განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 29.11.2024
საქმის ნომერი
2კ-158-I-24
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
29.11.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180140024010162507

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№1581-24 29 ნოემბერი, 2024 წელი

მ.გ. 1581-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ–ს საჩივრები მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენით გ. მ–ი (პ/ნ ……….) ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

1.1. საქართველოს სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

1.2. საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) – უვადო თავისუფლების აღკვეთა;

1.3. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, საბოლოოდ, სასჯელის ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

1.4. გ. მ–ი პატიმრობაშია და სასჯელს იხდის 1998 წლის 8 აპრილიდან.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენი მსჯავრდებულ გ. მ–ს მიმართ დარჩა უცვლელი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 4 ნოემბრის განჩინებით გ. მ–სის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინებით გ. მ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 18 იანვრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინება გ. მ–სის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩა უცვლელად.

5. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით:

5.1. გ. მ–ს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის განჩინებით, საქართველოს სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) დანიშნული სასჯელი – თავისუფების აღკვეთა 3 წლით შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვით;

5.1.1. გ. მ–ს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის განჩინებით, საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) დანიშნული სასჯელი – უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ¼-ითდა სასჯელის სახედ განესაზღვრა – უვადო თავისუფლების აღკვეთა. გ. მ–ს საბოლოო სასჯელის სახედ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

5.1.2. გ. მ–ი სასჯელის ათვლა დაეწყო – 1998 წლის 8 აპრილიდან.

5.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის განჩინებით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

5.2.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ გ. მ–ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს საქართველოს სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელი და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვით;

5.2.2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ გ. მ–ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით (1960 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელი და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – უვადო თავისუფლების აღკვეთა;

5.2.3. საბოლოოდ მსჯავრდებულ გ. მ–ს შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით განესაზღვრა – უვადო თავისუფლების აღკვეთა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრის განჩინებით გ. მ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინების და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის განჩინების გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის განჩინებით გ. მ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის გაჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის განჩინება გ. მ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩა უცვლელად.

8. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ–სის შუამდგომლობა პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განჩინებით გ. მ–ს სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ივნისის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ივნისის განჩინება.

9. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 იანვრის განჩინებით გ. მ–ს შუამდგომლობა უვადო თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან პირობით გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით გ. მ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით გ. მ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 დეკემბრის განჩინებით გ. მ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

13. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 თებერვლის განჩინებით გ. მ–ის შუამდგომლობა უვადო თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან პირობით გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 27 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. რ–სს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 თებერვლის განჩინება.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ–სის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

14.1. 7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 აპრილის გაჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინება გ. მ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩა უცვლელად.

15. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ–სის შუამდგომლობა უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან პირობით გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

15.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 ივლისის განჩინებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 მაისის განჩინება მსჯავრდებულ გ. მ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.

16. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. მ–ს შუამდგომლობა მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გავრცელების შესახებ.

16.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ივნისის განჩინება დარჩა უცვლელად.

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის შ. გ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

17.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 6 ივნისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის განჩინებით, მსჯავრდებულ გ. მ–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის შ. გ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ, დარჩა უცვლელი.

18. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ–სის შუამდგომლობა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 28 დეკემბრის კანონის გავრცელების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

19. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 25 ოქტომბრის N25/10/01 განკარგულებით, მსჯავრდებული გ. მ–სი შეწყალებული იქნა და საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდის თარიღად განესაზღვრა – 2033 წლის 8 აპრილი.

20. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ–სის მიმართ გავრცელდა,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი.

20.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის დანაწესი გავრცელდა მსჯავრდებულ გ. მ–სის მიმართ;

20.2. გ. მ–ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულის შეწყალების დღიდან – 2018 წლის 25 ოქტომბრიდან, მსჯავრდებულის გათავისუფლების თარიღამდე – 2033 წლის 8 აპრილის ჩათვლით არსებული პერიოდი, 14 წელი, 5 თვე და 14 დღე;

20.3. გ. მ–ს საბოლოოდ, სასჯელიდან მოაკლდა 3 წელი, 7 თვე და 11 დღე და მოსახდელი დარჩა 10 წელი, 10 თვე, 3 დღე.

21. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ–სის შუამდგომლობა უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

22. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 დეკემბრის უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 აგვისტოს განჩინებაში არსებული უზუსტობა გასწორდა და განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:

22.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის დანაწესი გავრცელდა მსჯავრდებულ გ. მ–ს მიმართ;

22.2. გ. მ–ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულის შეწყალების დღიდან – 2018 წლის 25 ოქტომბრიდან, მსჯავრდებულის გათავისუფლების თარიღამდე – 2033 წლის 8 აპრილის ჩათვლით არსებული პერიოდი, 14 წელი, 5 თვე და 14 დღე;

22.3. გ. მ–ს საბოლოოდ, სასჯელიდან მოაკლდა 3 წელი, 7 თვე და 11 დღე და მოსახდელი დარჩა 10 წელი, 10 თვე, 3 დღე;

22.4. მსჯავრდებული გ. მ–სი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან უნდა გათავისუფლდეს 2029 წლის 29 აგვისტოს.

23. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის განჩინებით გ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. მ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

23.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 2 აპრილის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის განჩინება დარჩა უცვლელი.

24. 2024 წლის 7 ოქტომბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციური დაწესებულებიდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ გ. მ–სის პირადი საქმე.

5. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით:

25.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ გ. გ–ს ძე მ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქციით – ბოროტი ხულიგნობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განსაზღვრული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვით, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით შემცირდა ერთი მეექვსედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით;

25.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ გ. მ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქციით – განზრახ მკვლელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განსაზღვრულ სასჯელზე არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი;

52.3. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ. მ–ს სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

25.4. გ. მ–ი სასჯელს იხდის 1998 წლის 8 აპრილიდან.

25.5. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

26. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. მ–მა, რომელიც ითხოვს: ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებას, მის მიმართ შეფარდებულ საბოლოო (მთლიან) სასჯელზე და არა ინდივიდუალურად ჩადენილ დანაშაულზე (ხულიგნობაზე); განჩინებაში მიეთითოს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების კონკრეტული თარიღი; განჩინებაში მიეთითოს, რომ ის აღარ არის უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირი, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 25 ოქტომბრის N25/10/01 განკარგულებით, შეწყალების შემდეგ მას დაუდგინდა საპატიმრო სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების თარიღი და შესაბამისად, იგი ამჟამად არის ვადიანი თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.

3. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენით (რომელიც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის განჩინებით) დადგენილია, რომ გ. მ–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), რაც გულისხმობდა – ბოროტ ხულიგნობას, ასევე საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), რაც გულისხმობდა – განზრახ მკვლელობას, ჩადენილს დამამძიმებელ გარემოებებში.

3. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით.

3.1. ამდენად, ვინაიდან ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით გათვალისწინებულ მსჯავრდებასთან მიმართებით, რაიმე სახის შეღავათის გავრცელების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, სასამართლო მოკლებულია გ. მ–სათვის ამ ნაწილში სამართლებრივი მდგომარეობის შემსუბუქების შესაძლებლობას.

4. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის (ერთი მეექვსედით შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია) გათვალისწინებითა და იმის მხედველობაში მიღებით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენით (რომელიც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის განჩინებით) დადგენილია, რომ გ. მ–სმა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული, რაც გულისხმობს ბოროტ ხულიგნობას (რაც არ არის გათვალისწინებული ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის არც პირველი−მე-3 და არც მე-7 მუხლით), საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენით (რომელიც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის განჩინებით) დანიშნული (თავისუფლების აღკვეთა 3 წლით) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ¼-ით შემცირებული სასჯელის (თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვით) ერთი მეექვსედით შემცირებისა და ამ ნაწილში სასჯელის სახედ და ზომად – 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის თაობაზე.

5. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ დააკმაყოფილებს მსჯავრდებულის მოთხოვნას იმ ნაწილში, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი უნდა გავრცელდეს მის მიმართ შეფარდებულ საბოლოო (მთლიან) სასჯელზე და არა ჩადენილი დანაშაულისათვის (მოცემულ შემთხვევაში, ხულიგნობისათვის) განსაზღვრულ კონკრეტულ სასჯელზე, ვინაიდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის არცერთი დანაწესი არ უთითებს აღნიშნულზე.

6. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 25 ოქტომბრის N25/10/01 განკარგულებით, მსჯავრდებული გ. მ–სი შეწყალებული იქნა და საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდის თარიღად განესაზღვრა – 2033 წლის 8 აპრილი, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 აგვისტოს განჩინებითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 დეკემბრის უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განჩინებით გ. მ–სს ერთი მეოთხედით შეუმცირდა პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულის შეწყალების დღიდან – 2018 წლის 25 ოქტომბრიდან, მსჯავრდებულის გათავისუფლების თარიღამდე – 2033 წლის 8 აპრილის ჩათვლით არსებული პერიოდი, 14 წელი, 5 თვე და 14 დღე; გ. მ–სს საბოლოოდ, სასჯელიდან მოაკლდა 3 წელი, 7 თვე და 11 დღე და მოსახდელი დარჩა 10 წელი, 10 თვე, 3 დღე; გ. მ–ს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების თარიღად განისაზღვრა – 2029 წლის 29 აგვისტო.

6.1. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით ((1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), რაც საქართველოს სსკ–ის დღეს მოქმედი რედაქციით გათვალისწინებულია – საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით) გათვალისწინებულ მსჯავრდებასთან მიმართებით, რაიმე სახის შეღავათის გავრცელების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენით (რომელიც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის განჩინებით) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის განჩინებით, გ. მ–ს, საბოლოო სასჯელი დაენიშნა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მას, საბოლოო სასჯელის ნაწილში, შეუმსუბუქოს სამართლებრივი მდგომარეობა.

6.2. იმავროულად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 აგვისტოს განჩინებითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 დეკემბრის უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განჩინების შესაბამისად, გ. მ–ი სასჯელის მოხდისაგან უნდა გათავისუფლდეს – 2029 წლის 29 აგვისტოს.

7. რაც შეეხება კასატორის პოზიციას, რომ მიმდინარე დროისათვის იგი იხდის ვადიან თავისუფლების აღკვეთას და არ არის უვადოთავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 25 ოქტომბრის N25/10/01 განკარგულებით, შეწყალების შემდეგ მას დაუდგინდა საპატიმრო სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების თარიღი, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,ასეთი მსჯელობა არ გამომდინარეობს საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, ვინაიდან მოცემული ნორმის შინაარსის თანახმად, შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით. მოცემულ შემთხვევაში კი, სასჯელი პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე არ შეცვლილა, არამედ მხოლოდ მიეთითა მისი მოხდისგან გათავისუფლების კონკრეტული თარიღი”; ამასთან, ,,დღეის მდგომარეობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, თუმცა იმ დღიდან, როდესაც პრეზიდენტმა მიიღო მსჯავრდებულის შეწყალების თაობაზე განკარგულება, მისი სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების თარიღი გახდა განჭვრეტადი. უვადო სასჯელმა, რომელიც თავისი არსით დაკავშირებულია თავისუფლების აღკვეთის განუსაზღვრელი დროით მოხდასთან, მოცემულ შემთხვევაში, პროგნოზირებული სახე მიიღო და პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე სამართლებრივი მდგომარეობა ფაქტობრივად შეიცვალა და გახდა განსხვავებული იმ ვითარებისაგან, როდესაც მისთვის ცნობილი არ იყო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან მისი გათავისუფლების კონკრეტული თარიღი” (იხ. მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის N81-23 განჩინება).

8. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება და სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

8.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენით (რომელიც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის განჩინებით) მსჯავრდებულ გ. მ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქციით – ბოროტი ხულიგნობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვით, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შემცირდეს ერთი მეექვსედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით;

8.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ გ. მ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქციით – განზრახ მკვლელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განსაზღვრულ სასჯელზე არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი;

8.3. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ. მ–ს სასჯელის სახით განესაზღვროს უვადო თავისუფლების აღკვეთა;

8.4. მსჯავრდებული გ. მ–ი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლდეს – 2029 წლის 29 აგვისტოს;

8.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. მ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

2.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენით (რომელიც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის განჩინებით) მსჯავრდებულ გ. მ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქციით – ბოროტი ხულიგნობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შემცირდა ¼-ით და სასჯელის სახედ და ზომად განისაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვით, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შემცირდეს ერთი მეექვსედით და სასჯელის სახედ და ზომად განისაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით;

2.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენით (რომელიც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის განჩინებით) მსჯავრდებულ გ. მ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქციით – განზრახ მკვლელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განსაზღვრულ სასჯელზე არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი;

2.3. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ. მ–ს სასჯელის სახით განესაზღვროს – უვადო თავისუფლების აღკვეთა;

3. მსჯავრდებული გ. მ–სი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლდეს – 2029 წლის 29 აგვისტოს;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენი (რომელიც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის განჩინებით) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი