დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 20.05.2025
საქმის ნომერი
2კ-81-I-25
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
20.05.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802225011476763

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№81I-25 ქ. თბილისი

ჩ. ა–ნ/ა–ნ, 81I-25 20 მაისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ა/ა ჩ–ის (A. C–k) ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. მ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 7 მაისის განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ–ს რესპუბლიკაში ა/ა ჩ–ის (A. C–k) მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

1.1. ა/ა ჩ–ის (A. C–k) ექსტრადიცია მოითხოვება - თურქეთის რესპუბლიკის ქარამანის აღმასრულებელი სასამართლოს 2024 წლის 3 მაისის №2024/1484-2024/1493 გადაწყვეტილებით შეკრებილი სასჯელების მოხდის მიზნით. მითითებული გადაწყვეტილებით შეიკრიბა 2020 წლის 3 დეკემბრის ქარამანის მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს №2015/145-2020/473 განაჩენით დადგენილი სასჯელები და ა/ა ჩ–ი (A. C–k) დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 158 (1) მუხლით (თაღლითობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 31 წლის, 123 თვისა და 1825 დღის ვადით.

1.2. 2023 წლის 31 მაისს კონიას საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა მე-8 პალატის №2023/922-2023/1363 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ქარამანის მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს №2015/145-2020/473 განაჩენი.

1.3. 2024 წლის 8 თებერვალს უზენაესი სასამართლოს მე-11 სისხლის სამართლის პალატის №2023/4754-2024/1328 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი და ქარამანის მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს №2015/145-2020/473 განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 31 მაისს.

1.4. 2024 წლის 9 მაისს, ქარამანის მთავარმა საჯარო პროკურატურამ აღნიშნული სასჯელის მოხდის მიზნით გამოსცა ა/ა ჩ–ის (A. C–k) დაკავების შესახებ ბრძანება.

1.5. 2024 წლის 9 აგვისტოდან ა/ა ჩ–ი (A. C–k) თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. საქართველოში ა/ა ჩ–ის (A. C–k) მიმართ განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2.1. 2024 წლის 9 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა/ა ჩ–ი (A. C–k).

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 სექტემბრის განჩინებით ა/ა ჩ–ის (A. C–k) მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო – 30 000 ლარის ოდენობით, პატიმრობის უზრუნველყოფით და იმავე დღეს ა/ა ჩ–ი (A. C–k) გათავისუფლდა პატიმრობიდან.

2.3. 2024 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა ა/ა ჩ–ის (A. C–k) ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.

2.4. 2024 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია ა/ა ჩ–ის (A. C–k) ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რომელიც მიღებულ იქნა 2024 წლის 5 დეკემბერს.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები 2020 წლის 3 დეკემბრის ქარამანის მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენის თანახმად:

2014 წელს, ა/ა ჩ–მა (A. C–k), ქერის, ხორბლისა და მარცვლეულის კომპანია „.......-ში“ მუშაობისას, თანამზრახველებთან ერთად, მიუხედავად ნებართვის არქონისა, კომპანიის სახელით, ყ–ში, გახსნა ოფისი და ფერმერებისგან შეიძინა ქერი, სიმინდი, ხორბალი და მსგავსი მარცვლეული. თავდაპირველად, ნდობის მოპოვების მიზნით, ა/ა ჩ–მა (A. C–k) ფერმერებს გადაუხადა თანხა, თუმცა, მოგვიანებით, მან თანამზრახველებთან ერთად, მოატყუა ფერმერები და მიღებული ქონების სანაცვლოდ არ გადაუხადა თანხა, რაც ჯამში შეადგენდა, დაახლოებით, 1 137 550 85 ოდენობის თურქულ ლირას.

4. 2025 წლის 5 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორმა მეგი გურჩიანმა და მოითხოვა:

დასაშვებად იქნეს ცნობილი ა/ა ჩ–ის (A. C–k) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის 2024 წლის 3 მაისის ქარამანის აღმასრულებელი სასამართლოს №2024/1484-2024/1493 გადაწყვეტილებით შეკრებილი სასჯელების მოუხდელი ნაწილის მოხდის მიზნით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 7 მაისის განჩინებით:

5.1. დასაშვებად იქნა ცნობილი ა/ა ჩ–ის (A. C–k) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის 2024 წლის 3 მაისის ქარამანის აღმასრულებელი სასამართლოს №2024/1484-2024/1493 გადაწყვეტილებით შეკრებილი სასჯელების მოუხდელი ნაწილის მოხდის მიზნით.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 7 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა/ა ჩ–ის (A. C–k) ადვოკატი ნ. მ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 7 მაისის განჩინების გაუქმებას, ვინაიდან აღნიშნული განჩინება არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს სტაჟიორ-პროკურორმა მეგი გურჩიანმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა ა/ა ჩ–ის (A. C–k) მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 7 მაისის განჩინების უცვლელად დატოვება.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

2. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

3. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

4. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა/ა ჩ–ი (A. C–k) 2024 წლის 9 სექტემბერს დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

5. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები ისჯება, როგორც საქართველოს, ისე – თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა.

5.1. ა/ა ჩ–ის (A. C–k) მიმართ მსჯავრადშერაცხილი ქმედებები ისჯება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 158 (1) მუხლით (თაღლითობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წელზე მეტი ვადით. ამასთან, ა/ა ჩ–ს (A. C–k) სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 31 წლის, 123 თვისა და 1825 დღის ვადით. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ა/ა ჩ–მა (A. C–k) 8232 დღის შემდეგ, შესაძლოა მოიპოვოს პირობით გათავისუფლების უფლება.

5.2. შუამდგომლობაში მითითებული ქმედებები, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულით, რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 9 წლამდე ვადით.

6. ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. მოცემულ შემთხვევაში:

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, ქმედებები, რომლისთვისაც მსჯავრდებულია ა/ა ჩ–ი (A. C–k) შეესაბამება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა, – 10 წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებული თავს აარიდებს სასჯელის მოხდას. ა/ა ჩ–ის (A. C–k) მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წელს, 2024 წელს კი გამოიცა ა/ა ჩ–ის (A. C–k) დაკავების ბრძანება მოცემული განაჩენით შეკრებილი სასჯელების მოხდის მიზნით. შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის.

7. ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან მიმართებით თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული არც თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით და იწურება 2033 წლის 17 მაისს.

8. დანაშაულებრივი ქმედება, რომლისთვისაც მოითხოვება ა/ა ჩ–ის (A. C–k) ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. ა/ა ჩ–ის (A. C–k) მიმართ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული დანაშაულისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართალწარმოება საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპები.

9. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს საკუთარი მოქალაქის ექსტრადიციაზე.

9.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან 2024 წლის 17 ოქტომბერს მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ა/ა ჩ–ი (A. C–k) არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ა/ა ჩ–ი (A. C–k) არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.

9.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 21 ოქტომბერს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ა/ა ჩ–ს (A. C–k) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისთვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით არ მიუმართავს. შესაბამისად, იგი არ სარგებლობს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსით ს–ში.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ასევე არ არის გამოკვეთილი ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული ექსტრადიციის გამომრიცხავი სხვა გარემოებები.

11. კასატორი განჩინების გაუქმებას ითხოვს უკანონობისა და დაუსაბუთებლობის საფუძვლით, თუმცა მოთხოვნის დასასაბუთებლად არ უთითებს არცერთ კონკრეტულ არგუმენტს, ინფორმაციასა ან/და მტკიცებულებებზე თუ რატომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 7 მაისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ა/ა ჩ–ის (A. C–k) ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკაში.

12. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე შეაფასა თურქეთის რესპუბლიკაში ა/ა ჩ–ის (A. C–k) მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევის საფრთხე. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება რაც დაადასტურებდა/მიუთითებდა ექსტრადიციის შემთხვევაში ა/ა ჩ–ის (A. C–k) მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში სისხლის სამართალწარმოებაში სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის საფრთხეზე.

12.1. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილ იქნა გარანტია იმის თაობაზე, რომ ა/ა ჩ–ის (A. C–k) ექსტრადიცია არ მოითხოვება პოლიტიკური ან სამხედრო დანაშაულისთვის. აგრეთვე, წარმოდგენილი გარანტიის თანახმად, ექსტრადიციის შემთხვევაში საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი ა/ა ჩ–ის (A. C–k) უფლებები სრულად იქნება დაცული.

12.2. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ა/ა ჩ–მა (A. C–k) მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მონაწილეობით მისცა ჩვენება სასამართლოში. ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენი დაცვის მხარის მიერ გასაჩივრდა, როგორც სააპელაციო, ისე უზენაეს სასამართლოში.

13. სასამართლო ითვალისწინებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ გარანტიას, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ა/ა ჩ–ის (A. C–k) უფლებები და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება. გარანტიები გაცემულია სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მიერ (Chahal v.The United Kingdom, no 22414/93, paras 105-107, ECHR, 15/10/1996; Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §344, ECHR, 12/10/2005).

14. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v. Belgium, no.140/10, par.11, ECtHR, 04/09/2014; Soering v. UK, §86 ECtHR, 07/07/1989).

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 7 მაისის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით, ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ა/ა ჩ–ის (A. C–k) ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. მ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 7 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

მ. გაბინაშვილი