დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება

სისხლის სამართლის 16.06.2025
საქმის ნომერი
2კ-511აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.06.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100124010496172

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№511აპ-25 თბილისი ქ. თბილისი

ხ-ე დ, 511აპ-25 16 ივნისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - რომეო ტყაბლაძის

ადვოკატ - ლ. ყ-ს

მსჯავრდებულ - დ. ხ-ის

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა მსჯავრდებულ დ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ყ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მაისის განაჩენზე და ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ რუსუდან ლაბაძის შუამდგომლობა – საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 21 იანვრის განაჩენით:

დ. ხ-ე, დაბადებული --- წლის .. აპრილს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 ივლისის განაჩენით დ. ხ-ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ხ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით, რომლის მოხდა დაეწყო დაკავებიდან – 2024 წლის 30 ოქტომბრიდან.

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

2024 წლის 29 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:00 საათზე, ქ-ი, ხ-ს ქუჩის N----ში მყოფ ნ. ხ-ეს, სატელეფონო საუბრისას, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ძმა – დ. ხ--ე. აღნიშნულის შედეგად ნ. ხ-ეს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ დ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ყ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 21 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორი - მსჯავრდებულ დ. ხ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ყ-ე – ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, დ. ხ-ის უდანაშაულოდ ცნობასა და მის გამართლებას.

5. ადვოკატის საჩივარზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რუსუდან ლაბაძემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

6. 2025 წლის 3 ივნისს ქუთაისის რაიონულმა პროკურატურამ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულსა და ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ რუსუდან ლაბაძეს შორის წერილობით გააფორმა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით, შეთანხმდა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორთან.

7. 2025 წლის 5 ივნისს ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რუსუდან ლაბაძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულ დ. ხ--ეს შორის 2025 წლის 3 ივნისს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და ითხოვა, რომ დ. ხ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ:

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა – 1 წლითა და 6 თვით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 ივლისის განაჩენით დ. ხ-ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან (4 წლით თავისუფლების აღკვეთიდან) თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც კვლავ ჩაეთვალოს პირობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ხ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა – 1 წლითა და 6 თვით განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს – 2 წელი;

8. პროკურორის მიერ წარმოდგენილ მასალებს თან ერთვის დაზარალებულ ნ. ხ-ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება და მასთან საპროცესო შეთანხმების შესახებ კონსულტაციის ოქმი, რომლის მიხედვითაც, მას დ. ხ-ესთან პრეტენზია აღარ გააჩნია და იგი თანახმაა, მსჯავრდებულს ნებისმიერი სახის შეღავათი, მათ შორის საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ყ-ს საკასაციო საჩივარი დაიშვა განსახილველად და დაინიშნა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა – რომეო ტყაბლაძემ, მსჯავრდებულმა – დ. ხ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ლ. ყ-ემ.

11. ამასთან, დაცვის მხარემ, საკასაციო საჩივართან მიმართებით, დააზუსტა მოთხოვნა და იშუამდგომლა, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, არ იქნეს განხილული საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ხ-ის მიმართ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება: სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ რუსუდან ლაბაძესა და მსჯავრდებულ დ. ხ-ეს შორის, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით და დამტკიცდეს სასამართლოს მიერ. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება.

3. საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება, არსებობს თუ არა ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და არის თუ არა კანონიერი და სამართლიანი შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი. ამავე მუხლის მე-61 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, ან დაადგენს, რომ პროკურორის შუამდგომლობა ამ თავის სხვა მოთხოვნათა დარღვევით არის წარმოდგენილი, იგი საქმეს პროკურორს უბრუნებს.

4. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას დ. ხ-ის მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა ან რაიმე უკანონო დაპირება; მსჯავრდებულის განმარტებით, მას ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო ადვოკატისაგან ეფექტური დახმარება. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების, ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე. საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს, სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის - ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; სრულად აცნობიერებს დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც ბრალი ედება, სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისთვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელთა ჩადენასაც ის აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ დ. ხ-ე სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, სრულად აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე.

5. საკასაციო სასამართლო დარწმუნდა, რომ მსჯავრდებულ დ. ხ-ისათვის ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; ასევე ისიც, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან. მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, საპროცესო შეთანხმებაში ასახულია მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა. დ. ხ-ე და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს. დ. ხ-ე ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.

6. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მოწმეების – მ. გ--ა და ბ. ხ-ის გამოკითხვის ოქმებით, დათვალიერების ოქმებით, შემაკავებელი ორდერითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით – დადასტურებულია დ. ხ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალადშერაცხილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.

7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნებს, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელის მეშვეობით საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული მიზნების მიღწევის შესაძლებლობას, მსჯავრდებულის პიროვნებას, მის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, მოტივსა და მოვალეობათა დარღვევის ზომას. სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

8. ამდენად, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ რუსუდან ლაბაძის შუამდგომლობა მსჯავრდებულ დ. ხ-ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

9. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს კასატორის – მსჯავრდებულ დ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ყ-ს მიერ სასამართლო სხდომაზე საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 307-ე მუხლის 1-ელი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ დ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ყ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვის გამო;

2. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ რუსუდან ლაბაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

4. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ რუსუდან ლაბაძესა და მსჯავრდებულ დ. ხ-ეს შორის და დ. ხ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ:

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა – 1 წლითა და 6 თვით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 ივლისის განაჩენით დ. ხ-ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან (4 წლით თავისუფლების აღკვეთიდან) თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც კვლავ ჩაეთვალოს პირობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ხ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა – 1 წლითა და 6 თვით განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს – 2 წელი;

5. დ. ხ-ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან – 2024 წლის 30 ოქტომრიდან;

6. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლისა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე