საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100122005893428
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №484აპ-24 ქ. თბილისი
ტ. გ. 484აპ-24 16 სექტემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავასა და მსჯავრდებულ გ. ტ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. ი–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ტ–ს – დაბადებულს 19.. წელს – ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
2022 წლის 6 აპრილსა და 18 აპრილს, ქ.თ–ში, .....ის ქუჩა №..-ში მდებარე ე. ლ–სა და ი. ფ–სის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან, გ. ტ–ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა სხვადასხვა დასახელებისა და რაოდენობის სარემონტო სამუშაოების საწარმოებელ ხელსაწყოებსა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს, რითაც ი. ფ–სა და ე. ლ–ს ერთობლიობაში მიადგათ დიდი ოდენობით - 11 365 ლარის მატერიალური ზიანი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 იანვრის განაჩენით:
3.1. გ. ტ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.2. საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გაუქმდა აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 9 სექტემბრის №........ გადაწყვეტლებით შეცვლილი სასჯელი - 580 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გ. ტ–ს საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვრა – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც – 7 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით;
3.3. გ. ტ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2022 წლის 28 აპრილიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ გ. ტ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ი–მ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 იანვრის განაჩენის გაუქმება და გ. ტ–ს უდანაშაულოდ ცნობა; ალტერნატივის სახით კი დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილების შეტანა, გ. ტ–ს ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება, კერძოდ, მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 თებერვლის განაჩენით ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 იანვრის განაჩენში:
5.1. გ. ტ–ს ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე;
5.2. გ. ტ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.3. საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის ,,გ“ პუნქტის საფუძველზე, გაუქმდა აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 9 სექტემბრის №........... გადაწყვეტილებით შეცვლილი სასჯელი – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 580 საათი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გ. ტ–ს საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. ტ–ს, დანიშნული სასჯელიდან – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა – 2 წელი;
5.4. გ. ტ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2022 წლის 28 აპრილიდან;
5.5. გამოსაცდელი ვადის პერიოდში, მსჯავრდებულ გ. ტ–ს, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე დაეკისრა მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
7.1. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი თამარ პაპავა ითხოვს გ. ტ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მისთვის სასჯელის სახით 9 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას (7 წელი პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 წელი ჩაეთვალოს პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით);
7.2. მსჯავრდებულ გ. ტ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ი. ი–ე ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 იანვრის განაჩენის გაუქმებას და გ. ტ–ს უდანაშაულოდ ცნობას; ალტერნატივის სახით კი ცვლილებას სააპელაციო სასამართლოს განაჩენში და გ. ტ–ს ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭებას, კერძოდ, მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას;
7.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია მსჯავრდებულ გ. ტ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. ი–ს შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი.
8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში –საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ითხოვს გ. ტ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის დამძიმებას, დაცვის მხარე კი ითხოვს გ. ტ–ს უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას, ალტერნატივის სახით კი - მისი ქმედების თვითნებობად დაკვალიფიცირებას.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების/ცვლილების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. ტ–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა.
11. დაცვის მხარის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ: სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, გ. ტ–ს მიერ ქურდობის ჩადენა – საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ დაცვის მხარის ვერსია მსჯავრდებულის უდანაშაულობის ან მისი ქმედების თვითნებობად კვალიფიკაციის ნაწილში დაუსაბუთებელია.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულების –ე. ლ–სა და ი. ფ–ს, მოწმეთა: მ. გ–ს, ა. მ–ს, გ. ა–ს, ა. წ–ს, გ. შ–ს ჩვენებებით, ე. ლ–ს N.......... განცხადებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, 2022 წლის 28 აპრილის ამოღების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმებით, სასაქონლო ექსპერტიზის N..... დასკვნით და სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. ტ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
12.1. სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულების – ე. ლ–სა და ი. ფ–ს ჩვენებებს (დაზარალებულებმა განმარტეს, რომ სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად შესაბამის ანაზღაურებაზე შეუთანხმდნენ გ. ტ–ს, რომელმაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მართლაც შეასრულა სამუშაოები. მუშაობის პერიოდში მას თავზე ედგა ე. ლ–ე და კონტროლს უწევდა მას. ე. ლ–მ გარკვეული ნივთების სარდაფში შენახვაში დაიხმარა გ. ტ–სი. შესაბამისად, მან იცოდა სად ინახებოდა ნივთები და სამუშაო იარაღები. 2022 წლის 18 აპრილს, სახლში დაბრუნების შემდეგ ი. ფ–მ შენიშნა, რომ შანდალი აღარ იყო თავის ადგილზე, რის თაობაზეც დაუკავშირდა მეუღლეს და ჰკითხა აღნიშნულის შესახებ. შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ ადგილზე აღარ იყო სხვა ნივთები და სამუშაო იარაღები. ი. ფ–მ დაურეკა გ. ტ–ს, რომელმაც დაუდასტურა, რომ ნივთები მისი წაღებული იყო), რომლებმაც პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერეს განვითარებული მოვლენები. სასამართლოსთვის მათ მიერ მიცემული ჩვენებები არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას და თანხვდენილია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ, მოწმეთა: მ. გ–ს (მიუთითა 2022 წლის აპრილში ხელოსანი გ. ტ–ი მანქანაში ტომრებით ალაგებდა ნივთებს), ა. მ–ს (2022 წლის 6 აპრილს, დაახლოებით შუადღის პერიოდში, გ. ტ–სგან 350 ლარად ჩაიბარა შანდალი და საათი, რის შემდეგაც მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და მისგან ამოიღეს ხსენებული ნივთები და გ. ტ–ს პირადობის მოწმობის სურათი) ჩვენებებთან; ამოცნობის ოქმებთან (დაზარალებულმა ე. ლ–მ ამოიცნო ა. მ–სგან ამოღებული შანდალი და საათი, გ. ა–ამოღებული ერთი ცალი მოოქროსფრო შეფერილობის ლატუნის ვაზა/დოქი ფერადი ორნამენტებით და ერთი ცალი მოოქროსფრო შეფერილობის მოჩუქურთმებული შვიდსანთლიანი ლატუნის შანდალი ოთხი სადგამი ფეხით, რომლებიც მისი საცხოვრებელი სახლიდან იქნა მოპარული), საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან (გ. ტ–მა მიუთითა ყველა ის ადგილი, სადაც ჩააბარა ი. ფ–ს სახლიდან მოპარული ნივთები).
12.2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. ტ–ს მიერ ქურდობის ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენა (დაზარალებულთა ჩვენებებით დგინდება, რომ ყოველთვის, როდესაც ხელოსანი ჰყავდათ დაბარებული იმყოფებოდნენ სახლში და კონტროლს უწევდნენ მის საქმიანობას). სახლიდან ნივთების გატანის დროს დაზარალებულებისათვის არ იყო ცნობილი გ. ტ–ს მათ სახლში ყოფნის თაობაზე, ი. ფ–მ სახლში დაბრუნების შემდეგ შეამჩნია, რომ სახლში გარკვეული ნივთები იყო დაკარგული.
12.3. შესაბამისად, არ არსებობს დაცვის მხარე კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
13. კასატორი ბრალდების მხარის მოთხოვნასთან დაკავშირებით (გ. ტ–ს დამნაშავედ ცნობა დიდი ოდენობით ქურდობის ჩადენისათვის ბინაში უკანონო შეღწევით) სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, რომ გ. ტ–ს მიერ დაზარალებულების ე. ლ–სა და ი. ფ–ს სახლიდან მოპარული ნივთების ღირებულება აკმაყოფილებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნით მნიშვნელოვანი ზიანისათვის განსაზღვრულ ოდენობას (10 000 ლარს).
13.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზიანის ოდენობის დასადგენად სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულთა ჩვენებები და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა. იმავდროულად, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით შანდლებისა და საათის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 1000 ლარი, ხოლო ლარნაკის („ვაზის“) ღირებულებამ - 50, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულებმა ორი შანდლისა და ერთი საათის ღირებულებად მიუთითეს 4500 ლარი. შესაბამისად, ვინაიდან სხვა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოპარული ნივთების ღირებულება აღემატება 10 000 ლარს, სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის, - ეჭვი ზიანის ოდენობის შესახებ სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
14. კასატორი ბრალდების მხარის მოთხოვნაზე, მსჯავრდებულ გ. ტ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
15. მოცემულ შემთხვევაში ჩადენილი დანაშაულის კატეგორიის, დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლების, ჩადენილი ქმედებების ხასიათის, შედეგების, დანაშაულის ჩადენის მოტივის და მიზნის, ხერხის, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ გ. ტ–სს საქართველოს სსკ-ის მე-17 და 58-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით განუსაზღვრა სასჯელი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.
16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
18. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
19. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრრბი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავასა და მსჯავრდებულ გ. ტ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. ი–ს საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე