ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080140024010133995
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№1561-24 27 ნოემბერი, 2024 წელი
დ. ნ. 1561-24 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. დ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ა–ს საჩივრები ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 2 დეკემბრის განაჩენით ნ. დ–ე, – პ/ნ .........., – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
1.1. ნ. დ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2020 წლის 10 მარტიდან;
1.2. ნ. დ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის, შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 მაისის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 2 დეკემბრის განაჩენში ნ. დ–ს მიმართ შევიდა ცვლილება. კერძოდ:
2.1. ნ. დ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით;
2.2. მსჯავრდებულ ნ. დ–ს სასჯელის ვადა აეთვალა – 2020 წლის 10 მარტიდან;
2.3. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ნ. დ–ს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ ნ. დ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. მ–ს საკასაციო საჩივარი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 მარტის განაჩენით ნ. დ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
4.1. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 მაისის განაჩენით განსაზღვრულმა სასჯელმა – თავისუფლების აღკვეთამ 7 წლითა და 6 თვით – შთანთქა ახლადდანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და საბოლოოდ, ნ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით;
4.2. ნ. დ–ს სასჯელის ვადა აეთვალა – 2020 წლის 10 მარტიდან;
4.3. მხედველობაში იქნა მიღებული, რომ ნ. დ–ს ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, 2020 წლის 5 მარტიდან 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის სახით შეფარდებული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის აღსრულების მიზნით მყოფ მსჯავრდებულ ნ. დ–ს სასჯელის მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა 105 დღით და სასჯელის დასასრულად განესაზღვრა 2027 წლის 28 მაისი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად;
5.1. მხედველობაში იქნა მიღებული, რომ ნ. დ–ს ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა 105 დღით და სასჯელის დასასრულად განესაზღვრა 2027 წლის 28 მაისი.
6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით ნ. დ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
6.1. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 მაისის განაჩენით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე, შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით;
6.2. ნ. დ–ს სასჯელის ვადა აეთვალა – 2023 წლის 31 ოქტომბრიდან.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. 2024 წლის 3 ოქტომბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციური დაწესებულებიდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ნ. დ–ს პირადი საქმე.
9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. დ–ს მიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, კერძოდ:
9.1. მსჯავრდებულ ნ. დ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ერთი მესამედით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
9.2. მსჯავრდებულ ნ. დ–ს ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით შეუმცირდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით;
9.3. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 3 თვით;
9.4. ნ. დ–ს სასჯელის ვადა აეთვალა – 2023 წლის 31 ოქტომბრიდან.
9.5. ნ. დ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე, სასჯელის მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა – 105 დღით;
9.6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 მაისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
10. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის (განჩინებაში დაშვებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ) განჩინებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 ოქტომბრის (N6/34) განჩინებაში მიეთითა: ,,მსჯავრდებულ ნ. დ–ს 2024 წლის 17 სექტემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ერთი მეხუთედით შეუმცირდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით 366-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის, 2 (ორი) თვის და 12 (თორმეტი) დღის ვადით; განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლის, 2 (ორი) თვის და 12 (თორმეტი) დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა. განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი”.
11. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ნ. დ–სემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – მ. ა–მ. კასატორები ითხოვენ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 მაისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, თავდაპირველად დანიშნული სასჯელის – 10 წლით თავისუფლების აღკვეთის, და არა – იმავე განაჩენით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შემცირებული სასჯელის – 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის შემცირებას. კასატორები, ასევე არ ეთანხმებიან საბოლოო სასჯელის ზომას, ვინაიდან მასში არ აისახა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელში ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, შეტანილი ცვლილება – სასჯელის შემცირება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.
3. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა (ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა) და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის (ერთი მესამედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრული დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვანს ან განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე ქალს იმავე პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში) გათვალისწინებითა და იმის მხედველობაში მიღებით, რომ ნ. დ–ე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 მაისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის, რომლის ჩადენის დროისათვისაც, ამავე განაჩენის თანახმად, იყო ნასამართლობის არმქონე პირი, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელის ერთი მესამედით შემცირების თაობაზე.
3.1. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 მაისის განაჩენით დანიშნული – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შემცირდა ერთი მეოთხედით და სასჯელის სახედ და ზომად განისაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით, რაც, თავის მხრივ, ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე შემცირდა 105 დღით (თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, 2 თვითა და 15 დღით). შესაბამისად, ერთი მესამედით უნდა შემცირდეს არა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით, არამედ – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, 2 თვითა და 15 დღით და ამ ნაწილში ნ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, 9 თვითა და 20 დღით.
4. საკასაციო სასამართლო, კასატორების მოთხოვნას, რომ ნ. დ–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 მაისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, თავდაპირველად დანიშნული სასჯელი – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, და არა – იმავე განაჩენით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შემცირებული სასჯელი, უსაფუძვლობის გამო ვერ დააკმაყოფილებს.
5. საკასაციო სასამართლო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის (ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე−379-ე მუხლებით) მხედველობაში მიღებით, ასევე იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის (თავისუფლების აღკვეთა 1 წლით) მიმართ ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ ვრცელდება.
6. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის (ერთი მეექვსედით შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია) და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის (ერთი მეხუთედით შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანს ან ქალ მსჯავრდებულს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია) გათვალისწინებითა და იმის მხედველობაში მიღებით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენით ნ. დ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (რაც არ არის გათვალისწინებული ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის არც პირველი−მე-3 და არც მე-7 მუხლით), საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 ოქტომბრის (გასაჩივრებული განჩინება) და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის (განჩინებაში დაშვებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ) განჩინებებს, ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით (რომელიც უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენით) საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელის – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის ერთი მეხუთედით შემცირებისა და ამ ნაწილში სასჯელის სახედ და ზომად – 1 წლით, 2 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის თაობაზე.
7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას იმ ნაწილშიც, რომ ნ. დ–ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ, მოსახდელად უნდა განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, 2 თვითა და 12 დღით, შესაბამისად, გასაჩივრებულ განჩინებაში ამ ნაწილშიც უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
7.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებსა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენით (რომლითაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად), საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს (თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით) დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 მაისის განაჩენით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. დ–სეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, რომელიც აეთვალა – 2023 წლის 31 ოქტომბრიდან.
7.2. იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენით (რომლითაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად), საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს (თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით) დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 მაისის განაჩენით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე, შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების შემდეგაც, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენის შესაბამისად, ამ განაჩენით (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენით) დანიშნულ და ამნისტიის შედეგად შემცირებულ სასჯელს – თავისუფლების აღკვეთას 1 წლით, 2 თვითა და 12 თვით, ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე 105 დღით და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით 1/3-ით შემცირებული სასჯელიდან (4 წლით, 9 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთიდან), ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 11 თვითა და 22 დღით (ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენით იმ დროისათვის მოუხდელი სასჯელიდან, რაც შეადგენდა – 3 წელს, 6 თვესა და 24 დღეს, ნაწილობრივ დამატებული იქნა მხოლოდ 3 წელი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების შემდეგ, დანიშნული სასჯელის – 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის (რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე შემცირდა 105 დღით) 1/3-ით შემცირებისა და თავისუფლების აღკვეთის 4 წლით, 9 თვითა და 20 დღით განსაზღვრის პირობებში, ნ. დ–სეს მოსახდელი რჩებოდა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 1 თვითა და 29 დღით, საიდანაც 3 წლის პროპორციულად დასამატებელი სასჯელის ხანგრძლივობა შეადგენს – 11 თვესა და 22 დღეს) და ნ. დ–ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 2 თვითა და 4 დღით.
8. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია: ,,ნ. დ–ს 2022 წლის 12 აპრილის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სასჯელის მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა 105 დღის ვადით“, აღნიშნული ჩანაწერით ბუნდოვანია საკითხი, განჩინების თანახმად, სასჯელის მითითებული ხანგრძლივობა დანიშნულ საბოლოო სასჯელს უნდა გამოაკლდეს თუ არა, ვინაიდან, აღნიშნული ჩანაწერის შემდგომ არ არის მითითება საბოლოო სასჯელზე.
8.1. იმავდროულად საკასაციო სასამართლო, იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით (რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენით უცვლელად დარჩა) დანიშნული საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უკვე ნამსჯელია ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე 105 დღით შემცირებულ სასჯელზე, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელების ნაწილობრივ შეკრებისას, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 მაისის განაჩენით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე (105 დღით) შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან, ნაწილი, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, აღნიშნული ვადით დამატებით შეამციროს საბოლოო სასჯელის ზომა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ნ. დ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
2.1. მსჯავრდებულ ნ. დ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ერთი მესამედით შეუმცირდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 მაისის განაჩენით 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე შეუმცირდა 105 დღით (შესაბამისად, მოსახდელად დარჩა – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, 2 თვითა და 15 დღით) და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, 9 თვითა და 20 დღით;
2.1.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
2.2. მსჯავრდებულ ნ. დ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელზე (თავისუფლების აღკვეთა 1 წლით) არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი;
2.3. მსჯავრდებულ ნ. დ–ს ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ერთი მეხუთედით შეუმცირდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 2 თვითა და 12 დღით;
2.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენით დანიშნულ და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – თავისუფლების აღკვეთას 1 წლით, 2 თვითა და 12 დღით დაემატოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 მაისის განაჩენით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილისა და 2024 წლის 17 სექტემბრის კანონების საფუძველზე, შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – თავისუფლების აღკვეთა 11 თვითა და 22 დღით და საბოლოოდ, ნ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა – 2 წლით, 2 თვითა და 4 დღით;
2.5. მსჯავრდებულ ნ. დ–ს სასჯელის ვადა აეთვალოს – 2023 წლის 31 ოქტომბრიდან;
2.6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი