დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 09.09.2024
საქმის ნომერი
2კ-33-I-24
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
09.09.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330802024009773308

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№33I-24 9 სექტემბერი, 2024 წელი

ს–ი ნ., 33I-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ნ. (N.) ს–სა (S–v) და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის პ. ნ–ს საკასაციო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 8 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ. ს–სის (დაბ: .... წ.) მიმართ ყაზახეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები და ფაქტობრივი გარემოებები:

1.1. ყაზახეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები არის შემდეგი: 2014 წლის 17 იანვრიდან 2018 წლის 13 ნოემბრამდე პერიოდში ნ. ს–მა განზრახი დანაშაულების ჩადენის მიზნით, ანგარების მოტივით, ყ–ს რესპუბლიკის ა–ს ოლქში 15-ზე მეტ სხვა პირთან ერთად შექმნა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და ხელმძღვანელობდა მას. დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის მონაწილეთა შორის განაწილებული იყო როლები და მოქმედებდა მკაცრად განსაზღვრული იერარქია. ნ. ს–ს ხელმძღვანელობით, დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის მონაწილენი მათთვის განსაზღვრული როლების შესაბამისად, ყ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ორგანიზებას უწევდნენ და წარმართავდნენ არაერთჯერად დანაშაულებრივ საქმიანობას აზარტული თამაშების ბიზნესში.

კერძოდ, 2014 წლის 17 იანვრიდან 2018 წლის 13 ნოემბრამდე პერიოდში ნ. ს–ს (N. S–v) ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით, დანაშაულებრივმა ორგანიზებულმა ჯგუფმა ანგარების მოტივით, ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით, ყ–ს რესპუბლიკის ა–ს ოლქში „სათამაშო ბიზნესის შესახებ“ ყ–ს რესპუბლიკის კანონმდებლობის დარღვევით, სხვადასხვა აკრძალულ ლოკაციაზე, სათანადო ნებართვის გარეშე გახსნა აზარტული თამაშების სალონები, მათ შორის, ელექტრონული სამორინეები. აღნიშნულ სივრცეებში ორგანიზებული ჯგუფი საჭირო ლიცენზიის გარეშე აწყობდა აზარტულ თამაშობებს და დანაშაულებრივად ეუფლებოდა უკანონო საქმიანობით მიღებულ შემოსავალს. აზარტული თამაშების სფეროში უკანონო საქმიანობის შედეგად ორგანიზებულმა ჯგუფმა მიიღო 171 734 447 ყ–ი ტენგეს ოდენობით სარგებელი, რაც დაახლოებით 1 000 000 ქართულ ლარს შეადგენს.

2019 წლის 23 ივლისს ნ. ს–სი (N. S–v) ყ–ს რესპუბლიკის ა–ს ოლქის ეკონომიკური გამოძიების დეპარტამენტის დადგენილებით ცნობილ იქნა ეჭვმიტანილად ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნა და ხელმძღვანელობა და აგრეთვე მასში მონაწილეობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 307-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი, მე-2 ქვეპუნქტებით (უკანონო სათამაშო ბიზნესის ორგანიზება, ჩადენილი დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემოსავლის მიღებით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

1.2. 2019 წლის 5 აგვისტოს ყ–ს რესპუბლიკის ა–ს ოლქის ეკონომიკური გამოძიების დეპარტამენტის დადგენილებით ნ. ს–ს მიმართ გამოცხადდა ძებნა, ხოლო 2019 წლის 26 აგვისტოს ყაზახეთის რესპუბლიკის აქტიუბინსკის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნ. ს–სის მიმართ გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა.

1.3. 2019 წლის 7 აგვისტოს ყაზახეთის რესპუბლიკის აქტიუბინსკის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნ. ს–ს (N. S–v) შეეფარდა პატიმრობა.

2. ნ. ს–ს მიმართ ს–ში განხორციელებული პროცედურები:

2.1. 2019 წლის 19 სექტემბერს ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ნ. ს–ი ექსტრადიციის მიზნით, დაკავებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ.

2.2. 2019 წლის 20 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ნ. ს–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 100 000 ლარის ოდენობით, ხოლო გირაოს თანხის სრულად შეტანამდე მის მიმართ გამოყენებულ იქნა პატიმრობა.

2.3. 2019 წლის 23 სექტემბერს გირაოს თანხის სრულად უზრუნველყოფის საფუძველზე, ნ. ს–სი გათავისუფლდა პატიმრობიდან.

2.4. 2019 წლის 6 ნოემბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შემოვიდა ნ. ს–ს ექსტრადიციის თაობაზე ყაზახეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.

2.5. 2024 წლის 5 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ და მოითხოვა ნ. ს–სის ყ–ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია ყ–ს რესპუბლიკის ა–ს ოლქის ეკონომიკური გამოძიების დეპარტამენტის დადგენილებით და დასჯადია ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორგანიზებული ჯგუფის, დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნა და ხელმძღვანელობა და აგრეთვე მასში მონაწილეობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 307-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი, მე-2 ქვეპუნქტებით (უკანონო სათამაშო ბიზნესის ორგანიზება, ჩადენილი დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემოსავლის მიღებით).

2.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 8 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი ნ. ს–სის ყ–ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია ყ–ს რესპუბლიკის ა–ს ოლქის ეკონომიკური გამოძიების დეპარტამენტის ეჭვმიტანილად ცნობის დადგენილებით და დასჯადია ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორგანიზებული ჯგუფის, დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნა და ხელმძღვანელობა და აგრეთვე მასში მონაწილეობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 307-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი, მე-2 ქვეპუნქტებით (უკანონო სათამაშო ბიზნესის ორგანიზება, ჩადენილი დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემოსავლის მიღებით).

2.7. 2024 წლის 15 აგვისტოს ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა – ნ. ს–სმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ. ნ–მ საკასაციო საჩივრებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 8 აგვისტოს განჩინების გაუქმება.

3. კასატორების პოზიცია:

3.1. კასატორების პოზიციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 8 აგვისტოს განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია. სასამართლოს მიერ არასწორად მოხდა ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლებთან მისადაგება, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი არ არის უკანონო სათამაშო ბიზნესის ორგანიზება, ასევე ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს რეკეტის, რეკეტული დაჯგუფებისა და რეკეტირის განმარტებას და ყაზახეთის სისხლის სამართლის კოდექსში არ არის მუხლი, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა საქართველოს სსკ-ის 2241-ე მუხლთან. ამასთან, დარღვეული იქნა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ კანონის მე-18 და 25-ე მუხლები. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნ. ს–ს მოთხოვნილი აქვს თავშესაფარი და საკითხს დღეის მდგომარეობით იხილავს სასამართლო. ასევე დაცვის მხარის მიერ სრულად იქნა დასაბუთებული ის რისკები, რასაც შეიძლება დაექვემდებაროს ნ. ს–სი მისი ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში. ყ–ს ციხეებში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, არ არის გარანტია იმისა, რომ მის მიმართ საპატიმრო დაწესებულებებში არ განხორციელედება წამება და არაადამიანური მოპყრობა. დაცვის მხარე პოზიციის დასადასტურებლად მიუთითებს მის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც დასტურდება საგამოძიებო ორგანოების მიკერძოებულობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები მიიჩნევენ, რომ არსებობს მთელი რიგი სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც ნ. ს–ი არ უნდა იქნეს ექსტრადირებული ყ–ს რესპუბლიკაში.

4. პოზიცია საკასაციო საჩივარზე:

4.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ წარმოადგინა პოზიცია და მოითხოვა ნ. ს–ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 8 აგვისტოს განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ნ. ს–ი 2019 წლის 19 სექტემბერს ექსტრადიციის მიზნით, დაკავებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ნ. ს–ს მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს. საკასაციო სასამართლო შეაფასებს, არსებობს თუ არა ნ. ს–ს ყ–ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე საფუძველი.

5. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული დაექვემდებაროს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული ქმედება როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით უნდა იყოს დასჯადი; 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. მსჯავრდებულის შემთხვევაში კი ასევე აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.

6. ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2241-ე მუხლით, რეკეტულ დაჯგუფებაში მონაწილეობა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, ნ. ს–სის მიერ ჩადენილი ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე ყაზახეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა.

7. გარდა ამისა, დაცულია „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-3 და მე-4 მუხლებითა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, კერძოდ, მოცემულ საქმეში პოლიტიკური დანაშაულის/პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებული დანაშაულის ან სამხედრო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის და აღნიშნულის დამადასტურებელი წონადი მტკიცებულება არც თავად დაცვის მხარეს წარმოუდგენია.

8. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. გარდა ზემოაღნიშნულისა, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.

9. დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელის ჩადენისთვისაც მოითხოვება ნ. ს–ს ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება, სულ მცირე, საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რაც ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულია და ასევე საქართველოს სსკ-ის 2241-ე მუხლი, რაც ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, მძიმე კატეგორიის დანაშაულია.

10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დადგენილია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ხანდაზმულობის ვადები. პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა ექვსი წელი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენიდან, ხოლო ათი წელი მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენიდან. ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. როგორც წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, ნ. ს–მა შესაძლო დანაშაულები ჩაიდინა 2014 წლის 17 იანვრიდან – 2018 წლის 13 ნოემბრამდე. მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2019 წლის 23 ივლისს, ხოლო 2019 წლის 5 აგვისტოს ყ–ს რესპუბლიკის ა–ს ოლქის ეკონომიკური გამოძიების დეპარტამენტის დადგენილებით ნ. ს–ს მიმართ გამოცხადდა ძებნა. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის. ასევე, ყაზახეთის რესპუბლიკიდან მიღებული ინფორმაციით, არც ყაზახეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით არის გასული ხანდაზმულობის ვადა. ამდენდად, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნი, ისე - მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.

11. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ თხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულია საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილება შესაბამისი პირის მიმართ იმ დანაშაულის ან დანაშაულების ჩადენისათვის, რომლებისთვისაც მოითხოვება ექსტრადიცია. ექსტრადიციაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ გადამცემი მხარის კომპეტენტური ორგანოები გადაწყვეტენ არ დაიწყონ ან შეწყვიტონ სამართალწარმოება იმავე დანაშაულის ან დანაშაულების წინააღმდეგ.“ ასევე, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

12. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაში მითითებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით საქართველოში არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სამართალწარმოება, გარდა საექსტრადიციო პროცედურებისა. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა „Non bis in idem“-ის პრინციპი.

13. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, რომ ნ. ს–ი შესაძლოა დაექვემდებაროს წამებასა ან/და არაადამიანურ მოპყრობას, ვინაიდან საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, ყ–ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებების დარღვევის, არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის მოსპობის საფრთხის შესახებ. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც მიუთითებდა, რომ იგი შესაძლოა დაექვემდებაროს წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას. გასათვალისწინებელია ყ–ს რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში ყაზახეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა წამების წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის ფაკულტატური ოქმი და ადამიანის უფლებათა საპრეზიდენტო კომისია, რაც მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიას ქმნის ყ–ს რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.

14. ამასთან, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ყაზახეთის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ იქნა გარანტია იმის თაობაზე, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი ნ. ს–ს უფლებები სრულად იქნება დაცული. საგულისხმოა, რომ გარანტიები არის კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი და ამასთანავე არის საკმარისად კონკრეტული და არა ზოგადი/ბუნდოვანი.

15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.: Mamatkulov and Askarov Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtH 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).

16. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი ს–ი საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს“, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის“ 56-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს: „არ იქნეს ექსტრადირებული ან საქართველოდან გაძევებული, ვიდრე მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ან სასამართლო გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში.“

17. წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 2023 წლის 21 ივლისს, ნ. ს–ს უარი ეთქვა როგორც ლტოლვილის, ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ს–მა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. თუმცა, 2024 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით, მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 2024 წლის 26 ივლისის მდგომარეობით, შსს მიგრაციის დეპარტამენტისთვის უცნობი იყო აღნიშნული გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების თაობაზე. მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თავშესაფრის ძიება არ არის ექსტრადიციის დასაშვებობის დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთან, წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ნ. ს–ი არ სარგებლობს ს–ი საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით. გარდა ამისა, იგი არის ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს მოქალაქე. ამდენად, არ არსებობს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთან, არ იკვეთება არც „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები.

18. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი განსაზღვრავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი და მათზე არც დაცვის მხარე მიუთითებს.

19. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ მიუთითებია წონადი არგუმენტები ყაზახეთის რესპუბლიკაში ნ. ს–ს მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევის რეალური საფრთხის არსებობის შესახებ, ამასთან მსგავსი ინფორმაცია არც საქართველოს გენერალურ პროკურატურას გააჩნია და დაცვის მხარის აპელირება ამ საკითხზე მოიცავდა მხოლოდ ზოგად განმარტებებს ყაზახეთის რესპუბლიკის პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ.

20. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ ყაზახეთის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ნ. ს–სის ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

21. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის საფრთხე, ვინაიდან ნ. ს–სის ოჯახი ცხოვრობს ყაზახეთის რესპუბლიკაში. შესაბამისად, მისი ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსპტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული უფლებები არ შეიზღუდება.

22. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no. 140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ნ. ს–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის პ. ნ–ს საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 8 აგვისტოს განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ნ. (N.) ს–სსა (Seissenbayev) და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის პ. ნ–სის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 8 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მამუკა ვასაძე

შალვა თადუმაძე