საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 14.05.2025
საქმის ნომერი
2კ-169აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.05.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 030100122006656446

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №169აპ-25 14 მაისი, 2025 წელი

ქ-ა გ., №169აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილის – ალექსანდრე კოდუას – საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 დეკემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. ქ–ა (დაბადებული .............., პირადი №.........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2022 წლის 21 ნოემბერს, დაახლოებით 07:30 საათზე, ფ.....ში მდებარე კაპიტალური შენობის უკანა მხარეს არსებულ საცხოვრებელ ოთახში, გ. ქ–ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დანის გამოყენებით თავს დაესხა ა–ს და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით წაართვა 104 ლარის ოდენობის თანხა და 160 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი, ასევე, დანის გამოყენებით მუცლის მიდამოში ნაკაწრი ჭრილობა მიაყენა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 მაისის განაჩენით, გ. ქ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ. ქ–ას მიერ ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენას.

2.2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილემ – ალექსანდრე კოდუამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. ქ–ას დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებაში.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 დეკემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილემ – ალექსანდრე კოდუამ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გ. ქ–ას დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებები ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებულის ჩვენება სხეულზე არსებულ დაზიანებასთან მიმართებით, თანხვდება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას; დაზარალებულის გამოკითხვის ოქმსა და სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს შორის არსებითი წინააღმდეგობა არ იკვეთება; დაზარალებულმა ამოიცნო ბრალდებული და დაასახელა დანაშაულის საგნის – დანის – ვიზუალური მახასიათებლები, მათ შორის, ფერი და ინგლისურენოვანი წარწერა – „კ–ა“. სამართალდამცავებმა სწორედ ასეთი აღწერილობის დანა ამოიღეს გ. ქ–ას ბინის ჩხრეკის შედეგად; დაზარალებულმა საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები მიიყვანა ბრალდებულის სახლთან, რომლის მისამართიც ვერ ეცოდინებოდა, დანაშაულის დღეს იქ რომ არ ყოფილიყო; წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდებულის ცრუ მხილების მოტივი არ იკვეთება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა, გააანალიზა ბრალდების მხარის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.2. მოწმე ხ–ას ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობდა ფოთის საქალაქო სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად. 2022 წლის 21 ნოემბერს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მიიღო შეტყობინება ა–ის დანით დაყაჩაღების შესახებ, რის საფუძველზეც, დაიწყო გამოძიება და გამოიკითხა ა–ი, რომელმაც მასთან საუბარში განაცხადა, რომ ჰქონდა ნაკაწრი ჭრილობა მუცელზე, მარცხენა მხარეს, რომელიც მიაყენა გ. ქ–ამ. მოწმის განმარტებით, ა–ი იყო აღელვებული.

5.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა ა–მა განმარტა, რომ 2022 წლის 21 ნოემბერს, დილით იმყოფებოდა ფ–ში (წინა დღეს ფოთში სტუმრად ჩასული აპირებდა თბილისში დაბრუნებას, თუმცა ტრანსპორტისთვის უწევდა საღამომდე ლოდინი), რა დროსაც მიუახლოვდა უცნობი მამაკაცი, გაეცნო გ. ქ–ას სახელით (თავდაპირველად უთხრა მხოლოდ სახელი, ხოლო შემდეგ, ჩამოართვა ხელი და უთხრა გვარიც) და დაპატიჟა სახლში. იგი დათანხმდა და რამდენიმე საათით ესტუმრა. წასვლა რომ დააპირა, გ–ი გაღიზიანდა, შეიგინა, საწოლის მხრიდან გამოიღო დანა, რომელიც მიადო უკან. როგორც აღიქვა, თავდამსხმელმა მეგრულად უთხრა „გაგიყრიო“, პარალელურად უკანა ჯიბიდან ამოუღო საფულე, რომელშიც ედო ორი ცალი 50 ლარიანი, ორლარიანი და ხურდა ფული. ამ ფაქტმა ააფორიაქა, გავიდა სახლიდან, რა დროსაც გ–იმ ესროლა საფულე და უთხრა არავისთვის ეთქვა მომხდარის შესახებ. გარეთ გასვლისას იგრძნო სისველე. ანერვიულებულმა გაიხადა დაგლეჯილი და სისხლიანი მაისური, რომელიც გადააგდო ურნაში. ამის შემდეგ გადავიდა ბაზრის მხარეს და მომხდარის შესახებ მოუყვა პოლიციის თანამშრომელს, რომელმაც სატელეფონო ზარის მეშვეობით დააფიქსირა დანაშაულის შესახებ ინფორმაცია. შემდეგ წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მოგვიანებით გაიგო, რომ თავდამსხმელ გ. ქ–ას ზედმეტსახელად „ყ–ს“ ეძახდნენ. დაზარალებულმა მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებებში, მათ შორის, საგამოძიებო ექსპერიმენტსა და ფოტოსურათით ამოცნობაში. მანვე განმარტა, რომ გ. ქ–ას ხელზე არ ჰქონდა თითი, რაც გამოკითხვის დროსაც დააფიქსირა. მას ბრალდებულთან პრეტენზია არ აქვს.

5.4. სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა დაადასტურა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსსკ-ის) 243-ე მუხლის თანახმად გამოქვეყნებული მისი გამოკითხვის ოქმის ნაწილი: „... თან პარალელურად მეუბნებოდა არ გაინძრე, თორემ ყელს გამოგჭრიო და დანას მიტრიალებდა სახის წინ. ასევე მარჯვენა ჯიბიდან ამომაცალა საფულე, საიდანაც ამოიღო ჩემი კუთვნილი თანხა ასოთხი ლარის ოდენობით, ხოლო საფულე დააგდო იქვე იატაკზე. ამის შემდეგ დანა დამისვა მუცლის მიდამოში მარცხენა მხარეს...“ მოწმემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გ. ქ–ამ დანა დაუსვა უკანა მხარეს. დანა იყო შავტარიანი, როგორც ახსოვს, ინგლისურად ეწერა „კოლუმბია“.

5.5. ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ 2022 წლის 21 ნოემბერს დააკავეს გ. ქ–ა. დაკავებულს არ ჰქონდა არათითი. ამასთან, ვიზუალური დათვალიერებით, მარცხენა ხელის საჩვენებელ და შუა თითზე აღენიშნებოდა დაზიანება.

5.6. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად (21.11.2022), ფ.....ში მდებარე გ. ქ–ას საცხოვრებელი სახლის საძინებელი ოთახის საწოლიდან ამოიღეს შავი დანა ნაჭრის ქარქაშით, რომელსაც მარცხენა მხარეს, მჭრელ პირთან აქვს წარწერა – „Columbia“, ამერიკის დროშის გამოსახულებით წარწერა – „USA“, ხოლო შავ სახელურთან ახლოს აწერია – „----“. აღნიშნულ ოთახში საწოლის გვერდით არსებულ ხის თაროდან ამოიღეს რვა სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ფერის დანა. ამოღებული ნივთები დაილუქა კანონით დადგენილი წესით.

5.7. მოწმეებმა – დ..., ი–მ, თ...მ და გ. ლ–მ – სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაადასტურეს აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და მის საფუძველზე შედგენილი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის სისწორე.

5.8. ექსპერტმა – შ–ემ – მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ შედგენილი სამედიცინო ექსპერტიზის N....... დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, 2022 წლის 22 ნოემბერს, 14:47-14:55 საათზე, პირადი შემოწმებისას ა–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრისა და ნაჭდევის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია: გულმკერდის მარცხენა გვერდითა ზედაპირზე შუა და ქვედა მესამედებში აღენიშნება დასწვრივ-ირიბად მდებარე, ხაზოვანი ფორმის, მოწითალო, მშრალი, მიმდებარე კანის თითქმის დონეზე მდებარე ზედაპირით ნაკაწრი ზომით: 14,2X0,2სმ. მარჯვენა მუხლის სახსრის გარეთა ზედაპირზე აღენიშნება უსწორო ფორმის ნაჭდევი ზომით: 2,2X2,0 სმ – დაფარული მოყავისფრო-მორუხო, სქელი, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან მაღლამდებარე, კიდეებზე აცლილი ფუფხით – აცლილ მიდამოებში, ზედაპირი მოვარდისფრო, პრიალა). დაზიანება ნაკაწრის სახით განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო დაზიანება ნაჭდევის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანება ნაკაწრის სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო დაზიანება ნაჭდევის სახით – ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

5.9. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (22.11.2022) დგინდება, რომ ა–ის მითითებით, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები შსს ფოთის საქალაქო სამმართველოდან გავიდნენ ფ– ქუჩაზე მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, სადაც ა–ის განმარტებით, 2022 წლის 21 ნოემბერს, ქვეითად მყოფმა გაიცნო გ. ქ–ა, რომელმაც შეიპატიჟა თავის საცხოვრებელ სახლში. ა–მა დაახლოებით 07:30 საათზე დააპირა წასვლა, რა დროსაც გ. ქ–ა გახდა აგრესიული და არაადეკვატური, დაუწყო მას ხმამაღლა საუბარი, იქვე ოთახში საწოლიდან გამოიტანა შავი დანა შავი სახელურით, რომელსაც ზედა მხარე ჰქონდა ხერხისებრი. გ. ქ–ამ უთხრა: „ჩქარა ფული მომეცი, თორემ მოგკლავ!“ ამ დროს ა–ს ძალიან შეეშინდა და შეეცადა გაქცევას, თუმცა თავდამსხმელმა ამ დროს დანის მიშვერით ჯიბიდან ამოაცალა „აიფონ 6“ მოდელის მობილური ტელეფონი. ამასთან, გ. ქ–ა ემუქრებოდა: „არ გაინძრე, თორემ ყელს გამოგჭრი!“ და დანას უტრიალებდა თვალწინ. ამ დროს გ. ქ–ამ მას მარჯვენა ჯიბიდან ამოაცალა საფულე, საიდანაც ამოიღო თანხა – ასოთხი ლარი, საფულე დააგდო იქვე იატაკზე და დანა დაუსვა მას მუცლის მიდამოში მარცხენა მხარეს, რის შედეგადაც მიიღო ნაკაწრი ჭრილობა. მან აიღო იქვე იატაკზე დაგდებული კუთვნილი საფულე და გაიქცა.

5.10. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე დაადასტურეს სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა – ი–მა და გ–ი ფ–მ.

5.11. ამოღების ოქმის (21.11.2022) თანახმად, გამომძიებელ ი–ს მიერ ფ-ში მდებარე შსს ფ–ს საქალაქო სამმართველოში ა–ისგან ამოღებულ იქნა მის მიერ წარმოდგენილი ყავისფერი საფულე, წარწერით „WOODLAND“.

5.12. გ. ქ–ამ უარი განაცხადა ამოცნობაზე, რის გამოც, დაზარალებულთან ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ოქმის თანახმად, 2021 წლის 21 ნოემბერს დაზარალებულმა – ა–მა – მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოდან ამოიცნო გ. ქ–ას ფოტო და აღნიშნა, რომ აღნიშნულმა პირმა დანის გამოყენებით წაართვა ფულადი თანხა, ტელეფონი და მიაყენა ნაკაწრი ჭრილობა მუცლის მიდამოში მარცხენა მხარეს, რის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. ა–მა გ. ქ–ა ამოიცნო სახის მოყვანილობით, მოგრძო პირისახით, თეთრი სახის კანით, ჭაღარა სწორი თმებით, ცხვირით, წარბების მოყვანილობით და ჭაღარა წვერებით.

5.13. გამომძიებელ ი–იას ჩვენებით დგინდება, რომ მოქალაქე ა–ის შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება და ჩაატარა ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, გამოკითხა და დაზარალებულად ცნო ა–ი, რომელსაც მუცელთან ახლოს, მარცხენა გვერდითა მხარეს ჰქონდა ნაკაწრი. გამოკითხვისას დაზარალებულმა ისაუბრა მის მიმართ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, თუმცა ვერ მიუთითა, სად გადააგდო სისხლიანი ტანისამოსი.

5.14. მოწმეებმა – ხ–ემ – დაადასტურეს მათი მონაწილეობით შედგენილი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ამსახველი ოქმების სისწორე.

5.15. ბრალდებულმა გ. ქ–ამ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. საქმის არსებითი განხილვისას მას არ უსარგებლია ჩვენების მიცემის უფლებით.

5.16. ექსპერტებმა – ა–ემ, ვ–ანმა და მ-ემ – მოწმის სახით დაკითხვისას, დაადასტურეს სასამართლო-ფსიქიატრიული-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N........ დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, გ. ქ–ა დაავადებულია შიზოტიპური აშლილობით (კოდი – F21; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით) ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა შიზოტიპური აშლილობა და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალადშერაცხილი ქმედებისათვის. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც არ გამორიცხავს შეზღუდულ შერაცხადობას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, იგი იძულებით მკურნალობას და არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.

5.17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, დაზარალებულ ა–ის მიკერძოება ან გ. ქ–ასადმი ნეგატიური სუბიექტური დამოკიდებულება არ დადასტურებულა. სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა მკაფიოდ განაცხადა ბრალდებულის მიმართ პრეტენზიის არქონის შესახებ. მეტიც, ჩვენების მისაცემად იძულებით, სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებების საფუძველზე, მიიყვანეს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კი გამოირიცხება ბრალდებულის ცრუ მხილების მოტივის არსებობა.

5.18. დაზარალებულმა ჩვენების მიცემისას საკმაოდ ვრცლად და დამაჯერებლად ისაუბრა 2022 წლის 21 ნოემბერს განვითარებული მოვლენების ირგვლივ, კერძოდ, განმარტა, როგორ გაიცნო გ. ქ–ა, როგორ აღმოჩნდა მასთან სახლში სტუმრად და როგორ გახდა მისი თავდასხმის მსხვერპლი. გ. ქ–ა მას იმ მომენტში დაესხა თავს, როდესაც მისი სახლიდან წასვლა დააპირა. დანის დემონსტრირებით სიტყვიერი მუქარის პარალელურად, ბრალდებულმა უკანა ჯიბიდან ამოუღო საფულე, რომელშიც ედო ორი ცალი 50-ლარიანი, ორლარიანი და ხურდა ფული. მოწმემ დადასტურებით განაცხადა, რომ გ. ქ–ამ მას დანა უკან მიადო, თუმცა ფიზიკური დაზიანება მხოლოდ მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც გარეთ გასულმა იგრძნო სისველე. ბინის დატოვებამდე, გ. ქ–ამ ესროლა ცარიელი საფულე და უთხრა, არავისთვის ეთქვა მომხდარის შესახებ. მიუხედავად მუქარისა, დაზარალებულმა აღნიშნულის თაობაზე განაცხადა შემთხვევით შემხვედრ პოლიციელთან, შემდეგ კი – საგამოძიებო ორგანოში, გამოკითხვისას.

5.19. საგულისხმოა, რომ იმავე დღეს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, გამომძიებლები ა–ის მითითებით გავიდნენ ფ... ქუჩაზე მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, სადაც დაზარალებულმა გაიცნო გ. ქ–ა, ხოლო შემდეგ – დანაშაულის ჩადენის ადგილზე (გ. ქ–ას საცხოვრებელი სახლში), სადაც ა–მა აღწერა შემთხვევის დღეს მომხდარი თავდასხმის პროცესი და, შედეგად, მის კუთვნილ ნივთთა დაუფლების ფაქტი.

5.20. სასამართლოში ჩვენების მიცემისას, დაზარალებულ ა–ის მიერ, დანაშაულის საგნის – დანის – მკვეთრი ვიზუალური მახასიათებლების დასახელების კვალდაკვალ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, იმავე მახასიათებლების მქონე დანის ამოღებაც მრავლისმეტყველია. პირადი დაინტერესების არარსებობის პირობებში, დაზარალებულის მიერ ზედმიწევნით აღწერილი დანაშაულის საგნის ბრალდებულის სახლში, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში აღმოჩენა, დაზარალებულის ჩვენებას მეტად სარწმუნოს ხდის. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დაზარალებული პირველი შესაძლებლობისთანავე მომხდარის შესახებ ატყობინებს შემთხვევით შემხვედრ პოლიციის თანამშრომელს, რომლის რეაგირების შედეგად იწყება მომხდარ ფაქტზე გამოძიება.

5.21. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამოცნობის ოქმის გაუზიარებლობის ნაწილში, რამეთუ უგულებელყოფილია საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მე-5 ნაწილის კანონისმიერი დანაწესი (ბრალდებულს ამოსაცნობი პირებისგან წვერი განასხვავებს). მიუხედავად აღნიშნული მტკიცებულების გაუზიარებლობისა, სასამართლო ითვალისწინებს ჩვენების მიცემისას დაზარალებულის განმარტებას ბრალდებულის ვიზუალურ მახასიათებელთან, კერძოდ, ხელზე თითის არქონასთან დაკავშირებით, რაზეც ა–ი გამოძიების ეტაპზე, გამოკითხვის დროსაც უთითებდა. დაზარალებულის ჩვენება და გამოკითხვის ოქმი სრულად შეესაბამება გ. ქ–ას დაკავების ოქმში დაფიქსირებულ ინფორმაციას ბრალდებულის ხელზე თითის არქონის შესახებ.

5.22. აღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, სასამართლო სარწმუნოდ და დამაჯერებლად მიიჩნევს დაზარალებულ ა–ის ჩვენებას და არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დაზარალებულის ჩვენების საეჭვოდ და არასანდოდ შეფასების ნაწილში. ქვემდგომი სასამართლოს განმარტებით, ა–ის ჩვენებასა და გამოკითხვის ოქმში პირველი წინააღმდეგობა გ. ქ–ას გაცნობის მომენტის აღწერაში ვლინდება (დაზარალებული ჩვენების მიცემისას აცხადებდა, რომ თავდამსხმელის გვარი მოგვიანებით გაიგო, ხოლო გამოკითხვისას უთითებდა, რომ დამნაშავე თავიდანვე გაეცნო გ. ქ–ად). საკასაციო სასამართლომ შეისწავლა ა–ის ჩვენება, რომელშიც, პროკურორის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, ის პასუხობს, რომ უცნობმა მამაკაცმა გაცნობისას, თავდაპირველად უთხრა მხოლოდ სახელი, ხოლო შემდეგ, ჩამოართვა ხელი და უთხრა გვარიც (იხ. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 მაისის სხდომის ოქმი, 16:06:52-16:07:49). ამგვარი მოცემულობის პირობებში, დაზარალებულის ჩვენება არათუ ეწინააღმდეგება, არამედ თანხვდება მისსავე გამოკითხვის ოქმს.

5.23. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დაზარალებულის ჩვენების გამოკითხვის ოქმთან წინააღმდეგობა თავდამსხმელის მიერ დანით მიყენებული დაზიანების მდებარეობასთან მიმართებითაც იკვეთება. გამოკითხვისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმების თანახმად, ა–ს დაზიანება ჰქონდა მუცლის მიდამოში, მარცხენა მხარეს, ხოლო ჩვენების მიხედვით – ზურგზე.

5.24. მოისმინა რა სასამართლოში მიცემული ჩვენება, საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რადგან ოქმში არ არის ნახსენები ზურგის მიდამო. ნაცვლად ამისა, დაზარალებული დანით მიყენებული დაზიანების ლოკალიზაციასთან მიმართებით აცხადებს, რომ ნაკაწრი ჰქონდა უკანა მხარეს (იხ. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 მაისის სხდომის ოქმი, 16:13:10-16:13:21; 16:16:43-16:17:30). სასამართლოს შეფასებით, ადამიანის სხეულის ზედა ნაწილის „უკანა მხარე“ ერთი მხრივ, მოიაზრებს ზურგის მიდამოს და, მეორე მხრივ, შესაძლოა, ცალკეული ადამიანებისთვის (რამდენადაც ისინი ინდივიდები არიან, რომლებიც თავისებურად, სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ და გადმოსცემენ ცალკეულ ფაქტებს) ასოცირდებოდეს სხეულის გვერდითა ნაწილის სიახლოვესთან.

5.25. დანაშაულის შედეგად ა–ისთვის მიყენებული დაზიანების ზუსტი ლოკალიზაციის დასადგენად სასამართლო ხელმძღვანელობს სამედიცინო ექსპერტიზის N....... დასკვნით, რომელშიც მითითებულია, რომ დაზარალებულს ნაკაწრი ჰქონდა გულმკერდის მარცხენა გვერდითა ზედაპირზე შუა და ქვედა მესამედებში. ამ მოცემულობისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დაზიანების მიყენების ადგილად დაკითხვისას დაზარალებულმა სიტყვიერად მიუთითა არა ზურგი, როგორც ეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაშია მოხსენიებული, არამედ – მხოლოდ „უკანა მხარე“ (როგორც აღინიშნა, სხეულის უკანა ნაწილზე მითითება ინდივიდუალური აღქმისა და, მაშასადამე, სუბიექტური შეფასების საკითხია), საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და დაზარალებულის ჩვენებას შორის, დაზიანების ლოკალიზაციასთან დაკავშირებით არსებითი წინააღმდეგობა არ იკვეთება.

5.26. გარდა დაზიანების ლოკალიზაციისა, დაზარალებულის ჩვენება სამედიცინო ექსპერტიზის N........ დასკვნას თანხვდება დანაშაულის იარაღად გამოყენებული საგნისა და ხანდაზმულობის ნაწილშიც. დაზარალებულის ჩვენებით, გ. ქ–ა 2022 წლის 21 ნოემბერს დაესხა თავს დანით. ექსპერტიზის დასკვნით კი, დაზიანება ნაკაწრის სახით განვითარებულია რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად და არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

5.27. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2022 წლის 21 ნოემბერს, დილით, ფ.....ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. ქ–ა დანის გამოყენებით თავს დაესხა ა–ს და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით წაართვა ფულადი თანხა.

5.28. მართალია, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულია, რომ გ. ქ–ა თავდასხმისას ფულთან ერთად ა–ის მობილურ ტელეფონსაც დაეუფლა, თუმცა ბრალდების ეს ნაწილი სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურებულა (მობილური ტელეფონის დაუფლება მხოლოდ საგამოძიებო ექსპერიმენტისა და დაზარალებულის გამოკითხვის ოქმებშია ნახსენები, დაზარალებულს კი ჩვენების მიცემისას ამ საკითხზე არ უსაუბრია).

5.29. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით დასჯადია ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. აღნიშნული დანაშაული გამოიხატება, როგორც ქონების ხელყოფაში, ისე – თვით ამ ხელყოფის ხასიათში (თავდასხმასა და ისეთი ძალადობის გამოყენებაში, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარაში). ყაჩაღობის დროს ძალადობის მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური. მისი გამოვლენის ფორმას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. იგი შეიძლება გამოიხატოს სიტყვიერად ან სხვაგვარი მოქმედებით. ყაჩაღობის დროს დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან საფუძვლიანი ეჭვი უნდა ჰქონდეს იმისა, რომ ეს მუქარა რეალიზებული იქნება, თუ იგი ქონების გადაცემის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. ყაჩაღობა დამთავრებულია თავდასხმის მომენტიდან, მიუხედავად იმისა, მოახერხა თუ არა თავდამსხმელმა ამ შესაძლებლობის რეალიზება.

5.30. საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. ქ–ას ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები, რის გამოც, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს და, მის ნაცვლად, უნდა დადგინდეს გამამტყუნებელ განაჩენი.

5.31. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). მართლმსაჯულება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).

5.32. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

5.33. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელად უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.

5.34. სასამართლო გ. ქ–ასთვის სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ზოგადსავალდებულო გარემოებებს, მათ შორის, ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს გ. ქ–ას შეზღუდულ შერაცხადობას, როგორც ბრალის შემამსუბუქებელ გარემოებას და მიიჩნევს, რომ მას სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ვადით. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, დანიშნული სასჯელი იქნება, გ. ქ–ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შესაბამისი, რეალური და პროპორციული საშუალება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მისაღწევად.

5.35. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამნისტიის შესახებ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის იმპერატიული დათქმის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილის – ალექსანდრე კოდუას – საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 დეკემბრის განაჩენი;

3. გ. ქ–ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

4. გ. ქ–ას სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობასა და სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის ყოფნის ვადა – 2022 წლის 21 ნოემბრიდან 2023 წლის 19 ივლისის ჩათვლით;

5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ. ქ–ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო – გაუქმებულია;

6. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

ა–ისგან ამოღებული საფულე, რვა სხვადასხვა ზომის, ფერისა და ფორმის დანა – დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

შავი დანა წარწერით – „Columbia“ და გ. ქ–ასგან აღებული ნერწყვის ნიმუში – განადგურდეს.

7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე