საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100120004132464
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №122აპ-25 25 აპრილი, 2025 წელი
ქ–ე ი., №122აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ს–ის დამცველის, ადვოკატ ნ. ნ–ის და მსჯავრდებულ ი. ქ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ი. ქ–ე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია)) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
2020 წლის 22 აგვისტოს, დაახლოებით 04 საათსა და 30 წუთზე, ა–ს რაიონის სოფელ ა–ში, ლ. ა–ის კუთვნილი საცხოვრებელი კოტეჯის წინ მდებარე ტერიტორიაზე, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ი. ქ–ემ, ლ. ა–ესთან შელაპარაკების დროს, განაწყენების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, კისრის არეში ხელების ჩაჭერით, ხოლო ვ. ს–ემ კისრის არეში ფეხების ძლიერი ჩაჭერით, გაგუდვის გზით, ჯგუფურად განზრახ მოკლეს ლ. ა–ე.
1.2. ვ. ს–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად) და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
2020 წლის 22 აგვისტოს, დაახლოებით 04 საათსა და 30 წუთზე, ა–ს რაიონის სოფელ ა–ში, ლ. ა–ის კუთვნილი საცხოვრებელი კოტეჯის წინ მდებარე ტერიტორიაზე, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ვ. ს–ემ, ლ. ა–ესთან შელაპარაკების დროს, განაწყენების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, კისრის არეში ფეხების ძლიერი ჩაჭერით და მისმა თანმხლებმა ი. ქ–ემ კისრის არეში ხელების ჩაჭერით, გაგუდვის გზით, ჯგუფურად განზრახ მოკლეს ლ. ა–ე.
2020 წლის 22 აგვისტოს, დაახლოებით 04 საათსა და 30 წუთზე, ა–ს რაიონის სოფელ ა–ში, ლ. ა–ის კუთვნილი საცხოვრებელი კოტეჯის წინ მდებარე ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელთან ფიზიკური დაპირისპირების დროს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ვ. ს–ემ ცემა და ძალადობა განახორციელა მ. ც–ს მიმართ, რომელიც ცდილობდა მათ გაშველებას. სახელდობრ, ვ. ს–ემ სახეში მუჭი ჩაარტყა მ. ც–ს, ხოლო შემდეგ ძლიერად დაქაჩა თმებში, ასევე მარცხენა წინამხრის უკანა ზედაპირზე ქვედა მესამედში სისხლნაჟღენთის სახით მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რის შედეგადაც მ. ც–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ი. ქ–ემ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით), ხოლო ვ. ს–ემ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით) და განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით).
2.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 მაისის განაჩენით:
ი. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლით.
ვ. ს–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 9 თვით.
საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ვ. ს–ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლით. ვ. ს–ე სასჯელის მოხდის პერიოდში არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე მოთავსებულ იქნა შპს „......... ცენტრში (........).
2.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 მაისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფრომა პროკურორმა დავით სიმონიამ და მოითხოვა მსჯავრდებულთა მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.
2.4. განაჩენი, ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. ქ–ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივარი და ითხოვა ი. ქ–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება.
2.5. განაჩენი, ასევე გაასაჩივრეს ვ. ს–ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. მ–მა, და მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად, კი - გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ნოემბრის განაჩენით დაცვის და ბრალდების მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება:
ი. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლით.
ვ. ს–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 9 თვით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 თვითა და 15 დღით.
საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. ს–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლით. ვ. ს–ე სასჯელის მოხდის პერიოდში არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე მოთავსებულ იქნა შპს „აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“.
3.2. 2024 წლის 4 დეკემბერს, მსჯავრდებულ ვ. ს–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ნ–ემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ვ. ს–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
3.3. 2024 წლის 4 დეკემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით ასევე მომართა მსჯავრდებულმა ი. ქ–ემ და მოითხოვა მის მიერ განხორციელებული ქმედებისათვის შესაბამისი კვალიფიკაციის განსაზღვრა.
4. კასატორთა არგუმენტები:
4.1. კასატორის – მსჯავრდებულ ვ. ს–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ნ–ის პოზიციით, განაჩენი არის უკანონო, რადგან სააპელაციო სასამართლომ არასწორი კვალიფიკაცია მისცა ვ. ს–ის ქმედებას და არ გაითვალისწინა, რომ მას ი. ქ–ესა და ლ. ა–ის ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია. ვ. ს–ე შემთხვევის ადგილზე მყოფ პირებთან ერთად ცდილობდა მათ გაშველებას. სასამართლოს კრიტიკულად უნდა შეეფასებინა დაინტერესებული მოწმეების – მ. ც–ს, მ. ა–ს, მ. ა–ს და ს. ბ–ს – ჩვენებები, რადგან აღნიშნულ პირებს ამოძრავებდათ თავდაცვის ინსტიქტი და მათ მიერ აღწერილი ფაქტები ეწინააღმდეგება ნეიტრალური მოწმეების – შ. და გ. ბ–ების – ჩვენებებს. სასამართლოს ასევე უნდა გაეთვალისწინებინა ვ. ს–ის პიროვნული მახასიათებლები, კერძოდ, ის ფაქტი, რომ იგი ფსიქიურად დაავადებულია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი საკასაციო საჩივარი და ვ. ს–ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
4.2. მსჯავრდებულ ი. ქ–ეს მიაჩნია, რომ საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებები, რაც საკმარისი იქნებოდა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ვინაიდან მტკიცებულებები ურთიერთსაწინააღმდეგოა. ამასთან, დანაშაულებრივი ქმედება მისი ჩადენილია, რაშიც ბრალი არ მიუძღვის ვ. ს–ეს. შესაბამისად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ იქნა დადასტურებული სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მის სასარგებლოდ და ქმედებას უნდა მიეცეს შესაბამისი კვალიფიკაცია.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვ. ს–ის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ხოლო ი. ქ–ის საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მსჯავრდების შესახებ.
5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულების მიერ მათთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენას.
5.4. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრები წარმოდგენილია, მხოლოდ ლ. ა–ის დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მსჯავრდების ნაწილში, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ვ. ს–ის მიერ მ. ც–ს მიმართ განხორციელებული სხვაგვარი ძალადობის ნაწილში არ გასაჩივრებულა.
5.5. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების პოზიციას ვ. ს–ის უდანაშაულობისა და ი. ქ–ის ქმედების გადაკვალიფიცირების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის ფაქტი, რომ 2020 წლის 22 აგვისტოს, დაახლოებით 04 საათსა და 30 წუთზე, ა–ს რაიონის სოფელ ა–ში, ლ. ა–ის კუთვნილი საცხოვრებელი კოტეჯის წინ, მთვრალ ვ. ს–ესა და ი. ქ–ეს შელაპარაკება მოუვიდათ ლ. ა–ესთან, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. შედეგად კი, ლ. ა–ე ასფიქსიით გარდაიცვალა. კასატორის – მსჯავრდებულ ვ. ს–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ნ–ის პოზიციით, დანაშაული ვ. ს–ეს არ ჩაუდენია, ხოლო ი. ქ–ეს სადავოდ მიაჩნია ქმედების კვალიფიკაცია.
5.6. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ მ. ც–ს, ასევე მოწმეების – მ. ა–ს, მ. ა–ს და ს. ბ–ს – ჩვენებების უტყუარობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მათ დაწვრილებით, დეტალურად და დამაჯერებლად გადმოსცეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, საქმეში არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც სასამართლოს მათ მიკერძოებასა და დაინტერესებაში დაარწმუნებდა. გარდა ამისა, მათი ჩვენებები სრულად თანხვდება ფაქტის თვითმხილველ მოწმეთა – შ. ბ–ისა და გ. ბ–ის ჩვენებებს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.
5.7. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ მ. ც–ს, ასევე მოწმეების – მ. ა–ს, მ. ა–ს და ს. ბ–ს ჩვენებებით ერთმნიშვნელოვნად დადგინდა, რომ 2020 წლის 22 აგვისტოს ლ. ა–ის კუთვნილ კოტეჯში იმყოფებოდნენ ლ. ა–ესთან, ვ. ს–ესა და ი. ქ–ესთან ერთად, რა დროსაც ყველა მათგანმა მიიღო სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელი. ვ. ს–ესა და ი. ქ–ეს შელაპარაკება მოუვიდათ ლ. ა–ესთან, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. ი. ქ–ე და ვ. ს–ე ხელების და ფეხების გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში ძალადობდნენ ლ. ა–ეზე. შემთხვევის ადგილზე მყოფი გოგოები კი, ცდილობდნენ მათ გაშველებას. ი. ქ–ე ლ. ა–ის თავთან იყო მოქცეული, ფეხები გვერდულად ჰქონდა, ლ. ა–ე გულმკერდზე ჰყავდა მიბჯენილი, მარჯვენა ხელი შემოჭერილი ჰქონდა კისერზე და მარცხენა ხელით ქაჩავდა. ლ. ა–ეს ხელები ჰქონდა მოკიდებული ი. ქ–ისთვის და გათავისუფლებას ცდილობდა. ვ. ს–ე ლ. ა–ის თავიდან იყო დიაგონალურად, ფეხები გადაჯვარედინებული ჰქონდა ლ. ა–ის გულმკერდზე და ორივე ყელის არეში უჭერდა. ორივე მათგანს – ერთს ხელების, მეორეს კი ფეხების გამოყენებით ჰყავდათ შებოჭილი ლ. ა–ე და ამბობდნენ, რომ ლ. ა–ე უნდა მომკვდარიყო. შემთხვევის ადგილზე მივიდა ორი მამაკაცი, რომლებიც ასევე ცდილობდნენ მათ გაშველებას და როდესაც მსჯავრდებულები მოაშორეს ლ. ა–ეს იგი უგონოდ იყო. ამასთან, ი. ქ–ე კვლავ ცდილობდა მასთან მიახლოვებას და ფეხის დარტყმას.
5.8. ანალოგიურ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითეს ფაქტის თვითმხილველმა მოწმეებმა – შ. ბ–ემ და გ. ბ–ემ. კერძოდ, მათ განმარტეს, რომ შემთხვევის ადგილზე მისულებმა ნახეს, თუ როგორ იყვნენ მიწაზე მწოლიარე ლ. ა–ის ზემოდან მოქცეული ვ. ს–ე და ი. ქ–ე. ვ. ს–ე გადახრილ მდგომარეობაში იყო, ხოლო ი. ქ–ე ლ. ა–ის უკნიდან იყო შემოხვეული, მუცელზე ფეხები ჰქონდა შემოჭერილი, კისერში კი ხელი ისე ჰქონდა ჩაჭიდებული, რომ ვერ გააშვებინეს.
5.9. ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები გამყარებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ შედგენილი №.. სამედიცინო ბარათით, გვამის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის №........ დასკვნით, ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის №.......... დასკვნით, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №........... დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით.
5.10. სამედიცინო ექსპერტიზის №.......... დასკვნით დადგინდა, რომ ლ. ა–ის სიკვდილის მიზეზია მექანიკური ასფიქსია, განვითარებული კისრის ორგანოებზე ზეწოლის შედეგად. გვამის გამოკვლევისას ნანახი სიკვდილის შემდგომი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით: სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს დაახლოებით 10 საათი. მოქ. ლ. ა–ის გვამზე აღინიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანება: სისხლნაჟღენთები კისრის წინა ზედაპირზე ცენტრალურად და მცირედ მარცხნივ - შუა მესამედში. ტერფის ძირიდან 162 სმ-ის დაშორებით და კისრის მარცხენა გვერდითა ზედაპირზე, ზედა მესამედში, ტერფის ძირიდან 170 სმ-ის დაშორებით, მუქი მოწითალო ფერის დიფუზური ხასიათის სისხლჩაქცევები კისრის რბილ ქსოვილებში და კუნთებში ცენტრალურად და მარცხნივ, ენისქვეშა ძვლის მარცხენა რქის რბილ ქსოვილებში და ხორხის წინა და მარცხენა გვერდითა კედელზე – განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად. ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში ატარებს სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხის ნიშანს და მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან, სიკვდილთან. მოქ. ლ. ა–ის გვამზე ასევე აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: უსწოროკიდეებიანი ჭრილობა ქვედა ტუჩის მიდამოში მარცხნივ, შიგნითა ზედაპირზე, ლორწოვანზე, სისხლჩაქცევები ქვედა ტუჩის მიდამოში მარცხნივ შიგნით ზედაპირზე, ლორწოვანზე. მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში – განვითარებულნი მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით, ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშანს და მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
5.11. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიურ ექსპერტიზის №.......... დასკვნაზე, რომლითაც დადგენილია, რომ ვ. ს–ეს აღენიშნება შიზოფრენოფორმული აშლილობა (კოდი – ....... - დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), ბრალადშერაცხილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ვ. ს–ეს აღენიშნებოდა შიზოფრენოფორმული აშლილობა, არასრული (მედიკამენტური) რემისიის მდგომარეობა (კოდი – ....... - დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით) და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). ასევე, სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №......... დასკვნის თანახმად, ი. ქ–ეს აღენიშნება ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა (კოდი - ........ - დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალადშერაცხილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ი. ქ–ე ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ იყო. მას აღენიშნებოდა ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა, და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). ი. ქ–ეს აქვს ფსიქიკური ნაკლი, რომელიც არ გამორიცხავს მის შეზღუდულ შერაცხადობას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ი. ქ–ეს შეუძლია წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალადშერაცხილი ქმედებისათვის. დანაშაულის ჩადენის მომენტში ი. ქ–ე არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში.
5.12. საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ. ს–ემ და ი. ქ–ემ ჩაიდინეს დანაშაული მათთვის მსჯავრადშერაცხილი კვალიფიკაციით. საკასაციო პალატა ვერ გაიაზიარებს, რომ ვ. ს–ეს დანაშაული არ ჩაუდენია და სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მოწმეთა ჩვენებებს, რადგან შემთხვევის ადგილზე მყოფმა ყველა პირმა მიუთითა, რომ ვ. ს–ემ და ი. ქ–ემ ერთობლივად განახორციელეს დანაშაული – ლ. ა–ის განზრახ მკვლელობა.
5.13. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, ბრალდებული არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის N527აპ-17 განაჩენი). ამასთან, მკვლელობის სურვილი შესაძლებელია, წარმოიშვას იმწუთიერად და დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელი არ არის, რომ განზრახვა დროის ხანგრძლივი ინტერვალით უსწრებდეს წინ ქმედებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის №379აპ-18 გადაწყვეტილება).
5.14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ჯგუფური დანაშაულის დეფინიციას მოიცავს საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის, კერძოდ: ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
5.15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულის ჩადენამდე დროის ხანგრძლივი პერიოდი, მთავარია შეთანხმება არსებობდეს ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე, რაც უნდა დადასტურდეს საქმეში არსებული შესაბამისი მტკიცებულებებით. შეთანხმება შესაძლოა განხორციელდეს, როგორც სიტყვიერი ფორმით ასევე არავერბალური ფორმითაც, კერძოდ, გამოიხატოს ჟესტებით და მიმიკებით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №618აპ-15 განაჩენი). ამასთან, „დანაშაულში თანაამსრულებლობის ბუნებიდან გამომდინარე, აუცილებელია, დანაშაულის ამსრულებლები ერთობლივად და უშუალოდ მონაწილეობდნენ დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელებაში. ამასთან, შესაძლებელია განსხვავებული იყოს ამსრულებელთა როლი და მონაწილეობის ხარისხი დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის რომელიმე ელემენტის რეალიზებისას, თუმცა გადამწყვეტია, რომ თითოეული სუბიექტის მიერ შესრულებული ქმედება (მოქმედება თუ უმოქმედობა) განაპირობებდეს დამნაშავეთა ერთიანი განზრახვის სისრულეში მოყვანას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №1399აპ-23 განაჩენი).
5.16. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად ობიექტური დამკვირვებლისათვის აშკარა და ნათელია ის გარემოებები, რომ ვ. ს–მ და ი. ქ–მ ერთდროულად და უშუალოდ დაიწყეს მკვლელობის ობიექტური შემადგენლობის განხორციელება და აქტიურად მოქმედებდნენ - დაზარალებულის წინააღმდეგობისა დათრგუნვის მიზნით.
5.17. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორების არგუმენტაციას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია სწორედ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც აკმაყოფილებს ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები, ხოლო საკასაციო საჩივრები არ წარმოაჩენს ისეთ არსებით გარემოებებს, რაც სასამართლოებმა ყურადღების გარეშე დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს.
5.18. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ვ. ს–ის დამცველის, ადვოკატ ნ. ნ–ისა და მსჯავრდებულ ი. ქ–ის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე