საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 11.06.2025
საქმის ნომერი
2კ-90აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.06.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100123007878745

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №90აპ-25 ქ. თბილისი

ტ-ძე ლ, 90აპ-25 11 ივნისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განაჩენზე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიკა ბარამიას, მსჯავრდებულების - მ. ტ-სა და ნ. ტ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. რ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ლ. ტ-ს, - დაბადებულს … წლის … მაისს, ნ. ტ-ს - დაბადებულს .. წლის … ივლისს და მ. ტ-ს, - დაბადებულს … წლის … თებერვალს, - ბრალად ედებათ პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ჯგუფურად; ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, მსხვერპლის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2023 წლის 8 ივლისს, დაახლოებით 20:10 საათზე, შეტყობინების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მ-ის რაიონული სამმართველოს ს-ოს პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე - რ. კ-ძე გამოცხადდა მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ოში მდებარე საერთო საცხოვრებელში და ცდილობდა გაენეიტრალებინა მეზობლებს შორის არსებული სიტყვიერი კონფლიქტი, დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი. მისთვის ხელის შეშლისა და საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძმებმა - ნ. ტ-მ, მ. ტ-მ და ლ. ტ-მ ჯგუფურად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს რ. კ-ს, კერძოდ, თავდაპირველად ნ. ტ-მ მას ხელი დაარტყა სახის არეში, რის შემდეგაც სხეულის სხვადასხვა არეში ცემა დაუწყეს ლ-ა და მ. ტ-მა, რომლებმაც წააქციეს რ. კ-ძე და კვლავ განაგრძობდნენ მის ცემას. ფაქტის გამო რ. კ-მ ითხოვა დახმარება, ადგილზე მოვიდნენ ამავე განყოფილების გამომძიებელი ლ. მ-ძე და დეტექტივი მ. ბ-ი, რომლებიც ცდილობდნენ ნ. ტ-ის, ლ. ტ-ისა და მ. ტ-ის ქმედების აღკვეთას და დაკავებას, თუმცა ნ. ტ-მ, მ. ტ-მ და ლ. ტ-მ მათაც გაუწიეს წინააღმდეგობა დაკავებაში ხელის შეშლის მიზნით და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სამივე მათგანმა ხელებისა და ფეხების გამოყენებით სცემეს მ. ბ-ი და ლ. მ-ძე სხეულის სხვადასხვა მიდამოებში.

· 2023 წლის 8 ივლისს, დაახლოებით 20:10 საათზე, შეტყობინების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მ-ის რაიონული სამმართველოს ს-ოს პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე - რ. კ-აძე გამოცხადდა მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ოში მდებარე საერთო საცხოვრებელში. იგი ცდილობდა გაენეიტრალებინა მეზობლებს შორის არსებული სიტყვიერი კონფლიქტი და დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი, რა დროსაც მის საქმიანობასთან დაკავშირებით ნ. ტ-მ, მ. ტ-მ და ლ. ტ-მ ჯგუფურად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მას სხეულის სხვადასხვა არეში, რის შედეგადაც რ. კ-ს მიადგა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 აპრილის განაჩენით:

2.1. ლ. ტ-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

2.2. გაუქმდა ლ. ტ-ის მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 იანვრის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან ლ. ტ-ეს (პირადი N...) უნდა დაუბრუნდეს 2024 წლის 2 თებერვალს სს ,,ს-ში’’ მის სახელზე შეტანილი საგირავნო თანხა 3000 ლარი.

2.3. მ. ტ-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2.4. მ. ტ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 122-ე მუხლზე.

2.5. მ. ტ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით და მიესაჯა 8 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა (ანუ იმ დროით, რაც იგი დაკავებასა და პატიმრობაში იმყოფება), დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2023 წლის 8 ივლისიდან ჩაეთვალა სასჯელის მოხდაში და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან სხდომის დარბაზშივე.

2.6. გაუქმდა მ. ტ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

2.7. ნ. ტ-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2.8. ნ. ტ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 122-ე მუხლზე.

2.9. ნ. ტ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე პატიმრობაში ყოფნის განვლილი პერიოდი ჩაეთვალა სასჯელის მოხდაში და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2023 წლის 8 ივლისიდან.

2.10. გაუქმდა ნ. ტ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

2.11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.2. ლ. ტ-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

3.3. ლ. ტ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

3.4. მ. ტ-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

3.5. მ. ტ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 122-ე მუხლზე.

3.6. მ. ტ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით და მიესაჯა 8 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა. მ. ტ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2023 წლის 8 ივლისიდან და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

3.7. „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მ. ტ-ძე გათავისუფლდა საქართველოს სსკის 122-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან.

3.8. ნ. ტ-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

3.9. ნ. ტ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 122-ე მუხლზე.

3.10. ნ. ტ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2023 წლის 8 ივლისიდან.

3.11. „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ნ. ტ-ძე გათავისუფლდა საქართველოს სსკის 122-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან.

3.12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

4. კასატორმა - მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიკა ბარამიამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ლ. ტ-ის, მ. ტ-ისა და ნ. ტ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მკაცრი სასჯელის შეფარდება.

4.1. კასატორმა - მსჯავრდებულების - მ. ტ-ისა და ნ. ტ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. რ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და მ. ტ-ისა და ნ. ტ-ის უდანაშაულოდ ცნობა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორი ბრალდების მხარის მტკიცებას გამართლებულ ლ. ტ-ის საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ასევე მსჯავრდებულების - ნ. ტ-სა და მ. ტ-ის - სსკ-ის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის თაობაზე და ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ამ ბრალდებებში ნ. ტ-ის, მ. ტ-სა და ლ. ტ-ის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებდა.

7. მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ ნ. ტ-ის, მ. ტ-ისა და ლ. ტ-ის მიერ პოლიციის თანამშრომელზე წინააღმდეგობის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ წარმოადგინა ფაქტის თვითმხილველი პირები - თავად დაზარალებულები რ. კ-ძე, მ. ბ-ი და ლ. მ-აძე, ასევე შსს მ-ის რაიონული სამმართველოს ს-ოს პოლიციის განყოფილების უფროსი მ. გ-ნი, ამავე პოლიციის განყოფილების დიასახლისი ც. მ-ი, შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის უფროსი გამომძიებელი ი. წ-ი, პოლიციის მუშაკები - ო. ს-ი და დ. კ-ძე, ასევე ბრალდებულების მეზობელი ნ. შ-ი. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას გამოკვლეულ იქნა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, შემთხვევის ადგილიდან გამოთხოვილი ვიდეო-ჩანაწერები, ხოლო სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარემ წარადგინა ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნა. დაცვის მხარის მოწმეებს წარმოადგენდნენ ბრალდებულების დედა და მეზობლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა მასალებთან აღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისას მართებულად აღნიშნა, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებით სტანდარტს და ვერ ქმნიან ნ. ტ-ის, მ. ტ-ისა და ლ. ტ-ის საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ასევე ლ. ტ-ის სსკ-ის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდების საფუძველს.

8. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

9. ბრალდების მხარემ მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობა ნ. ტ-ის, მ. ტ-ისა და ლ. ტ-ის საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ასევე ლ. ტ-ის სსკ-ის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამართლება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

10. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ ნ. ტ-მ და მ. ტ-მ რ. კ-ს ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით. აღნიშნულის საპირისპიროდ, კასატორები - ბრალდების მხარე თვლის, რომ არ არსებობდა აუცილებელი მოგერიების წინაპირობები და მ. ტ-მ, ნ. ტ-მ და ლ. ტ-მ დაზარალებულს განზრახ მიაყენეს დაზიანებები, ხოლო დაცვის მხარის მოსაზრებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები არ არის დამაჯერებელი, აშკარა და ერთმანეთთან შეთანხმებული, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდნენ მ. ტ-ისა და ნ. ტ-ის ბრალეულობას.

11. კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ. ტ-ის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ინიციატორი იყო დაზარალებული მხარე. რ. კძე ფიზიკურად გაუსწორდა ნ. ტ-ს. მ. ტ-მ აღიქვა, რომ დაზარალებულის მხრიდან მისი ძმის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ელოდა სერიოზული საფრთხე. სწორედ ამიტომ, ჩაერთო კონფლიქტში და ნ. ტ-ან ერთად, რ. კ-ს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება. საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად ირკვევა, რომ ნ. ტ-ის მიმართ ადგილი ჰქონდა ჯანმრთელობის ხელყოფის მცდელობას და აღნიშნული საფრთხე იყო იმწუთიერი, რეალური და მართლსაწინააღმდეგო, მაგრამ ნ. ტ-ისა და მ. ტ-ის მიერ დაზარალებულ რ. კ-ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებით, რისი აუცილებლობაც, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ იყო, მოხდა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება. მსჯავრდებულებს - ნ. ტ-სა და მ. ტ-ის დაზარალებულის მიმართ შეექმნათ აგრესიისაგან თავის დაცვის საჭიროება და მოგერიების ვითარება, თუმცა ფარგლების გადაცილების საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაშია მისაღები, რომ ნ. ტ-ის წინააღმდეგ არ ყოფილა გამოყენებული რაიმე საგანი, რაიმე გონივრული ვარაუდი იმისა, რომ შემთხვევა მისთვის ფატალურად ან თუნდაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით დასრულდებოდა, არ არსებობს. ამ ფონზე საკასაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად მიაჩნია, რომ თავდაცვა შესაძლებელი იყო დაზარალებულისათვის შედარებით მცირე ზიანის და არა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებების მიყენებით. შესაბამისად, სახეზეა დაცვის აშკარა შეუსაბამობა ხელყოფის ხასიათისა და საშიშროებასთან, ასევე ხელმყოფისათვის მიყენებული ზიანი აშკარად არ შეესაბამება იმ ზიანს, რომელიც ხელყოფით მოსალოდნელი იყო, ვინაიდან ერთ მამაკაცს ორი ახალგაზრდა მამაკაცი იცავდა (მათ შორის ერთს - მ. ტ-ს სპორტული მიღწევებისათვის სერტიფიკატიც აქვს).

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებს შორის არ არის არსებითი წინააღმდეგობა, ცალ-ცალკეც და ერთობლიობით, ერთგვაროვნად აღწერს განვითარებულ მოვლენებს (მოვლენათა ნაწილს).

13. ამდენად, საკასაციო სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ. ტ-მ და მ. ტ-მ ჩაიდინეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (იხ. Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, par. 29, ECtHR 18/07/2006; Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, par. 76, ECtHR, 21/09/2017).

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიკა ბარამიას, მსჯავრდებულების - მ. ტ-ისა და ნ. ტ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. რ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე