დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 04.11.2024
საქმის ნომერი
2კ-62-I-24
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
04.11.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№621-24 4 ნოემბერი, 2024 წელი

ფ-ი დ., 621-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ფ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 სექტემბრის განაჩენით დ. ფ-ი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) – 4 წლით, 19,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობა) – 4 წლით, 18,260–ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მომზადება) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 10 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი თანაბარი სასჯელები და დ. ფ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 18 ივნისიდან; მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 10 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 1 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებები; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2. 2024 წლის 3 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციური დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, შევიდა მსჯავრდებულ დ. ფ-ის პირადი საქმე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ფ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა – და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა აღნიშნულმა გავლენა ვერ მოახდინა დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით დანიშნულ საბოლოო სასჯელზე. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 სექტემბრის განაჩენით დ. ფ-ისათვის, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განსაზღვრული ძირითადი და დამატებითი სასჯელები დარჩა უცვლელად.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა დ. ფ-მა საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი მიუთითებს, რომ განჩინებას არ ეთანხმება, რადგან მისთვის გაუგებარია სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენების წესი ამ განჩინებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა).

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4, მე-5 ან მე-7 ნაწილით, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება აგრეთვე იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ამ მუხლის პირველი პუნქტით ან/და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა.

4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან დ. ფ-ი, გარდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა, ასევე მსჯავრდებულია სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 18,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (რომლებზეც არ ვრცელდება ამნისტია), თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

5. რაც შეეხება სასჯელის დანიშვნას შთანთქმის პრინციპს გამოყენებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას – ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. ამდენად, მსჯავრდებულ დ. ფ-ისათვის დანიშნული სასჯელი კანონიერია, ხოლო მისი საჩივარი – უსაფუძვლო – და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ დ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე