საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100124008549725
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1021აპ-24 27 ნოემბერი, 2024 წელი
ს–ი თ., №1021აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ივლისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. თ. ს–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2023 წლის 13 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით (დაკავებამდე) დროის მონაკვეთში, გენდერული ნიშნით შეუწყანრებლობის მოტივით, აბსტრაქტულ პირზე ეჭვიანობის და სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად დომინანტი, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობის და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, ქორწინების შეწყვეტის შესახებ ა. ბ–სის გადაწყვეტილებით გაღიზიანებული ყოფილი მეუღლე თ. ს–ი ყოველდღიურად მიდიოდა ქ. ბ–ში, ... ქუჩის №...–ში მცხოვრებ ა. ბ–სესთან, რომელთანაც ამყარებდა არასასურველ სატელეფონო და პირდაპირ კომუნიკაციას, რითაც თ. ს–მა არ შეასრულა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბ–ს საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების მიერ 2023 წლის 13 დეკემბერს გამოცემული №......... შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
1.3. 2023 წლის 22 დეკემბერს, ღამის საათებში, ქალაქ ქ. ბ–ში, ... ქუჩის №...–ში, გენდერული ნიშნით შეუწყანრებლობის მოტივით, აბსტრაქტულ პირზე ეჭვიანობისა და სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად დომინანტი, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობის და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, ქორწინების შეწყვეტის შესახებ ა. ბ–ს გადაწყვეტილებით გაღიზიანებული თ. ს–ი, დანის დემონსტრირებით დაემუქრა თავის ყოფილ მეუღლეს - ა. ბ–ს, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია თ. ს–ს მიერ ბრალადწარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენის შესახებ.
2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 თებერვლის განაჩენით, თ. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით –თავისუფლების აღკვეთა 6 თვით.
საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ. ს–ის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით.
თ. ს–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2023 წლის 22 დეკემბრიდან.
2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 თებერვლის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა, რომელმაც მოითხოვა თ. ს–ს ქმედებების გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენით დადგენა და მის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ივლისის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2024 წლის 11 ივლისს, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა და თ. ს–ს ქმედებების გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენით დადგენა და მის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, საქმეში წარმოდეგნილი მტკიცებულებები საკმარისია დასკვნისათვის, რომ თ. ს–მა დანაშაულებრივი ქმედებები განახორციელა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით. ასევე, სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ასევე მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძვლები. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციასა და რეაბილიტაციას და ვერ მოხდება სამართლიანობის აღდგენა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ თ. ს–მა მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებები ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით და განმარტავს, რომ გენდერის ნიშნით დისკრიმინაცია გულისხმობს პიროვნების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქცევას მხოლოდ იმიტომ, რომ ის ერთი გენდერის ან/და სქესის წარმომადგენელია და არა – მეორის. ის ძირითადად მომდინარეობს იმ სტრერეოტიპებიდან, რომელთა მიხედვითაც ერთი სქესის ადამიანი მეორე სქესის ადამიანზე უფრო მაღლა დგას. ხშირ შემთხვევაში დისკრიმინაცია გამოიხატება ქალსა და მამაკაცს შორის არსებულ უთანასწორო ძალაუფლებრივი მდგომარეობით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩინების სურვილით, რაც დადასტურებული უნდა იქნეს მტკიცებულებებით. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის დაზარალებულის ჩვენებით კი, არ დასტურდება აღნიშნული.
5.3. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.
5.4. რაც შეეხება დანიშნული სასჯელის დამძიმებას საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა თ. ს–ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.5. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები), პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაულები, უდავო გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, თ. ს–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა.
5.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
5.8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.9. სასამართლო მიუთითებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.11. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან თ. ს–ს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ივლისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი უკვე მოხდილი აქვს, არ არსებობს მის მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გავრცელების საფუძველი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე