ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 17.12.2024
საქმის ნომერი
2კ-882აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.12.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100124008595317

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №882აპ-24 ქ. თბილისი

ჯ. თ, 882აპ-24 17 დეკემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების - თ. ჯ-ს, ნ. ა-ა და ქ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ--ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 აპრილის განაჩენით:

1.1. თ. ჯ, - დაბადებული --- წლის ... ოქტომბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან სასჯელის ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ჯ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2024 წლის 12 აპრილიდან.

1.3. (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის განაჩენით თ. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა).

1.4. ნ. ა–ი, - დაბადებული --- წლის .. ივნისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

1.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან სასჯელის ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. ა-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2024 წლის 12 აპრილიდან.

1.6. (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 ივლისის განაჩენით ნ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ნ. ა-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა)/

1.7. ქ. ჩ-ე, - დაბადებული --- წლის .. ივნისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

1.8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 3 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან სასჯელის ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ქ. ჩ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2024 წლის 12 აპრილიდან.

1.9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 3 ივლისის განაჩენით ქ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა).

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ჯ-მ, ნ. ა-მა და ქ. ჩ-ემ ჩაიდინეს სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2023 წლის 23 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, გ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ი მდებარე სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციური დაწესებულების „ა“ საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულის დერეფანში, №3 საკანთან, მსჯავრდებულ ს. შ--ს, მსჯავრდებულებმა - თ. ჯ-მ, ნ. ა-მა და ქ. ჩ-ემ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: თ. ჯ-მ ს. შ-ს თავი დაარტყა ცხვირის არეში, მოქაჩა თმები და დაუწყო ცემა ხელებით და ფეხებით სხეულის სხვადასხვა ნაწილში, ნ. ა–ს ხელით ეჭირა ს. შ--ს თმები, ქაჩავდა ძლიერად და ურტყამდა ხელს სახის არეში, ქ. ჩ-ემ ხელებით დაიჭირა ს. შ-ს თმები და ძლიერად ქაჩავდა, რამაც დაზარალებულ ს. შ-ს ძლიერი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის დამძიმების კუთხით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განაჩენით:

4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

4.2. თ. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

4.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან სასჯელის ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ჯ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2024 წლის 12 აპრილიდან.

4.4. ნ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

4.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან სასჯელის ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. ა-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2024 წლის 12 აპრილიდან.

4.6. ქ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

4.7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 3 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან სასჯელის ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ქ. ჩ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2024 წლის 12 აპრილიდან.

4.8. მსჯავრდებულებს - თ. ჯ-ს, ნ. ა-სა და ქ. ჩ-ეს ,,ამნისტიის შესახებ“ 2022 წლის 12 აპრილის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდათ 105 დღით.

5. კასატორმა - მსჯავრდებულების - თ. ჯ-ს, ნ. ა-ა და ქ. ჩ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულების - თ- ჯ--ს, ნ. ა-ა და ქ. ჩ--ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. მსჯავრდებულების - თ. ჯ-ს, ნ. ა-ა და ქ. ჩ-ს მიერ მათთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ს. შ-სა და მოწმეების - ჟ. ჩ-ს, ნ. ვ-ს, ე. ა---ს, ი. ყ--ს, მ. დ-ს, ი. ა-ს, ხ. ჯ-ს გამოკითხვის ოქმებით, ვიდეოჩანაწერითა და ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულებების დათვალიერების ოქმებით, სამედიცინო დოკუმენტაციითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

3. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის მოთხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ სასჯელთან, კერძოდ, მსჯავრდებულების - თ. ჯ-ს, ნ. ა-ა და ქ. ჩ-სათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებასთან.

4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლიანობა გულისხმობს მართლწესრიგში ბალანსის აღდგენასა და შენარჩუნებას, მშვიდი და ჰარმონიული თანაცხოვრების უზრუნველყოფას, პირის მიერ ჩადენილი ქმედების მიერ გამოწვევადი საფრთხეების გათვალისწინებით ადეკვატური სასჯელის დაკისრებას და იმავდროულად, სასჯელის გამოყენებას განსახილველი სისხლის სამართლის საქმის ინდივიდუალურ გარემოებებზე დაყრდნობით; რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი დამნაშავის შეგუებას, ამისათვის შესაბამისი პირობების შექმნის გზით, როგორც საპატიმრო დაწესებულებაში, ასევე არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებისას, თავისუფლებაში ყოფნის პირობებში; ახალი დანაშულის თავიდან აცილება კი ხორციელდება სპეციალური და ზოგადი პრევენციის ფარგლებში, სადაც სპეციალური პრევენცია მიმართულია რეციდივის წინააღმდეგ, რათა დამნაშავეს მოესპოს ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა ან მოხდეს მათი მინიმალიზება. ზოგადი პრევენცია კი გულისხმობს დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველისათვის იმის დემონსტრირებას, თუ რა შეიძლება მათ ელოდეთ ანალოგიური ქმედების ჩადენის შემთხვევაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

6. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თანაბრად ხელმძღვანელობს მსჯავრდებულების - თ. ჯ-ს, ნ. ა-ა და ქ. ჩ-ს სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულებისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი და შესაძლებელია მისი შემსუბუქება, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს შემდეგს: იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.

8. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (აღიარება, მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევით სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელშეწყობა), ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულებს - თ. ჯ--ს, ნ. ა-სა და ქ. ჩ-ეს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.

9. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, 11 ნაწილის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით, 12 ნაწილით (გარდა სისტემატური ცემისა) ან მე-2 ნაწილის (გარდა სისტემატური ცემისა) „ა“ ან „ლ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

10. საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულ ს. შ-ს ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომ მსჯავრდებულ ქ. ჩ-ს მიმართ გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი. დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია დაზარალებულის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომ მსჯავრდებულებზე - თ. ჯ--სა და ნ. ა–ზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

11. შესაბამისად, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული ქ. ჩ-ე უნდა გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან.

12. აქვე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: მართალია, ქ. ჩ-ემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 3 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით განსაზღვრულ ვადამდე - 2024 წლის 1 ივლისამდე - ჩაიდინა, თუმცა ამავე კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირმა ჩაიდინა ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლებით განსაზღვრული დანაშაულის დაფარვა) გათვალისწინებულ დანაშაულზე.

13. საბოლოოდ, ქ. ჩ-ეს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 3 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით საბოლოოდ დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ერთი მეხუთედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანს ან ქალ მსჯავრდებულს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

15. შესაბამისად, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ თ. ჯ-ს საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეს ერთი მეხუთედით, რაც შეადგენს 1 წელს, 2 თვესა და 12 დღეს.

16. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 108-ე გათვალისწინებულ დანაშაულზე.

17. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ჯ-ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 3 წლით, 2 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა.

18. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ ნ. ა–ს საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეს ერთი მეხუთედით, რაც შეადგენს 1 წელს, 2 თვესა და 12 დღეს.

19. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“-„ე“ ქვეპუნქტებით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა).

20. შესაბამისად, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებულ ნ. ა-ს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა გაუნახევრდეს, რაც შეადგენს 4 წელს.

21. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე.

22. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. ა–ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 6 წლით, 2 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულების - თ. ჯ-ს, ნ. ა-ა და ქ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ქ. ჩ-ე გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან.

4. ქ. ჩ-ეს მოსახდელად განესაზღვროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 3 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით საბოლოოდ დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2024 წლის 12 აპრილიდან.

5. თ. ჯ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეხუთედით და მიესაჯოს 1 წლით, 2 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა.

6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან სასჯელის ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ჯ--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 წლით, 2 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2024 წლის 12 აპრილიდან.

7. ნ. ა–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეხუთედით და მიესაჯოს 1 წლით, 2 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა.

8. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებულ ნ. ა–ს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა გაუნახევრდეს და მიესაჯოს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

9. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე.

10. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან სასჯელის ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. ა–ს სასჯელის ზომად განესაზღვროს 6 წლით, 2 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2024 წლის 12 აპრილიდან.

11. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულებს - თ. ჯ-ს, ნ. ა–სა და ქ. ჩ-ეს ,,ამნისტიის შესახებ“ 2022 წლის 12 აპრილის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდათ 105 დღით.

12. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: სისხლის ნიმუშები და „კრიალოსანის“ ფრაგმენტები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით; ტანსაცმელი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო მეხსიერების ბარათი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

13. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი