დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 14.11.2024
საქმის ნომერი
2კ-77-I-24
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
14.11.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330141224010127493

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №771-24 ქ. თბილისი

ს. დ., 771-24 14 ნოემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ს-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 თებერვლის განაჩენით:

დ. . ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

დ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით − თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 26 მაისის ეპიზოდი) − თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 27 მაისის ეპიზოდი) − თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 28 მაისის ეპიზოდი) − თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით − თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ს-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლით.

დ. ს-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან − 2022 წლის 30 მაისიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 თებერვლის განაჩენი დ. ს-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის განჩინებით დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

4. 2024 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ დ. ს-ს პირადი საქმე.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ს-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ დ. ს-ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება.

დ. ს-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, შემცირდა ერთი მეექვსედით და ამ ნაწილში სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლითა და 2 (ორი) თვით.

იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის განაჩენით − საქართველოს სსკ-ის 111, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები, საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელზე გავრცელებულმა შეღავათმა გავლენა ვერ მოახდინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის განაჩენით დანიშნულ საბოლოო სასჯელზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. ს-მ. კასატორს მიაჩნია, რომ უდანაშაულოა და მისი მსჯავრდება ემყარება ფალსიფიცირებულ მტკიცებულებებს, რის გამოც, მოითხოვს უკანონო პატიმრობის დასრულებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მეშვიდე მუხლის 1-ელი პუნქტის მიხედვით, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება, მათ შორის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXII თავით (დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ) გათვალისწინებულ დანაშაულებზე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტითა (სამი ეპიზოდი) და სსკ-ის 111, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები სწორედ აღნიშნულ თავშია მოქცეული, რის გამოც, მითითებული მუხლებით შეფარდებულ სასჯელებზე ამნისტია კანონიერად არ გავრცელდა. ამასთან, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 111, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნულ უფრო მკაცრ სასჯელს შთანთქმული ჰქონდა სხვა ნაკლებად მკაცრი, მათ შორის – საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი, აღნიშნულ მუხლზე გავრცელებულმა შეღავათმა, გავლენა ვერ მოახდინა დ. ს-ს მიმართ დანიშნულ საბოლოო სასჯელზე, რაც ასევე კანონიერია.

3. რაც შეეხება მსჯავრდებულის განმარტებას, რომ იგი უდანაშაულოა და მისი მსჯავრდება ემყარება ფალსიფიცირებულ მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ იხილავს პირის ბრალეულობის საკითხს, არამედ მსჯელობს მხოლოდ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების საკითხზე.

4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ დ. ს-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე