საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 06.06.2025
საქმის ნომერი
2კ-12აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.06.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100123006701275

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №12აპ-25 ქ. თბილისი

ხ. შ. 12აპ-25 6 ივნისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიშიკო ჯანგულაშვილისა და მსჯავრდებულ შ. ხ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. მ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით შ. ხ–ს, – პირადი ნომერი ………, – ბრალად ედებოდა:

1.1. განზრახ მკვლელობა, გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 111,109-ე მუხლის „მ“, „კ“ და „თ“ ქვეპუნქტებით.

რაც გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 4 სექტემბერს, დაახლოებით 16:10 საათზე, ს–ს რაიონის სოფელ ....–ში, თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე სათავსოში, შეუწყნარებლობის მოტივით, გენდერის ნიშნით, კერძოდ, თანაცხოვრებისას მ. ა–ის ქმედებების კონტროლით, ასევე იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი შ. ხ–ის მიერ დადგენილ წესებს არ დაემორჩილა და სახლიდან ისე გავიდა, რომ მას არ შეატყობინა, შ. ხ–მა, განზრახ მოკვლის მიზნით, თანნაქონი ერთლულიანი სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად, განსაკუთრებული სისასტიკით, ვინაიდან იცოდა, რომ მისი არასრულწლოვანი შვილებიც იქვე იმყოფებოდნენ, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მეუღლეს - მ. ა–ეს. თოფის გასროლის ხმაზე სათავსო ოთახში დაუყოვნებლივ მივიდნენ შ. ხ–ისა და მ. ა–ის არასრულწლოვანი შვილები – ცხრა წლის ს. ხ–ი და ხუთი წლის მ. ხ–ი, რომლებმაც დაინახეს მ. ა–ე, სისხლიანი, და შ. ხ–ი – თოფით ხელში. 2022 წლის 23 ნოემბერს, მ. ა–ე მიყენებული ჭრილობების შედეგად კლინიკაში გარდაიცვალა.

1.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

რაც გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის დაუდგენელ დროსა და რიცხვში, ს–ს რაიონის სოფელ ....–ში, თავისივე საცხოვრებელ სახლში, უსაფუძვლო მოტივით, შ. ხ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის არასრულწლოვან შვილს - მ. ხ–ს, კერძოდ, ლოყაში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

რაც გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის დაუდგენელ დროსა და რიცხვში, ს–ს რაიონის სოფელ ....–ში, თავისივე საცხოვრებელ სახლში, უსაფუძვლო მოტივით, შ. ხ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის არასრულწლოვან შვილს - ს. ხ–ს, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი საჯდომზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის განაჩენით:

2.1. შ. ხ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

2.2. შ. ხ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მ. ხ–ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

2.3. შ. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 109-ე მუხლის „კ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა;

2.4. შ. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ს. ხ–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 111, 109-ე მუხლის „კ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ს. ხ–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ. ხ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

2.6. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შ. ხ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2022 წლის 4 სექტემბრიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:

3.1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა ცუცქირიძემ მოითხოვა ცვლილება სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის განაჩენში და შ. ხ–ის დამნაშავედ ცნობა მათ შორის საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მ. ხ–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში;

3.2. მსჯავრდებულ შ. ხ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. მ–მ მოითხოვა შ. ხ–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის „კ“ და „თ“ ქვეპუნქტებიდან საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილზე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) გადაკვალიფიცირება;

3.3. მსჯავრდებულ შ. ხ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. ტ–მა მოითხოვა შ. ხ–ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის „კ“ და „თ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) წარდგენილ ბრალდებაში;

3.4. საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, დასკვნითი სიტყვის ეტაპზე, დაცვის მხარემ დააკონკრეტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა - შ. ხ–ის გამართლება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ს. ხ–ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში; ასევე – საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის „კ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველ ნაწილზე (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით). დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის შემთხვევაში კი ალტერნატივის სახით მოითხოვა უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემსუბუქება და ვადიანი თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:

5.1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორი მიშიკო ჯანგულაშვილი ითხოვს ცვლილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის განაჩენში, შ. ხ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის „კ“, „მ“ და „თ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

5.2. მსჯავრდებულ შ. ხ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ. მ. ითხოვს ცვლილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში, შ. ხ–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის „კ“ და „თ“ ქვეპუნქტებიდან საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ს. ხ–ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობას. ამასთან, საკასაციო საჩივრის სამოტივაციო ნაწილში უთითებს შ. ხ–ის მიმართ გამოყენებული სასჯელის – უვადო თავისუფლების აღკვეთა - უკანონობაზე.

6. 2025 წლის 17 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართეს არასრულწლოვანი დაზარალებულების – ს. და მ. ხ–ების – ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა გ. ჯ–ამ და ე. რ–ემ.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლს; ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017).

9. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში:

9.1. კასატორი ბრალდების მხარე ითხოვს შ. ხ–ის დამნაშავედ ცნობას მათ შორის საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებული სისასტიკით) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მ. ხ–ის ეპიზოდი);

9.2. დაცვის მხარე ითხოვს შ. ხ–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის „კ“ და „თ“ ქვეპუნქტებიდან საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას, ამასთან, საკასაციო საჩივრის სამოტივაციო ნაწილში უთითებს, რომ შ. ხ–ის მიმართ გამოყენებული სასჯელი – უვადო თავისუფლების აღკვეთა – უკანონოა.

10. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2022 წლის 4 სექტემბერს, დაახლოებით 16:10 საათზე, ს–ს რაიონის სოფელ ....–ში, თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე სათავსოში, შ. ხ–მა, თანნაქონი ერთლულიანი სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მეუღლეს - მ. ა–ეს, რომელიც 2022 წლის 23 ნოემბერს, მიყენებული ჭრილობების შედეგად კლინიკაში გარდაიცვალა.

10.1. მოცემულ შემთხვევაში კასატორი დაცვის მხარე სადავოდ ხდის ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციას, ანუ შ. ხ–ის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება წარმოადგენს განზრახ მკვლელობას (საქართველოს სსკ-ის 111, 109-ე მუხლის „კ“ და „თ“ ქვეპუნქტებით), თუ სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით;

10.2. იმავდროულად, ბრალდების მხარის მტკიცებით, შ. ხ–მა მეუღლის განზრახ მკვლელობა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩაიდინა განსაკუთრებული სისასტიკით.

11. ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმების/ცვლილების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართეს იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივრებშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს შ. ხ–ის საქართველოს სსკ-ის 111, 109-ე მუხლის „კ“ და „თ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ს. ხ–ის ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობა და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111, 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მ. ხ–ის ეპიზოდი) გამართლება.

12. შ. ხ–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით დაკვალიფიცირების შესახებ დაცვის მხარე კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლო ერთი მხრივ ითვალისწინებს, რომ საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე კასატორი არ უთითებს სისხლის სამართლის საქმეში არსებულ არც ერთ მტკიცებულებას/კონკრეტულ არგუმენტს, რომელიც დაადასტურებდა შ. ხ–ის მიერ სააპელაციო სასამართლოში გაკეთებულ განცხადებას, რომ მას იარაღი განმუხტვის მცდელობისას შემთხვევით გაუვარდა და შემთხვევით მოხვდა მ–ს, ხოლო, როდესაც გააცნობიერა რა მოხდა, შეეცადა მეუღლის დახმარებას და გონზე მოყვანას.

13. იმავდროულად, სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ; ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, – რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება. განზრახვის დასადგენად კი, შესწავლილ უნდა იქნეს მათ შორის: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი, ლოკალიზაცია, მიყენების ვითარება, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 14 აპრილის N146აპ-22 განჩინება).

14. სასამართლო ითვალისწინებს მოწმეთა: გ. მა–ს, ი. ა–ს, ვ. ა–ს, ვ. ა–ს, მ. ხ–სა და ნ. მ–ს ჩვენებებს, რომლებიც უთითებენ დაზარალებულ მ. ა–ესა და მსჯავრდებულ შ. ხ–ს შორის არსებულ ურთიერთდამოკიდებულებაზე, როგორც შემთხვევამდე, ასევე უშუალოდ შემთხვევის დღეს.

14.1. მოწმეთა ჩვენებების თანახმად, 2022 წლის 4 სექტემბერს მ. ა–ე, შვილებთან ერთად მარტო ვერ დაბრუნდა მეუღლესთან - შ. ხ–თან და კონფლიქტის თავიდან არიდებისა და საკითხის გარკვევის მიზნით, მასთან ერთად სოფელ ....ეში თ–დან ჩავიდნენ მ. ა–ის დედა - ი. ა–ე, მამინაცვალი - გ. მ–ი, ძმები - ნ. და ვ., ასევე ვ–ს მეუღლე მ–ი. შ. ხ–ის საცხოვრებელ სახლში ჩასულ მ. ა–ის ახლო ნათესავებს შ. ხ–მა განუცხადა, რომ აღარ სურდა მ–თან ერთად ცხოვრება, რადგან ცოლი სამუდამოდ არ მოუყვანია და ისეთი ცოლი არ სურდა, რომელიც მის სიტყვას არ შეასრულებდა (შ. ხ–ი გაბრაზებული იყო მ. ა–ეზე, რადგან წინა დღეებში თ-ში ყოფნისას, მ–მა ვერ შეატყობინა სახლიდან გასვლისა და საყიდლებზე წასვლის ფაქტი). შ. ხ–მა, ასევე, განმარტა, რომ თუ მ–ი დარჩებოდა, როგორც მეზობელი, ისე იქნებოდა, რადგან მ–ი ისე გავიდა სახლიდან, რომ არ გააფრთხილა. ოჯახის წევრების ჩვენებებით დგინდება, რომ მათ მ–ს სთხოვეს მათთან ერთად წასულიყო, რაზეც მ. ა–ემ უარი განაცხადა და ოჯახის წევრებთან საუბრისას აღნიშნა, რომ „შ–ის გაუვლიდა, მან ასე იცოდა ხოლმე“; „შ–ი ორი დღე იყვირებდა და შემდეგ დაწყნარდებოდა“. საუბარს ასევე ესწრებოდა შ. ხ–ის დედა - ხ. ქ–ი, რომელიც მ. ა–ის ოჯახის წევრებს დაჰპირდა, რომ მიხედავდა მ–ს, დაამშვიდა ისინი და უთხრა, - „ნუ გეშინიათ არაფერი იქნება დატოვეთო“. მ. ა–ემ გააცილა მისი ოჯახის წევრები, თავად კი შვილებთან ერთად დარჩა მეუღლის სახლში. დაახლოებით ერთი საათის შუალედში, შ. ხ–მა დედას - ხ. ქ–ს გაუგზავნა მოკლეტექსტური შეტყობინება, რომ მ. ა–ე მისულიყო მასთან, რის გამოც, ხ. ქ–ი მივიდა სათავსოში შ. ხ–თან და ჰკითხა, თუ რატომ ეძახდა მ–ს და უთხრა, იქნებ არ ეჩხუბათ, რაზეც შ–იმ უპასუხა, რომ მ–ისთვის დაეძახა. ხ. ქ–მა მ–ს გადასცა შ–ის დანაბარები. შ–იმ მ–ი თავისთან იხმო მათი შვილის - ს–ს – მეშვეობითაც. მ. ა–ე მალევე მივიდა შ. ხ–თან, რის შემდგომაც ს. ხ–ს მალევე მოესმა გასროლის ხმა და მივიდა იმ მხარეს, საიდანაც ხმა გაიგო.

15. სასამართლო ითვალისწინებს, ს. ხ–ის მობილური ტელეფონიდან (აპლიკაცია „მ–დან“) გამოთხოვილ მ. ა–ისა და შ. ხ–ის დედის – ხ. ქ–ის – 2022 წლის 1 სექტემბრის მიმოწერას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას შ. ხ–ის მხრიდან მეუღლისათვის დაწესებული აკრძალვებისა და შეზღუდვების თაობაზე, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი მისი მხრიდან მოსალოდნელი ქმედებების ჩადენაზე (იხ.: ტ.4, ს.ფ. 468-510).

16. 2022 წლის 4 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, საცხოვრებელი სახლის წინ ოთახში შესასვლელი კარის ხელმარჯვნივ ფანჯარასთან განთავსებული რკინის საწოლის ქვეშ ნანახი იქნა ერთლულიანი შავი ხისტარიანი თოფი. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე შ. ხ–ის მამის - ხ. ხ–ის – განმარტებით, მისმა შვილმა, აღნიშნული თოფიდან გასროლით მიაყენა დაზიანება თავის მეუღლეს მ. ა–ეს (იხ.: ტ.1, ს.ფ. 28-59).

17. ბალისტიკური ექსპერტიზის N..... დასკვნით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული თოფი არის ქარხნული წესით დამზადებული, რუსული წარმოების 16 კალიბრიანი „3K“ მოდელის ერთლულიანი სანადირო, გლუვლულიანი თოფი, რომელიც ვარგისია სროლისათვის და მიეკუთვნება სანადირო გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და გასროლა სასხლეტი კაუჭის გამოწევის გარეშე არ ხდება (იხ. ტ.1, ს.ფ. 148-155).

18. სამედიცინო ექსპერტიზის N......... დასკვნის თანახმად, მ. ა–ეს აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში, კანის დეფექტით, თავის ტვინის ტრავმული შეშუპება, ობსტრუქციული ჰიდროცეფალია, ქალასარქველის მოტეხილობა, ქალა ფუძის მოტეხილობა, ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა. დაზიანებები განვითარდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო, ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს (იხ.: ტ.3, ს.ფ. 132-136).

19. სამედიცინო, ჰისტოლოგიური ექსპერტიზის N........ დასკვნის თანახმად, მ. ა–ისათვის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის შედეგად მიყენებული სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება უშუალოდ მიზეზობრივად უკავშირდება დამდგარ შედეგს. მ. ა–ის სიკვდილის უშუალო მიზეზია თავის ცეცხლნასროლი ტრავმა (იხ.: ტ. 4, ს.ფ. 203-215).

20. საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადგენს როგორც პირდაპირი, ასევე – არაპირდაპირი განზრახვით ჩადენილი მკვლელობისთვის. მოცემულ შემთხვევაში მოვლენათა განვითარება, დანაშაულის ჩადენამდე არსებული კონფლიქტი, დანაშაულის ჩადენის იარაღი, სათავსოში/სახელოსნოში მ. ა–ის შესვლიდან გასროლამდე გასული დროის ხანგრძლივობა, დაზიანების ლოკალიზაცია (თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა), 2022 წლის 6 სექტემბრის N....... ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა (რომლის თანახმად, შ. ხ–ის მიერ დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული გლუვლულიანი სანადირო თოფიდან გასროლა სასხლეტი კაუჭის გამოწევის გარეშე არ ხდება) და სხვა მტკიცებულებები – ადასტურებს, რომ დანაშაულის ჩადენისას შ. ხ–ი მოქმედებდა მ. ა–ის მკვლელობის განზრახვით.

21. სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ გასაჩივრებულ განაჩენში არსებული მსჯელობა, რომ შ. ხ–მა სისხლიანი ქვა მიაწოდა ს. ხ–ს სამახსოვროდ შესანახად და მან არაფერი მოიმოქმედა მეუღლის დასახმარებლად – არ შეესაბამება სინამდვილეს და არ დასტურდება არცერთი მტკიცებულებით. სასამართლო ითვალისწინებს მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ ს. ხ–ის გამოკითხვის ოქმს, რომლითაც დგინდება, რომ სახელოსნოსთან მისულმა დაინახა მამა თოფით ხელში, ხოლო დედა ძირს იწვა და სისხლი სდიოდა. მისივე განმარტებით, მამას არაფერი გაუკეთებია დედის დასახმარებლად. მამა უბანში ჩამოჯდა, ხელში ეჭირა მოზრდილი ზომის სისხლიანი ქვა, რომელიც ხელში მისცა და უთხრა, რომ ეს სამახსოვროდ დარჩებოდა (იხ.: ს. ხ–ის 2022 წლის 23 სექტემბრის გამოკითხვის ოქმი – ტ.2, ს.ფ. 62-65). მ. ხ–მ მოწმის სახით დაკითხვისას ასევე მიუთითა, რომ მომხდარი შემთხვევის შემდეგ, როდესაც ბავშვები მას დაუტოვეს, ს–მ მოუყვა, როგორ მისცა შ–იმ სისხლიანი ქვა და უთხრა ამით დაემახსოვრებინა.

22. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულის უფლებამონაცვლის - გ. მ–ს, მოწმეების - ი. ა–ს, ვ. ა–ს, ვ. ა–ს, მ. ხ–ს, ნ. მ–ს, ნ. ხ–ს, მ. ტ–ს, თ. ზ–ს, ლ. ნ–ს ჩვენებებით, 2022 წლის 4 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2022 წლის 5 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ბალისტიკური ექსპერტიზის N.... დასკვნით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, 2022 წლის 7 ოქტომბრის N......... სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, 2022 წლის 16 ოქტომბრის N.......... სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, 2023 წლის 5 იანვრის N......... ჰისტოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, 2023 წლის 13 აპრილის N.......... ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, 2023 წლის 18 იანვრის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N........ დასკვნით, 2023 წლის 14 თებერვლის ფსიქიატრიული ექსპერტიზის N......... დასკვნით, ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმით და თანდართული „სქრინშოტებით“, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი არასრულწლოვნების – ს. ხ–ისა და მ. ხ–ის – გამოკითხვის ოქმებით და სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება შ. ხ–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 111, 109-ე მუხლის „კ“, „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული - დანაშაულის ჩადენა.

22.1. შესაბამისად, უსაფუძვლობის გამო, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარე კასატორის მოთხოვნას შ. ხ–ის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით დაკვალიფიცირების თაობაზე.

23. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ში 2025 წლის 2 აპრილს განხორციელებულ ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტში ნაცვლად განზრახ მკვლელობისა გენდერის ნიშნით, მიეთითა – განზრახ მკვლელობა – ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო; საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის პირველ ნაწილს (ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს) და მე-3 მუხლს.

23.1. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის განმარტებით ბარათს, რომლის თანახმად, თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე ინდივიდუალურად უნდა მოხდეს იმის შეფასება, თუ რამდენადაა გამოყენებული დამამძიმებელი გარემოება ("გენდერის ნიშნით") შინაარსობრივად თანხვედრაში საკანონმდებლო ცვლილებით დადგენილ ახალ ნორმატიულ წესრიგთან. განხორციელებული ცვლილება ავტომატურად არ გამოიწვევს განაჩენის გადასინჯვას, რადგან პირის მიერ ჩადენილი ქმედება და მისი მოტივი არა სიტყვა-სიტყვით, არამედ შინაარსობრივად უნდა იქნეს შეფასებული. იმ შემთხვევაში სადაც დადგინდება, რომ დანაშაული ჩადენილ იქნა მათ შორის ქალის მორჩილებაში ყოლისა და მისი ქმედებების კონტროლის სურვილითა და ქალის დაქვემდებარებული როლის წარმოჩენის სურვილით (რასაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში აქვს ადგილი), რაც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის იდეას, ტერმინოლოგიური სხვაობის მიუხედავად, აღიარებული უნდა იქნეს დამამძიმებელ გარემოებად, ახალი საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებშიც.

24. შ. ხ–ის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით („განზრახ მკვლელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით“) კვალიფიკაციის შესახებ ბრალდების მხარე კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო ითვალისწინებს, რომ განსაკუთრებული სისასტიკე, როგორც ქმედების ობიექტური შემადგენლობის ნიშანი, ისეთი ნორმატიული კატეგორიაა, რომელიც სუბიექტურ და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით უნდა შეფასდეს. ქმედების განსაკუთრებული სისასტიკე შესაძლებელია უკავშირდებოდეს როგორც დანაშაულის ჩასადენად გამოყენებულ ხერხსა და საშუალებას, ისე დანაშაულის ჩადენის ვითარებას. პირველ შემთხვევაში განსაკუთრებული სისასტიკე ვლინდება მსხვერპლისათვის ისეთი ინტენსივობითა და საშუალებით დაზიანებების მიყენებაში, რაც სიცოცხლის ხელყოფისას მის განსაკუთრებულ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ტანჯვას იწვევს. მეორე შემთხვევაში, დანაშაულის საშიშროება მომეტებულია გამომდინარე იქიდან, რომ მსხვერპლის სიცოცხლის მოსპობის შემსწრე მისივე ოჯახის წევრია, რა დროსაც ხელყოფის მიმდინარეობა მძიმედ აისახება ფაქტის შემსწრე პირზეც, იწვევს მასში ახლობლის მკვლელობის პროცესიდან მომდინარე უმწეობის შეგრძნებას, მწვავე განცდებსა და ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

25. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ განსხვავებულია ოჯახის წევრის მკვლელობით, როგორც შედეგით - გამოწვეული სულიერი ტანჯვა და მეორე მხრივ, უშუალოდ ოჯახის წევრის მიმართ ხელყოფის პროცესის თანდასწრებით გამოწვეული სტრესი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ამასთან, განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა ობიექტური ნიშნით კვალიფიცირებული დამამძიმებელი გარემოებაა. ამასთან, პირი შეგნებულად ირჩევს მკვლელობის ისეთ ხერხს/საშუალებას, რომელიც განსაკუთრებულ ტანჯვას გამოიწვევს.

26. კასატორი ბრალდების მხარის პოზიციასთან მიმართებით (შ. ხ–ის დამნაშავედ ცნობა მათ შორის საქართველოს სსკ-ის 111, 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით), სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დგინდება შ. ხ–ის მიერ მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა.

27. სასამართლო ითვალისწინებს, ს. და მ. ხ–ების უდავოდ ცნობილ გამოკითხვის ოქმებს, რომლებითაც, დგინდება, რომ მათ არ დაუნახავთ, როგორ ესროლა მამამ დედას თოფი და შემთხვევის ადგილზე მივიდნენ გასროლის შემდეგ. ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარშიც არ უთითებს, რომ ს. და მ. ხ–ების თანდასწრებით განხორციელდა გასროლა (აღნიშნულზე მითითებას არ შეიცავს ასევე შ. ხ–ის ბრალდების დადგენილება (იხ.: ტ.4, ს.ფ. 195-198). კასატორი ბრალდების მხარე აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების დასაბუთებისათვის უთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ დაზარალებულისა და მსჯავრდებულის შვილები იქვე იმყოფებოდნენ და მომხდარი შემთხვევიდან უმალვე მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. შესაბამისად, არ დასტურდება მსხვერპლის სიცოცხლის ხელყოფის მიმდინარეობისას (შ. ხ–ის მიერ მ. ა–ისათვის თავის არეში სანადირო გლუვლულიანი თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობის მიყენებისას) ოჯახის წევრთა შემთხვევის ადგილზე ყოფნა და არც ის ფაქტი, რომ მკვლელს აღნიშნული გარემოება შეცნობილი ჰქონდა, რაც აუცილებელი წინაპირობაა შ. ხ–ის ქმედების – მეუღლის განზრახ მკვლელობის – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენის სამტკიცებლად.

28. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 22 ივნისის N217აპ-22 განჩინებაში განსაკუთრებული სისასტიკის შემადგენელ ელემენტებზე გაკეთებული განმარტების მოცემულ შემთხვევასთან შესაბამისობის შესახებ, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება დანაშაულის უშუალოდ ჩადენის პროცესზე ოჯახის წევრის თანდასწრება.

29. უსაფუძვლოა კასატორი დაცვის მხარის მოთხოვნა შ. ხ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ს. ხ–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლების შესახებ, ვინაიდან:

29.1. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი არასრულწლოვანი დაზარალებულის – ს. ხ–ის – 2022 წლის 23 სექტემბრის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ ერთი წლის წინ, მესამე კლასში ყოფნისას, რამდენჯერმე იყო შემთხვევა, რომ მამა იყო ნასვამი და გაბრაზებულმა დუმაზე (საჯდომზე) მოარტყა ძლიერად, რაც ეტკინა და ფიზიკური ტკივილი იგრძნო. მამა ხშირად უყვიროდა ხმამაღლა, როცა თამაშობდა და ზედმეტად ხმაურობდა და აგინებდა ისეთივე სიტყვებით, როგორც დედას.

29.2. ს. ხ–ის გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები თანხვდენილია მხარეთა მიერ ასევე უდავოდ ცნობილ მ. ხ–ის გამოკითხვის ოქმში მითითებულ გარემოებებთან. მ. ხ–ის განმარტებით, შ–იმ გაბრაზებულმა დაარტყა ძლიერად ლოყაზე, რაც ეტკინა და იტირა. მამა ხშირად ყვიროდა და აგინებდა იგივე სიტყვებით, როგორც დედას. მისივე განმარტებით, როდესაც მას მამამ ლოყაზე დაარტყა, მაშინ დაარტყა ს-ს დუმაზე ხელი.

30. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორი ბრალდების მხარის მოთხოვნას შ. ხ–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მ. ხ–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული ბრალდების ფარგლებში წარმოდგენილია მხოლოდ მ. ხ–ის გამოკითხვის ოქმი. მ. ხ–ის მიმართ ჩადენილ ძალადობაზე არ უთითებს არც ს. ხ–ი, რომელიც დაზარალებულის განმარტებით მის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის დროს იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. მოწმეთა: ი. ა–სა და ფსიქოლოგ მ. მ–ს მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია კი ირიბი ხასიათისაა, ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი და გადმოსცემენ მათთვის დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას შ. ხ–ის მიერ მის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის შესახებ. ირიბი ჩვენება კი ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება).

31. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა შ. ხ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მ. ხ–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

32. რაც შეეხება კასატორი დაცვის მხარის მოთხოვნას, რომ მსჯავრდებულ შ. ხ–ის მიმართ სასჯელის სახით არ იქნეს გამოყენებული უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს ჩადენილი დანაშაულისა და მსჯავრდებულის პიროვნების თანაზომიერი.

33. საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

34. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის ადგილი, ვითარება, მოტივი და მიზეზი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება (იყო აგრესიული და კონფლიქტური), ინდივიდუალური მახასიათებლები (ქმედების ჩადენის შემდგომი ქცევა – დანაშაულის ჩადენის შემდეგ დატოვა შემთხვევის ადგილი, მისი განმარტებები სასამართლოში საქმის განხილვისას), დანაშაულის ჩადენა იარაღის გამოყენებით და შ. ხ–ს შეუფარდა სასჯელის ისეთი ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

35. საქართველოს სსკ-ის 721-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ოცი წელი და წარმატებით გაიარა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამა, სასამართლო უფლებამოსილია იგი პირობით გაათავისუფლოს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამოსაცდელი ვადით. ხოლო საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება შეეცვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის თხუთმეტი წელი, წარმატებით გაიარა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამა და თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის მსჯავრდებულის მიერ ამ სასჯელის მოხდის გაგრძელება.

35.1. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ უვადო თავისუფლების აღკვეთისა და საშეღავათო მექანიზმების ირგვლივ საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. სახელმწიფოებს გააჩნიათ ვალდებულება კონვენციის მიხედვით მიიღონ ზომები საზოგადოების ძალადობრივი დანაშაულისაგან დასაცავად და კონვენცია არ უკრძალავს სახელმწიფოებს სერიოზული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირს შეუფარდონ უვადო თავისუფლების აღკვეთა (იხ.mutatis mutandis – T. v. the United Kingdom, no. 24724/94, § 97, ECtHR, 16/12/1999; V. v. The United Kingdom, no. 24888/94 § 98, ECtHR, 16/12/1999; Vinter and others v. The United Kingdom, no. 66069/09, 130/10 and 3896/10, §108, ECtHR, 9/07/2013). ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შეუძლიათ გამოიყენონ სრულწლოვანი განსასჯელების მიმართ უვადო თავისუფლების აღკვეთა მაგალითად, განზრახ მკვლელობაში მსჯავრდების შემთხვევაში. ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილ ვალდებულებებთან შესაბამისობის საკითხი არ წარმოიშვება, თუკი უვადო თავისუფლების აღკვეთის სასჯელი არის de jure ან de facto შემცირებადი (იხ. Kafkaris v. Cyprus, no. 21906/04, §98, ECtHR, 12/02/2008).

36. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით.

36.1. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ეპიზოდთან მიმართებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.

37. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ს. ხ–ის ეპიზოდი) გათვალისწინებულ მსჯავრდებასთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტს (ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა), მე-4 მუხლის პირველ პუნქტს (ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია), ამავე მუხლის მე-5 პუნქტს (იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ოჯახური დანაშაული (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-7 მუხლით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულისა), ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე).

37.1. შ. ხ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ს. ხ–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელზე არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი, მასზე მითითებას არ შეიცავს ამავე კანონის მე-7 მუხლი. შესაბამისად, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმის განხილვის დროისათვის წარმოდგენილი არ არის დაზარალებულის თანხმობა შ. ხ–ის მიმართ ამნისტიის გავრცელების შესახებ, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შ. ხ–ის მიმართ გაავრცელოს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება.

38. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

39. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

40. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიშიკო ჯანგულაშვილისა და მსჯავრდებულ შ. ხ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. მ–ს საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე