განაჩენი შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№1079აპ-24 5 მარტი, 2025 წელი
ჩ-ი ლ., 1079აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიანა ონიანის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 მაისის განაჩენით ლ. ჩ-ი -- ნასამართლობის არმქონე, მცხ. ღ---) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულებისათვის, ჩადენილი სახელის გამტეხი ინფორმაციისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით; ასევე – სხვაგვარი ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
· 2023 წლის 14 ივნისიდან 2023 წლის 26 ივნისის ჩათვლით დროის შუალედში თ--ი, ა--ის ქუჩაზე მდებარე შპს „პ-აში“, სამსახურში მყოფ ლ. კ-ის მიმართ ლ. ჩ-მა ჩაიდინა პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება, კერძოდ, სხვადასხვა ინტერნეტ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით ლ. კ-ის არაერთხელ მისწერა მოკლეტექსტური შეტყობინებები და გადაუგზავნა, ლ. კ-ის ნებართვის გარეშე, თავისი გადაღებული, მასთან ორალური სქესობრივი კავშირის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რომლის გავრცელების მუქარით აიძულებდა, შეხვედროდა სქესობრივი კავშირის დასამყარებლად. ლ. ჩ-ის ქმედების შედეგად ლ. კ-ის მიადგა მორალური ზიანი და განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
· 2023 წლის 14 ივნისს, დაახლოებით, 21:30 საათზე, თ---ში, ლ. ჩ-მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლ. კ-ის, კერძოდ, მას შემდეგ, რაც ლ. კ-იმ უარი უთხრა სქესობრივი კავშირის დამყარებაზე და სცადა ლ. ჩ-ის მიერ უნებართვოდ აღებული თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონის დაბრუნება, ლ. ჩ-მა ორივე ხელი ჩასჭიდა ლ. კ-ის ხელებში და უბიძგა, რა დროსაც დაზარალებული მიეჯახა კედელს, განიცადა ფიზიკური ტკივილი და მარჯვენა მხრის არეში მიიღო დაზიანება, ჩალურჯების სახით.
3. აღნიშნული ქმედებისათვის ლ. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით, 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ლ. ჩ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2023 წლის 6 დეკემბრიდან 2024 წლის 10 იანვრის ჩათვლით.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულ ლ. ჩ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. კასატორი – პროკურორი მარიანა ონიანი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანასა და ლ. ჩ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ მხარეებსაც არ გაუხდიათ სადავოდ და სასამართლოსაც დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2023 წლის 14 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით პერიოდში ლ. ჩ-მა ჩაიდინა პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება, ხოლო 2023 წლის 14 ივნისს – სხვაგვარად იძალადა დაზარალებულ ლ. კ-ზე.
3. სასამართლო მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე. ეს კი, თავისთავად, გულისხმობს იმ გარემოებას, რომ, როგორც დაცვის, ასევე – ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება – ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება – სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.
4. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ცალ-ცალკე და ერთობლივად, შეაფასა მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც იხელმძღვანელა კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სასამართლომ სარწმუნოდ დადგენილად მიიჩნია ლ. ჩ-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა, რაც ცალსახად დადასტურებულია ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: თავად ლ. ჩ-ის აღიარებით, დაზარალებულ ლ. კ-ისა და მოწმეების: ა. ხ-ის, ქ. ჯ-ის, ვ. ჩ-ისა და ე. ძ-ის გამოკითხვის ოქმებით; ლ. კ-ის განცხადებითა და რეაგირების ოქმებით; ბრალდებულისა და დაზარალებლის მობილური ტელეფონებიდან გამოთხოვილი ინფორმაციითა და მათი დათვალიერების ოქმებით; ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2023 წლის 27 ივლისის №-- დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად იმსჯელა და რომლებიც ქმნის უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
6. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის შეფარდებულ სასჯელს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
7. საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ „აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მცდარი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება №1/6/770 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
8. სისხლის სამართალწარმოების სამართლიანობა ვლინდება სამართლიანი სასჯელის დაკისრებაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელი მსჯავრდებულისათვის ჩადენილი დანაშაულის გაანალიზების ეფექტურ ბერკეტს უნდა წარმოადგენდეს, ამასთან, უნდა იყოს ქმედების პროპორციული. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი. მოსამართლე როგორც კონკრეტული სასჯელის სახის, ისე – მისი ზომის შერჩევისას ხელმძღვანელობს იმპერატიულად გაწერილი სამართლებრივი ნორმებითა და განსახილველი საქმის ინდივიდუალური ფაქტობრივი გარემოებებით. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში.... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული – ჯარიმით ან ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან ექვსი თვიდან ერთ წლამდე შინაპატიმრობით ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს, შემდეგ გარემოებათა გამო: სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის 2023 წლის 14 დეკემბრის №---------- დასკვნით დადგენილია, რომ ლ---- ჩ-ს აღენიშნება თავის ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობა (კოდი – F06.0, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), მნიშვნელოვნად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ; ბრალად შერაცხილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს იგი დაავადებული იყო ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობით მნიშვნელოვნად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და მას არ შეეძლო, სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკის მდგომარეობით მას შეუძლია, ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში; მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის; მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც არ გამორიცხავს შეზღუდულ შერაცხადობას. ლ. ჩ-ი იძულებით მკურნალობას ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.
11. სასამართლო ასევე ეყრდნობა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2023 წლის 26 დეკემბრის დასკვნას, რომლიდანაც ირკვევა, რომ ლ. ჩ-ი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, რომელსაც II ხარისხით შეზღუდული აქვს მოძრაობა და თვითმომსახურება; მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის, შესაძლებელია მხოლოდ არსებულ დონეზე შენარჩუნება და გაუარესებისა და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის თავიდან აცილება; ლ. ჩ-ს მნიშვნელოვნად აქვს შეზღუდული თვითმომსახურების შესაძლებლობა და ესაჭიროება მეურვეობა – მუდმივი მომვლელი, რომელიც უზრუნველყოფს მის მოვლა-პატრონობას; მას ასევე მუდმივად ესაჭიროება რეგულარული ფიზიკური აქტივობა, სარეაბილიტაციო სამკურნალო მასაჟის ჩატარება; ჩვეული მკურნალობის, მოვლისა და ყოფა-ცხოვრების რეჟიმის დარღვევა დაამძიმებს ლ. ჩ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
12. სწორედ ზემომითითებული გარემოებებიდან, ასევე – ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, მოტივისა და მიზნის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის, ვითარებისა და მსჯავრდებულის პიროვნებიდან გამომდინარე, აგრეთვე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებზე (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობით ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ნასამართლობის არმქონეა, არ გააჩნია დამამძიმებელი გარემოებები, დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია და თანახმაა, მის მიმართ გავრცელდეს კანონიერი შეღავათები) დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ ლ. ჩ-ს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის 1-ელი ნაწილისა და 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილის სანქციებით გათვალისწინებული სასჯელებიდან ყველაზე მკაცრი სასჯელი – ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით დადგენილი წინაპირობების დაცვით, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. 13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც, მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. შესაბამისად, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს სასჯელის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს სასჯელის მიზნების მიღწევაში. პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა კი, თავისი თანმდევი შედეგების გათვალისწინებით, არ წარმოადგენს მსუბუქი სახის სასჯელს. პირობითი მსჯავრით მსჯავრდებულზე დაკისრებული მოვალეობა და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები, საკასაციო სასამართლოს აზრით, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი-მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.
15. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მე-9 მუხლის 1-ელი ნაწილის საფუძველზე, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
16. ლ. ჩ-ი, საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის 1-ელ ნაწილთან ერთად (რომელზეც არ ვრცელდება შეღავათები, თანახმად „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის 1-ელი ნაწილისა) მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
17. საკასაციო სასამართლოში 2024 წლის 3 დეკემბერს მსჯავრდებულის დამცველმა წარმოადგინა დაზარალებულ ლ. კ-ის ნოტარიული წესით დამოწმებული განცხადება, რომლითაც ლ. ჩ-ს აპატია ძალადობა და თანახმაა, მსჯავრდებულზე გავრცელდეს ამნისტიით დაწესებული შეღავათები.
18. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ლ. ჩ-ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის – 9 თვით თავისუფლების აღკვეთის (რომელიც ჩათვლილი აქვს პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით) მოხდისაგან, ხოლო სსკ-ის 139-ე მუხლით შეფარდებული სასჯელი – უნდა დარჩეს უცვლელად. ამასთან, განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, სასჯელის დანიშვნის თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ელი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიანა ონიანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ლ. ჩ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მიესაჯოს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და, სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი;
ლ. ჩ-ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დანიშნული სასჯელის – 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთის (რომელიც ჩათვლილი აქვს პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით) მოხდისაგან, თანახმად „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის მე-2 ნაწილისა;
4. მსჯავრდებულ ლ. ჩ-ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2023 წლის 6 დეკემბრიდან 2024 წლის 10 იანვრის ჩათვლით;
5. მსჯავრდებულ ლ. ჩ-ის ყოფაქცევაზე კონტროლი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის აღსრულების პერიოდში განახორციელოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კანონმდებლობით დადგენილი წესით; მსჯავრდებულს დაევალოს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი;
6. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ლ. ჩ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო – გაუქმებულია;
7. ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას;
8. მიღებული განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-31 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;
9. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე