განაჩენი შეიცვალა

სისხლის სამართლის 14.05.2025
საქმის ნომერი
2კ-7აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.05.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100124008655914

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №7აპ-25 14 მაისი, 2025 წელი

ა-ი ფ., №7აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ფ. ა–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2023 წლის 23 ნოემბრის 20:13 - 20:22 საათამდე, ფ. ა–ი, გამოძიებით დაუდგენელ ორ პირთან ერთად იმყოფებოდა ქ–ში მდებარე, შპს „ფ–ს“ კუთვნილ მაღაზია „ფ–ი“, სადაც წინასწარ შეთანხმებულად, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ სარეალიზაციოდ განთავსებულ „ACL“-ის წარმოების ოთხ ერთეულ უსადენო ყურსასმენს. ფ. ა–ის და გამოძიებით დაუდგენელი პირების დანაშაულებრივი ქმედების შედეგად შპს „ფ–ს“ მიადგა 271 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 მაისის განაჩენით ფ. ა–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ფ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.

2.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია: 2023 წლის 23 ნოემბრის 20:13 - 20:22 საათამდე პერიოდში, ფ. ა–ი ქ–ში მდებარე შპს „ფ–ს“ კუთვნილ მაღაზია „ფ–“ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სარეალიზაციოდ განთავსებულ ACL-ის წარმოების ერთ ერთეულ უსადენო ყურსასმენს. ფ. ა–ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად შპს „ფ–ს“ მიადგა 69 ლარის ზიანი.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვახტანგ ხარებაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ფ. ა–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებით.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. 2024 წლის 16 ოქტომბერს, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვახტანგ ხარებაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ფ. ა–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებით.

3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, ბრალდების მხარემ სასამართლოში გამოიკვლია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, ქურდობის ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ნათლად არის ასახული ფ. ა–ისა და გამოძიებით დაუდგენელი პირების მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებამდე, ქმედებების პროცესში და შემდგომ განხორციელებული მთელი რიგი აქტიური მოქმედებები, რაც მიმართული იყო მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გაადვილებისაკენ, რისთვისაც მათ წინასწარ გადანაწილებული ჰქონდათ შესასრულებელი ამოცანები. ვიდეოკამერის ჩანაწერებზე ნათლადაა ასახული როგორ გადაადგილდებიან ერთად ფ. ა–ი და გამოძიებით დაუდგენელი პირები. ამდენად, კასატორის აზრით სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და სუბიექტური გადაწყვეტილება მიიღო.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან მოცემული განაჩენი დაცვის მხარეს არ გაუსაჩივრებია, ხოლო ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია ფ. ა–ისათვის მსჯავრადშერაცხილი კვალიფიკაციის ნაწილში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენში ჩამოყალიბებული დასკვნები ფ. ა–ის მიერ ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია.

5.3. მოწმე თ–ას ჩვენებით, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, ქ–ში მდებარე შპს „ფ–ს“ კუთვნილ მაღაზია „ფ–“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებით, 2023 წლის 1 დეკემბრის ამოღების ოქმით, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ......... დასკვნითა და თავად ფ. ა–ის აღიარებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ფ. ა–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად, სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს, რომ 2023 წლის 23 ნოემბრის 20:13 - 20:22 საათამდე პერიოდში, ფ. ა–ი ქ. თ... მდებარე შპს „ფ–ს“ კუთვნილ მაღაზია „ფ–“ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სარეალიზაციოდ განთავსებულ „ACL“-ის წარმოების ერთ უსადენო ყურსასმენს. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შესაფასებელი გარემოებაა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება თუ არა ფ. ა–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულებრივი ქმედების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენის ფაქტი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

5.4. ჯგუფური დანაშაულის დეფინიციას მოიცავს საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლი, კერძოდ: ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულის ჩადენამდე დროის ხანგრძლივი პერიოდი, მთავარია შეთანხმება არსებობდეს ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე, რაც უნდა დადასტურდეს საქმეში არსებული შესაბამისი მტკიცებულებებით. შეთანხმება შესაძლოა განხორციელდეს, როგორც სიტყვიერი ფორმით ასევე არავერბალური ფორმითაც, კერძოდ, გამოიხატოს ჟესტებით და მიმიკებით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის №618აპ-15 განაჩენი).

5.5. სასამართლო აფასებს საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერებს და მიუთითებს, რომ ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმებითა და ქ–ში მდებარე შპს „ფ–ს“ კუთვნილ მაღაზია „ფ–“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებით არ დასტურდება, ფ. ა–ისა და გამოძიებით დაუდგენელ უცნობ მამაკაცებს შორის რაიმე სახის კომუნიკაცია, რომელიც დაადასტურებდა მათ წინასწარ შეთანხმებას, ასევე საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მათ შორის რაიმე სახის კავშირს ან/და კომუნიკაციას დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე, მიმდინარეობისას და შემდეგ. საგულისხმოა, რომ უშუალოდ ყურსასმენების დახლთან მართალია დადასტურდა კომუნიკაცია ფ. ა–სა და გამოძიებით დაუდგენელ პირს შორის, თუმცა არა დანაშაულის შემადგენლობის განხორციელებისას და არა იმ ინტენსივობით და ფორმით, რამაც შესაძლოა სასამართლოს აფიქრებინოს დანაშაულის წინასწარი შეთანხმებით ჩადენა. ამასთან, ყურსასმენის მიწოდება დახლთან მდგომი პირისთვის, რომელიც ათვალიერებს და უკან აბრუნებს მას, შემთხვევის ადგილის, მომხმარებელთა რაოდენობისა და სააქციო პროდუქტის გათვალისწინებით, სრულიად ლოგიკურია. ამდენად, სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ ვიდეოჩანაწერის მიმდინარეობის პერიოდში არ დასტურდება ფ. ა–სა და გამოძიებით დაუდგენელ პირებს შორის იმგვარი ხასიათის და ინტენსივობის კომუნიკაცია, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ისინი ფ. ა–თან ერთად, მაღაზია „ფ–ს“ ტერიტორიაზე წინასწარ შეთანხმებულად შევიდნენ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ნივთის (ნივთების) დასაუფლებლად.

5.6. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესის სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას და აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ფ. ა–სა და უცნობ მამაკაცებს შორის წინასწარ შეთანხმებას ქურდობის ჩასადენად (საქმეში არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს მსჯავრდებულსა და გამოძიებით დაუდგენელ პირებს შორის ქურდობის ჩასადენად წინასწარი შეთანხმების არსებობაზე). ამასთან, ამოღების ოქმის თანახმად, ფ. ა–ისგან ამოღებულია მხოლოდ ერთი წყვილი ყურსასმენი, ხოლო დაზარალებულის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განმარტება იმის დასადასტურებლად, რომ დანაკლისის სახით აღმოჩენილი ყურსასმენები დაიკარგა შემთხვევის დღეს არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, იმის თაობაზე, გამოძიებით დაუდგენელმა ორმა პირმა, რომელთან ერთადაც დანაშაულის ჩადენას ედავება ბრალდების მხარე ფ. ა–ს გაიარეს თუ არა სალაროს სივრცე, შეიძინეს თუ არა სხვა ნივთი ანდა ხომ არ გადაიხადეს სადავო ნივთების საფასური.

5.7. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს შეთანხმების არსებობაზე (წინასწარ შეკავშირებაზე). აღნიშნული შესაძლოა დადასტურდეს, როგორც თითოეულის ცალკეული ქმედებით, ასევე ერთად განხორციელებული მოქმედებების ხასიათით, ინტენსივობითა და ფორმით, მთავარია საქმეში არსებობდეს საკმარისად ნათელი და კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც უტყუარად დაადასტურებს, რომ დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე და მიმდინარეობისას, თითოეული მათგანი თავისი მოქმედებებით ხელს უწყობდა სხვათა მოქმედებას.

5.8. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენი კვალიფიკაციის ნაწილში კანონიერია, რისი გათვალისწინებითაც ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

6. სასჯელის დასაბუთება

6.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

6.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

6.3. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

6.4 სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნების განსასაზღვრად, სრულყოფილად უნდა შეფასდეს ყველა ის გარემოება, რაც სასჯელის დანიშვნის დროს არის გასათვალისწინებელი და ასევე ნათლად უნდა იქნეს გაანალიზებული საფრთხე ან საფრთხეები, რაც შექმნა დამნაშავის ქმედებამ.

6.5. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასჯელის სამართლიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი ხასიათდება ინდივიდუალურობით, შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

6.6. საკასაციო სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობებს და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, მიაჩნია, რომ ფ. ა–ს უნდა განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63 მუხლის თანახმად უნდა ჩაეთვალოს პირობითად, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად უნდა დაუდგინდეს 2 წელი, რაც საკასაციო პალატის შეფასებით სრულად შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს და მსჯავრდებულის პიროვნებას.

6.7. ამასთან, ვინაიდან ფ. ა–მა მსჯავრადშერაცხილი დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, მის მიმართ უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

6.8. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).

6.9. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი უნდა გავრცელდეს ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელზე, და, ფ. ა–ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან, მათ შორის პირობითი მსჯავრისგან და გამოსაცდელი ვადისგან.

6.10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ფ. ა–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

4. ფ. ა–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათავის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფ. ა–ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან, მათ შორის პირობითი მსჯავრისგან და გამოსაცდელი ვადისგან.

5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ფ. ა–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო – გაუქმებულია და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს;

6. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს საქართველოს სსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ:

დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

ყურსასმენი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;

8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე