შეიცვალა სასჯელი დამძიმებისაკენ
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1315აპ-24 23 მაისი, 2025 წელი
წ-ი ნ., №1315აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ჩუბინიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ნ. წ-ს -- ბრალად ედებოდა:
ა) თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით;
ბ) თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.
1.2. დ. კ-ს ბრალად ედებოდა თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
1.3. გ. მ-ს ბრალად ედებოდა თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.
1.4. ნ. წ-ის, დ. კ--ს და გ. მ-ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
1.4.1. 2018 წლის შემოდგომაზე, ნ. წ-ი და დ. კ-- „ს-----თ“ დაუკავშირდნენ გ--ში მყოფ ი. შ-ესა და ნ.- მ-ს, რა დროსაც შესთავაზეს სოფელ წ--–---ში მდებარე, დ. კ--ს სახელზე რეგისტრირებული 6000 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთის გადაფორმება, ქირის ჩათვლის სანაცვლოდ. 2018 წლის შემოდგომაზე, ნაკვეთის გადასაფორმებლად, ვითომდა საჭირო საბუთების მოსაწესრიგებლად, ნ. წ-მა და დ. კ-მა 5000 ლარის ექვივალენტი ევრო მოტყუებით ჩაარიცხვინეს ნ.- მ-ს და ი. შ-ეს, რაც, ნ. წ-მა გაანაღდა თ--–ი, ვ--–ი, „ი--ის“ შენობაში, ხოლო აღნიშნული თანხა პირადი მიზნებისთვის მოიხმარა დ. კ-მა. 2021 წლის ჩათვლით, ნ. წ-ი აქტიურად არწმუნებდა ნ.- მ-ს, რომ მიწის ნაკვეთს გადაუფორმებდნენ უპრობლემოდ და ამისთვის 2021 წლის 30 დეკემბერს ი. შ-ეს ქ-ი, ჭ---ის ქუჩაზე მდებარე „ს---ის“ ბანკომატიდან ჩაარიცხვინა 2500 ლარი, რაც 2021 წლის 31 დეკემბერს გაანაღდა თ--–ი, კ---ში, თუმცა 2019 წლის 25 სექტემბერს ხსენებული მიწის ნაკვეთი დ. კ-ს უკვე გადაფორმებული ჰქონდა სხვა პირზე – გ. ბ-ეზე. აღნიშნული ქმედებით ნ.- მ-სა და ი. შ-ეს მიადგათ მნიშვნელოვანი ზიანი.
1.4.2. 2019 წლის შემოდგომაზე ნ. წ-ი, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, შეუთანხმდა ნ.- მ-ს, რომ დაეხმარებოდა მისი სახლის წინ, კერძოდ, თ--–ი, -- კორპუსში მდებარე საგარაჟე ფართის დარეგისტრირებაში, რა დროსაც მას დაეხმარებოდა გ. მ-ი და ვინმე ლ-–-. აღნიშნული მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით, ი. შ-ესა და ნ.- მ-თან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა, როგორც ნ. წ-ს, ისე – ვინმე „ლ-–-ს“ და გ. მ-ს, რომელიც დასარეგისტრირებლად საჭირო დოკუმენტაციაზე აწერინებდა ხელს ი. შ-ეს. ვითომდა საგარაჟე ფართის დასამტკიცებლად საჭირო თანხა, ნ. წ-ის მოთხოვნით, ი. შ-ემ ა----დან ჩარიცხა გ. მ-ის ანგარიშზე 2021 წლის 29 მარტს, 3 300 ევრო (13 111 ლარი და 89 თეთრი) სამ ეტაპად, კერძოდ, 1250, 1050 და 1000 ევრო, რაც განაღდებული იქნა თ---–--–ი, თ---ში და თ--–ი, ჯ-----ში მდებარე „ს-----ის“ სერვის-ცენტრის სალაროდან. აღნიშნული საგარაჟე ფართის დასარეგისტრირებლად, სხვადასხვა დროს, ნ. წ-მა, გ. მ-მა და ვინმე ლ-–-მ დაზარალებულებს გადაახდევინეს თანხები, კერძოდ: 2019-2020 წლებში, ნ.- მ-ის დავალებით, მისმა ნათესავმა – ც. მ-მა – თ---–--–ი, ჭ-------ის გამზირზე, N---ის მიმდებარედ, ნ. წ-ს გადასცა 1100 დოლარი (2 904 ლარი და 44 თეთრი) ხელზე. ასევე, დაზარალებულების ნათესავმა – თ. გ-მა – მათი დავალებით, 1000 ლარი გადასცა წელი წ--ს თ–ი, ვ… კორპუსის, ბინა N---ში. ვითომდა ადვოკატ გ. გ-სთვის გადასახდელი – 3500 ლარი – ნ. წ-მა ი. შ-ეს გ. გ-ს ანგარიშზე ჩაარიცხვინა 2021 წლის 7 დეკემბერს, ხოლო გ. გ-ს იმავე დღეს სრულად გადაარიცხვინა აღნიშნული თანხა თავისი მეგობრის – თ. ყ-ის – ანგარიშზე. საბოლოოდ, ხსენებული თანხა ნ. წ-მა გაანაღდა 2021 წლის 7 დეკემბერს, თ-–ი, კ-ის ქუჩაზე არსებული „ს----ის“ ბანკომატიდან. ნ. წ-მა, გ. მ-მა და ვინმე ლ-–-მ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად მოატყუეს ნ.- მ-ი და ი. შ-ე, მათთვის ცნობილი იყო, რომ თ--–ი, ვ-----ის წინ მდებარე საგარაჟე ფართი ვერ დარეგისტრირდებოდა, მიუხედავად ამისა, მოტყუებით დაეუფლნენ დიდი ოდენობით თანხას და მოიხმარეს პირადი მიზნებისთვის.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 ივნისის განაჩენით:
2.1.1. ნ. წ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 10 000 ლარი. ნ. წ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 10 000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. წ-ს სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 10 000 ლარი;
2.1.2. დ. კ-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 5 000 ლარი;
2.1.3. გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 10 000 ლარი.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ნათია ჩუბინიძემ – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა სამივე მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრება. კერძოდ, ჯარიმის ნაცვლად, თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ჩუბინიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი – ნათია ჩუბინიძე – საკასაციო საჩივრით ითხოვს სამივე მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, ჯარიმის ნაცვლად, თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის განსაზღვრას, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: გამოყენებული არასაპატიმრო სასჯელი მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და პიროვნებებთან აშკარა შეუუსაბამობის გამო, დაზარალებულებს უსპობს სამართლიანობის განცდას; მსჯავრდებულებს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე გასჩენიათ გულწრფელი სინანული; ისინი არ აღიარებენ დანაშაულს; ნ. წ-მა და დ. კ-მა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან რამდენიმე თვეში დატოვეს საქართველო; არასაპატიმრო სასჯელის პირობებში, სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის მიზნები მიუღწევადია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ჩუბინიძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში. კერძოდ, პროკურორი –ნათია ჩუბინიძე – საკასაციო საჩივრით, სამივე მსჯავრდებულთან მიმართებით, ითხოვს ჯარიმის ნაცვლად თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას. დაცვის მხარეს საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია. ამდენად, მხარეებს შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ნ. წ-ის, დ. კ--ს და გ. მ-ის მიერ მათთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა, რის გამოც, არ არსებობს ამ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულების მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.
3. ჩადენილი დანაშაულისათვის ნ. წ-ის, დ. კ--ს და გ. მ-ის მიმართ გამოყენებული სასჯელის სამართლიანობის კონტექსტში შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას სასჯელის მიზნებზე გაამახვილებს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა, გამაფრთხილებელ ზეგავლენას მოახდენს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.
4. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).
5. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
6. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი – ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე.
7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, შიდა კანონმდებლობითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული საკუთრების უფლება სახელმწიფოს ავალდებულებს, ამ უფლების დარღვევის შემთხვევებზე ჰქონდეს სათანადო რეაგირება, რაც, მათ შორის, დამნაშავისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნას მოიაზრებს. მოცემულ შემთხვევაში, ნ. წ-ის, დ. კ--სა და გ. მ-ისთვის დანიშნული სასჯელის სამართლიანობაზე მსჯელობისას, სასამართლო საკანონმდებლო მოთხოვნების კვალდაკვალ, შეაფასებს, როგორც მოცემული საქმის გარემოებებს, ისე – მსჯავრდებულების პიროვნებებს და თავისი დისკრეციის ფარგლებში, შეარჩევს სასჯელის ისეთ სახესა და ზომას, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
8. სასამართლო მხედველობაში იღებს ნ. წ-ის, დ. კ--ს და გ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საფრთხეს, ასევე – დანაშაულის მოტივსა და მიზანს. კერძოდ, ისინი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნითა და ანგარების მოტივით, წინასწარშეთანხმებული გეგმის შესაბამისად, განზრახ მცდარი ინფორმაციის მიწოდების შედეგად, დაეუფლნენ დაზარალებულთა კუთვნილ თანხებს, რომელთა რაოდენობამაც ერთ ეპიზოდში მნიშვნელოვან ზიანს, ხოლო მეორე ეპიზოდში, დიდი ოდენობით ქონებრივ ზიანს მიაღწია. დაზარალებულებში ნდობის აღძვრას წინ უძღოდა მათი დამოკიდებულება ნ. წ-ისა და დ. კ--სადმი, რომელიც საქმიანად დაიწყო და ახლომეგობრულ ურთიერთობაში გადაიზარდა.
9. სასამართლო აგრეთვე ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის შემდგომ ნ. წ-ის, დ. კ--ს და გ. მ-ის ქცევას. დანაშაულის ჩადენის დღიდან გასული ხანგრძლივი დროის მიუხედავად, არცერთ მსჯავრდებულს უცდია დაზარალებულებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება ან რაიმე ფორმით გულწრფელი სინანულის გამოხატვა. უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „მსჯავრდებულის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს ან/და აანაზღაუროს ზიანი, წამახალისებელი ნორმებია“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N633აპ-20 განჩინება), რაც, ალტერნატიული სასჯელის პირობებში, არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას სამართლიანად აქცევს. რამდენიმე სახის, შესაძლო სასჯელის არსებობისას აუცილებელია სამართლიანი ბალანსის დაცვა, რითაც შემცირდება დამნაშავისთვის არაპროპორციული და არასამართლიანი სასჯელის დანიშვნის რისკი.
10. იმავდროულად, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის უპირველეს მიზანს – სამართლიანობის აღდგენას, რომელიც ჩადენილი დანაშაულის პროპორციული სასჯელის დანიშვნას მოიაზრებს. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, სასჯელის ზოგად და კერძო პრევენციულ დატვირთვას და მიიჩნევს, რომ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ამ ტიპის დანაშაული, მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით, საჭიროებს მკაცრ რეაგირებას.
11. მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ნ. წ-ის, დ. კ--ს და გ. მ-ის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებული ჯარიმა კანონიერია, თუმცა დანაშაულის სპეციფიკის და მომეტებული საშიშროების, აგრეთვე – მსჯავრდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, არასამართლიანია. ეს მოცემულობა ამართლებს ნ. წ-ის, დ. კ--ს და გ. მ-ის მიმართ ჯარიმის ნაცვლად თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას, როგორც აუცილებელ ზომას პრევენციისა და სამართლებრივი თანასწორობის უზრუნველსაყოფად. სასამართლოს მოსაზრებით, თავისუფლების აღკვეთა მსჯავრდებულთათვის იქნება, ერთი მხრივ, დამაფიქრებელი, დანაშაულის გაცნობიერებისთვის ხელშემწყობი სასჯელი და, მეორე მხრივ, – შემაკავებელი, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების კუთხით. რაც შეეხება სანქციის ზომას, სასამართლო განსაზღვრავს მინიმალური ვადით, რაც, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნების შესაბამისი იქნება.
12. სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმად, მსჯავრდებულის (მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის) მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით, გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო.
13. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, დანიშნული სასჯელი გაუნახევრდება განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
14. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მსჯავრდებული პირები ვერ ისარგებლებენ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო შეღავათით, რადგან მათ არ აქვთ დაზარალებულების თანხმობა (პროკურორის მიერ წარდგენილი სატელეფონო გასაუბრების ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულებს აქვთ დაუცველობის განცდა და ითხოვენ სამივე მსჯავრდებულის უმკაცრესად დასჯას) და, ამასთან, გარდა ზემოაღნიშნული მუხლებისა, მსჯავრად შეერაცხათ თაღლითობის ჯგუფურად ჩადენა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაზეც ამნისტიის დასახელებული კანონის მხოლოდ მე-4 მუხლით განსაზღვრული შეღავათი ვრცელდება.
15. ხსენებული ამნისტიის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით კი, ერთი მეხუთედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანს ან ქალ მსჯავრდებულს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
16. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, ნ. წ-ს ერთი მეხუთედით უნდა შეუმცირდეს თითოეული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი, ხოლო დ. კ-ს და გ. მ-ს – ერთი მეექვსედით, რამეთუ მათზე არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და, ამასთან, მათ ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენიათ.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ჩუბინიძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და მსჯავრდებულებს უნდა დაენიშნოთ უფრო მკაცრი სასჯელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ჩუბინიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. შეიცვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი:
3. ნ. წ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მეხუთედით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, 2 თვით და 12 დღით;
4. ნ. წ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მეხუთედით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, 9 თვით და 18 დღით;
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. წ-ს სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, 9 თვით და 18 დღით;
6. ნ. წ-ს სასჯელის მოხდა აეთვალოს თავისუფლების აღკვეთის აღსრულების მიზნით, მისი დაკავების მომენტიდან;
7. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ნ. წ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო – გაუქმებულია;
8. დ. კ-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და საბოლოო სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და 4 თვით;
9. დ. კ-ს სასჯელის მოხდა აეთვალოს თავისუფლების აღკვეთის აღსრულების მიზნით, მისი დაკავების მომენტიდან;
10. ცნობად იქნეს მიღებული, რომ დ. კ--ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო – გაუქმებულია;
11. გ. მ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და საბოლოო სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
12. გ. მ-ს სასჯელის მოხდა აეთვალოს თავისუფლების აღკვეთის აღსრულების მიზნით, მისი დაკავების მომენტიდან;
13. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ. მ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო – გაუქმებულია. გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს;
14. ნივთიერ მტკიცებულებებად ცნობილი ლაზერული დისკები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
15. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. ფაფიაშვილი