საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100123007006046
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1314აპ-24 თბილისი ქ. თბილისი
ლ-ი ვ, 1314აპ-24 27 მაისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ლ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი და პირველი ინსტანციის სასამართლოს კვალიფიკაცია:
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგით:
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისთვის ნასამართლევმა ვ. ლ-მა, უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა 0.09012 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რომელიც 2023 წლის 6 თებერვალს, ქალაქ რ-ში, პ. თ-ას ქუჩის, მე-.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 100 ლარად გაასაღა ა. ტ-ზე;
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგით:
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისთვის ნასამართლევმა ვ. ლ-მა უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა 0.1248 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რომელიც 2023 წლის 8 თებერვალს, ქალაქ რ-ში, პ. თ-ას ქუჩის, მე-9 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 100 ლარად გაასაღა ა. ტ-ზე;
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით და არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგით:
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისთვის ნასამართლევმა ვ. ლ-მა, უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა 0.24957 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, 0.0159 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონსა“ (ფუძე) და ნარკოტიკულ საშუალება ალფა პვპ-ს, რომლებიც 2023 წლის 14 თებერვალს, ქალაქ რ-ში, პ. თ-ას ქუჩის, მე-.. კორპუსის ბინა N...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით:
ვ. ლ-ი, დაბადებული .. წლის ... დეკემბერს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 6 თებერვლისა და 2023 წლის 8 თებერვლის ეპიზოდები), საქართველოს სსკ-ის 260-ემუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 6 თებერვლისა და 2023 წლის 8 თებერვლის ეპიზოდები), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 14 თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 6 თებერვლის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 8 თებერვლის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 6 თებერვლის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 8 თებერვლის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 14 თებერვლის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ვ. ლ-ს სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით.
ვ. ლ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან 2023 წლის 14 თებერვლიდან.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვ. ლ-ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 20 წლით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ ვ. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენში ვ. ლ-ის მიმართ შევიდა ცვლილება:
ვ. ლ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილით ორ ეპიზოდში (2023 წლის 6 თებერვლისა და 2023 წლის 8 თებერვლის ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 14 თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მეოთხე ნაწილით (2023 წლის 6 თებერვლის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მეოთხე ნაწილით (2023 წლის 8 თებერვლის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 14 თებერვლის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
საქართველოს „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, ამ ეპიზოდში, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ½-ით და მოსახდელად დაენიშნა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების საფუძველზე, 2023 წლის 8 თებერვლის ეპიზოდში დანიშნულმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი, ასევე ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ვ. ლ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით;
ვ. ლ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავებიდან – 2023 წლის 14 თებერვლიდან;
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვ. ლ-ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები ჩამოერთვა 20 წლით.
4. კასატორები – მსჯავრდებული ვ. ლ-ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი რ. კ-ძე – ითხოვენ ვ. ლ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, როგორც საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ასევე – სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,დ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდებისთვის;
4.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, სააპელაციო პალატამ უკანონოდ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია ბრალდების მხარის მიერ საქართველოს სსსკ-ის 102-ე მუხლით განსაზღვრული ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის პრინციპის უხეშ დარღვევასთან დაკავშირებით. ჩატარდა რიგი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები და მხოლოდ ამის შემდეგ, კერძოდ, 2023 წლის 13 თებერვალს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად გადაცემის შესახებ. ა. ტ-მ თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა იქამდე, სანამ მისგან პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერების რაობას დაადგენდა ექსპერტიზა. სასამართლომ დაცვის მხარეს კატეგორიულად არ მისცა უფლება, რომ შეკითხვები დასმულიყო იმ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხებოდა ა. ტ-ის დაკავებასა და პირად ჩხრეკას. ა. ტ-ძე არის პოლიციის აგენტი და მას მფარველობს საქართველოს პროკურატურა. აღნიშნული დადასტურდა იმითაც, სასამართლო პროცესზე დაკითხვისას, ა. ტ-მ განმარტა, რომ ვ. ლ-ან ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს ორჯერ: ექვსსა და რვა თებერვალს ჩაურიცხა ვ. ლ-ს 100-100 ლარი, თუმცა, „ს-ან“ გამოთხოვილი ამონაწერის მიხედვით, მის მიერ 9 თებერვალსაც ფიქსირდება 95 ლარის ჩარიცხვა ვ. ლ-ის, რაზედაც მან განაცხადა, რომ 9 თებერვალს ფარული საგამოძიებო მოქმედებების გარეშე შეიძინა ნარკოტიკული ნივთიერება ვ. ლ-ნ. როგორც ვ. ლ-მა სასამართლოში დაკითხვისას განმარტა, მას და სახლში მყოფ მის მოხუცებულ დედას, მ. ლ-ს აუკრძალეს გადაადგილება, შეიყვანეს ე.წ. „ზალაში“ და არ მისცეს საშუალება, თვალყური ედევნებინათ საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის პროცესისათვის. მას არ მისცეს საშუალება, მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკას ნეიტრალური პირი დასწრებოდა;
4.2. საკასაციო საჩივრის თანახმად, ა. ტ-მ სასამართლოს არ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მასა და ვ. ლ-ს შორის პენიტენციურ დაწესებულებაში სერიოზული უთანხმოება არსებობდა. ა. ტ-ძე პროვოცირებდა დანაშაულის ჩადენას. რაც შეეხება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებსა და საკონტროლო შესყიდვას, ამასთან დაკავშირებით, ვ. ლ-მა სასამართლოში განმარტა, რომ ა. ტ-ძე მას დაჟინებით სთხოვდა ნარკოტიკის შოვნას, რის გამოც, იგი იძულებული გახდა, დაებარებინა და გადაეცა მისთვის არა ნარკოტიკული ნივთიერება, არამედ – შეფუთული ცელოფანი იმ მოლოდინით, რომ ა. ტ-ძე გაწყვეტდა მასთან ურთიერთობას და აღარ შეაწუხებდა ნარკოტიკთან მიმართებით.
5. ბრალდების მხარეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. შესაბამისად, საკასაციო პალატა დაცვის მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა თანახმად, განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
8. განსახილველ საქმეში საკასაციო პალატა, პირველ რიგში, აფასებს მოწმე ა. ტ-ს სასამართლოში დაკითხვის შინაარსს, რომლის ჩვენებაში აღნიშნული გარემოებები პირდაპირ უკავშირდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით განსაზღვრულ ქმედების შემადგენლობას. ხსენებული მოწმე, დაცვის მხარის პოზიციით, პოლიციის აგენტია. საკასაციო სასამართლო მოცემული ჩვენების შინაარსის განხილვამდე აღნიშნავს, რომ დაცვის მხარეს (როგორც ადვოკატს, ისე ბრალდებულს) მიეცა შესაძლებლობა ხსენებული მოწმე უშუალოდ, სასამართლო სხდომაზე დაეკითხათ.
9. ა. ტ-მ აღნიშნა, რომ 2023 წლის 3 თებერვალს, რ-ან ჩავიდა სოფელ ფ-ში. სამარშრუტო ტაქსიდან გადასვლისა და რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ იპოვა შუშის პატარა ბოთლი. რამდენიმე წუთში მასთან მივიდა სამი პოლიციელი, წარუდგინეს დადგენილება და უთხრეს, რომ უნდა გაეჩხრიკათ. ჩხრეკისას მისგან ამოიღეს შუშის მცირე ზომის ბოთლი, მასში მოთავსებული სითხით. ამის შემდეგ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ჰკითხეს, თუ სად იძენდა ნარკოტიკულ საშუალებას და შესთავაზეს თანამშრომლობა. დასთანხმდა და დაასახელა პირი, ვ. ლ-ი, რომლისგანაც ყიდულობდა ნარკოტიკს. მასთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ურთიერთობდა, კერძოდ, შეეკითხებოდა ხოლმე, თუ ჰქონდა ნარკოტიკი და დადებითი პასუხის შემთხვევაში, ფულს ურიცხავდა. შემდეგ მიდიოდა დათქმულ ადგილას და ართმევდა. 6 თებერვალს მისი კუთვნილი „KIA SPORTAGE-ს“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ,,...,“ აღიჭურვა სპეციალური აპარატურით. ამის შემდეგ, თავადაც აღჭურვეს და გადასცეს 100 ლარი, რომელიც სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით „ს-ში“ გახსნილ, ვ. ლ-ის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა. თანხის ჩარიცხვის შესახებ ,,ვოთსაპის“ მეშვეობით მისწერა ბრალდებულს და დაელოდა. ვ. ლ-მა უპასუხა, რომ მისულიყო კონკრეტულ ეზოში. იგი წავიდა თავისი ავტომანქანით, რომელიც აღჭურვილი იყო აპარატურით. ბრალდებული ჩაუჯდა ავტომანქანაში. სწორედ ამ დროს გადასცა ნარკოტიკული საშუალება ვ. ლ-მა. აღნიშნულის შემდეგ გამომძიებელმა მისგან ამოიღო ჩარიცხვის დამადასტურებელი ჩეკი და შეძენილი ნივთიერება, რომლებიც დაილუქა. ლუქებსა და გამოკითხვის ოქმს ხელი მოაწერა. ანალოგიურად მოხდა 2023 წლის 8 თებერვალს. განსხვავება ის იყო, რომ ამჯერად თანხა ჩარიცხა არა ფ-ან, არამედ – სხვა ადგილიდან (რ-ან), „ს-ის“ სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით, ვ. ლ-ის პირადი ნომრით, ამ უკანასკნელის საბანკო ანგარიშზე. მეორეჯერაც შეხვდა კორპუსთან, ავტომანქანაში. ნარკოტიკული საშუალება შეხვეული იყო მოყვითალო ცელოფნის პარკში. ბრალდებული გაიცნო რამდენიმე წლის წინ, რ-ში. 2019-2020 წლებში მასთან ერთად იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში. რამდენიმე დღე ერთ საკანში გაატარეს. მათ შორის კონფლიქტი არ ყოფილა. ერთხელ ნება დართო გამომძიებელს, მობილური ტელეფონი დაეთვალიერებინა, ხოლო მეორეჯერ, 2023 წლის 24 თებერვალს, ინფორმაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე გამოითხოვეს. ბრალდებულის მიმართ რაიმე სახის პირადი ინტერესი არ გააჩნია.
10. 2023 წლის 6 თებერვლისა და 8 თებერვლის თანხის წარმოდგენისა და დათვალიერების, აგრეთვე ფულადი თანხის გადაცემის ოქმების თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად გამოიყო თანხა – 100-100 ლარის ოდენობით, რომელიც, ორივე შემთხვევაში, გადაეცა ა. ტ-ს, ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით.
11. 2023 წლის 6 თებერვლისა და 8 თებერვლის ამოღების ოქმების თანახმად, ა. ტ-ან ანალოგიურად ამოიღეს, 1 მოყვითალო, პოლიეთილენის თავმილღობილი პაკეტი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი ნივთიერებითა და „ს-ის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქვითარი; ქიმიური ექსპერტიზების დასკვნით დადგინდა, რომ ზემოხსენებული ამოღებული ნივთიერება, ორივე შემთხვევაში, წარმოადგენს ,,ჰეროინს“ (2023 წლის 8 თებერვლის, N... ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ რაოდენობა შეადგენს 0.09012 გრამს, ხოლო 2023 წლის 11 თებერვლის, N... ქიმიური დასკვნის თანახმად, ნივთიერება გამოშრობის შემდეგ, წონით – 0.2903 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ რაოდენობით – 0.1248 გრამს).
12. მოწმე ლ. თ-ამ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე ძირითადი გამომძიებელი იყო თავად და ჩაატარა თითქმის ყველა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, მათ შორის, დაათვალიერა ფულადი თანხა, რომელიც გადასცა ა. ტ-ს და მისგანვე ამოიღო ნარკოტიკული საშუალება; აგრეთვე დაათვალიერა, 2023 წლის 6 თებერვლისა და 8 თებერვლის ვიდეოჩანაწერები.
13. 2023 წლის 6 და 8 თებერვლის ფარული აუდიო-და ვიდეოჩანაწერების დეტალურად გაანალიზების თანახმად:
ვ. ლ-სა და ა. ტ-ს შორის სერიოზული სახის უთანხმოება (როგორც თავად დაცვის მხარე აღნიშნავს საკასაციო საჩივარში) არ იკვეთება; ისინი ორჯერ ხვდებიან ერთმანეთს. დიალოგი აქვთ თავისუფალი. მათ შორის კითხვა-პასუხის რეჟიმი არ არის: დაძაბული ან/და აგრესიული.
ამავე ჩანაწერებით იკვეთება, რომ ვ. ლ-ი აქტიურად იყო ჩართული ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღებაში. მის ქმედებებში რაიმე ფორმით ყოყმანი დანაშაულის ჩადენასთან მიმართებით, არ შეინიშნება. პირიქით, იგი აქტიურია და ამბობს, რომ გამსაღებელი, რომელთანაც თანამშრომლობდა, დააკავეს და ახლა ცდილობს მოიძიოს სხვა, ახალი გამსაღებელი.
14. სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების (N11ბ/3723) საფუძველზე ჩატარდა ვ. ლ-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, კერძოდ, წარმოდგენილი ოქმის თანახმად:
14.1. 2023 წლის 14 თებერვალს, გამომძიებელმა გ. ბ-მა, ექსპერტების: ლ. მ-სა და მ. გ-ის, გამომძიებელ გ. ა-სა და უფროსი დეტექტივის – უ. ბ-ის მონაწილეობით, გაჩხრიკა ვ. ლ-ის საცხოვრებელი სახლი. ოქმის თანახმად, ვ. ლ-ი გაეცნო განჩინებას მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის თაობაზე და განემარტა მისი უფლებები და მოვალეობები.
14.2. ოქმის თანახმად, საპურეს გვედრით დევს მოვერცხლისფრო მეტალის კოლოფი, ე.წ. „პორტსიგარი“, რომელშიც მოთავსებულია ორი, მცირე ზომის გამჭვირვალე პარკი შესაკრავით, მცირე ზომის გამჭვირვალე პოლიეთილენის ნაგლეჯი, 1 კაფსულა წარწერით, ორი ერთმანეთის მსგავსი პოლიეთილენის მცირე ზომის შეკვრა მათში არსებული ნივთიერებით, ერთი დაკეცილი ფურცელი წარწერით – „კრისტალი მეტადონი“, მასში მოთავსებული მოთეთრო ფხვნილით. გარდა აღნიშნულისა, ჩხრეკისას ასევე ამოიღეს 6 შპრიცი; მათგან ოთხში აღინიშნება მოყავისფრო სითხე. ამოღებული შპრიცები და სხვა ნივთები დალუქა გამომძიებელმა. მონაწილეებმა ლუქებს ხელი მოაწერეს. ჩხრეკის მიმდინარეობისას გადაღებულია ფოტოსურათები.
15. ექსპერტ-კრიმინალისტებმა – მ. გ-მ და ლ. მ-მ – სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული, ვ. ლ-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის სისწორე. მათ აღნიშნეს, რომ ჩხრეკა მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, ამოიღეს სხვადასხვა სახის ნივთი და ნივთიერება, რომლებიც კანონის შესაბამისად დაილუქა. შედგა ოქმი, რომელსაც გაეცნენ და მოაწერეს ხელი.
16. გამომძიებელ გ. ა-ს ჩვენების თანახმად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაჩხრიკეს ბრალდებულის საცხოვრებელი ბინა, ერთ ოთახში, კუთხეში, საწოლთან ჩაშენებულ კარადაზე ინახებოდა სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება. ჩხრეკას ესწრებოდნენ ექსპერტები და სხვა თანამშრომლები. უშუალოდ ამოიღეს ექსპერტებმა. გარეშე პირის მოწვევის საჭიროება არ დამდგარა. ჩხრეკისას ადგილზე იყო ბრალდებული და მისი დედა. ორივე მათგანი უყურებდა ჩხრეკის პროცესს. ბრალდებულს, რომელიც ბინაში იმყოფებოდა, გამომძიებელმა გააცნო მოსამართლის განჩინება. იქვე გამომძიებლის მიერ შედგა ოქმი. მას თავად გაეცნო და მოაწერა ხელი.
17. მოწმე უ. ბ-ის ჩვენების თანახმად, ჩხრეკისას ვ. ლ-ი ბინაში იყო და ყველაფერს უყურებდა. რაიმე სახის შენიშვნა ან პრეტენზია არავის დაუფიქსირებია. შედგა ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერეს. ოქმის შინაარსს გაეცნო ბრალდებული, თუმცა ხელი მოაწერა თუ არა, არ ახსოვს. სახლში იმყოფებოდა ვ. ლ-ის დედა. ბოლოს მოვიდა ადვოკატი, რომელიც გამომძიებელს ესაუბრა.
18. გამომძიებელ გ. ბ-ის ჩვენების თანახმად, ჩხრეკა დაიწყო ბინის შესასვლელიდან, რომელსაც ესწრებოდა ბრალდებული ვ. ლ-ი. ყველა ოთახი გაიჩხრიკა. ამოღებული ნივთები დაილუქა ექსპერტების მიერ. ლუქებზე მოეწერა ხელი. ყველა ნივთი და ნივთიერება დასურათდა. ყველა პროცედურას ესწრებოდა ვ. ლ-ი და დედამისი. ჩხრეკის თაობაზე შედგა შესაბამისი ოქმი, რომელშიც მითითებულია ყველა დეტალი. ბრალდებული გაეცნო, მაგრამ ხელის მოწერაზე უარი განაცადა. მას რაიმე სახის პრეტენზია არ ჰქონია. ჩხრეკის დასრულების შემდეგ გამოცხადდა ბრალდებულის ადვოკატი, თუმცა მას ჩხრეკაში მონაწილეობა არ მიუღია. ბრალდებულს პირადად შესთავაზა, რომ თუ სურდა მოეწვია ვინმე მეზობელი, რაზეც უარი განაცხადა.
19. ქიმიური ექსპერტიზის N.. დასკვნის თანახმად, 1 მლ ტევადობის ერთჯერადი მოხმარების ინსულინის შპრიცში მოთავსებული ყავისფერი, მღვრიე სითხე 0.7 მლ ოდენობით, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს,“ რაოდენობით – 0.0245 გრამს; 2 მლ (2.5 მლ) ტევადობის ერთჯერადი მოხმარების შპრიცში მოთავსებული, ყავისფერი გამჭვირვალე სითხე 0.4 მლ ოდენობით, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს,“ რაოდენობით – 0.0041 გრამს; 1 მლ ტევადობის ერთჯერადი მოხმარების ინსულინის შპრიცში მოთავსებული ყავისფერი მღვრიე სითხე, 0.72 მლ ოდენობით, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს,“ რაოდენობით 0.0198 გრამს; 5 მლ ტევადობის ერთჯერადი მოხმარების შპრიცში მოთავსებული ყავისფერი მღვრიე სითხე – 0.6 მლ ოდენობით, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს,“ რაოდენობით – 0.0023 გრამს, ნარკოტიკული საშუალება მორფინს, ფუძეზე გადაანგარიშებით, მორფინი (ფუძე), რაოდენობით 0.00031 გრამს და ნარკოტიკულ საშუალება ,,კოდეინს“ ფუძეზე გადაანგარიშებით, კოდეინი (ფუძე) რაოდენობით 0.000074 გრამს; 1 მლ ტევადობის ერთჯერადი მოხმარების ინსულინის შპრიცის შიდა კედლებზე არსებული მოყავისფრო მცირე დანაშრევი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს,“ რაოდენობით – 0.00038 გრამსა და ნარკოტიკულ საშუალება ,,ალფა პვპ-ს;“ 2 მლ (2.5 მლ) ტევადობის ერთჯერადი მოხმარების შპრიცის შიდა კედლებზე, არ აღინიშნება ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება; უფერო, გამჭვირვალე მინის ფლაკონის შიდა კედლებზე არსებული, ყავისფერი ნივთიერების დანაშრევები, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ რაოდენობით – 0.00418 გრამს; შავი, პოლიეთილენის ორმაგი ნაჭრის ერთ ზედაპირზე არსებული მოყავისფრო დანაშრევი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ რაოდენობით – 0.00043 გრამს; ელექტროსასწორის ზედაპირზე (პინზე) არსებული მოყავისფრო დანაშრევი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ რაოდენობით – 0.00028 გრამს; ჩამკეტიან პოლიეთილენის პაკეტში არსებული მოყავისფრო დანაშრევი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ რაოდენობით 0.00017 გრამს; ჩამკეტიან პოლიეთილენის პაკეტში არსებული მოყავისფრო დანაშრევი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რაოდენობით – 0.00021 გრამს; მოცისფრო პოლიეთილენის ნაჭერზე არ აღინიშნება ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება; ყვითელი, პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული, მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება წონით 0,4026 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ რაოდენობით 0.0818 გრამს; ყვითელი, პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული, მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება, წონით – 0.5477 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ რაოდენობით – 0.1110 გრამს; ვერცხლისფერი თუნუქის კოლოფის შიდა კედლებზე არსებული, მოყავისფრო დანაშრევი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ რაოდენობით – 0.00042 გრამს; თეთრი ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული, თეთრი ფხვნილისებრი ნივთიერება წონით 0.0182 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,მეთადონს,“ ფუძეზე გადაანგარიშებით, მეთადონი ფუძე რაოდენობით – 0.0159 გრამს; კონვალუტის ნაჭერში წარწერით ,,ლირიკა“ განთავსებული თეთრი-წითელი ფერის კაფსულა, წონით – 0.4972 გრამი, შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება ,,პრეგაბალინს,“ რაოდენობით – 0.2989 გრამს; წარმოდგენილ ობიექტებში ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ საერთო რაოდენობაა 0.24957 გრამი.
20. ექსპერტმა ს. ც-მ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე. კვლევის დაწყებამდე ვიზუალური დაკვირვებით, ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. შპრიცის დანაშრევი დამუშავდა ორგანული გამხსნელით, რომელიც სითხედ გადაიქცა, შემდეგ გასუფთავდა და განისაზღვრა ნარკოტიკული ნივთიერების რაოდენობა. დარჩენილი მასალა დაილუქა და გადაეცა კანცელარიას დასკვნასთან ერთად.
21. სასამართლო სხდომაზე ანალოგიურ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა ექსპერტმა თ. ო-მა.
22. ამდენად, დაცვის მხარის პრეტენზიები, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკასთან დაკავშირებით, არ არის დასაბუთებული და არ გამომდინარეობს წარმოდგენილი საქმის მასალებიდან; როგორც მოწმეთა ჩვენებების, ისე – ჩხრეკის ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედების დასასრულს მოვიდა ადვოკატი, რომელსაც მონაწილეობა თავად ჩხრეკის პროცესში არ მიუღია, თუმცა აღსანიშნავია, რომ მოცემულ ოქმს არ ერთვის დაცვის მხარის, ვ. ლ-ის რაიმე სახის შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება, უშუალოდ ჩხრეკის პროცესის ხარვეზსა ან ნაკლოვანებასთან მიმართებით. ამასთან, ოქმს ერთვის ფოტოსურათებიც, რომელზეც უმეტესად აღბეჭდილია ნივთები, დალუქული პაკეტები, კონკრეტული ოთახები, რაც ლოგიკურია, რადგან ჩხრეკის მიზანია, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის აღმოჩენა და ამოღება. ამას გარდა, რამდენიმე სურათზე ჩანან თავად მონაწილეებიც. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ რადგან 82 ფოტოსურათიდან ვ. ლ-ი უშუალოდ მხოლოდ 2 სურათზეა ასახული, აღნიშნული უპირობოდ მიუთითებს ფაქტზე, რომ იგი ჩხრეკას არ ესწრებოდა.
23. დაცვის მხარე აგრეთვე აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ უკანონოდ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია ბრალდების მხარის მიერ საქართველოს სსსკ-ის 102-ე მუხლით განსაზღვრული ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის პრინციპის უხეშ დარღვევასთან დაკავშირებით. საქმეში წარმოდგენილია 2023 წლის 13 თებერვლის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად გადაცემის შესახებ სადაც აღნიშნულია, რომ ვინაიდან დანაშაული გამოავლინეს და გადაუდებელი საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს ისანი-სამგორის შესაბამისი სამმართველოს თანამშრომლებმა, საქმეზე სწრაფი და ეფექტური გამოძიების ჩატარების მიზნით, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა ამავე სამმართველოს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ა. ტ-ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია თავდაპირველად სათანადოდ შეამოწმა საგამოძიებო ორგანომ, რაც თავის მხრივ, მოითხოვდა მოცემული პროცესის გარკვეულ სამართლებივ ღონისძიებებში მოქცევას; ამასთან, წინასწარ ცალსახად და უდავო ფორმით მტკიცება, თუ კონკრეტულად რომელი საგამოძიებო ორგანოს სივრცეში გაასაღებდა ვ. ლ-ი ნარკოტიკულ საშუალებას, – შეუძლებელია; მით უმეტეს, რომ გამსაღებელი როგორც წესი ყოველ ჯერზე მოქმედებს გარკვეული სიფრთხილით და აღნიშნული სიფრთხილე ვ. ლ-ც აგრეთვე ცალსახად ჩანს ფარული საგამოძიებო მოქმედებებით მოპოვებული მასალის შინაარსის მიხედვით.
24. რაც შეეხება ლ. თ-ასა და ა. ტ-ის მიმართ კრიტიკული შეკითხვების დასმის შეუძლებლობას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარეს მიეცა შესაძლებლობა, ხსენებული ორი მოწმე დაეკითხა უშუალოდ და დაესვა შეკითხვები ვ. ლ-ის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ადვოკატი და ბრალდებული არ შეზღუდულან, მათ შორის, არც განმეორებითი ჯვარედინი დაკითხვის უფლებით. კითხვები, რომლებიც მოსამართლემ განარიდა, მოტივირებული იყო იმ ფაქტორით, რომ იგი მეორდებოდა, ან არ უკავშირდებოდა განსახილველ სისხლის სამართლის საქმის გარემოებებს. მოსამართლე სხდომაზე უშუალოდ უმარტავდა აღნიშნულს დაცვის მხარეს. კითხვები, რომლებიც უშუალოდ ვ. ლ-ის სისხლის სამართლის საქმის დეტალებს და ამავე ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების შემადგენლობასთან იყო კავშირში, ასევე შეეხებოდა ბრალდებულისა და ა. ტ-ის კომუნიკაციას, მის ფორმას და მათ შორის არსებულ ურთიერთობას, მოცემულზე მოწმეს დაესვა შეკითხვები, რომელმაც გასცა შესაბამისი პასუხებიც.
25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ადვოკატის არგუმენტებს დასაბუთებულად უპასუხა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება და იზიარებს. სხვა, ახალ არგუმენტებზე, რომლებსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, – დაცვის მხარეს არ მიუთითებია.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა, მათ შორის – მოწმეთა ჩვენებები, საგამოძიებო მოქმედების ოქმების შინაარსი, ექსპერტიზის დასკვნები – ერთობლივად უტყუარად მიუთითებს ვ. ლ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 6 თებერვლისა და 2023 წლის 8 თებერვლის ეპიზოდები), საქართველოს სსკ-ის 260-ემუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 6 თებერვლისა და 2023 წლის 8 თებერვლის ეპიზოდები), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 14 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაზე.
27. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76).
28. ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ვ. ლ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე – ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე