ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100121005180229
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №908აპ-24 ქ. თბილისი
ბ. ი., 908აპ-24 12 დეკემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ნ. საკასაციო საჩივარი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ნ. საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ ი. ბ-ს ბრალეულობა მისი აღიარებითი ჩვენების გარდა, არ დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. სასამართლომ სათანადო ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომ ი. ბ. წარსულში არ არის ნასამართლევი, ჰყავს ოჯახი, რომლის ერთადერთი მარჩენალი თვითონაა, ხასიათდება დადებითად, გააჩნია უმაღლესი განათლება. ამასთან, ი. ბ. სურს დაზარალებულთან მოლაპარაკება, მოლაპარაკება ასევე მიმდინარეობს, საპროცესო შეთანხმების დადებასთან დაკავშირებითაც. საკასაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქების კუთხით და ი. ბ-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული ყველა საშეღავათო ზომის გამოყენება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 იანვრის განაჩენით ი. ბ., − დაბადებული .... წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით − თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით − თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით.
ი. ბ. სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან − 2022 წლის 29 აპრილიდან.
ყადაღა უნდა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ... მდებარე გ. ც. (პირადი N....) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით – ...
ყადაღა ასევე უნდა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით: ლ.(პირადი N....) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას (მდებარე თ...); შპს ... (...) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას (...).
ნივთიერი მტკიცებულებები – ლაზერული დისკები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ბ. ჩაიდინა: თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება), ე.ი. უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, მასზე საკუთრების და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა და შენიღბვა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
ი. ბ-ს მიმართ მსჯავრად შერაცხილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
2019 წლის მაისში, შპს ... დამფუძნებელმა, კომპანიის ასპროცენტიანი წილის მფლობელმა და დირექტორმა – ი. ბ. თავის ბიზნესპარტნიორ გ. ც-ს, ერთობლივი ბიზნეს საქმიანობის განხორციელების მიზნით, სთხოვა იპოთეკით დაეტვირთა მისი საცხოვრებელი სახლი – მდებარე .... და სესხის სახით, სს ... ბანკიდან გამოეტანათ თანხა − 300 000 აშშ დოლარი. ი. ბ-ს მტკიცებით, იგი აპირებდა აღნიშნული თანხით შეესრულებინა შპს „...“ შეკვეთა, ორი გენერატორის ამერიკის შეერთებულ შტატებში შეძენისა და ტრანსპორტირების სახით, რათა დამკვეთს გენერატორები დაეყენებინა ... გამზირზე მდებარე საოფისე ცენტრ „...“. ვინაიდან გ. ც-სა და ი. ბ. წლების მანძილზე აკავშირებდათ ახლომეგობრული ურთიერთობა და 2013 წლიდან გ. ც. ი. ბ-ს პარტნიორიც გახდა შპს „...“, მან თანხმობა განაცხადა იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებაზე.
შეთანხმების შესაბამისად, 2019 წლის 31 მაისს, გ. ც. ი. ბ-ს თხოვნით მივიდა სს ... ბანკის სათავო ოფისში – ... და, ი. ბ. ერთად, ხელი მოაწერა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, იპოთეკური ვალდებულებით დატვირთა ... მდებარე, გ. ც. საცხოვრებელი სახლი, საკადასტრო კოდით ... მოლაპარაკების თანახმად, ი. ბ. 6-7 თვეში უნდა შეესრულებინა ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულება და გ. ც. ბინა უნდა გაეთავისუფლებინა იპოთეკური ვალდებულებისაგან.
გ. ც-სათვის მიცემული განმარტების საპირისპიროდ და წინასწარი განზრახვის შესაბამისად, 2019 წლის 31 მაისიდან 2019 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით დროის ინტერვალში, ი. ბ., როგორც შპს ... დირექტორმა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირმა, გ. ც. ბინისა და ქალაქ ... ახლადშეძენილი მიწის ნაკვეთის უზრუნველყოფით, გ. ც. მოტყუებითა და მისი ნდობის ბოროტად გამოყენებით, სს ... ბანკიდან კომპანიის სახელზე გაცემული კრედიტის სახით მიიღო არა 300 000 აშშ დოლარი, არამედ – 1 376 000 აშშ დოლარი, რაც მითითებულ პერიოდში მოქმედი ოფიციალური სავალუტო გაცვლითი კურსის თანახმად, შეადგენდა 3 871 288,8 ლარს და მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული თანხა განკარგა თავისი შეხედულებისამებრ, კერძოდ, ი. ბ. აღნიშნული სესხის სახით მიღებული თანხიდან, 2019 წლის 31 მაისსვე, თითქოსდა 750 000 აშშ დოლარად (2 091 750 ლარად), ... შეიძინა სამი ჰექტარი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც მალევე დაარეგისტრირა კომპანია შპს ... საკუთრებად და ზემოხსენებული სესხისვე უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს 2019 წლის 31 მაისს, დატვირთა იპოთეკური ვალდებულებით სს ... ბანკის სასარგებლოდ.
ი. ბ-ს დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, გ. ც-ს მიადგა დიდი ოდენობით − 567 995 აშშ დოლარის – მატერიალური ზიანი, რაც 2019 წლის 31 მაისს მოქმედი ოფიციალური სავალუტო გაცვლითი კურსის თანახმად, შეადგენდა 1 591 692 ლარს, ხოლო დაზარალებულ კომპანია შპს ... მიადგა დიდი ოდენობით 1 376 600 აშშ დოლარის მატერიალური ზიანი, რაც მითითებულ პერიოდში მოქმედი ოფიციალური სავალუტო გაცვლითი კურსის თანახმად, შეადგენდა 3 871 288,8 ლარს.
თაღლითური განზრახვის აღსრულების შემდეგ, .... მდებარე გ. ც საცხოვრებელი სახლის (ს/კ ... ) და ... მდებარე, 30 979 კვ/მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) უზრუნველყოფით, სს „....” ბანკიდან სესხის სახით 1 376 600 აშშ დოლარიდან 906 600 აშშ დოლარის მიღებისა და თაღლითურად მისაკუთრების შემდეგ, ი. ბ. განიზრახა უკანონოდ მიღებული თანხისათვის კანონიერი სახის მიცემა, აგრეთვე, – მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, განთავსების, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა.
აღნიშნული მიზნით, ი. ბ შეუთანხმდა ... მდებარე 30 979 კვ/მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ხ. ლ., რომ ზემოხსენებული უძრავი ქონების შესაძენად გადაუხდიდა 200 000 აშშ დოლარს, რაც მითითებულ პერიოდში, შეადგენდა 700 000 ლარს, თუმცა ანგარიშზე დაურიცხავდა გაცილებით მეტ თანხას, რასაც ხ. ლ., ანგარიშიდან თანხის გამოტანის შემდეგ, დაუბრუნებდა ი. ბ. − ნაღდი ფულის სახით.
შეთანხმების შესაბამისად, 2019 წლის 31 მაისს, ი. ბ. კრედიტის სახით დარიცხული მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხიდან მოახდინა ნაწილის – 750 000 აშშ დოლარის კონვერტაცია ლარში და ხ. ლ-ს ანგარიშზე ..., თითქოსდა უძრავი ქონების საფასურის სახით, ჩარიცხა თანხა – 2 091 750 ლარი, რაც ნასყიდობის ხელშეკრულებაში, უძრავი ნივთის ღირებულებადაც იქნა მითითებული, რეალურად კი, მითითებულ მიზანს უძრავი ქონების შესყიდვას ემსახურებოდა ზემოხსენებული თანხიდან მხოლოდ 700 000 ლარი, ხოლო 1 391 750 ლარი ი. ბ. ხ. ლ-სგან დაიბრუნა უკან − ხელზე გადაცემის გზით, ნაღდი ფულის სახით. ხსენებული 1 391 750 ლარით უძრავი ქონება არ შეძენილა, ზემოაღნიშნული საბანკო გადარიცხვა მიზნად ისახავდა მხოლოდ თანხის წარმომავლობის დამალვას და თითქოსდა საქონლის შესყიდვის დოკუმენტის საფუძველზე, განხორციელებული საბანკო ტრანზაქციის გზით, დანაშაულებრივად მიღებული შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემას.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2023 წლის 23 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ნ.. განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემაც.
ü დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ი. ბ-ს უდანაშაულოდ ცნობა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხოლო ალტერნატივის სახით, განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულის სასიკეთოდ. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ნ., დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, მოითხოვა განაჩენის ცვლილება სასჯელის ნაწილში, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული ი. ბ., როგორც დასკვნით, ისე – საბოლოო სიტყვაში და განმარტა, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
ü ბრალდების მხარემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და მსჯავრდებულ ი. ბ-სთვის მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულების საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით, სამართლიანი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ი. ბ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა ი. ბ-ს აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია სხვა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, სს .... ბანკიდან, სს „...“, სს „...“ და სხვა საბანკო დაწესებულებიდან ამოღებული დოკუმენტაციით, საბანკო ანგარიშებისა და ტრანზაქციების შესახებ ამონაწერებით, ხელშეკრულებებითა და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაციებით, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმითა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით. აღნიშნული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მათივე შეთანხმებით, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებებად და მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.
3. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის განსაზღვრულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის 1-ელი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე – შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
4. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის განსაზღვრისას ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სრულად გაითვალისწინეს ი. ბ-ს პიროვნული მახასიათებლები და მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (წარსულში არ არის ნასამართლევი, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უდავოდ მიიჩნია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას), ჩადენილი ქმედებების სიმძიმე, საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი, დანაშაულების ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი (გამოკვეთილია დანაშაულთა ერთობლიობა, საკუთრებისა და სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული, ანგარების მოტივით ჩადენილი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაულების სახით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება გამოიწვია) და ყოველივე აღნიშნულის შედეგად, მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც კანონიერი და სამართლიანია, სრულად შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს. ამდენად, მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქების საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია.
5. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ი. ბ-ს მიმართ – უნდა აღსრულდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, კერძოდ:
6. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის – საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არმქონე პირს უნახევრდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
7. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება, მათ შორის – იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლით.
8. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ი. ბ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის განახევრება ვერ გავრცელდება, ვინაიდან სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე არ ვრცელდება მითითებული შეღავათი. ამასთან, რადგან, მსჯავრდებულის მიმართ არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და, ამავდროულად, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტები ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრულ ჩამონათვალში არ ექცევა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი – სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირება, უნდა გავრცელდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებულ სასჯელზე – 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთაზე.
10. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელს, მითითებულ მუხლზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამნისტია არ ვრცელდება. შესაბამისად, მსჯავრდებულისათვის დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული საბოლოო სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილმა უფრო მკაცრმა სასჯელმა, უნდა შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული და ამნისტიის კანონით შემცირებული სასჯელი.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ი. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ნ. საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განაჩენი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, უნდა შეიცვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლითა და 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ი. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ნ. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. შეიცვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განაჩენი:
3. ი. ბ. ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. ი. ბ-. ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და შეეფარდოს – 5 (ხუთი) წლითა და 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით შეფარდებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და, საბოლოდ, ი. ბ. განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. მსჯავრდებულ ი. ბ. სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავების დღიდან − 2022 წლის 29 აპრილიდან.
7. გაუქმდეს ი. ბ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
8. ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ... მდებარე გ. ც. (პირადი N...) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით – ... ყადაღა ასევე უნდა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით: ლ. (პირადი N...) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას (...); შპს ... (...) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას ...
9. ნივთიერი მტკიცებულებები – ლაზერული დისკები – შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
10. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი