ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 23.10.2024
საქმის ნომერი
2კ-1022აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.10.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100123008374198

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №1022აპ-24 ქ. თბილისი

დ. ბ. 1022აპ-24 23 ოქტომბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ბ. დ–ს – დაბადებულს 1... წელს, – ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 160-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. დ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2023 წლის 20 ნოემბერს, ღამის საათებში, ბ. დ–ს მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შევიდა ქ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ–ში მდებარე ა. ნ–ს მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, რითაც დაარღვია ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა;

2.2. 2023 წლის 20 ნოემბერს ღამის საათებში, ქ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ–ში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბ. დ–ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ა. ნ–ს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 მარტის განაჩენით:

3.1. ბ. დ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთის დარჩენილი ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით – 2 წლის გამოსაცდელი ვადით;

3.2. ბ. დ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთის დარჩენილი ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით – 2 წლის გამოსაცდელი ვადით;

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული ძირითადი სასჯელებიდან ერთმა თანაბარი ზომის სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი ზომის სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ბ. დ–ს საბოლოო ძირითად სასჯელად დაენიშნა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც – 6 თვე თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთის დარჩენილი ნაწილი - 6 თვე ჩაეთვალა პირობით – 2 წლის გამოსაცდელი ვადით;

3.4. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-ე, 42-ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 3000 ლარი.

3.5. მსჯავრდებულ ბ. დ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული მოსახდელი სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან – 2023 წლის 20 ნოემბრიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:

4.1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა მოითხოვა ცვლილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 მარტის განაჩენში და მსჯავრდებულ ბ. დ–სათვის მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან;

4.2. მსჯავრდებულ ბ. დ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა პ. ბ–მ და მ. მ–მ მოითხოვეს ცვლილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენში, ბ. დ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების კუთხით და ბ. დ–სათვის ისეთი სასჯელის განსაზღვრა, რაც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა, რომელიც ითხოვს ცვლილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის განაჩენში ბ. დ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების კუთხით, კერძოდ, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში სრულად მოხდასთან.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს ბ. დ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. ბრალდების მხარის საკასაციო მოთხოვნისა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ბ. დ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.

5. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7). ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38), უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2017 წლის 11 ივლისი, II-10).

6. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი დამნაშავის შეგუებას, ამისათვის შესაბამისი პირობების შექმნის გზით, როგორც საპატიმრო დაწესებულებაში, ასევე, არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებისას, თავისუფლებაში ყოფნის პირობებში; ახალი დანაშაულის თავიდან აცილება კი ხორციელდება სპეციალური და ზოგადი პრევენციის ფარგლებში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

7. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ხოლო, საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილი – ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.

8. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, ბ. დ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ბ. დ–ს ძირითად სასჯელად განუსაზღვრა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის ნაწილის პირობითად ჩათვლას, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ბ. დ–მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რაც აღიარა (საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე), უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი.

8.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა.

8.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორი ბრალდების მხარე სასჯელის გამკაცრებას ითხოვს დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე. კერძოდ, სასჯელის გამკაცრების დასაბუთებისათვის უთითებს იმაზე, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს, რომ დანაშაული ჩადენილია მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, მარტოხელა დედის მიმართ, ყოველგვარი სერიოზული მიზეზის გარეშე. ბრალდების მხარე არ უთითებს სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის კანონდარღვევით გამოყენებასა და აღნიშნულიდან გამომდინარე დანიშნული სასჯელის უკანონობაზე. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებისათვის სავალდებულოა კუმულაციურად შემდეგი პირობების არსებობა: ბრალდებულის (მსჯავრდებული) მიერ დანაშაულის აღიარება (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე); დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეების დასახელება და თანამშრომლობა გამოძიებასთან (მაგალითისთვის იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინება №305აპ-21). მოცემულ შემთხვევაში კი სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ 2023 წლის 20 ნოემბერს დაკავებისას ბ. დ–ს გაეცნო დაკავების ოქმს, განემარტა უფლებები, მაგრამ ოქმზე ხელის მოწერაზე განაცხადა უარი (იხ.: 2023 წლის 20 ნოემბრის დაკავების ოქმი ტ.1, ს.ფ. 8-12), გამოძიების ეტაპზე მოწმის სახით არ დაკითხულა, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი წინასასამართლო სხდომის ოქმით არ დგინდება ცნობდა თუ არა თავს წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 დეკემბრის წინასასამართლო სხდომის ოქმი 10:30:31-10:30:36), 2024 წლის 10 იანვრის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიუთითა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობდა (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 იანვრის სხდომის ოქმი 14:24:50-14:25:05) და მხოლოდ საბოლოო სიტყვის ეტაპზე მიუთითა, რომ აღიარებდა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას და მოითხოვა მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 მარტის სხდომი ოქმი 16:15:02-16:15:59). შესაბამისად, არ არსებობდა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაწესის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.

8.3. ბ. დ–ს დღეის მდგომარეობით სრულად აქვს მოხდილი მისთვის ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ არასწორად დანიშნული სასჯელი (არასწორად განსაზღვრული სასჯელის მოხდის ფორმა).

8.4. იმავდროულად, ვინაიდან, საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში, ხოლო ბრალდების მხარე გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას არ ითხოვს აღნიშნული საფუძვლით (არათუ არ ხდის სადავოდ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 გამოყენების კანონიერებას, არამედ საერთოდ არ უთითებს აღნიშნულზე), სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას საქართველოს სსკ-ის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანოს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელი.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბ. დ–სს დამატებითი სასჯელის სახით საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე განსაზღვრული აქვს ჯარიმა – 3000 ლარი. თუმცა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების განაჩენები არ შეიცავს დასაბუთებას მითითებული ჯარიმის გამოყენების შესახებ, განაჩენების სარეზოლუციო ნაწილებიდან ასევე არ დგინდება, კონკრეტულად რომელი დანაშაულის ჩადენისათვის განესაზღვრა დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა ბ. დ–ს. გასაჩივრებული განაჩენებით ბ. დ–სს დამატებითი სასჯელი დანიშნული აქვს მისთვის მსჯავრადშერაცხილი თითოეული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელების საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობისათვის სასჯელთა განსაზღვრის წესის გამოყენების შემდეგ. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი სასჯელის შემსუბუქების/ჯარიმის გაუქმების მოთხოვნით არ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე საკასაციო მოთხოვნის არარსებობის გამო, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეამოწმოს დანიშნული დამატებითი სასჯელის სამართლიანობა და განიხილოს მისი შემსუბუქების/გაუქმების საკითხი.

10. სასამართლო განმარტავს, რომ დამატებითი სასჯელი განისაზღვრება კონკრეტული დანაშაულისათვის, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილი ადგენს კონკრეტული დანაშაულისათვის უკვე განსაზღვრული დამატებითი სასჯელის დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელად ძირითად სასჯელთან ერთად გამოყენების შესაძლებლობას. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის დანიშვნამდე, განსაზღვრული უნდა იყოს სასამართლომ რომელი დანაშაულისათვის დაუნიშნა პირს დამატებითი სასჯელი და შემდეგ იქნეს მიღებული გადაწყვეტილება დანაშაულთა ერთობლიობისთვის საბოლოოდ მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის დანიშვნისას დამატებითი სასჯელის შთანთქმის თუ მიმატების წესის გამოყენებაზე.

10.1. იმ პირობებში, როდესაც სასამართლო მოკლებულია დანიშნული დამატებითი სასჯელის გამოყენების კანონიერების და სამართლიანობის შემოწმების შესაძლებლობას, დამატებითი სასჯელის სახით გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული ჯარიმა ბ. დ–სს უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული წარმოადგენს უფრო მძიმე დანაშაულს, ვიდრე საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

11. სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა (ბ. დ–მ საქართველოს სსკ-ის 151–ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები ჩაიდინა – 2023 წლის 20 ნოემბერს).

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით – ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბ. დ–ს მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთის დარჩენილი ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით;

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბ. დ–ს დანაშაულის ჩადენის დროს (2023 წლის 20 ნოემბერს) იყო ნასამართლობის არ მქონე (იხ.: ცნობა ნასამართლობის შესახებ, ტ.1, ს.ფ. 16), თუმცა სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა, რომ პირის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის (კერძოდ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის) გამოყენება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის შესაძლებელია მხოლოდ დაზარალებულის თანხმობის არსებობის შემთხვევაში. ვინაიდან საჩივრის განხილვის თარიღისათვის, სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულ ა. ნ–ს თანხმობა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების შესახებ, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება განავრცოს და გამოიყენოს იმ შემთხვევებში, რაც კანონით არ არის გათვალისწინებული.

15. სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

16. შესაბამისად, ბ. დ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთის დარჩენილი ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით – 2 წლის გამოსაცდელი ვადით უნდა შემცირდეს 1/6-ით.

16.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბ. დ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან, 2023 წლის 20 ნოემბრიდან, შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელი – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ბ. დ–სს დღეის მდგომარეობით სრულად აქვს მოხდილი და მასზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტი ვერ გავრცელდება.

16.2. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, პირს, რომელიც პირობით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და რომელსაც დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა, ამ კანონის მე-2−მე-4 მუხლების თანახმად, 1 წელზე ნაკლები ვადით უმცირდება, ამ მუხლის საფუძველზე 1 წლით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა.

16.2.1. შესაბამისად, ბ. დ–ს უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადისაგან.

17. ბ. დ–ს საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებასთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტს, რომლის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით – ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბ. დ–ს მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლისთვისაც სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთის დარჩენილი ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით – 2 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა – 3000 ლარი.

18.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებას არ შეიცავს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი−მე-3 მუხლები და ამ კანონის მე-7 მუხლი, შესაბამისად, მასზე უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუქნტი და დანიშნული ძირითადი სასჯელი უნდა შემცირდეს 1/6-ით.

18.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბ. დ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან, 2023 წლის 20 ნოემბრიდან, შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელი – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ბ. დ–ს დღეის მდგომარეობით სრულად აქვს მოხდილი და მასზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტი ვერ გავრცელდება.

18.3. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, პირს, რომელიც პირობით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და რომელსაც დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა, ამ კანონის მე-2−მე-4 მუხლების თანახმად, 1 წელზე ნაკლები ვადით უმცირდება, ამ მუხლის საფუძველზე 1 წლით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა.

18.3.1. შესაბამისად, ბ. დ–ს უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადისაგან.

18.3.2. ბ. დ–სათვის საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრულ დამატებით სასჯელთან – ჯარიმა 3000 ლართან –მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის (არ ვრცელდება ჯარიმაზე) თანახმად, იგი არ თავისუფლდება დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული სასჯელის - ჯარიმის – მოხდისაგან.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ბ. დ–ს ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთის დარჩენილი ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით – 2 წლის გამოსაცდელი ვადით;

3.1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ბ. დ–სათვის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა დღეის მდგომარეობით მოხდილია (სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან – 2023 წლის 20 ნოემბრიდან);

3.2. ბ. დ–სს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე 1 წლით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა და გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადისაგან;

4. ბ. დ–ს ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთის დარჩენილი ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით – 2 წლის გამოსაცდელი ვადით. ხოლო, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა – 3000 ლარი.

4.1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ბ. დ–სათვის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა დღეის მდგომარეობით მოხდილია (სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან – 2023 წლის 20 ნოემბრიდან);

4.2. ბ. დ–სს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე 1 წლით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა და გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადისაგან და მოსახდელად დარჩეს ჯარიმა – 3000 ლარი;

5. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი