფასება და გადაწყვეტა – ესა თუ ის მტკიცებულება წარმოადგენს თუ არა პირდაპირ ან არაპირდაპირ მტკიცებულებას, ანდა უტყუარად ცნობილი მტკიცებულებების ერთობილობა საკმარისია თუ არა გადაწყვეტილების მისაღებად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უნდა მოხდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევისადმი ინდივიდუალური მიდგომით, კონკრეტული ფაქტების, გარემოებებისა და მომხდარი შემთხვევის კონტექსტის გათვალისწინებით. მსგავსი საკითხების გადაწყვეტისას ნებისმიერი შემთხვევისათვის მხოლოდ ზოგადი ნორმატიული მოთხოვნებია სავალდებულო, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნეს დაცული, მაგრამ კონკრეტული შემთხვევის განხილვისას ცალკეული მტკიცებულებისა თუ მტკიცებულებათა ერთობლიობის სტატუსის განსაზღვრა მთლიანად სასამართლო შეფასების საკითხია, ისევე, როგორც ეს ხდება მტკიცებულების უტყუარობის შეფასებისას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ნოემბრის განაჩენი, საქმე №346აპ-19).

5.13. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ თითქოს, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რადგან საქმეში ასევე არსებობს სხვა, სარწმუნო, ობიექტური მტკიცებულებები, რომლებშიც ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

5.14. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ი. ს–სის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენა.

5.15. საკასაციო საჩივრის საფუძვლიანი შემოწმებისა და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.

5.16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020.

5.18. ამდენად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის დ. თ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მამუკა ვასაძე

შალვა თადუმაძე