დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110141224010142857
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №1681-24 28 ნოემბერი, 2024 წელი
ფ. პ., N1681-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. ფ–ს საჩივარი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2024 წლის 4 ოქტომბერს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის №..-ე პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა, პ. ფ–ს მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე.
2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ პ. ფ–ე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 აპრილის განაჩენით, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით.
პ. ფ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით – 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით – 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს, 17 წლით თავისუფლების აღკვეთას, ნაწილობრივ დაემატა საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის (16 წლის თავისუფლების აღკვეთის) ნაწილი - 4 წელი და 6 თვე, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის (2 წლით თავისუფლების აღკვეთის) ნაწილი – 1 წელი და 6 თვე და საბოლოოდ პ. ფ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 23 წლით თავისუფლების აღკვეთა.
პ. ფ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან – 2016 წლის 11 აპრილიდან და მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2015 წლის 4 ივნისიდან, 2016 წლის 2 მარტის ჩათვლით.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 დეკემბრის განაჩენით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელი.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 აპრილის განაჩენით, მსჯავრდებულ პ. ფ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – დ. ს–ს, თ. ნ–ს და ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კობა სირაძის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 დეკემბრის განაჩენი პ. ფ–ს მიმართ დარჩა უცვლელი.
5. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის განაჩენით, პ. ფ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველლოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 თვით თავისუფლების აღკვეთა.
პ. ფ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა განაჩენის მიღების დღიდან – 2016 წლის 18 თებერვლიდან. მასვე, სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 აპრილის და იმავე სასამართლოს 2014 წლის 10 ოქტომბრის განაჩენებით მოხდილი სასჯელები – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა (2014 წლის 20 მარტიდან - 2014 წლის 19 ივნისის ჩათვლით, 2014 წლის 10 ოქტომბრიდან - 2015 წლის 9 იანვრის ჩათვლით).
პ. ფ–ს 3 წლით ჩამოერთვა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივლისის განაჩენით, ცვლილება შევიდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის განაჩენში, კერძოდ:
პ. ფ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, პ. ფ–ე გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისგან. ცნობად იქნა მიღებული, რომ პ. ფ–ს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 აპრილის განაჩენით სასჯელის სახით დანიშნული ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა.
პ. ფ–ს 3 წლით ჩამოერთვა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის განაჩენით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელი.
8. ამნიტიის შესახებ 2022 წლის 12 აპრილის საქართველოს კანონის საფუძველზე, პ. ფ–ს სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა 75 დღით.
9. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, მსჯავრდებულ პ. ფ–ს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ერთი მეექვსედით შეუმცირდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 აპრილის განაჩენით, დანაშაულთა ერთობლიობით, ნაწილობრივი შეკრების პრინციპით დანიშნული საბოლოო სასჯელიდან საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დამატებული სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, პ. ფ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 22 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
10. პ. ფ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გავრცელება წინა განაჩენით ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონით ჩამორთმეულ უფლებებზე, ასევე ამნისტიის შესახებ 2022 წლის 12 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, შემცირებული 75 დღის ასახვა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განჩინებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ კანონიერად იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით, როდესაც პ. ფ–ს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი ერთი მეექვსედით შეუმცირა. აღნიშნული სადავო ფაქტობრივ გარემოებას არც წარმოადგენს.
3. საკასაციო სასამართლო პ. ფ–ს მიერ საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ იგი ამჟამად მსჯავრდებულია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 აპრილის განაჩენით (რაც ძალაში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 დეკემბრის განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 აპრილის განაჩენით) და სასჯელს იხდის საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. ამასთან, პ. ფ–ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივლისის განაჩენით (რაც ძალაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის განაჩენით) საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად.
5. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნარკოტიკული დანაშაული და რომელსაც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელი, ამ კანონის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის (შემდგომ − კომისია) გადაწყვეტილებით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).
6. ამდენად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინება კანონიერია და არ არსებობს მსჯავრდებულ პ. ფ–ს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პ. ფ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე