საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100123007406369
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №539აპ-24 16 სექტემბერი, 2024 წელი
კ–ი გ., №539აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აპრილის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. კ–ი (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2023 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 08:00 საათზე, თ–ში, ს–ს ქუჩის №..-ში მდებარე მ. ო–ს საცხოვრებელ ბინაში სტუმრად ყოფნის დროს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა გ. კ–მა ოჯახური კონფლიქტის დროს წარმოშობილი შელაპარაკების ნიადაგზე, უსაფუძვლო ეჭვიანობისა და ქალის, როგორც მამაკაცის მიმართ დაქვემდებარებული სუბიექტის აღქმით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს ლ. შ–ს, კერძოდ, გ. კ–მა სხეულის სხვადასხვა მიდამოში ხელფეხის არაერთჯერადად დარტყმით და საშოზე დანის წვერის შეხების გზით იძალადა ყოფილი მეუღლის 6 მიმართ, რა დროსაც, ლ. შ–მემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2023 წლის 28 აპრილს დაახლოებით 08:00 საათზე, თ–ში, ს–ს ქუჩა №..- ში მდებარე მ. ო–ს საცხოვრებელ ბინაში სტუმრად ყოფნის დროს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 ივლისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა გ. კ–მა ოჯახური კონფლიქტის დროს წარმოშობილი შელაპარაკების ნიადაგზე, უსაფუძვლო ეჭვიანობისა და ქალის, როგორც მამაკაცის მიმართ დაქვემდებარებული სუბიექტის აღქმით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, დანის დემონსტრირებით ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს – ლ. შ–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებით გ. კ–ს დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს შექმნიდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. კ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.2. 2023 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 08:00 საათზე, თ–ში, ს–ს ქუჩის №..-ში მდებარე მ. ო–ს საცხოვრებელ ბინაში სტუმრად ყოფნის დროს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 ივლისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა გ. კ–მა ოჯახური კონფლიქტის დროს წარმოშობილი შელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს ლ. შ–ს, კერძოდ, გ. კ–იმა სხეულის სხვადასხვა მიდამოში ხელფეხის არაერთჯერადად დარტყმით და საშოზე დანის წვერის შეხების გზით იძალადა ყოფილი მეუღლის მიმართ, რა დროსაც, ლ. შ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენით გ. კ–ი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
გ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა - 1665.42 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მადონა ურუშაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. კ–ს ბრალადწარდგენილი ქმედებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით, ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. კ–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აპრილის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2024 წლის 18 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, მადონა ურუშაძემ, რომელმაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოითხოვა გ. კ–ს დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილი ბრალდებით და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორთა არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აპრილის განაჩენი კანონიერი და სამართლიანია გ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ეპიზოდში, ხოლო უკანონოა გ. კ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გამართლების ნაწილში. მართალია, დაზარალებულმა ლ. შ–მ გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული უფლება, არ მიეცა მამხილებელი ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, თუმცა საქმეში გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა – მ. ო–ს, ხ. ბ–ს, ს. გ–ს, ლ. დ–ს ჩვენებებით, ასევე არასრულწლოვანი მოწმის ნ. კ–ი გამოკითხვის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით უტყუარად იქნა დადასტურებული გ. კ–ს მიერ ლ. შ–ს მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მუქარის მოსპობის ფაქტი. ოჯახური ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაულები ლატენტური ბუნებისაა, შესაბამისად, არ ახასიათებს მოწმეთა სიმრავლე, ვინაიდან არ სცდება პირად სივრცეს, რაც სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უჩენს, რომ მსხვერპლის უფლებები ეფექტურად იქნას დაცული. ამდენად, ბრალდების მხარის პოზიციით, მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა გ. კ–ს ბრალეულობა, ყველა წარდგენილი ეპიზოდით.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ ის ვერ აკმაყოფილბს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო საჩივრის თანახმად: სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს გ. კ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მცდარი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, როდესაც გ. კ–ი უდანაშაულოდ ცნო საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით აღნიშნული უტყუარად იქნა დადასტურებული, ასევე თვლის რომ გ. კ–ს მიმართ გამოყენებული სასჯელის სახე არის ლმობიერი.
5.3. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, თავდაპირველად მიუთითოს მოქმედი კანონმდებლობის იმ სამართლებრივ ნორმებზე, რომლითაც დგინდება საკაციო საჩივრის შეტანისა და დასაშვებობის საფუძვლები:
5.4. საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენი უკანონოა, თუ: ა) არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რაც არ გამოუვლენია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოს ან რაც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს; ბ) მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიეცა; გ) გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას.
5.5. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).
5.7. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებს, საპროცესო ნორმათა დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულების დამაჯერებლობა, უტყუარობა და მნიშვნელობა მსჯავრდებულ გ. კ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მსჯავრდებისთვის რელევანტური ფაქტების დასადგენად, ასევე სააპელაციო სასამართლომ დაწვრილებით მიმოიხილა თითოეული მტკიცებულების შინაარსი, მასში გადმოცემულ ინფორმაციათა მიმართება სადავო ეპიზოდში ბრალდების ფორმულირებაში ასახულ ფაქტებთან და სამართლებრივად სწორად დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა 2023 წლის 8 აპრილს, გ. კ–ს მიერ ლ. შ–ს მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.
5.8. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ გ. კ–ს ბრალი ედებოდა ოჯახში ძალადობისთვის, კერძოდ, ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული შესაძლო სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის, რამაც მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში გააჩინა, თუმცა აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა ლ. შ–მ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. სხვა მტკიცებულება კი, რომელიც დაადასტურებდა გ. კ–ს მიმართ წარდგენილ ამ ბრალდებას, წარმოდგენილი არ არის.
5.9. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, კასატორის მიერ მითითებული მოწმეების – მ. ო–ს, ხ. ბ–სის, ს. გ–ს, ლ. დ–ს ჩვენებებზე, არასრულწლოვანი მოწმის – ნ. კ–ის გამოკითხვის ოქმზე და განმარტავს, რომ მათ მიერ მიცემული ჩვენებები პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოების – სიცოცხლის მოსპობის მუქარის დადგენის თვალსაზრისით წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს. ჩვენებებს, რომლებიც რიგ შემთხვევაში ეფუძნება დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამასთან, გარდა იმისა, რომ არ დასტურდება დაემუქრა თუ არა მსჯავრდებული დაზარალებულს, აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაშიც კი ზემოხსენებული მოწმეთა ჩვენებებით, იმის დადგენა გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, შეუძლებელია.
5.10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.11. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.12. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 129-ე მუხლის თანახმად, მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი. ამდენად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება ორ შემთხვევაში: 1. ინფორმაციის (ჩვენების) შესამოწმებლად და 2. საგამოძიებო ვერსიის შესამოწმებლად. საქართელოს სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტი მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული იმ ვითარებასთან, რომელშიც ხდებოდა აღსადგენი შემთხვევა.
5.13. აღსანიშნავია, რომ ლ. შ–სთან საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) ადგილზე შემოწმების მიზნით, მოწმემ მიუთითა თავის მ. ო–ს საცხოვრებელ სახლზე, სადაც მისი განმარტებით, გ. კ–მა ფიზიკურად იძალადა მასზე და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. გასათვალისწინებელია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას არ გამოვლენილა ახალი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ: არ ამოღებულა დანაშაულის საგანი ან/და რაიმე სხვა ნივთი, რომელსაც შესაძლოა არსებითი გავლენა ჰქონოდა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი (ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით) საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულების პირველწყაროს წარმოადგენს, სწორედ ის პირი (დაზარალებული), რომელმაც სასამართლოში ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, რაც სასამართლოს ართმევს შესაძლებლობას ამ მტკიცებულების სისწორე შეამოწმოს ინფორმაციის მიმწოდებელ პირთან, ამ შემთხვევაში დაზარალებულთან.
5.14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურა.
5.15. საქმეში არ მოიპოვება რაიმე ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც ლ. შ–ს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გარეშე, დამოუკიდებლად, დაადასტურებდა გ. კ–ს მონაწილეობას განხილულ დანაშაულში. ცალკე აღებული, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებული მწირი ინფორმაცია, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დანაშაულის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად. კასატორის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები მიემართება ფიზიკური ძალადობის ეპიზოდისკენ რაშიც გ. კ–ს მსჯავრი ისედაც აქვს დადებული, ხოლო ამ ეპიზოდში არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.
5.16. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ. კ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა გ. კ–ს სასარგებლოდ. ამასთან, კასატორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა. სააპელაციო სასამართლომ, კი თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა გ. კ–ს ამ ეპიზოდში დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი.
5.17. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.18. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე