საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802225011314478
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№68I-25 ქ. თბილისი
კ./ქ. ე. 68I-25 29 აპრილი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ე. ქ–ს/კ–სის (E.K.) ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. მ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 აპრილის განჩინებაზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თურქეთის რესპუბლიკაში ე. ქ–ს/კ–სის (E.K.) მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
1.1. 2008 წლის 8 ივლისს თურქეთის რესპუბლიკის ქ. დენიზლის პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ე. ქ–ი/კ–ი (E.K.) ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სქესობრივი ძალადობა, ჩადენილი ბავშვის მიმართ) და იმავე კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. აღნიშნული განაჩენით ე. ქ–ს/კ–ს (E.K.) საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით და 2 თვით;
1.1.1. 2013 წლის 2 მარტს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში;
1.2. 2009 წლის 18 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის ქ. დენიზლის მე-8 სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ე. ქ–ი/კ–ი (E.K.) ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით (თაღლითობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული განაჩენით ე. ქ–ს/კ–ს (E.K.) საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 300 დღით.
1.2.1. 2014 წლის 29 აპრილს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში;
1.3. 2014 წლის 11 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის ქ. დენიზლის მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ე. ქ–ი/კ–ი (E.K.) ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სქესობრივი ძალადობა, ჩადენილი ბავშვის მიმართ) და იმავე კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. აღნიშნული განაჩენით ე. ქ–ს/კ–ს (E.K.) საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით და 5 თვით;
1.3.1. 2020 წლის 12 ოქტომბერს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში;
1.4. 2021 წლის 8 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის პროვინცია ჩარდაქის სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ე. ქ–ი/კ–ი (E.K.) ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილით (მსჯავრდებულის ან პატიმრის გაქცევა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული განაჩენით ე. ქ–ს/კ–ს (E.K.) საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 თვით და 15 დღით;
1.4.1. 2022 წლის 16 თებერვალს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.
1.5. 2024 წლის 7 მაისს თურქეთის რესპუბლიკის ქ. დენიზლის სააღსრულებო სასამართლოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული განაჩენებით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ე. ქ–ს/კ–ს (E.K.) საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 19 წლით, 23 თვით და 330 დღით. ე. ქ–მა/კ–მა (E.K.) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა გაატაროს 10 წელი.
1.6. 2024 წლის 8 მაისს გაიცა ე. ქ–ს/კ–სის (E.K.) დაკავების ბრძანება.
2. საქართველოში ე. ქ–ს/კ–სის (E.K.) მიმართ განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2.1. 2025 წლის 1 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე. ქ–ი/კ–ი (E.K.);
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 4 იანვრის განჩინებით ე. ქ–ს/კ–ს (E.K.) აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით;
2.3. 2025 წლის 6 თებერვალს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა ე. ქ–ს/კ–სის (E.K.) ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები;
2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 27 მარტის განჩინებით ე. ქ–ს/კ–სის (E.K.) მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2025 წლის პირველ ივლისამდე. ამჟამად, ე. ქ–ი/კ–ი (E.K.) იმყოფება სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციურ დაწესებულებაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2008 წლის 8 ივლისის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2007 წლის 5 დეკემბერს ე. ქ–მა/კ–მა (E.K.), რომელიც მითითებული პერიოდისთვის იყო სრულწლოვანი, 15 წელს მიუღწეველ დაზარალებულს აღუკვეთა თავისუფლება, მიიყვანა იგი საცხოვრებელ ბინაში და ამ უკანასკნელთან დაამყარა იძულებითი სქესობრივი კავშირი. აღნიშნულის შემდგომ, ე. ქ–იმა/კ–მა (E.K.) დაზარალებული წაიყვანა თავის საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე დაამყარა იძულებითი სქესობრივი კავშირი.
3.2. 2009 წლის 18 ნოემბრის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
ე. ქ–იმა/კ–მა (E.K.) დაზარალებულს მიაწოდა ინფორმაცია, რომ თითქოს, ფლობდა ოქროს მონეტებს. ამასთან, ოქროს მონეტების შესყიდვის მიზნით, დაზარალებულისგან მიიღო 19 500 თურქული ლირის ოდენობის ფულადი თანხა (დაახლოებით, 14 832 აშშ დოლარი), რომელსაც მოტყუებით დაეუფლა.
3.3. 2014 წლის 11 აპრილის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2008 წლის მარტში ე. ქ–მა/კ–მა (E.K.), რომელიც მითითებული პერიოდისთვის იყო სრულწლოვანი, 15 წელს მიუღწეველ დაზარალებულს აღუკვეთა თავისუფლება, მიიყვანა იგი დაუსახლებელი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე და ამ უკანასკნელთან დაამყარა ანალური გზით იძულებითი სქესობრივი კავშირი. აღნიშნულის შემდგომ, ე. ქ–მა/კ–მა (E.K.) დაზარალებული წაიყვანა თავის საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე ანალური გზით დაამყარა იძულებითი სქესობრივი კავშირი.
3.4. 2021 წლის 8 ნოემბრის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ე. ქ–ი/კ–ი (E.K.) უნდა გამოცხადებულიყო დახურულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. თუმცა იგი მიიმალა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ გამოცხადდა.
4. 2025 წლის 7 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა:
4.1. დასაშვებად იქნეს ცნობილი ე. ქ–ს/კ–სის (E.K.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სქესობრივი ძალადობა, ჩადენილი ბავშვის მიმართ) და იმავე კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის აღნიშნული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ. დენიზლის მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2014 წლის 11 აპრილს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ქ. დენიზლის სააღსრულებო სასამართლოს 2024 წლის 07 მაისის გადაწყვეტილების გათვალისწინებით;
4.2. დასაშვებად იქნეს ცნობილი ე. ქ–ი/კ–ის (E.K.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სქესობრივი ძალადობა, ჩადენილი ბავშვის მიმართ) და იმავე კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის აღნიშნული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ. დენიზლის პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2008 წლის 8 ივლისს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ქ. დენიზლის სააღსრულებო სასამართლოს 2024 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების გათვალისწინებით;
4.3. დასაშვებად იქნეს ცნობილი ე. ქ–ი/კ–ის (E.K.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილით (მსჯავრდებულის ან პატიმრის გაქცევა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის აღნიშნული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის პროვინცია ჩარდაქის სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2021 წლის 8 ნოემბერს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ქ. დენიზლის სააღსრულებო სასამართლოს 2024 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების გათვალისწინებით;
4.4. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ე. ქ–ი/კ–ის (E.K.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით (თაღლითობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის აღნიშნული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ. დენიზლის მე-8 სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2009 წლის 18 ნოემბერს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 აპრილის განჩინებით:
5.1. დასაშვებად იქნა ცნობილი ე. ქ–ს/კ–სის (E.K.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სქესობრივი ძალადობა, ჩადენილი ბავშვის მიმართ) და იმავე კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის აღნიშნული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ. დენიზლის მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2014 წლის 11 აპრილს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ქ. დენიზლის სააღსრულებო სასამართლოს 2024 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების გათვალისწინებით;
5.2. დასაშვებად იქნა ცნობილი ე. ქ–ი/კ–ის (E.K.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სქესობრივი ძალადობა, ჩადენილი ბავშვის მიმართ) და იმავე კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის აღნიშნული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ. დენიზლის პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2008 წლის 8 ივლისს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ქ. დენიზლის სააღსრულებო სასამართლოს 2024 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების გათვალისწინებით;
5.3. დასაშვებად იქნა ცნობილი ე. ქ–ი/კ–ის (E.K.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილით (მსჯავრდებულის ან პატიმრის გაქცევა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის აღნიშნული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის პროვინცია ჩარდაქის სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2021 წლის 8 ნოემბერს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ქ. დენიზლის სააღსრულებო სასამართლოს 2024 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების გათვალისწინებით;
5.4. დაუშვებლად იქნა ცნობილი ე. ქ–ი/კ–ის (E.K.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით (თაღლითობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის აღნიშნული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ. დენიზლის მე-8 სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2009 წლის 18 ნოემბერს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. ქ–ი/კ–ის (E.K.) ადვოკატი ნ. მ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 აპრილის განჩინების გაუქმებასა და ე. ქ–ი/კ–ის (E.K.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ე. ქ–ი/კ–ის (E.K.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში დაირღვევა მისი უფლებები: ვერ ისარგებლებს საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, მის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება და სასამართლო განხილვები წარმართულია კანონმდებლობის უხეში დარღვევით და უკანონო გადაწყვეტილებების საფუძველზე; მას ემუქრება წამების, სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის საფრთხე თურქეთის ტერიტორიაზე როგორც თავისუფლებაში ყოფნის, ისე შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის შემთხვევაში;
6.2. დაცვის მხარის შეფასებით, გასათვალისწინებელია თურქეთის რესპუბლიკაში არსებული ზოგადი მდგომარეობაც, ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოში კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამო დარღვევებს აქვს მასშტაბური ან სისტემური ხასიათი. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით არაერთხელ გავრცელებულა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თურქეთის რესპუბლიკაში, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია ადგენს ადამიანის უფლებათა დარღვევის არაერთ ფაქტს.
7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა ე. ქ–ი/კ–ის (E.K.) მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 აპრილის განჩინების უცვლელად დატოვება.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
2. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
3. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
4. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე. ქ–ი/კ–ი (E.K.) 2025 წლის 1 იანვარს დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
5. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა. ე. ქ–ი/კ–ის (E.K.) მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით დადგენილი სასჯელი ითვალისწინებს 4 თვეზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთას. ამასთან, დაკმაყოფილებულია მინიმალური სასჯელის წესი.
5.1. შუამდგომლობაში მითითებული ქმედებები, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით:
5.1.1. 2014 წლის 11 აპრილის განაჩენით დადგენილი ქმედებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია უვადო თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.1.2. 2008 წლის 8 ივლისის განაჩენით დადგენილი ქმედებები – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია უვადო თავისუფლების აღკვეთა და სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.1.3. 2009 წლის 18 ნოემბრის განაჩენით დადგენილი ქმედება – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.1.4. 2021 წლის 8 ნოემბრის განაჩენით დადგენილი ქმედება – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 380-ე მუხლით (სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მოხდისათვის თავის არიდება), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. მოცემულ შემთხვევაში:
6.1. 2008 წლის 8 ივლისის განაჩენით დადგენილი ქმედებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, შეესაბამება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა, – 10 წელში მძიმე და 15 წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. მოცემული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 2 მარტს. საექსტრადიციო საქმის მასალებით დასტურდება, რომ დაწყებული იყო მოცემული განაჩენის აღსრულება. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული;
6.2. 2009 წლის 18 ნოემბრის განაჩენით დადგენილი ქმედებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, შეესაბამება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 10 წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. მოცემული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 29 აპრილს, ხოლო ე. ქ–ს/კ–სის (E.K.) დაკავების ბრძანება გაიცა 2024 წლის 8 მაისს. შესაბამისად, მოცემული განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა გასულია.
6.3. 2014 წლის 11 აპრილის განაჩენით დადგენილი ქმედებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, შეესაბამება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა, 10 წელში მძიმე და 15 წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. მოცემული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 12 ოქტომბერს, შესაბამისად, განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული;
6.4. 2021 წლის 8 ნოემბრის განაჩენით დადგენილი ქმედებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, შეესაბამება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 10 წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. შესაბამისად, მოცემული განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული.
7. თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 68(1)-ე მუხლით ხანდაზმულობის ვადა სასჯელის სახით 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შემთხვევაში არის – 10 წელი, ხოლო 5 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში – 20 წელი. შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან მოწოდებული ინფორმაციით თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით.
8. დანაშაულებრივი ქმედება, რომლისთვისაც მოითხოვება ე. ქ–ი/კ–ის (E.K.) ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. ე. ქ–ი/კ–ის (E.K.) მიმართ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული დანაშაულისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართალწარმოება საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპები.
9. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს საკუთარი მოქალაქის ექსტრადიციაზე.
9.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან 2020 წლის 25 მარტს მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ე. ქ–ი/კ–ი (E.K.) არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ე. ქ–ი/კ–ი (E.K.) არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.
9.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის 5 თებერვალს, ე. ქ–ს/კ–ს (E.K.) უარი ეთქვა როგორც ლტოლვილის, ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე, ხოლო გადაწყვეტილება №.. პენიტენციურ დაწესებულებაში ჩაჰბარდა 2025 წლის 6 თებერვალს.
10. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ე. ქ–ი/კ–ი (E.K.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, რადგან ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის განმარტებით არ ექნება სასამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, ამასთან ემუქრება წამების, არაადამიანური მოპყრობისა და დასჯის საფრთხე.
11. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99,par.72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, par.58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, par. 52, ECtHR, 12/04/2005).
12. კასატორი თავისი მოთხოვნის დასაბუთებისთვის უთითებს მხოლოდ ე. ქ–ი/კ–ის (E.K.) მიერ გაცხადებულ ჰიპოთეტური ხასიათის მოსაზრებებსა და ინფორმაციაზე, საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება სხვა მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა ე. ქ–ი/კ–ის (E.K.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებების დარღვევის საფრთხეზე. აღნიშნულთან მიმართებით ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები ვერც გენერალურმა პროკურატურამ მოიძია.
13. დაცვის მხარეს ასევე არ წარმოუდგენია რაიმე კონკრეტული არგუმენტი ან/და რელევანტური მტკიცებულება, რაც მიუთითებდა, რომ წარსულში თურქეთის რესპუბლიკაში ე. ქ–ი/კ–ის (E.K.) მიმართ ადგილი ჰქონდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას; მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარეს სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ანდა სარწმუნო ინფორმაცია, რაც დაადასტურებდა, რომ ე. ქ–ი/კ–ი (E.K.) რაიმე ნიშნით იდევნება თურქეთის რესპუბლიკაში ან, ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს მისი უფლებების დარღვევის, არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის მოსპობის რეალური საფრთხე. დაცვის მხარე შემოიფარგლება მხოლოდ ზეპირი განცხადებებითა და ზოგადი განმარტებებით, რომლებიც გამყარებული არ არის სათანადო მტკიცებულებებით, რაც არ არის საკმარისი ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხის სამტკიცებლად და ექსტრადიციის დაუშვებლად მისაჩნევად. დაცვის მხარის დაუსაბუთებელი ვარაუდების/მოსაზრებების გარდა, საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება ან სარწმუნო ინფორმაცია, რომელიც შექმნიდა „არსებით საფუძვლებს ვარაუდისათვის“, რომ, ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს ე. ქ–ი/კ–ის (E.K.) უფლებების – მათ შორის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების დარღვევის, მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე.
14. მართალია პირველ რიგში უნდა შეფასდეს მიმღებ სახელმწიფოში არსებული ზოგადი სიტუაცია და შესაბამისად, ყურადღება გამახვილდეს მიმღებ სახელმწიფოში ზოგადი ძალადობრივი გარემოს არსებობაზე (იხ: Sufi and Elmi v. the United Kingdom, nos. 8319/07 და 11449/07, ECtHR, par.216, 28/06/2011), თუმცა ზოგადი ძალადობრივი გარემოს არსებობა იმთავითვე არ იწვევს მე-2 ან/და მე-3 მუხლის დარღვევას. ევროპული სასამართლოს განმარტებით, მომთხოვნი სახელმწიფოსთვის პირის გადაცემა ევროპული კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლის დარღვევას იწვევს მხოლოდ „იმ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე მხოლოდ იმ პირთან მიმართებით არსებობს, რომელიც მიმღებ სახელმწიფოში დაბრუნების შემთხვევაში დაექვემდებარება ამგვარ ძალადობას (NA. v. the United Kingdom, no. 25904/07, ECtHR, par. 115, 17/07/ 2008; Khasanov and Rakhmanov v. Russia, nos. 28492/15 and 49975/15, ECtHR, 29/04/2022).
15. თურქეთის რესპუბლიკაში ე. ქ–ი/კ–ის (E.K.), მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევის საფრთხესთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება რაც დაადასტურებდა/მიუთითებდა ექსტრადიციის შემთხვევაში ე. ქ–ი/კ–ის (E.K.) მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში სისხლის სამართალწარმოებაში სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის საფრთხეზე. 2009 წლის 18 ნოემბრისა და 2008 წლის 8 ივლისის განაჩენებთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ
15.1. ე. ქ–ი/კ–ი (E.K.), ესწრებოდა 2009 წლის 18 ნოემბრის განაჩენთან დაკავშირებულ საქმის არსებით განხილვას, სასამართლოს მისცა ჩვენება და პირადად ეცნობა შემდეგი სასამართლო სხდომის თარიღი, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა არ გამოცხადდა შემდგომ სასამართლო სხდომებზე. ე. ქ–ი/კ–ი (E.K.), ასევე ესწრებოდა 2008 წლის 8 ივლისის განაჩენთან დაკავშირებულ საქმის არსებით განხილვას, პირადად იყო ინფორმირებული შემდეგი სასამართლო სხდომის თარიღის, ასევე, გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე, თუმცა, შემდგომ სხდომებზე არ გამოცხადებულა. დაცვის მხარემ სრულფასოვნად ისარგებლა აღნიშნული განაჩენების გასაჩივრების უფლებით.
15.2. 2014 წლის 11 აპრილის და 2021 წლის 8 ნოემბრის განაჩენებთან მიმართებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილია გარანტია საქმეთა ხელახალი განხილვის თაობაზე.
16. სასამართლო ითვალისწინებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ გარანტიას, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ე. ქ–ი/კ–ის (E.K.) უფლებები და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება. გარანტიები გაცემულია სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მიერ (Chahal v.The United Kingdom, no 22414/93, paras 105-107, ECHR, 15/10/1996; Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §344, ECHR, 12/10/2005).
17. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v. Belgium, no.140/10, par.11, ECtHR, 04/09/2014; Soering v. UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 აპრილის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით, ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. ქ–ი/კ–ის (E.K.) ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. მ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. გაბინაშვილი