განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 180100122006425157
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1065აპ-24 ქ. თბილისი
ჯ. დ., 1065აპ-24 12 ნოემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს-ს, მსჯავრდებულ გ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ლ-ს, ასევე – შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ გიორგი კრავეიშვილის საკასაციო საჩივრები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ დ. ჯ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ს-მ, მსჯავრდებულ გ. ხ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ლ-მ, ასევე – შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა გიორგი კრავეიშვილმა
ü მსჯავრდებულ დ. ჯ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ს. საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ხოლო ალტერნატივის სახით – კვალიფიკაციის ცვლილებას ან სასჯელის შემსუბუქებას, შემდეგი მოტივებით: დ. ჯ-ს არ გააჩნდა განზრახ მკვლელობის განზრახვა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ იგი არ ყოფილა კონფლიქტის ინიციატორი, ამასთან, მას არ ამოძრავებდა რაიმე მოტივი, შურისძიების სურვილი მ. კ-ს მიმართ; მსჯავრდებულსა და აწ. გარდაცვლილს შორის მოხდა ჩხუბი, რომლეშიც აქტიური იყო მ. კ-ც, რაც დ. ჯ-ს, ობიექტურად თუ სუბიექტურად უქმნიდა თავდაცვის განცდას და მისგან მომდინარე აგრესიაზე, საპასუხო ქმედებების განხორციელებას; სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს განზრახ მკვლელობა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, სასამართლომ უნდა შეაფასოს პირის ქცევა ქმედებამდე და მას შემდეგ, სუბიექტურად იმყოფებოდა თუ არა დ. ჯ. თავდაცვით მდგომარეობაში, რაც სამართლებრივად შეიძლება არ იყოს აუცილებელი მოგერიება, მაგრამ პირი თვითონ მიიჩნევდეს, რომ თავდაცვის მდგომარეობაშია. აღნიშნულზე ობიექტური გარემოებებიც მიუთითებს; ამასთან, მსჯავრდებულ დ. ჯ-სათვის შეფარდებული სასჯელი ზედმეტად მკაცრია, მისი ასაკისა და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ წარსულში არ არის ნასამართლევი, ამასთან, საკუთარი სურვილით გამოცხადდა პოლიციაში.
ü მსჯავრდებულ გ. ხ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ლ. საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგი ძირითადი საფუძვლებით: გასაჩივრებული განაჩენი გამოტანილია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის უგულებელყოფით, საქმის ზერელე და არასრული განხილვით; განაჩენი ემყარება მხოლოდ მიკერძოებულ, დაინტერესებულ პირთა ჩვენებებს; ბრალდების მხარის ძირითად მოწმეთა – ქ. ა-ს, ე. დ-ს, ნ. დ-ს, ს. ფ-ს, ნ. ა-სა და სხვათა ჩვენებები არადამაჯერებელი, ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხველია, ხოლო მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა – ს. ჩ-მა სასამართლოს აშკარად ცრუ ჩვენება მისცა და შეცდომაში შეიყვანა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს საერთოდ არ უნდა გაეზიარებინა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები; დაცვის მხარე არ ეთანხმება სასამართლოს შეფასებას კვალიფიკაციის, კერძოდ, ხულიგნობის წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ჩადენის ნაწილშიც, ვინაიდან მიაჩნია, რომ მითითებული მაკვალიფიცირებელი ნიშანი, არ დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით.
ü მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი გიორგი კრავეიშვილი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მსჯავრდებულებს – გ. ხ-ს და გ. კ-ს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ზომა, ვინაიდან პროკურორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულების – გ. ხ-ს და გ. კ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელების ნაწილში არასამართლიანია, რადგან მათ მიმართ გამოყენებული სასჯელის ზომები, აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულთა ქმედებების ხასიათსა და მათ პიროვნებას.
2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 მარტის განაჩენით:
2.1. გ. კ., − დაბადებული ... წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით;
გ. კ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან − 2022 წლის 28 ივლისიდან;
გაუქმდა გ. კ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა.
2.2. გ. ხ., − დაბადებული ... წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლითა და 6 (ექვსი) თვით;
გ. ხ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან − 2022 წლის 28 ივლისიდან;
გაუქმდა გ. ხ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა.
2.3. დ. ჯ., − დაბადებული .... წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის − თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის − თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქა სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით შეფარდებული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ჯ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლით.
დ. ჯ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან − 2022 წლის 29 ივლისიდან;
გაუქმდა დ. ჯ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებები: გ. კ-სგან ამოღებული ,,ტოიოტას’’ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ...., უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; CD დისკები უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:
3.1. გ. კ-მ ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით;
3.2. გ. ხ-მ ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით;
3.3. დ. ჯ-მ ჩაიდინა: განზრახ მკვლელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით; მანვე ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით;
აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:
2022 წლის 28 ივლისს, ქ. ა. აღნიშნავდა დაბადების დღეს, ... სოფელ .... მდებარე, თავისი ოჯახის კუთვნილ აგარაკზე. წვეულებაზე, მოკლული მ. კ-ს ჩათვლით, იმყოფებოდა ოცდაცამეტი პირი − მასპინძლები და მოწვეული სტუმრები. დაახლოებით 02:10 საათზე, დაბადების დღეზე მყოფ გ. ხ-ს, ერთ-ერთი სტუმარი − მ. კ. შემთხვევით მხარზე მიეჯახა. აღნიშნული უმნიშვნელო საბაბით გაღიზიანებულმა გ. ხ-მ, მეგობრებთან − დ. ჯ-სთან და გ. კ-სთან ერთად დაიწყო გინება აგარაკის ტერიტორიაზე მყოფი სტუმრების მისამართით, მათ შორის, მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მ.კ-ს და მის მეგობრებს. თავის მხრივ, რ. ჩ., ი. ა. და დ. ხ., ასევე გამოხატავდნენ აგრესიას, იგინებოდნენ გ. ხ-ს, დ. ჯ-ს, გ. კ-ს მიმართ და ფიზიკურ დაზიანებებს აყენებდნენ მათ. აღწერილი ქმედებებით, დაპირისპირებული მხარეები გამოხატავდნენ მასპინძლებისა და მოწვეული სტუმრების მიმართ აშკარა უპატივცემულობას, უფრო მეტიც: ფიზიკურად გაუსწორდნენ მათთან დასამშვიდებლად მისულ სხვა სტუმრებს, ასევე წვეულების მასპინძლებს და ფაქტობრივად ჩაშალეს დაბადების დღის ღონისძიება. მიუხედავად მასპინძლის არაერთი მოწოდებისა, ზემოხსენებული პირები აგრძელებდნენ ხულიგნობას, მათ შორის, დ. ჯ. დანის გამოყენებით. მათ ქმედებები გააგრძელეს აგარაკის ეზოს გარეთაც, რა დროსაც დ. ჯ-მ, მ. კ-ს შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით, გულმკერდისა და ბარძაყის არეში დანით მიაყენა დაზიანებები. მიყენებული ჭრილობის შედეგად, მ. კ. გარდაიცვალა, ხოლო დ. ჯ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
4. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა გიორგი კრავეიშვილმა, მსჯავრდებულ დ. ჯ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ-მ, მსჯავრდებულ გ. ხ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ლ-ა და მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ჩ-მ.
ü ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულების – გ. ხ-სა და გ. კ-ს მიმართ უფრო მკაცრი, მაქსიმალური სასჯელების განსაზღვრა.
ü მსჯავრდებულ დ. ჯ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 მარტის განაჩენის კვალიფიკაციის ნაწილში ცვლილების შეტანა და დ. ჯ-ს ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება.
ü მსჯავრდებულ გ.ხ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, გ. ლ-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
ü მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რ. ჩ-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივლისის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორების საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ დაცვისა და ბრალდების მხარეების საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ გ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ლ-სა და მსჯავრდებულ დ. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს-ს საკასაციო საჩივრების მოთხოვნას მსჯავრდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შესახებ (ასევე დაცვის მხარის ალტერნატიულ მოთხოვნას მსჯავრდებულ დ. ჯ-ს მიმართ კვალიფიკაციის შეცვლისა და სასჯელის შემსუბუქების შესახებ), ვინაიდან სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ დ. ჯ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ხოლო გ. ხ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის: დაზარალებულების: ს. ჩ-სა და ქ. (ქ.) ა-ს ჩვენებებით, მოწმეების − ნ. (ნ.) ა-ს, ს. ფ-ს, გ. ჩ-ს, ე. დ-ს, ნ. დ-ს, ა. გ-ს, ს. ო-ს, ნ. ბ-ს, მ. ჩ-ს, ლ. ბ-ს, მ. რ-ს, ა. კ-ს, ნ. ლ-ს, ლ. ქ-ს და სხვათა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სსიპ 112-დან გამოთხოვილი ინფორმაციითა და შესაბამისი აუდიო-ჩანაწერებით, სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის მიერ შედგენილი სამედიცინო ბარათითა და შეტყობინებით, ბრალდებულ გ. კ-ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ორი ფოტოსურათითა და მასზე ჩატარებული ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, მ. კ-ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტების – ს. ბ-სა და გ. ც-ს ჩვენებებით, ქ. ა-ს, ნ. ა-ს, ლ. ბ-ს, ა. გ-ს, ი. ა-ს, დ. ხ-ს, რ. ჩ-ის, ო. კ-ს, ნ. ბ-სა და სხვა მოწმეთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და მათი გამცემი ექსპერტების ჩვენებებით, დ. ჯ-სა და გ. ხ-ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებითა და მათი გამცემი ექსპერტების ჩვენებებით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, დ. ჯ-ს მიმართ ჩატარებული ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, მისი გამცემი ექსპერტების ჩვენებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებულ დაზარალებულთა და ბრალდების მხარის სხვა მოწმეთა ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევისა და არგაზიარების საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია. საკასაციო პალატა ამ ნაწილშიც ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ მათი ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო, დამაჯერებელი და სრულად თანხვდენილი როგორც ერთმანეთთან, ისე – საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. ამ მტკიცებულებათა შორის არსებითი სახის წინააღმდეგობა არ იკვეთება, ამდენად, რაიმე გარემოება, რაც ბრალდების მხარის მტკიცებულებების არგაზიარების საფუძველი გახდებოდა, საქმის შესწავლის შედეგად, არ ვლინდება.
4. ასევე უსაფუძვლოა დ. ჯ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მოსაზრება, რომ მსჯავრდებულმა, აწ. გარდაცვლილ მ. კ-ს დაზიანებები მიაყენა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება დ. ჯ-ს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი. აღნიშნულზე აპელირებს მხოლოდ მსჯავრდებული, რომლის ჩვენებაც ვერ იქნება გაზიარებული, რადგან იგი სრულად ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის, შემთხვევის ადგილზე მყოფი, არაერთი თვითმხილველი პირის ჩვენებას, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებს, რომელთა მიხედვით, ცალსახად გამოირიცხება მსჯავრდებულის მიერ გადმოცემული ვერსია, განვითარებულ მოვლენათა შესახებ. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, დეტალურად განიხილეს და შეაფასეს აუცილებელი მოგერიებისათვის სავალდებულო წინაპირობათა ელემენტები და მართებულად მიიჩნიეს, რომ მსჯავრდებული დ. ჯ. აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში არ იმყოფებოდა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5. საკასაციო პალატა ასევე სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას მსჯავრდებულების – დ. ჯ-ს, გ. ხ-სა და გ. კ-სათვის შეფარდებულ სასჯელებთან მიმართებითაც. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულებისათვის განსაზღვრული სასჯელების სახე და ზომა შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირთა ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულებს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელები, რომელთა როგორც დამძიმების, ისე – შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
6. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, როგორც კვალიფიკაციის (მათ შორის – ხულიგნობის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენის ნაწილში), ასევე, სასჯელთან მიმართებით, რომელსაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001).
7. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულების – დ. ჯ-სა და გ. ხ-ს მიმართ – უნდა აღსრულდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, კერძოდ:
8. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
9. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მეშვიდე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება მათ შორის, იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
10. აღნიშნულიდან გამომდინარე: მსჯავრდებულ დ. ჯ-ს ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით შეფარდებული სასჯელი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და უნდა განესაზღვროს – 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან მის მიმართ არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და, ამავე დროს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, არ ექცევა ამნისტიის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ჩამონათვალში. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მეშვიდე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დ. ჯ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელზე ამნისტია არ ვრცელდება; მსჯავრდებულ გ. ხ-ს ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი – 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და უნდა განესაზღვროს – 2 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან მის მიმართ არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და, ამავე დროს, ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
11. ამასთან, მსჯავრდებულ გ. კ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება ვერ გავრცელდება, რადგან საქმის მასალების მიხედვით, მას კალენდარულად უკვე მოხდილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ დ. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს-ს, მსჯავრდებულ გ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ლ-ს, ასევე – შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ გიორგი კრავეიშვილის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივლისის განაჩენი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულების სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლითა და 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ დ. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს-ს, მსჯავრდებულ გ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ლ-ს, ასევე – შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ გიორგი კრავეიშვილის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. შეიცვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივლისის განაჩენი:
3. დ. ჯ. ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
4. დ. ჯ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით შეფარდებული სასჯელი – 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს – 4 (ოთხი) წლითა და 2 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით, დ. ჯ-სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით შეფარდებულმა სასჯელმა, შთანთქას სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ჯ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. დ. ჯ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან − 2022 წლის 29 ივლისიდან;
7. დ. ჯ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა, გაუქმებულია.
8. გ. ხ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი – 3 (სამი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 2 (ორი) წლითა და 11 (თერთმეტი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
9. გ. ხ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან − 2022 წლის 28 ივლისიდან;
10. გ. ხ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა, გაუქმებულია;
11. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები: გ. კ-სგან ამოღებული ,,ტოიოტას’’ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ...., დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; CD დისკები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; საქმეში არსებული სხვა ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს მოცემული სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივლისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
13. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. ფაფიაშვილი