დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140141124010133483
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№1201-24 21 ნოემბერი, 2024 წელი
დ–ე ი., 1201-24 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. დ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. მ–სის საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 ივნისის განაჩენით: ი. დ–ე – პირადი ნომრით ..........., – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი), 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა:
1.1. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 12 სექტემბრის ეპიზოდი) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
1.2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 12 სექტემბრის ეპიზოდი) – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
1.3.საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 14 სექტემბრის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
1.4.საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 14 სექტემბრის ეპიზოდი) – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
1.5.საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
1.6. საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 8 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 4 წელი ჩაეთვალა პირობით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 10 000 ლარი;
1.7. საქართველოს სსკ-ის 19, 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;
1.8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით, ი. დ–ს საბოლოოდ განესაზღვრა – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 8 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 4 წელი ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 10 000 ლარი;
1.9. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ ი. დ–ს 5 წლით ჩამოერთვა – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო - საექიმო საქმიანობის, ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე - აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები - 20 წლით;
2. 2024 წლის 3 ოქტომბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციური დაწესებულებიდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ი. დ–ს პირადი საქმე.
4. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით:
4.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის 1-ელი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, მსჯავრდებულ ი. დ–ს ორი მესამედით შეუმცირდა გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 12 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და მოსახდელად განესაზღვრა – 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა;
4.2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის 1-ელი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, მსჯავრდებულ ი. დ–ს ორი მესამედით შეუმცირდა გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 14 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა – 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა;
4.3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულ ი. დ–ს მიმართ არ იქნა გავრცელებული აღნიშნული კანონის მოქმედება გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 12 სექტემბრის და 2023 წლის 14 სექტემბრის ეპიზოდები) გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში;
4.4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულ ი. დ–ს ერთი მეხუთედით შეუმცირდა გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა – 5 წლით, 7 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა;
4.5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულ ი. დ–ს მიმართ არ იქნა გავრცელებული აღნიშნული კანონის მოქმედება გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში;
4.6. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის 1-ელი და მე-4 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულ ი. დ–ს მიმართ არ იქნა გავრცელებული აღნიშნული კანონის მოქმედება გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში;
4.7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით, ი. დ–ს საბოლოოდ განესაზღვრა – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 8 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 4 წელი ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით;
4.8. ი. დ–სის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.
5. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. დ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. მ–მ, რომელიც ითხოვს ი. დ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. კასატორი სადავოდ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინებით საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა", "ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების კანონიერებას და ითხოვს ამნისტიის გავრცელებას საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულზეც.
3. კასატორის მოთხოვნასთან – ი. დ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელზე გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, – დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, ამნისტია არ ვრცელდება მათ შორის საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე.
4. ი. დ–ს საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული აქვს ერთიანი სასჯელი დანაშაულთა იდეალური ერთობლიობისათვის დადგენილი წესით. სასამართლო ითვალისწინებს ხელისუფლების დანაწილების პრინციპს და მოკლებულია შესაძლებლობას განავრცოს კანონის მოქმედება იმ დანაშაულებზე, რომელთა მიმართ ამნისტიის აქტის გამოყენება მიზანშეწონილად არ მიიჩნია კანონმდებელმა.
4.1. სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ დანაშაულთა იდეალური ერთობლიობის დროს ერთიანი სასჯელის დანიშვნის შემთხვევებთან მიმართებით ამნისტიის აქტის გამოყენებისათვის, ამნისტიის კანონი უნდა ითვალისწინებდეს იდეალურ ერთობლიობაში შემავალი თითოეული დანაშაულის მიმართ ამნისტიის გამოყენების შესაძლებლობას. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ი. დ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელზე გაავრცელოს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ი. დ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. მ–ს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ი. დ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. მ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი